რა ღირს თმა? - კვირის პალიტრა

რა ღირს თმა?

ალბათ, ბევრი თქვენგანი შეამჩნევდა, რომ სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებენ განცხადებას თმის შესყიდვის შესახებ. ცხადია, ყველაზე დიდი ფასი მოზარდთა ჯანსაღ თმას აქვს. საინტერესოა, რისთვის და რატომ ყიდიან მოზარდები თმას, რომელსაც მრავალი წლის განმავლობაში იზრდიან და უვლიან, მით უფრო, რომ გრძელი თმა ლამაზია და თანაც მოდაშია, - გოგონების უმეტესობა სწორედ გაშლილი და ლამაზი თმით იწონებს თავს. ამის გასარკვევად რამდენიმე თინეიჯერსა და მათ მშობელს ვესაუბრე. უმეტესობამ კატეგორიულად თქვა, რომ თმას არაფრის გული­სთვის არ შეელევა, თუნდაც "მილიონი მისცენ". თუმცა არის სურვილი, რასაც მოზარდები აუცილებლად შესასრულებლად თვლიან და ეს, არც მეტი, არც ნაკლები, კარგი ხარისხის ტელეფონია. უფრო მეტად აიფონი, რისთვისაც მოზარდებს თმის თანხა ხშირად არც ჰყოფნით, მაგრამ გულს არ იტეხენ და მეორადი მოხმარების ტელეფონს ყიდულობენ... ამ თემაზე მორიგი განცხადების გამოქვეყნების შემდეგ სტილისტ თამო ცერცვაძეს­ ვკითხეთ, აქვს თუ არა გამოხმაურება მის განცხადებებს.

- გამოხმაურება რომ არ ჰქონდეს, ცხადია, არ გამოვაქვეყნებდით. იცით, უფრო ხშირად არა თავად გოგონები, არამედ მათი მშობლები გვეხმაურებიან. ცხადია, მოზარდების მოთხოვნით. ხშირად სიცილით გვეუბნებიან, შემჭამა ჩემმა შვილმა, ტელეფონის ყიდვა უნდა და თმის გაყიდვა გადაწყვიტაო. თუმცა ისეც ყოფილა, მშობელი დათქმულ დროზე არ გამოცხადებულია, - ბავშვმა გადაიფიქრა, რომ ხედავს, სხვა გრძელი თმით დადის, გაყიდვა აღარ მოინდომაო. თუმცა ისეთებიც გვყავს, ვინც ამბობს, არა უშავს, თმას ისევ გავიზრდიო.

- მატერიალური პრობლემის გამო თუ გქონიათ შემთხვევა, რომ მოზარდს თმის გაყიდვა დასჭირვებოდეს?

- არასოდეს, თორემ დამამახსოვრდებოდა. სხვათა შორის, შეჭრის შემდეგ გოგონებს გაორებული გრძნობა აქვთ, თითქოს ვერ ეგუებიან, თმა რომ აღარ აქვთ.

- რა ღირს თმა? ან რაში იყენებთ?

- ბუნებრივი თმა ყოველთვის ძვირი ღირდა, რადგან სწორედ ბუნებრივი თმისგან მზადდება მაღალი ხარისხის პარიკი. ახლა თმა უფრო გაძვირდა, რადგან თმის დაგრძელებაც მასობრივად დაიწყო.

გააჩნია თმის სიგრძეს, ფერსა და სტრუქტურას. სწორი და ღია ფერის თმა გაცილებით ძვირი ღირს მუქზე, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენში მუქთმიანი უფრო ბევრი ვართ. ასე რომ, თუ წელამდე ხარისხიან მუქ თმაში 1.200 ლარს ვიხდი, ღია ფერის თმა მეტი მიჯდება - 1.400 ლარი. ხარისხიან თმაში იგულისხმება, რომ თმა დაუმუშავებელი და შეუღებავია.

- თმის დაგრძელებაში რა გასამრეჯელოს იღებთ?

- თმის წელამდე დაგრძელებაში 1.300 ლარს ვითხოვთ. ამაში, რა თქმა უნდა თმის ფასიც შედის და სტილიტის შრომის გასამრჯელოც. ახლა გრძელი თმა ძალიან პოპულარულია, ამიტომ ჩაბარების მსურველმაც მოიკლო, თუმცა მქონია შემთხვევა, როდესაც თმაში 10.000 ლარი გადამიხდია თვის განმავლობაში. თანხა ხელზე არ მქონია და ბანკიდან სესხი ამიღია. სამაგიეროდ, თმის დაგრძელების მსურველიც ბევრი მყოლია და ამ თანხის ნახევარი მოგებაც მიმიღია იმავე თვეში.

- ზოგს თმა სცვივა და გამოდის, დაგრძელებულიც დასცვივდება. ყველა ამ საქმის პროფესიონალია, ვინც თმას აგრძელებს? ხომ შეიძლება თმა უხარისხოდ მიებას ერთმანეთს და მალე მოსძვრეს გადაბმის ადგილს.

- თმის დაგრძელების შესწავლა ძნელი არ არის. დაგრძელების სულ ორი მეთოდია: ცივი და ცხელი. არც ის არის ტრაგედია, თუ თმა უხარისხოდ იქნება მიბმული, პროცედურას გავიმეორებთ და გამოვასწორებთ. დაგრძელებული თმა 2-3 თვეს სძლებს და არავის უღირს მასზე ბევრი იდარდოს, თანაც თმას ის ხალხი იგრძელებს, ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს. ასე რომ, პროცედურას გაიმეორებს კიდეც, ოღონდაც თმის დაგრძელების ფასი ძვირ სალონებში უფრო მაღალია. თუმცა იაფშიც ზუსტად იმავე შედეგის მიღება შეიძლება.

- როგორც ვიცი, თმის გადანერგვის პროცედურაც 1.500-ლარიდან იწყება. გამოდის, გალამაზების ხერხებს სიმარტივის თუ სირთულის მიუხედავად, ერთნაირი ფასი აქვს.

- დიახ, ასეა. სილამაზე ისეთი ღირებულებაა, ხალხი სხეულის ნაკვეთებს იკვეთს ნებაყოფლობით და თმის დაგრძელებაში როგორ არ გადაიხდის, იმის მიუხედავად, ადვილი პროცესია თუ რთული, მით უფრო, რომ თმის დაგრძელებაც ხანდახან 2-3 საათს გრძელდება, ვიდრე კოსმეტიკური ოპერაციები. ესეც შრომაა.