„თავდამსხმელმა“ „დრაკონი“ ქართული არმიის არსენალიდან გამოაძევა... - კვირის პალიტრა

„თავდამსხმელმა“ „დრაკონი“ ქართული არმიის არსენალიდან გამოაძევა...

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გასულ კვირას გაავრცელა ოფიციალური ინფორმაცია, რომ თურქეთის რესპუბლიკიდან ნატოს სტანდარტის VURAN-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორები მიიღო, რაც გააძლიერებს ჩვენს თავდაცვის ძალებს. ქართული არმიის არსენალის შევსება მისასალმებელია, მით უმეტეს, იმ კლასის შეიარაღებით, რომელიც აკმაყოფილებს ნატოს სტანდარტებს, თუმცა საზოგადოების ნაწილში გაჩნდა კითხვები, - რატომ ვყიდულობთ თურქულ ჯავშანმანქანებს, როდესაც საქართველო თავად აწარმოებს ანალოგიურ "დიდგორებს", ეს ხომ ხელს შეუშლის "დელტას" განვითარებას და საერთოდ, ქართულ სამხედრო მრეწველობასო?

მისასალმებელია, როდესაც საზოგადოების ნაწილი ქომაგობს ქართულ არმიას და სამამულო შეიარაღების წარმოებას, თუმცა ამ კონკრეტულ სიტუაციაში საქმე ცოტა სხვანაირად არის და შეიძლება ორი მიზეზის გამოყოფა, რომელიც ამართლებს 46 ერთეული თურქული "ვურანის" ტიპის ჯავშანტრანსპორტიორის გამოჩენას ქართული არმიის არსენალში:

პირველი - თურქული "ვურანი" ფორმით კი ჰგავს ქართულ "დიდგორს", მაგრამ ეს მხოლოდ ვიზუალური თანხვედრაა. სინამდვილეში, "ვურანი" "დიდგორზე" ბევრად დაცულია, რადგან ჯავშანმანქანების სულ სხვა - RAP-ის ანუ ნაღმებისა და ჩასაფრებებისგან დაცულ კლასს განეკუთვნება (როგორც, მაგალითად, ამერიკული M1224 MaxxPro, რომლებზეც ქართველი სამხედროები ავღანეთის მისიებში გამგზავრების წინ კრწანისის სასწავლო ცენტრში ვარჯიშობდნენ).

2-arm-1718574831.jpeg
46 "ვურანი" მე-4 ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე იყო ჩამწკრივებული...

არსებობს Vuran-ის რამდენიმე მოდიფიკაცია: ჯავშანტრანსპორტიორის, თვითმავალი 120 მმ ნაღმსატყორცნის, 107 მმ რაკეტების გამშვები, ქიმიურ-რადიაციული დაზვერვის, ოპტიკურ-ელექტრონული დაზვერვის, საჰაერო თავდაცვის, სითბური საზენიტო რაკეტებით და სხვ.

საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის მოწოდებულია ჯავშანტრანსპორტიორის მოდიფიკაცია, რომელზეც დამატებით ინტეგრირდა ისრაელური კომპანია RAFAEL-ის წარმოების მსუბუქი დისტანციური მართვის საბრძოლო მოდული MINI-SAMSON, რომელიც დაკომპლექტებულია სინგაპურული წარმოების 40 მმ კალიბრიანი ავტომატური ყუმბარსატყორცნით CIS 40 AGL (STK 40 AGL), რომელიც, თავის მხრივ, ამერიკული Mk-19-ის კლონია და ქართული ჯარისა და შსს-ს შეიარაღებაში 2007 წლიდან არის.

თურქული "ვურანი" ქართულ "დიდგორზე" 1,5-ჯერ უკეთესადაა შეჯავნული (განსაკუთრებით მეტი მდგრადობით გამოირჩევა ტანკსაწინააღმდეგო ნაღმზე აფეთქებისას) და თითქმის ორჯერ მძიმეა. შესაბამისად, ის სხვა კლასის ჯავშანმანქანაა და ჩვენი "დიდგორის" კონკურენტი ვერ იქნება.

მეორე მიზეზი, რის გამოც ქართულ არმიის შეიარაღებაში თურქული "ვურანები" შევიდა, უახლოეს ისტორიაში გადაინაცვლებს და უკავშირდება აგვისტოს ომის დაწყებამდე პერიოდს, მაშინ დადებულ ერთ კონკრეტულ ხელშეკრულებას, რისი არცთუ სასურველი შედეგების ერთგვარ გამოსწორებად იქცა "ვურანების" ჩამოტანა საქართველოში.

აგვისტოს ომის დაწყებამდე თურქეთიდან საქართველოში შემოიტანეს რამდენიმე უცხო ფორმის შეჯავნული მანქანა, რაც ძალზე გასაიდუმლოებული იყო. თუმცა მალევე გახდა ცნობილი, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დაიწყო თურქული კომპანია Nუროლ Mაკინა-ს წარმოებული Eჯდერ 6ხ6 ტიპის სამღერძიანი ჯავშანტრანსპორტიორების შეძენა.

3-arm-2-1718574831.jpg
Ejder 6x6 საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღლუმზე - ამ "დრაკონებმა" ქართული არმიის არსენალში თავისი დრო მოჭამეს...

პარალელურად, შსს-მ თურქული ჯავშანმანქანა Otokar Cobra 4x4-ები შეიძინა და მათი საბრძოლო გამოყენებაც მოასწრო აგვისტოს ომის რამდენიმე დღეში, რაც "კობრას" საბრძოლო ნათლობად იქცა, განსხვავებით "ეჯდერებისგან" (თურქულად "დრაკონს" ნიშნავს), რომელთა რამდენიმე ეგზემპლარი გადამალული იყო, რათა რუს ოკუპანტებს ალაფად არ წაეღოთ.

ოფიციალური მონაცემების თანახმად, თურქული Ejder 6x6 ტიპის ჯავშანტრანსპორტიორების მოწოდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 2011 წლის ბოლოსთვის დასრულდა. სულ ქართულმა არმიამ 72 ერთეული თურქული "დრაკონი" მიიღო, რაც იმ პერიოდისთვის მნიშვნელოვანი მოვლენა იყო.

იმხანად ტელეკომპანია "საქართველოს" ეთერში საავტორო გადაცემა "არსენალი" მიმყავდა და დოკუმენტური ფილმი მივუძღვენი "ეჯდერ-დრაკონების" ტაქტიკურ-ტექნიკურ შესაძლებლობებს, რისთვისაც თავად მომიწია ამ "დრაკონის" მართვამ ვაზიანის პოლიგონზე და მისი დისტანციური საბრძოლო მოდულის 40 მმ-იანი ავტომატური ყუმბარსატყორცნის ჯერებით სროლაც.

შთაბეჭდილება პოზიტიური გახლდათ, მით უმეტეს, საბჭოთადროინდელ БТР-70-სა და БТР-80-თან (რომლებიც მაშინ ძირითად ჯავშანტრანსპორტიორებს წარმოადგენდნენ ქართული არმიის არსენალში) შედარებით.

ეს უპირატესობები შემდეგი გახლდათ: სიჩქარეთა ავტომატური კოლოფი, რომელიც უფრო კომფორტული გახლდათ მართვისას, ღამის ხედვის მოწყობილობა, ვიდეოკამერები გარშემო სიტუაციის კონტროლისთვის, ჯავშანტრანსპორტიორის V-მაგვარი ფსკერი, რომელიც უკეთ უძლებს ტანკსაწინააღმდეგო ნაღმზე აფეთქებას, დისტანციურად მართვადი საბრძოლო მოდული, როდესაც სროლისას წარმოქმნილი დამწვარი დენთის აირები სადესანტო ნაკვეთურში არ აღწევს და ბოლოს მთავარი - მებრძოლების დესანტირების საშუალება უკანა აპარელიდან.

საბჭოთა БТР-ების მთავარი ნაკლი იმაში მდგომარეობდა, რომ დესანტს ჯავშანტრანსპორტიორი ან ზედა, ან გვერდითა ლიუკებიდან უნდა დაეტოვებინა, რის გამოც ორივე შემთხვევაში მოწინააღმდეგის ცეცხლის არეალში ხვდებოდა, ხოლო უკანა მხრიდან დესანტირებისას თავად ჯავშანტრანსპორტიორის კორპუსი იცავს მებრძოლებს.

თურქული "დრაკონებით" მთლიანად დაკომპლექტდა მე-4 ბრიგადის სადაზვერვო ასეული, რომელიც იმდროინდელი თავდაცვის მინისტრის პირად "გვარდიას" წარმოადგენდა და საუკეთესოდ იყო შეიარაღებული და აღჭურვილი.

დროთა განმავლობაში "დრაკონების" სამხედრო ნაწილებში ექსპლუატაციის დროს გამოვლინდა მისი ნაკლოვანებებიც, მათგან ერთ-ერთი თავად ვიხილე თბილისის ტანკსარემონტო ქარხანაში - "ეჯდერს" წინა ღერძის მარცხენა ბორბალი მოტეხილი ჰქონდა.

ეს ნაკლებად ყურადსაღები იქნებოდა (ნებისმიერი ტექნიკა ფუჭდება), რომ ჯავშანსატანკო დანაყოფებში არ გაზრდილიყო უკმაყოფილება, თურქული "დრაკონი" მძიმეა, უჭირს დაბრკოლებების გადალახვა, ტალახში ეფლობაო.

მართლაც, ინტენსიური ექსპლუატაციის შედეგად გამოვლინდა, რომ "ეჯდერის სამღერძიანი 6x6-ზე ფორმულა ვერ ძალავდა ამ 18-ტონიან ჯავშანტრანსპორტიორს, რაც მოულოდნელი არ ყოფილა.

საქმე ისაა, რომ Ejder 6x6 თურქულმა კომპანია Nurol Makina-მ დააპროექტა რუმინული ჯავშანტრანსპორტიორ TAB 70-ის ბაზაზე, რომელიც თავის მხრივ... საბჭოთა БТР-70-ის მიხედვით იყო შექმნილი. საბჭოთა БТР-ები კი ოთხღერძიანი და 8x8 ფორმულის იყვნენ, რაც განაპირობებდა მათ შედარებით მაღალ გამავლობას, მით უმეტეს, БТР-70-ის საბრძოლო მასა მხოლოდ 11,5 ტ გახლდათ.

თურქმა ინჟინრებმა კი "დრაკონს" ერთი ღერძი და ორი წამყვანი ბორბალი მოაკლეს, ამასთან, მისი საბრძოლო მასა 18 ტ-მდე გაზარდეს და უარყოფითმა შედეგმაც არ დააყოვნა.

როდესაც აგვისტოს ომის დასაწყისში ქართული მხარე იწყებდა თურქული "დრაკონების" მასობრივად შეძენას, იმ მომენტისთვის ეს ჯავშანტრანსპორტიორი, ფაქტობრივად, ექსპერიმენტული იყო და შეიარაღებაში მიღებული თავად თურქეთის არმიასაც კი არ ჰქონდა.

ფაქტობრივად, Ejder 6x6-ის სამხედრო ექსპლუატაციის პიონერიც და ერთადერთიც ქართული არმია აღმოჩნდა და "დრაკონის" სერიოზული პრობლემების გამოვლენის შემდეგ თურქულმა "ნუროლმა" შეწყვიტა მისი წარმოება და იმავე სახელწოდებით ახალი ჯავშანმანქანა Ejder 4x4-ზე გამოუშვა, რომელსაც აბსოლუტურად სხვა დიზაინი ჰქონდა და ჩვენს "დიდგორს" წააგავდა.

ქართულ არმიას შერჩა "ჩემოდანი სახელურის გარეშე", რომლის გამოყენებაც ძალზე გართულდა და გადასაგდებადაც ვერ გაიმეტებდა.

გასულ წლებში იყო ცდები ძვირადღირებული პროგრამის ასამუშავებლად, რაც ჩვენი "დრაკონების" ძირეულ მოდიფიკაციას ითვალისწინებდა, მაგრამ ის ნაკლებად პერსპექტიული იყო და არც დაწყებულა.

და აი, მივედით მეორე მიზეზამდე, რის გამოც ისევ თურქული წარმოების "ვურანის" ჯავშანტრანსპორტიორები შევიძინეთ. არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, თურქულ მხარესთან მიღწეულ იქნა შეთანხმება "ეჯდერების" "ვურანებზე" გაცვლის თაობაზე, დაახლოებით იმ სქემით, როგორც საპრეზიდენტო "სუპერპუმას" ვიპშვეულმფრენი სამ უფრო მცირე, მაგრამ ბევრად საჭირო შვეულმფრენში გადავცვალეთ საფრანგეთში.

ამ ინფორმაციის ოფიციალური დადასტურება ან უარყოფა მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს შეუძლია, ისევე როგორც ამ გარიგების ფინანსური მხარის გასაჯაროება, რადგან საიარაღო კონტრაქტები ბევრად გასაიდუმლოებულია, ვიდრე თავად ნაყიდი შეიარაღების ტაქტიკურ-ტექნიკური შესაძლებლობები.

ასეა თუ ისე, თურქულ "ვურანში" მსხდომი ქართველი მებრძოლები მეტად დაცული იქნებიან, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ შევწყვიტოთ ჩვენი "დიდგორების" შემდგომი მოდიფიცირება-გაუმჯობესება. უბრალოდ, სხვა, უფრო გამძლე შასია ასარჩევი, რათა ახალი "დიდგორის" შეჯავშნის დონეც გაიზარდოს და ის MRAP-ის კლასში გადავიდეს, რაც აუცილებლად გამოიწვევს ჯავშანმანქანის მასის მნიშვნელოვნად მომატებას, ამას კი ბევრად გამძლე შასი სჭირდება, რათა არ დაგვემართოს იგივე, რაც "დრაკონებს" მოუვიდათ.