სალვატორე კოსტა: „მე საქართველოს მოქალაქე ვარ და ამით ძალიან ვამაყობ“ - კვირის პალიტრა

სალვატორე კოსტა: „მე საქართველოს მოქალაქე ვარ და ამით ძალიან ვამაყობ“

ჩვენს სამშობლოში ცხოვრობს ხალხი, რომელმაც საქართველო რამდენიმე წლის წინ გაიცნო და მთელი გულით შეიყვარა. მათ შორისაა სალვატორე კოსტა - "სიცილიელი ქართველი", რომელმაც საქართველო მეორე სამშობლოდ აღიარა:

- მე სალვატორე კოსტა ვარ - ფოტოგრაფი, ვიდეოგრაფი და ციფრული დიზაინერი. ამჟამად ერთ-ერთ სტუდიაში ვმუშაობ, თუმცა რამდენიმე წლის განმავლობაში შეფ-მზარეული ვიყავი. ამ საქმეს უკვე შევეშვი, ახლა ვხვდები, რომ ჩემი მოწოდება არ იყო. მართალია, სიცილიელი ვარ, მაგრამ საქართველოში ჩამოსვლამდე 10 წელი რომში ვცხოვრობდი, ერთ ტელეკომპანიაში ვმუშაობდი.

- საქართველოს როდის ესტუმრეთ?

- თბილისში პირველად 2014 წელს ჩამოვედი და აქაურობამ მაშინვე მომხიბლა. მერე საქართველოს სხვა კუთხეებიც გავიცანი. ძალიან მიყვარს ბაკურიანი, გუდაური, ყაზბეგი, სვანეთი ხომ საოცრებაა, მაგრამ ჩემი საყვარელი რეგიონი მაინც სამეგრელოა. განსაკუთრებით მომწონს მეგრული ელარჯი, კუპატი, აფხაზურა... მართალია, მეგრელებს ცხარე კერძები უყვართ, მაგრამ ეგ არ მაშინებს - სიცილიაშიც ასეთ ცხარე კერძებს­ ამზადებენ.

იცით, ზოგჯერ მგონია, რომ სიცილიელები და ქართველები ერთნაირები არიან. ერთმანეთს ძალიან ვგავართ ემოციურობით, სიხალისით, გულწრფელობით. ხშირად ვხუმრობ, საქართველო პატარა იტალიაა-მეთქი. იგივე თქვა მამაჩემმა, რომელიც 2015 წელს ჩამოვიდა. მამა სულ ამბობს, საქართველო 50 წლის წინანდელ იტალიას მაგონებსო. ჩემი მშობლები ორჯერ იყვნენ საქართველოში, მაგრამ უკვე ასაკში არიან და ისე ხშირად ვერ ჩამოდიან, მიუხედავად იმისა, რომ აქ ყოფნა მათაც მოსწონთ.

- იტალიაში ბევრი ქართველი ცხოვრობს, თქვენი თანამემამულეები თუ მიდიან ემიგრაციაში?

- დიახ, ასეა. განსაკუთრებით ბევრი ქართველი ცხოვრობს ბარის რეგიონში­ და ფლორენციაში - იქ პატარა საქართველოა. ჩვენთან, სიცილიაში იმდენი ქართველი არ არის. იტალია ჩემი სამშობლოა და, რა თქმა უნდა, მიყვარს, მაგრამ ხალხს იქაც ბევრი პრობლემა აქვს. მაგალითად, სიცილიაში ჩემი პროფესიის ადამიანისთვის სამსახური ცოტაა, დაბალი ხელფასებია და ცხოვრებაც არ არის მარტივი. ამიტომ სიცილიელები ხშირად მიდიან სამუშაოდ ევროპის სხვა ქვეყნებში - საფრანგეთში, ინგლისში, გერმანიაში...

- ქართველი მეუღლე გყავთ, როგორ გაიცანით ერთმანეთი?

- ჩემი მეუღლე მანჩო საგანელიძეა, რომელიც გუდაურში გავიცანი. 2015 წელს დავქორწინდით. ჯერ პატარა სახლი შევიძინეთ დიღმის მასივში, მერე კი ვერაზე გადავედით საცხოვრებლად. ორი შვილი მყავს: უფროსი, სანდრო, უკვე 16 წლისაა. ის ჩემს მეუღლეს პირველი ქორწინებიდან ჰყავს, მაგრამ საკუთარი შვილივით მიყვარს. ხუთი წლის წინ მეორე შვილიც შეგვეძინა, რომელსაც ფრანკო ანუ ფრანჩესკო დავარქვით.

italieli-3-1718573393.jpg

- მომავალმა მეუღლემ რით მოგხიბლათ?

- მე არ მივეკუთვნები იმ მამაკაცების­ რიცხვს, რომლებსაც სუსტი და ნაზი ქალები მოსწონთ. პირიქით, ჭკვიან და მტკიცე ხასიათის ქალებს დიდ პატივს ვცემ. ქართველ ქალებშიც სწორედ ეს მომწონს. ჩემი მანჩოც ასეთია - ძალიან ძლიერი ხასიათი აქვს და, რა თქმა უნდა, ოჯახის უფროსიც ის არის (იცინის). სხვათა შორის, როცა ვიკამათებთ, შესარიგებლად პირველ ნაბიჯს ყოველთვის მე ვდგამ.

- გინდათ ფრანკომ იტალიაში იცხოვროს?

- ფრანკო ჯერ პატარაა, მაგრამ სიცილიაში ყოფნა ძალიან უყვარს, განსაკუთრებით ზღვა მოსწონს. მიუხედავად იმისა, რომ ახლა საქართველოში რთული პერიოდია, ძალიან მინდა ჩემმა შვილებმა ბედნიერ, მდიდარ ქვეყანაში იცხოვრონ და ეს ქვეყანა საქართველო იყოს. ჯერ არ ვიცით, ხვალ-ზეგ საქართველოში როგორი სიტუაცია იქნება, მაგრამ ყველამ ერთად უნდა მოვინდომოთ და ყველაფერი უკეთესობისკენ შევცვალოთ. ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ ხალხი აქედან არ მიდიოდეს. მე საქართველოს მოქალაქე ვარ, რითაც ძალიან ვამაყობ, ჩემი ოჯახი აქ ცხოვრობს, მეგობრებიც აქ მყავს­ და თანამშრომლებიც, რომლებიც ძალიან მიყვარს და არ მინდა ეს ყველაფერი დავკარგო. ხშირად მეკითხებიან, რას ნიშნავს შენთვის საქართველოო? - ეს ჩემი მეორე სამშობლო და მეორე სახლია, ეს არის ადგილი, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს!

- ალბათ, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ბევრი საინტერესო ფოტო გაქვთ გადაღებული...

- ძალიან ბევრი. ჩემთვის დაუვიწყარია გამოფენა, რომელიც 2019 წლის ზაფხულში, მესტიაში გაიმართა. გამოფენის თემატიკა ასეთი იყო: "სელას კვალდაკვალ - სვანეთი 130 წლის შემდეგ". გამოფენა ცნობილ იტალიელ მოგზაურ ვიტორიო სელას მიეძღვნა, რომელმაც მე-19 საუკუნის საქართველოში იმოგზაურა და სვანეთზე ძალიან საინტერესო მასალა დაგვიტოვა. მესტიაში გამართულ გამოფენაზე ჩემი ფოტოებიც იყო გამოფენილი. მე ზუსტად ის ადგილები გადავიღე, რომელიც ვიტორიო სელას აქვს გადაღებული და ამ ფოტოებზე კარგად გამოჩნდა, თუ როგორ შეცვალა დრომ სვანეთი, როგორი იყო ეს მშვენიერი მხარე მე-19 საუკუნეში და როგორია ახლა.

- სალვატორე, რა არ მოგწონთ საქართველოში?

- მე მთელი ბავშვობა სიცილიაში­ გავატარე - კუნძულზე, სადაც სიმწვანეა და ირგვლივ ზღვა აკრავს. აქ, თბილისში, თანდათან მრავლდება ბეტონის შენობები, რაც გარემოზე ცუდად მოქმედებს. ვისურვებდი, რომ მეტი სიმწვანე იყოს, ჩემი აზრით, მოსახლეობაც უნდა ცდილობდეს, რომ მცენარეები დარგოს. როგორც გითხარით, ადრე დიღმის მასივში ვცხოვრობდი, სადაც სიმწვანე შედარებით შემორჩენილია, მაგრამ ძალიან ბევრ უბანში ადამიანი მარტო ბეტონის კედლებს ხედავს... მიხარია, რომ რეგიონებში ამ მხრივ უკეთესი მდგომარეობაა. ამიტომ მომწონს კახეთში სტუმრობა: ქართული მარანი, ღვინო, ყურძენი - ეს ჩემი სტიქიაა. ღვინის დალევაც მიყვარს, მაგრამ ყოველთვის იმდენს ვსვამ, რომ კარგ ხასიათზე დავდგე.

- და ბოლოს, რას უსურვებთ საქართველოს და ქართველ ხალხს?

- მინდა საქართველო ევროპის ნაწილი იყოს და ყველა, ვისაც ეს მშვენიერი ქვეყანა უყვარს, აქ ცხოვრობდეს. მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ, ვისაც შვილებთან ერთად ბედნიერ საქართველოში ცხოვრება სურს - უკვე გითხარით, რომ ეს ჩემი უპირველესი ნატვრაა!

ხათუნა ჩიგოგიძე