მარო მაყაშვილი - ქართველი ჟანა დ,არკი - კვირის პალიტრა

მარო მაყაშვილი - ქართველი ჟანა დ,არკი

"იქნება სხვები ამას არ ხედავენ, მაგრამ მე ისეთი გრძნობა მაქვს, რომ სრულად ეღირსება ამ ბედშავს ერს თავისუფლება. მაშინ მზეც მხიარულად გაანათებს და გაათ­ბობს არეს და მთვარეც გაანათებს ძველ კვალს, რომელიც სიმართლისკენ მიდის", - წერდა 17 წლის მარო მაყაშვილი, რომელმაც წლების შემდეგ პირველი ეროვნული გმირი ქალის სახელი დაიმკვიდრა ისტორიაში. "ცელით შემოსულმა" სიკვდილმა არ დააყოვნა და 1921 წლის 19 თებერვალს მტრის ნასროლ ყუმბარას შეეწირა გოგონა, რომელიც ქართველებს თავისუფლების სიმბოლოდ გვექცა. სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის მსხვერპლი ქალის ანდერძივით დატოვებული "სახელოვნად გამარჯვება" დღემდე ლაიტმოტივად გასდევს ყველა ბრძოლას, რომელიც სამშობლოს თავისუფლებას ისახავს მიზნად.

ქართულმა საზოგადოებამ მას ქართველი ჟანა დ,არკი უწოდა... მაროს დაკრძალვაზე ტიციან ტაბიძემ სიტყვა წარმოთქვა: ,,წარმოუდგენელია მეტი მწუხარება, რასაც­ განიცდის ქართველი საზოგადოება ამ ტრაგიკული სიკვდილის გამო. ბევრი მებრძოლი მხედარი იმსხვერპლა ამ ბრძოლამ, ბევრს კიდევ იმსხვერპლებს, მაგრამ ასეთი უცაბედი სიკვდილი უფრო მტანჯველია მაინც. თითქოს სიწმინდემ აკურთხა­ პირველ უმანკო სისხლით ქართული ფრონტი და ისიც მარიამისა. სამშობლოს სიყვარული კიდევ ბევრ ლანდს გააჩენს ჟანა დ,არკისა და კიდევ მეტ სასწაულს პატრიოტიზმისას".

მარო მაყაშვილის პორტრეტის შექმნაში­ გმირი ქალის დღიურები და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დიმიტრი­ შველიძე დაგვეხმარა.

მაროს დღიურები

- მარომ დაგვიტოვა დღიურები, რომელშიც ის თავის მსოფლმხედველობას გვიზიარებს, ასევე პირად ცხოვრებაზე მოგვითხრობს. ეს დღიურები ლიტერატურის მუზეუმის დირექტორმა ლაშა ბაქრაძემ გამოსცა, რითაც ძალიან კარგი საქმე გააკეთა.

მარო თავის დღიურს იწყებს პატარა გამონათქვამებით. პირველი ეხება თითქმის დღევანდელობას და დღევანდელი ახალგაზრდების (და არა მარტო) სულისკვეთებას: "ძირს ძველი კერპები, ახალნი ვიწამოთ!!!". ჩვენ შეიძლება ეს გამონათქვამი უდროოდ წასული ახალგაზრდა ქალის ანდერძად წარმოვიდგინოთ, რომლითაც ის თავის თანამედროვეებს მოუწოდებდა და არა მარტო თანამედროვეებს. ძალიან ცოტა ხანს იცოცხლა მარომ - 19 წლისა დაიღუპა. ის წარმოშობით მოწინავე ინტელიგენციის მაღალ წრეს ეკუთვნოდა, იყო ცნობილი მწერლისა და პოეტის კოტე მაყაშვილისა და თამარ გაბაშვილის (ეკატერინე გაბაშვილის ქალიშვილის) შვილი. კოტე ძალზე ცნობილი პიროვნება იყო პირველ რესპუბლიკაში, სხვა რომ არაფერი, მის სახელთანაა დაკავშირებული მწერალთა კავშირის დაარსება. ბევრს ჰგონია, რომ მწერალთა კავშირი თითქოს საბჭოთა ეპოქაში შეიქმნა - ის პირველი რესპუბლიკის პერიოდში ჩამოყალიბდა და ინიციატორი მაროს მამა იყო. მაროს ბებია გახლდათ ეკატერინე გაბაშვილი–- ცნობილი ქართველი მწერალი, ბელეტრისტი და დიდი პატრიოტი, მამულიშვილი, ილიას საქმის ერთგული და მოთაყვანე. ასე რომ, მისმა წარმოშობამ, ოჯახმა და გარემომ, ბუნებრივია, დიდი გავლენა მოახდინა მაროს პიროვნებაზე.

მარო დღიურების წერას იწყებს 1917 წელს (ერთი ჩანაწერი) და მეორე - 1918 წელს (უკვე პირველი რესპუბლიკის პერიოდი) მისი უკანასკნელი ჩანაწერი დათარიღებულია 1921 წლის თებერვალს. მარო 19 თებერვალს დაიღუპა ფრონტზე... ის ძალზე პროგრესულად მოაზროვნე გოგონა იყო და მისი აზროვნება სულ სამშობლოს დასტრიალებდა. ასე რომ, მაროს ასეთი აღსასრული შემთხვევითი კი არ ყოფილა, ალბათ, მისი მთელი მსოფლმხედველობის ლოგიკური დასასრულია. ის წერს: "რა არის იმაზე უმაღლესი სიყვარული, ვიდრე სიყვარული საკუთარი სამშობლოსი" - ამით ყველაფერია ნათქვამი...

"პარიზში მინდა და იტალიაში"

"ჩემი მიზანია სამშობლოსთვის სამსახური, საქართველოსთვის მუშაობა", - ასე განსაზღვრა მან თავისი კრედო. როგორ ემზადება მარო ამ მაღალი მისიისათვის? - სწავლობს ძალიან კარგად ქალთა გიმნაზიაში (რვაწლედი დაამთავრა), პატივს სცემს მასწავლებლებს, მაგრამ დამამთავრებელ წელს რატომღაც უარყოფითი გრძნობა უჩნდება, თითქოს მოჰბეზრდა და წერს, მასწავლებლების დანახვა აღარ შემიძლია, მალე მინდა დავამთავრო, რომ უმაღლესში მოვეწყოო. მაროს მიზანია აუცილებლად ევროპაში ისწავლოს, ევროპული განათლება მიიღოს. "მინდა საზღვარგარეთ ძალიან და ძალიან. წავალ უსათუოდ. სწავლის შემდეგ ერთ წელიწადს ვიმსახურებ, მოვაგროვებ ფულს და გავუადვილებ ჩემს მშობლებს ამითი... უსათუოდ საფრანგეთში უნდა წავიდე და იქ შევისწავლო სამეურნეო საქმე. ჩემი ფიქრი აი, ეგ არის. მე თვითონ მინდა ვიმუშაო ჩემ მიწა-წყალზედ... ძალიან და ძალიან პარიზში მინდა და იტალიაში. ნუთუ რამე შემიშლის ხელს?"

მარო ერთდროულად ორ ენას სწავლობს - ინგლისურს და ფრანგულს. იმხანად ფრანგული უფრო მძლავრობდა, ვიდრე ინგლისური. მარო კითხულობს ძალიან ბევრს,­ მაგალითად, ორიგინალში კითხულობს ანდრე ჟიდის ნაწარმოებებს ფრანგულად, ბუნებრივია, კითხულობს რუსულადაც (ქართული ინტელიგენცია 1917-1918 წლებამდე ძირითადად რუსულ ენაზე სწავლობდა და ლაპარაკობდა). მარო თეატრზე გიჟდება, დღიურებში დაახლოებით 15-ჯერ წააწყდებით ჩანაწერს - თეატრში ვიყავი, ძალიან ვისიამოვნე, აღმაფრთოვანებელი იყოო და ა.შ. იმხანად თბილისში საინტერესო ამბავი მოხდა: რუსეთში ბოლშევიკური გადატრიალების მერე რუსეთიდან­ მთელი რუსული ინტელიგენცია აღმოსავლეთ, ზოგი კი დასა­ვლეთ ევროპაში გაიქცა, ერთი ტალღა­ თბილისს მოაწყდა. თბილისი კავკასიის დედაქალაქად ითვლებოდა და ვინ არ იყო აქ... გრიგოლ რობაქიძეს შესანიშნავი პასაჟები აქვს მიძღვნილი ამ თემისადმი, ვინ აღარ იყო აქ ჩამოსული: რუსული სამხატვრო თეატრი, კაჩალოვის თეატრი და ამას ქართულ თეატრსაც თუ დავუმატებთ, დედაქალაქში კულტურული ცხოვრება დუღდა. ვინ არ მოღვაწეობდა მაშინდელ თბილისში: ცისფერყანწელები, მარტო პაოლო და ტიციანი რად ღირს, რომ არაფერი ვთქვათ გალაკტიონზე, რომელიც 1920-1921 წელს პოეტების მეფედ შერაცხეს. აი, ამ გარემოში­ ტრიალებს მარო. ცისფერყანწელებსა და კონკრეტულად პაოლო­ იაშვილს ეთაყვანებოდა. მარო ძალიან კარგ პატარ-პატარა მოთხრობებს წერდა იმავე დღიურში. მას ყველა მონაცემი ჰქონდა, რომ კარგი მწერალი დამდგარიყო. ალბათ, იმ კონდიციამდე არ იყო მისული, რომ მოთხრობები გამოექვეყნებინა, თანაც არ ეცალა, სწავლობდა­ ენებს, ჩააბარა ქართულ უნივერსიტეტში (მაშინ ასე იწოდებოდა ახალდაარსებული უნივერსიტეტი - მომავალი თსუ) სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე. მარო ძალიან ბევრს კითხულობდა, წერდა, წიგნებს რომ ვკითხულობ, მერე განვიცდი პერსონაჟების თავგადასავალსო. ტირილი მომინდა და რატომ ვიტირე, არ ვიციო, დღიურებში თავს ელაპარაკება.

სტერეოტიპების მმსხვრეველი

- გარდა ამისა, მარო ფემინისტური განწყობის გოგონაც იყო. მისივე სიტყვებია: ქართველი ქალები რომ თხოვდებიან, ისინი ძალაუნებურად კაცების მოსამსახურეები ხდებიან, მიუხედავად იმისა, კაცები ჩვენ იმისთანები გვყავს, არ ჩაგრავენ ქალებს, როგორც აზიაში, პატივსაც სცემენ და უყვართ კიდეც, მაგრამ ცხოვრების პირობებია ისეთი, ქალი მაინც მეორეხარისხოვანი ხდებაო, - ასეთი შესანიშნავი ახსნა აქვს მაროს. წერს, მე თუ ოდესმე გავთხოვდი, ქართველ კაცს არ გავყვები არავითარ შემთხვევაში, ევროპელს უნდა გავყვე, იმიტომ, რომ მინდა არა მარტო ვისწავლო, ვიმუშაო და მთელი ქვეყნიერება მოვიაროო. ახლანდელ ფემინისტებს ჰგონიათ, მათ დაიწყეს ეს მოძრაობა. ასე არაა, ჩვენ გვყავდა შესანიშნავი ფემინისტი ქალები: კატო მიქელაძე, ეკატერინე გაბაშვილი, რომელიც ერთ-ერთი პირველი ფემინისტი (სუფრაჟისტებს­ უწოდებდნენ მაშინდელ ფემინისტებს) და ქალთა სწავლების ინსტიტუტის პირველი პოპულარიზატორი გახლდათ. ეს ხდება მე-19 საუკუნის 60-70-იან წლებში. დასავლეთ ევროპაში სასწავლებლად ქალების პირველი ტალღა 1873-74 წლებში წავიდა (რამდენიმე ქალი შვეიცარიაში სწავლობდა).

თავისუფლება - ეს იყო მაროს უპირველესი ნატვრა და რეალობა, რომელშიც მან უნდა იცხოვროს მომავალში. მარო მაყაშვილი ტანმოვარჯიშეთა კლუბის წევრიც იყო. მაშინ არსებობდა ტანმოვარჯიშეთა სკოლა, ჯგუფი "შევარდენი", სადაც, როგორც წესი, მხოლოდ მამაკაცები იყვნენ (კაცების სპორტად ითვლებოდა). მარო იყო ერთ-ერთი პირველი ქალი, რომელიც ამ ჯგუფში გაერთიანდა, რაც მითქმა-მოთქმის საგანი გახდა, ამისთვის მას საყვედურობდნენ, ზოგიც დასცინოდა... ამ ჯგუფის ერთ-ერთი დამაარსებელი იყო გიორგი ნიკოლაძე, ჩვენი სასიქადულო ნიკო ნიკოლაძის ვაჟი. 1919 თუ 1920 წლის მაისში ის გამოვიდა კიდეც ტანმოვარჯიშეთა დიდ გამოსვლაზე, სტადიონზე. მარო ამ ყველაფერში მონაწილეობს, უძლებს დაცინვას, უფროსებისგან ჭკუის დარიგებას, რომ ქალს ეს არ შეჰფერის. ამ მხრივ ის რევოლუციონერია, პროგრესული იდეების განმახორციელებელია, გამბედავია, პრინციპული და სტერეოპტიპების მმსხვრეველია. ან რა გასაკვირია, ის ეკატერინე გაბაშვილის გაზრდილი იყო, რომელიც ემანსიპაციის, ქალთა­ თანასწორობის მომხრე იყო. ასე რომ, ბებია, ალბათ, ხელსაც უწყობდა, სხვათა შორის, მამაც.

"როგორ მძულან რუსები"

- მაროს ეჯავრება საქართველოს ყველა მტერი. დღიურებში ის წერს: "როგორ მძულან რუსები, რომლებიც მუდამ გვემუქრებიან დაპყრობით". მერე, როცა რუსები გავიდნენ და 1918 წლის ივნისში გერმანელები შემოვიდნენ, მარო დღიურში გერმანული ჯარის შემოსვლასა და აღლუმს აღწერს. პატრიოტული გრძნობებით განმს­ჭვალული 17 წლის მარო წუხს, რომ საქარ­თველო ბოლომდე ვერ გათავისუფლდა და ,,ერთი ბატონის" თავიდან მოშორების შემდეგ ,,ახალი უღელი" დაიდგა. მას გერმანელებიც არ მოსწონს, ვინაიდან უცხოელები არიან. მან არ იცის, რომ გერმანელებმა ბევრად გვიშველეს და დამოუკიდებლობის გამოცხადებაშიც მხარი დაგვიჭირეს. "რა არის, ერთი ბატონი მოვიცილეთ­ და მეორე შემოვიდა", - წერს თავიდან, მაგრამ 1-2 თვის მერე აღნიშნავს, როგორც ამბობენ, გერმანელები ძალიან კარგად და კორექტულად იქცევიანო, და უკვე მათი მომხრეა. მერე გერმანელები გავლენ და ნაწყენია, რომ ინგლისელები შემოდიან. "თბილისი თანდა­თან ივსება ინგლისელების ჯარით, ხან ფრანგები გვეწვევიან, ხან გერმანელები, ხან სომხები, ახლა ინგლისელები... რას გააკეთებენ აქ, არ ვიცი". მარო მაქსიმალისტია და ურჩევნია თავისუფალ საქართველოში იცხოვროს­, სადაც არც ერთი უცხოელი არ იქნება, ჩვენ თავს ჩვენ უნდა მივხედოთო, ამბობს და კითხულობს: "ნეტავი როდის მოვუვლით თვითონ ჩვენს თავს?"

"პაოლო რომ გავიცანი..."

- მაროს ძალიან უყვარს მუსიკა და თეატრი. ერთხელაც ის დაპატიჟეს ოლივერ უორდროპთან (მარჯორი უორდროპის, "ვეფხისტყაოსნის" მთარგმნელის ძმა), საქართველოს დიდ თაყვანისმცემელთან, რომელიც 1919 წელს იყო დიდი ბრიტანეთის უმაღლესი კომისარი კავკასიასა და საქართველოში. ოლივერს უყვარს საქართველო, იცნობს მოწინავე ინტელიგენციას, მისი უახლოესი მეგობარია ვარლამ ჩერქეზიშვილი, რომელმაც ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ ოლივერი ამ თანამდებობაზე დაენიშნათ. მარომ ბანკეტზე გაიცნო ოლივერი. ის მორცხვი გოგონა იყო და უფროსებთან­ შეხვედრის დროს წითლდებოდა ხოლმე. ერთგან წერს: "პაოლო რომ გავიცანი, არ იცოდა, კოტე მაყაშვილის შვილი რომ ვიყავი, ძალიან პატივისცემით მექცეოდა და ისე გავწითლდი, კინაღამ ყურები ამეწვა. მე ვდგევარ და ვწითლდები, ყველანი მე მიყურებენ, ელიჩკამ ხომ გამიწყალა გული –- იჰ, მარო, ნუ ღელავ, ნუ წითლდები. პაოლოს უკითხავს ჩემზედ, ვინ არის ესო". იმ ბანკეტზე, გარდა პურმარილისა, იყო ცეკვებიც. მაშინ მოდური იყო ცეკვა "Oნე სტეპ", ფოქსტროტის სახეობაა, და მარო წერდა, რა საშინელებაა, ქალები და კაცები ერთმანეთთან მიტყუპებული ცეკვავენ და მე არ ვიცეკვე, არ მომეწონაო. "ეს იყო ჩემი პირველი გამოსვლა ბალზე" და ამას საგანგებოდ აღნიშნავს დღიურში.

"სავსეა თბილისის ქუჩები"

- დიდი მადლობა მაროს იმისათვისაც, რომ იმ 1-2 წელიწადში დაგვიტოვა დღიურები, რომლებიც არა მარტო მისი პატარა თავგადასავალია, არამედ მასში არის მაშინდელი ყოველდღიურობის, ცხოვრების ისეთი ნიუანსები, რომელსაც ისტორიკოსი ვერ წარმოიდგენს. მაგალითად, რა ხდებოდა იმ დროს თბილისის ქუჩებში. მაროს ასეთი ჩანაწერი აქვს: "ეს სოციალ-დემოკრატები, რომლებიც მოვიდნენ ქვეყნის­ სათავეში, რომლებიც იყვნენ მუშებისა და გლეხების მეთაურები, ახლა მანქანებით დაჰქრიან, კარგად აცვიათ, კარგი ხელფასები აქვთ, ძველ ბურჟუებს ებრძოდნენ და ახლა თვითონ დაემსგავსნენ მათ და თვითონ გახდნენ ბურჟუები". უნებურად გაგახსენდება კაცს ჩერჩილის ნათქვამი, თუ თავს შეატყვეთ, რომ ხელისუფლება მოგწონთ, ფსიქიატრს მიმართეთო. მიუხედავად იმისა,­ რომ სოციალ-დემოკრატები სამწლიანი დამოუკიდებლობის პერიოდში ძალიან უნარიანად ხელმძღვანელობდნენ ქვეყანას, მაროს მაინც არ მოსწონს მათი ცხოვრება. აკაკი ჩხენკელს რომ წარმოიდგენს კაცი, უმაღლესი რანგის ინტელიგენტს, რომელიც ფრაკშია გამოწყობილი, უკეთია პეპელა-ბაფთა, შეიძლება­ მართლა ბურჟუა დაარქვა, არადა­, დიპლომატია, საგარეო საქმეთა მინისტრი და აბა, როგორ უნდა ჩაეცვა? მარო ასეთ მომენტსაც აღწერს: "ევგენი გეგეჭკორია გამოსული ქუჩაში, გვერდზე პაოლო­ იაშვილი დგას და ყვირის -– გეგეჭკორი, გეგეჭკორი! - თითქოს ვერ ხედავდეს, რომ იტყვიან, აშაყირებს". გეგეჭკორიც საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, გასაშაყირებელი­ არაფერი სჭირდა, მაგრამ პაოლო პოეტია, ფუტურისტი და ეს მისგან თავისუფალი მოქცევაა.

მარო დამოუკიდებლობის დღეებსაც აღწერს: "დიდი ზეიმია, სავსეა თბილისის ქუჩები". როცა პირველად ჩამოვიდა ცნობა იმის შესახებ, რომ 1920 წლის 12 იანვარს ანტანტის საბჭომ (ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, იტალიამ და სხვებმა) ცნო საქართველოს დამოუკიდებლობა, უცებ გაივსო თბილისის ქუჩები, ისევე, როგორც ახლა ივსება­ ახალგაზრდებით. მოქალაქეები­ ერთმანეთს ულოცავდნენ, კოცნიდნენ. ასე რომ, თავისუფალი საქართველოს წელთაღრიცხვა დაიწყო 1917-18 წლებში და განსაკუთრებით 26 მაისს და მარომ ესეც აღგვიწერა თავის დღიურებში.

"გავიმარჯვებთ სახელოვნად"

- ზარბაზნები გრუხუნებს თბილისის გარშემო, წითელი არმიაა შემოჭრილი... ომში წასვლის შესახებ მაროს დღიურში არაფერი უწერია, მაგრამ სადღაც 17 თებერვალს არის ასეთი ჩანაწერი: "ქართველი ერი მხნე და გულადი არის, არავის დაანებებს თავის სამშობლოს. სამშობლოსადმი სიყვარული უდიდესია, სხვა ყველა გრძნობაზე მაღლა სდგას, შეებრძოლება მტერს სისხლის უკანასკნელ წვეთამდის, შეებრძოლება და ან სიკვდილი, ან გამარჯვება".

პირველივე დღეებში მარო მოწყალების დად ჩაეწერა "წითელ ჯვარში" და აღმოჩნდა ფრონტის პირველ ხაზზე, კოჯრისკენ მიმავალ სანიტარულ რაზმს შეუერთდა. ცნობილია მაროს უკანასკნელი წერილი მამისადმი: "საყვარელო მამა, მე ჯერ-ჯერობით­ კარგად ვარ. მტერი ჯერ შორს არის, ძალიან სცხებენ ჩვენები, ძალიან აღფრთოვა­ნებულები არიან. ცოტა თხილი და თუ შესაძლებელია, ტკბილეული გამოგზავნეთ. თავს გაუფრთხილდით, გკოცნით ბევრს. მოკითხვა ყველა ჩვენებს. ნუ გეშინიანთ, გავიმარჯვებთ სახელოვნად".

კოტე მაყაშვილი იხსენებდა: "1921 წლის თებერვალში თბილისის გარშემო ახმაურდნენ ზარბაზნები. ვერავითარმა მუდარამ, რჩევამ ვერ გაჭრა მაროზე. მე იქ უნდა ვიყვე­, სადაც იღვრება სისხლი და ცრემლი­ თანამემამულეთაო. 17 თებერვალს იგი ჩაეწერა წითელ ჯვარში მოწყალების დად. იმავე დღეს სანიტარულ რაზმთან ერთად წავიდა კოჯრისკენ. 19 თებერვალს საღამოს, მის გვერდით გამსკდარმა ყუმბარამ არც კი დააცალა უკანასკნელი სალამი ეთქვა სამშობლოსა და მშობელთათვის".

ამ კაცის ცხოვრება ძალზე ტრაგიკულად წარიმართა, ქალიშვილი ისე დაეღუპა, მასთან გამომშვიდობებაც ვერ მოახერხა. მაროს დაღუპვის შემდეგ კოტე დაავადდა და მალე გარდაიცვალა კიდეც.

კოჯორთან სისხლისმღვრელი ბრძოლები მიდიოდა, იუნკრები იბრძოდნენ და მარო დაჭრილებს უვლიდა, თუმცა მოვლაც არ დასცალდა, ახლოს გასკდა ყუმბარა, ნამსხვრევები მოხვდა კეფაში და იქვე დალია სული... მარო მაყაშვილი 23 თებერვალს კოჯორში დაღუპულ ქართველ იუნკერებთან ერთად ყოფილი სამხედრო ტაძრის ეზოში დაკრძალეს.

2015 წლის 24 დეკემბერს მარო მაყაშვილს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. მისი სახელობის აუდიტორია გვაქვს თსუ-ში, იმართება სხდომები,­ კონფერენციები. ასე რომ, მარო მაყაშვილის ხსოვნა უკვდავია და, რაც მთავარია, ახალგაზრდა თაობისათვის მაგალითია. მისი დღიურები ყველამ უნდა წაიკითხოს, მათ, ვინც ქუჩაში გამოდის და ვისთანაც ყოველდღიურად ვურთიერთობ, ჩემმა სტუდენტებმა. მარო მაყაშვილი დღევანდელი თაობისთვის მაგალითი და მასწავლებელი უნდა იყოს, უარყოფითს ვერავინ ვერაფერს მოუძებნის ამ პატარა ქალბატონს.