ემიგრანტი ქალები
საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, 1921 წელს, ემიგრაციაში ბევრი ქართველი წავიდა. რეპრესიებს გარიდებულ ქართველებს შორის იყვნენ ის ემიგრანტები, რომლებმაც მსოფლიოში წარუშლელი კვალი დატოვეს. "კვირის პალიტრა" პერიოდულად გაგაცნობთ იმ ქართველ ქალებს, რომლებმაც ემიგრაციაში გაატარეს ცხოვრება, თავიანთი საქმიანობით კი მსოფლიოს გააცნეს როგორც საკუთარი თავი, ასევე საქართველო. ისტორიკოსი, მეცნიერი რუსუდან დაუშვილი იმ ემიგრანტების შესახებ გვიამბობს, რომლებმაც 1920-იან წლებში ევროპას შეაფარეს თავი, სამშობლოში კი მათ შესახებ მხოლოდ მოგონებები დარჩა.
თამარ თუმანიშვილი
- ფრანგული და ამერიკული ბალეტის პრიმა-ბალერინა თამარ თუმანიშვილი 1919 წელს ჩინეთის გზაზე მატარებელში დაიბადა. დედა - ევგენია თუმანიშვილი ქმართან, რევოლუციას გარიდებულ მეფის არმიის ოფიცერთან ერთად მიდიოდა, რომელიც მალევე დაიღუპა ხარბინში. მომავალი ბალერინა თავის პროფესიას შანხაიში დაეუფლა, სწორედ იქ ნახა ანა პავლოვას მონაწილეობით "გედების ტბა" და მაშინ გადაწყვიტა ბალერინობა. 1926 წელს ოჯახი პარიზში გადასახლდა, იქ კი ანა პავლოვამ თავად ნახა თამარ თუმანიშვილი და მისი ოსტატობით აღფრთოვანდა. 1929 წელს 10 წლის თამარმა ტროკადეროში გამართულ გალა-კონცერტზე იცეკვა, 13 წლისა კი უკვე გიორგი ბალანჩივაძის (იგივე ჯორჯ ბალანჩინი) დადგმებში მონაწილეობდა. "ბალეტის სარა ბერნარად" წოდებულ თამარ თუმანიშვილს საბალეტო ენციკლოპედიებში, საიტებზე, წიგნებსა თუ საძიებო სისტემებში რუსები, ებრაელები და სომხებიც თავისიანად იჩემებენ, თუმცა თავად მოცეკვავე თავს ქართველად თვლიდა. 1930 წელს პარიზში გამართულ ქართულ მეჯლისზე, რომელსაც უამრავი უცხოელი სტუმარი ესწრებოდა, ერთ-ერთი სტუმარი ასე იგონებდა: "დარბაზი ახალი სტილის, პარიზის საუკეთესო უბანში, მოწყობილობა და ჩასაცმელი მდიდრული, მუსიკა სულ პირველი, ქართული შნო და ზომიერება. დივერტისმენტებში: დარბაისლური ლეკური, ქართული ჰანგები, აღმტაცი ბალეტი - 11 წლის თუმანიშვილის ასული, დიდი ოპერის ვარსკვლავი".
თამარი ცეკვავდა პარიზის "გრანდ ოპერაში", მილანის "ლა სკალაში", ნიუ-იორკის "მეტროპოლიტან-ოპერაში"და ა.შ. მის რეპერტუარში, კლასიკურის გარდა, თანამედროვე ბალეტებიც შედიოდა. 30 წლისa ჯორჯ ბალანჩინმა ამერიკაში წაიყვანა და სწორედ იქ მიიპყრო ქართველმა გოგონამ კინორეჟისორთა ყურადღება. 1944 წელს ის გრეგორი პეკის გვერდით მოხვდა გადასაღებ მოედანზე ჟაკ ტერნეტის ფილმში "დიდების დღეები", შემდეგ იყო ჯინ კელის შვედურ-ფრანგული ფილმი "მიპატიჟება საცეკვაოდ", 1956 წელს ალფრედ ჰიჩკოკის ფილმში "დახეული ფარდა" ითამაშა, 1970 წელს კი ბილი უაილდერის "შერლოკ ჰოლმსის პირადი ცხოვრება". ანა პავლოვას მეუღლის დანდრეს თხოვნით პავლოვას შესახებ ბიოგრაფიულ ფილმში ლეგენდარული პრიმა-ბალერინა განასახიერა. თამარი სამხრეთამერიკული ტურნეს შემდეგ პარიზის თეატრის პრიმა-ბალერინა გახდა. ცეკვავდა პლანეტის ყველა დიდ სცენაზე, მისთვის დგამდნენ ბალეტებს ცნობილი ქორეოგრაფები, ნაწარმოებებს უძღვნიდნენ კომპოზიტორები, მხატვრები, პოეტები. 1958 წელს სამხრეთ ამერიკაში ქართული საბალეტო დასის მსახიობებსა და ვახტანგ ჭაბუკიანს შეხვდა.
1973 წელს დედის გარდაცვალება თბილისელ ნათესავებს შეატყობინა, მხოლოდ საქართველოს შეეძლო ეშვა დედაჩემისთანა ქალიო, წერდა საქართველოში მყოფ ნათესავებს.
1993 წელს 74 წლის თამარ თუმანიშვილი ამერიკაში გასტროლებისას მოინახულა ნინო ანანიაშვილმა და ქალბატონმა თამარმა ძვირფასი გულსაბნევი აჩუქა, რომელიც თავის დროზე მისთვის ანა პავლოვას უჩუქებია.
თამარ თუმანიშვილი საქართველოში არასოდეს ჩამოსულა. ის 1996 წელს ამერიკაში გარდაიცვალა, ანდერძის თანახმად კი მისი ქონება ქველმოქმედებას მოხმარდა.
მარიამ ალიხანაშვილი

- მარიამ ალიხანაშვილი მამასთან, ვანო ალიხანაშვილთან ერთად 1921 წელს სტამბოლში ემიგრაციაში წავიდა, 1923 წელს კი პარიზში გადავიდა. ვანო 1926 წელს საქართველოში დაბრუნდა და საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩაერთო, ამასთან, ცდილობდა შვილი საქართველოში დაებრუნებინა, და მიზეზად ბავშვის სუსტი აგებულება გამოიყენა, შეაგროვა საბუთები, ექიმის რეკომენდაციები, რომ მისთვის საქართველოს ჰავა აუცილებელი იყო. მარიამი უკვე მარსელში იყო ჩამოსული საქართველოში გამოსამგზავრებლად, მაგრამ მოულოდნელად ვანოს ახლო მეგობარი, ვინც გოგონას უნდა დახვედროდა, დააპატიმრეს. მალე ვანოც დააპატიმრეს და 1937 წელს დახვრიტეს. საფრანგეთში დაწყებითი განათლების მიღების შემდეგ მარიამი გომონ-პალასის კლასიკური ცეკვის სკოლაში შევიდა, თუმცა სუსტი აღნაგობის გამო იძულებული გახდა ცეკვისთვის თავი დაენებებინა. 1945 წელს პირველად გამოჩნდა პარიზის თეატრის სცენაზე სპექტაკლებში: "ოიდიპოს მეფე", "ბერნარდა ალბას სახლი" "კორიოლანოსი" "ფედრა" და ა.შ. ის შეუმჩნეველი არ დარჩენიათ კინემატოგრაფისტებსაც. აღსანიშნავია მისი როლი დიუმას რომანის მიხედვით გადაღებულ ფილმში "გრაფინია დე მონსორო", სადაც ეკატერინე მედიჩის როლი განასახიერა. 1957-1993 წლებში, ფსევდონიმით მარია მერიკო, გადაიღეს 16 ფილმში, 20 სატელევიზიო ტელეფილმში, სერიალსა და გადაცემაში.
თამარ პაპავა

- მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში მყოფმა ქართველებმა ლათინურ ამერიკას მიაშურეს, მათ შორის იყვნენ ცოლ-ქმარი აკაკი და თამარ პაპავები. თამარ პაპავა-გოგოლაშვილი ქუთაისში დაიბადა 1888 წელს ცნობილი ქართველი მსახიობის სიმონ გოგოლაშვილის ოჯახში. დაოჯახების შემდეგ თამარი გერმანიაში გაემგზავრა. ამ პერიოდიდან იწყება მისი ემიგრანტული ცხოვრება ჯერ ევროპაში, შემდეგ კი ბუენოს-აირესში, სადაც მათი სახლი 1950-იან წლებში იქ მყოფი ქართველების თავშეყრის ადგილი იყო. პარიზში კრებულ "კავკასიონში" პაპავა "ისახარის" ფსევდონიმით ბეჭდავდა, მისი ავტორობით გამოიცა ისტორიული ნარკვევები "მეფე ერეკლეს ქალები", "ქართველი ქალები და 1832 წლის შეთქმულება", ალექსანდრე ბატონიშვილი და მისი ოჯახის ბედი" და ა.შ. 1970 წელს პარიზში გამოიცა პაპავას წიგნი ქართული პოლიტიკური ემიგრაციის შესახებ "გაბნეული საფლავები". პაპავა მიიჩნევდა, რომ ქართველმა ემიგრანტებმა 1921 წლის ოკუპაციის პირველი დღეებიდან დაიწყეს ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობის აღსადგენად, მაგრამ წლები გადიოდა და შედეგი არ ჩანდა. 1971 წელს 230-მდე ქართველი განისვენებდა ლევილის ქართულ სასაფლაოზე. სწორედ ეს გახდა წიგნის შთაგონება თამარ პაპავასთვის, რომელიც, ანდერძის თანახმად, მეუღლესთან ერთად ლევილის სასაფლაოზე განისვენებს.