რა ხდება სომხეთში? - კვირის პალიტრა

რა ხდება სომხეთში?

სომხეთში მაისის დასაწყისიდან ანტისამთავრობო აქციებია, სადაც პრემიერ ფაშინიანის გადადგომას და დროებითი მთავრობის შექმნას მოითხოვენ. დემონსტრანტებს სათავეში უდგას არქიეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი. რამდენიმე დღის წინ პოლიციას ძალის გამოყენებაც დასჭირდა, როდესაც აქციის მონაწილეებმა სომხეთის პარლამენტის შენობისკენ მიმავალი, პოლიციის მიერ გადაკეტილი გზების გარღვევა სცადეს. ამ დროს პარლამენტში ფაშინიანიც იმყოფებოდა. პოლიციასთან შეტაკების გამო 101 კაცი დაშავდა, რომელთა შორის 16 პოლიციელია, 70-ზე მეტი კი დააკავეს. სომხეთის ხელისუფლებამ პოლიციის ქმედებებს კანონიერი უწოდა.

გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო შეთანხმების საფუძველზე ბაქომ დაიბრუნა­ სომხეთის ტავუშის რაიონთან მოსაზღვრე ოთხი სოფელი. 1-ლ მაისს ფაშინიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაცია აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა ახალი კონფლიქტი დაიწყოსო. ერევანსა და ბაქოს შეთანხმებას მიესალმნენ აშშ და ევროკავშირი, 24 მაისს კი აზერბაიჯანის მთავრობამ განაცხადა, რომ ქვეყნის სასაზღვრო სამსახურმა კონტროლი აღადგინა ოთხ სოფელზე. სომხეთის სასაზღვრო სამსახურმა დაიწყო აზერბაიჯანთან მოსაზღვრე ტავუშის ოლქის სამი სოფლის დაცვა დაახლოებით 7-კილომეტრიან მონაკვეთზე. შესაბამისად, აზერბაიჯანმა და სომხეთმა საზღვრის ამ რაიონიდან გაიყვანეს შეიარაღებული ძალების სამხედროები და კონტროლი მესაზღვრეებს გადასცეს.

ამასთან, 12 ივნისს ფაშინიანმა პარლამენტის დეპუტატების კითხვებზე პასუხად თქვა, რომ ქვეყნის ხელისუფლება შესაფერის დროს მიიღებს გადაწყვეტილებას კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან (CSTO/ОДКБ) გასვლის შესახებ. ფაშინიანმა ორგანიზაციას უწოდა "კავშირი-ბუშტი", რომლის წევრებმაც არაფერი გააკეთეს სომხეთის დასახმარებლად. აღსანიშნავია, რომ აქამდე ფაშინიანი ამბობდა, რომ ჩშთO-ს მინიმუმ ორი წევრი ქვეყანა "მონაწილეობდა ომის მომზადებაში" რისი წყალობითაც აზერბაიჯანმა ყარაბაღი მთლიანად დაიბრუნა. მაშინ მას ეს სახელმწიფოები პირდაპირ არ დაუსახელებია, მაგრამ ცხადი იყო, რომ რუსეთსა და ბელარუსს გულისხმობდა. აქამდე ფაშინიანს ისიც აქვს ნათქვამი, რომ სომხეთმა, ფაქტობრივად, გაყინა თავისი წევრობა ამ ორგანიზაციაში, მაისში კი ერევანმა განაცხადა, რომ შეწყვეტს CSTO-ს მოქმედებების დაფინანსებას.

რუსეთის ხელისუფლებამ არაერთხელ გააკრიტიკა ერევანი, რადგან, მათი თქმით, მოსკოვმა შეასრულა სომხეთის წინაშე ნაკისრი ყველა ვალდებულება. საინტერესო ის არის, რომ პუტინი მუდმივად ირწმუნება, თითქოს ორმხრივ ურთიერთობაში განსაკუთრებული პრობლემები არ არის, მაგრამ ამ პერიოდში რუსეთის ხელისუფლებამ არაერთხელ გააკეთა განცხადებები და ფაშინიანი პროდასავლურ ორიენტაციაში დაადანაშაულა.

ამ განცხადებების პარალელურად კი სომხეთში ისე გააქტიურდნენ ანტისამთავ­რობო ძალები. ფაშიIნიანის მეტოქე კი, არც მეტი, არც ნაკლები, არქიეპისკოპოსია. ბაგრატ გალსტანიანი აზერბაიჯანის საზღვართან ახლომდებარე ტავუშის ეპარქიას ხელმძღვა­ნელობს. მაშინ როდესაც სომხეთში პოლიტიკური ოპოზიცია სუსტია, მან 2018 წლის შემდეგ პირველად მოახერხა ერევნის ანტისამთავრობო აქციებში ყველაზე მეტი ხალხის შეკრება.ამ დროისთვის ისევ უცნობია, მას კონკრეტულად რა მოთხოვნები აქვს, გარდა იმისა, რომ ფაშინიანის გადადგომას და "შერიგების მთავრობის" შექმნას ითხოვს. როგორც მედია და ანალიტიკოსები წერენ, მისი დასაყრდენი პრორუსული მოსახლეობაა. შესაბამისად, ჩნდება განცდა, რომ ის სწორედ რუსული სცენარის ნაწილია. სადამდე მივა ეს პროცესი და რა შეიძლება გააკეთოს რუსეთმა სომხეთში, მით უმეტეს, რომ კრემლს იქ სამხედრო ბაზა აქვს, ამ საკითხებზე კონფლიქტოლოგ პაატა­ ზაქარეიშვილს­ ვესაუბრეთ.

- სამწუხაროდ, გამორიცხული არ არის, რუსეთმა თავისას მიაღწიოს. თუმცა­ ფაშინიანი ჯერ კიდევ ძლიერია, მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის მისი პოლიტიკა გასაგებია, რადგან ის ცდილობს მინიმუმამდე დაიყვანოს გამოწვევები, რის წინაშეც სომხეთი დგას. აშკარად ხედავს, რომ რუსეთის ჩართულობა მავნებელია. რუსეთს სომხეთის ორმაგი მიუღებლობა აქვს - ერთი ის არის, რომ მას არ შეუძლია დაუპირისპირდეს აზერბაიჯანის პოზიციას, რადგან მას გარკვეული ინტერესები აქვს, კერძოდ, კასპიის ზღვა, ენერგეტიკა, ირანთან ურთიერთობა და სხვა უამრავი საკითხი, რის გამოც რუსეთს სჭირდება აზერბაიჯანთან კარგი ურთიერთობა და პლუს თურქეთთანაც. სომხეთი რეალურად მარტო რჩება და მხარდამჭერი არავინ ჰყავს. ერთადერთი ევროკავშირია, ევროპული კონტექსტი, და ამიტომ აქ უკვე მეორე ფაქტორი ერთვება, თუ რატომ ხდება­ რუსეთისთვის სომხეთი მიუღებელი­. აქამდე რუსეთს რატომღაც ეგონა, თუ სომხეთი დაზარალდებოდა და ვერ მიაღწევდა თავის მიზნებს, ეს რუსეთს შერჩებოდა და ვითომ მას არაფერი დაჰბრალდებოდა. მაგრამ სომხეთი აცხადებს, რომ რუსეთის მხარდაჭერის იმედი ჰქონდა, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, როგორც სახელმწიფოთა ურთიერთობებს და არა ყარაბაღს, მაგრამ სომხეთმა ეს მხარდაჭერა არ მიიღო. რუსეთს მიაჩნია, რომ არ იყო ვალდებული. ამიტომაც სომხეთმა რუსეთზე გული აიცრუა და მიდის ევროპისკენ, რაც რუსეთისთვის სომხეთს ორმაგად მიუღებელს ხდის. აზერბაიჯანი მკაფიოდ გამოკვეთილი პროთურქულია, სომხეთი და საქართველო - პროევროპული და გამოდის, რუსეთს სამხრეთ კავკასიაში ადგილი აღარ რჩება, რაც კრემლისთვის ცხადი გამოწვევაა. ყველა­ზე სუსტი რგოლი სომხეთია, რადგან საქართველოში მოსახლეობის უდიდესი ნაწილი რუსეთის წინააღმდეგია. რუსეთმა საქართველოში დღემდე ვერ გამოიყვანა ვერავინ ქუჩაში რუსეთის სასარგებლოდ. ხალხი თუ გამოდის, გამოდის მხოლოდ ევროპის სასარგებლოდ. რუსეთს ყველაზე მეტად შეუძლია სიტუაციის არევა სომხეთში, თუ იქ გამოიყვანს თავის მომხრე საზოგადოებას და ახლა იქ სწორედ ეს ხდება. დღეს რუსეთის მომხრე საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ქუჩაშია. ცხადია, არა აბსოლუტური უმრავლესობა. ეს არ არის სომეხი მოსახლეობის საერთო განწყობა, მაგრამ ფაქტია, მაინც მნიშვნელოვანი ნაწილია. ასეთი რამ საქართველოში წარმოუდგენელია. სომხეთშიც და სხვათა შორის, მოლდოვაშიც, ბელარუსზე აღარაფერს ვამბობ, არის მოსახლეობა, რომელიც თავისი ნებით გადის­ ქუჩაში. როგორც ჩვენთან პროევროპულია საზოგადოება და ევროპის მხარდასაჭერად თავისი ნებით გამოდის, იქ თავისი ნებით გამოდიან რუსეთის სასარგებლოდ. ახლა ამით უნდა რუსეთს რაღაცნაირად მოახერხოს, გადააყენოს ან შეასუსტოს, ჩიხში მოაქციოს ფაშინიანი. საქმე ის არის, რომ საზოგადოებაში­ არის ფაშინიანის იმაზე დიდი მიუღებლობა, ვიდრე ქუჩაში რუსეთის სასარგებლოდ გამოსული ხალხის რაოდენობაა, მაგრამ მათ ალტერნატივა არა აქვთ. ალტერნატივა არის მხოლოდ ქოჩარიანისა და სარგსიანის, ყოფილი პრეზიდენტების სახით, რომლებიც სომხეთში ძალიან არაპოპულარულები არიან. ამიტომ სომხეთის მოსახლეობას არჩევანი თუ აქვს ქოჩარიანს, სარგსიანსა და ფაშინიანს შორის, ისევ ფაშინიანი ურჩევნიათ.

- ეპისკოპოსი გალსტანიანი, რომელიც აქციებს სათავეში უდგას, შეიძლება გახდეს, ასე ვთქვათ, ოპოზიციური ალტერნატივა?

- ზუსტად მანდ მივდივართ - როდესაც ფაშინიანს ალტერნატივა არ ჰყავს, გამოჩნდა გალსტანიანი და ჯერ ერთი, სად ეპისკოპოსი და სად პოლიტიკა და მეორე, ის სათავეში უდგას პრორუსულ პროტესტს, რაც ნიშნავს, რომ რუსეთმა სხვა ვერავინ იპოვა, ვინც შეიძლება ჩაანაცვლოს ფაშინიანი და ეს ეპისკოპოსი გამოიყვანეს. ჯერ ერთი, ის ძალიან ჩამოუყალიბებელია და არ იცის, რა ქნას. მეორე მხრივ, რაც არ უნდა იდეალური იყოს, რა უნდა ეპისკოპოსს პოლიტიკაში. აშკარად ჩანს, რომ რუსეთის რესურსები ძალიან სუსტია და ამას ძალიან ეფექტურად იყენებს ფაშინიანი.

მთავარია, ეს ყველაფერი როგორ დასრულდება. ამ პრორუსულ ძალებს რევოლუციის რესურსი არ გააჩნიათ, მათი გამოსვლები სულ უფრო და უფრო სუსტდება. რუსეთი, მიუხედავად იმისა, რომ იქ სამხედრო ბაზა აქვს, ჯარს ვერ გამოიყენებს, მაშინ პირდაპირ ანექსიაზე უნდა წავიდეს, რაც ძალიან არ აწყობს. თუ ფაშინიანი საკუთარ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, მაშინ მას არჩევნებამდე ექნება ძალაუფლება­ და მერე მთავარია, არჩევნებზე რა მოხდება.­ გამორიცხული არაფერია, შეიძლება მანამდე ფაშინიანს გაუსწორდნენ. შეიძლება მოკლან კიდეც, რაც ყველაზე საშინელი მომენტია, მაგრამ ამის საშიშროება რეალურია. ფაშინიანი ამის ჯიბრზე თითქმის ყოველდღე ველოსიპედით დასეირნობს ერევნის ქუჩებში, რითიც აჩვენებს საზოგადოებას, ნუ გეშინიათ, მე არ მეშინიაო. ამიტომ არჩევნებამდე რევოლუციით თუ ვერ მოახერხეს მისი მოშორება, არჩევნებში შეეცდებიან მის ჩანაცვლებას, ეცდებიან, ვინმე გამოძებნონ.

- ყარაბაღის მომენტმა არ გადაწონა რუსეთის გავლენები? როგორ ახერხებს რუსეთი, რომ მხარდაჭერა ჰქონდეს?

- რა თქმა უნდა, ამან ძალიან იმოქმედა და აშკარად ჩანს ეროზია რუსეთთან დამოკიდებულებაში. სომხეთის მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის რუსეთი უკვე მიუღებელია. კრიტიკული განწყობები იზრდება და იზრდება და რუსეთს სწორედ ამის ეშინია. სომხეთში უკვე ის განწყობებიც არის, თურქეთთან უნდა ვიპოვოთ საერთო ენაო, რაც აქამდე წარმოუდგენელი იყო. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ აქტიურად ცდილობენ ევროკავშირთან დაახლოებას. ამავე დროს არ დაგვავიწყდეს, რომ ჯერ კიდევ ბაქოს ციხეში არიან ყარაბაღის ყოფილი ხელმძღვანელები და მათ შორის, ვინმე ვარდანიანი, რომელიც რუსეთის მოქალაქე იყო, ოლიგარქია, დიდი ფული აქვს და რაღაც მანიპულაციებით ყარაბაღის ომის დასრულების კუდში აღმოჩნდა ყარაბაღის ხელმძღვანელი. ის დააპატიმრეს და ახლა ბაქოში ციხეში ზის. რუსეთს მისი გამოყვანა თავისუფლად შეეძლო, მაგრამ არ გააკეთა. გარდა ამისა, მას თავისუფლად შეეძლო ყარაბაღის დატოვება რუსეთის ვერტმფრენით, მაგრამ შეგნებულად დაელოდა აზერბაიჯანის ჯარების შესვლას და ჩაბარდა. კვირა არ გავა, მისი ოჯახის წევრები არ ავრცელებდნენ ინფორმაციას ვარდანიანის მდგომარეობაზე, რომ იქ აწამებენ, რომ შიმშილობს და ა.შ. ის ახლაც შიმშილობს. მე არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთი სწორედ ვარდანიანს ამზადებდეს არჩევნებისთვის, თუ ამ აქციებით და ეპისკოპოსით ვერ მოხერხდა ფაშინიანის გადაყენება. ამიტომ არჩევნები როცა მოვა, არ არის გამორიცხული, იმ დროისთვის გამოიყვანონ ციხიდან რუსებმა და შექმნან ლეგენდა, რომ მაშინ, როცა ფაშინიანი ყიდდა სომხეთს, ვარდანიანი ციხეში იჯდა სომხეთისთვის და გმირის იმიჯი შეუქმნან. ამიტომაც შეიძლება საზოგადოებაში სწორედ ის გაჩნდეს ალტერნატივად. მე ამ სცენარს არ გამოვრიცხავ, მაგრამ, როგორც ჩანს, რუსეთს მაინც ურჩევნია, რომ ჯერ ხალხით სცადოს ფაშინიანის მოშორება.

53 წლის არქიეპისკოპოსმა ბაგრატ გალსტანიანმა განათლება დიდ ბრიტანეთსა და კანადაში მიიღო. ის მსახურობდა სომხური სამოციქულო ეკლესიის კანადის ეპარქიის უმაღლეს თანამდებობის პირად. ბევრი მღვდლისგან განსხვავებით, მას ფართო საზოგადოება კარგად იცნობს. ის იყო ეკლესიის მედიის განყოფილების პირველი ხელმძღვანელი, ხოლო მას შემდეგ, რაც ტავუშის ეპარქიის წინამძღვარი გახდა, ცნობილი შეიქნა სოციალური აქტივობებით.

მიტინგებზე ის მღვდლის ტანსაცმლითა და კისერზე დიდი ჯვრით გამოდის და მისი მთავარი დევიზია "სომეხი, სომხეთი, სამშობლო, ღმერთი". სომხური მედია ამახვილებს ყურადღებას, რომ გალსტანიანს ბევრი თანამოაზრე ჰყავს, რადგან ფაშინიანის ცდებმა, შეემცირებინა ეკლესიის ძალაუფლება სომხეთში, ის არაპოპულარული გახადა რელიგიურ ლიდერებს შორის. 2020 წლის ომში სომხეთის დამარცხების შემდეგ აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მცდელობამ კი ეკლესიის წინააღმდეგობა გააღრმავა. გარდა ამისა, მის მხარდამჭერებს შორის არიან არა მხოლოდ წინა რეჟიმის წარმომადგენლები და ფაშინიანის მტრები - სერჟ სარგსიანი და რობერტ ქოჩარიანი - არამედ ფაშინიანის პოლიტიკური მენტორი, ექსპრეზიდენტი ლევონ ტერ-პეტროსიანიც და მისი ყოფილი მოკავშირე ედმონ მარუკიანიც. როგორც მედია წერს, მას პროდასავლური ორგანიზაციებიც ემხრობიან და რუსული მედიაც პოზიტიურად აშუქებს.

რუსა მაჩაიძე