ომის დასრულების ორი სცენარი - რა გადაწყდა ბიურგერშტოკში: გადაიდგა თუ არა მშვიდობისკენ პირველი ნაბიჯები და რას იზამს პუტინი?! - კვირის პალიტრა

ომის დასრულების ორი სცენარი - რა გადაწყდა ბიურგერშტოკში: გადაიდგა თუ არა მშვიდობისკენ პირველი ნაბიჯები და რას იზამს პუტინი?!

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის - „ბიბისის“ რუსულენოვანმა სამსახურმა (BBC russian) გამოაქვეყნა ანალიტიკური სტატია სათაურით - „შვეიცარიის სამიტის შედეგები: პირველი ნაბიჯი მშვიდობისაკენ და წარმატების ფრთხილი მოლოდინი“ (ავტორი - სვიატისლავ ხომენკო), რომელშიც განხილულია შეხვედრის შედეგები და შეფასებებია მოცემული.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

შვეიცარიაში გამართული სამშვიდობო სამიტის შეფასებაში მთავარი მომენტი არის მოლოდინის მენეჯმენტი, ანუ როგორ უნდა მოხდეს მოსალოდნელი მოვლენების მართვა.

თუ ვინმე ელოდებოდა, რომ როგორც კი შეხვედრის მონაწილენი ხელს მოაწერდნენ კომუნიკეს, უკრაინაში ომი შეწყდებოდა, მაშინ ის, რა თქმა უნდა, დიდ იმედგაცრუებას გრძნობს. თუმცა, დიდი ალბათობით, ასეთი ადამიანი, რუსეთ-უკრაინის ომის მესამე წელს, უკვე აღარავინ არის დარჩენილი. ამიტომაც, მოდი, გავარკვიოთ, თუ რა მოხდა 15-16 ივნისს კურორტ ბიურგეშტოკში.

დიპლომატიური ინიციატივა

ამრიგად, არსებობს ომის დასრულების ორი სცენარი: სამხედრო, როცა ერთ-ერთი მხარე გამარჯვებას აღწევს ბრძოლის ველზე და დიპლომატიური, როცა ომის დასრულების პირობებზე პოლიტიკოსების მოლაპარაკება მიმდინარეობს.

ამჟამად ბრძოლის ველზე რუსეთი უტევს, მაგრამ - რაიმე განსაკუთრებული წარმატების გარეშე. უკრაინა თავს იცავს, თუმცა მას იმედს უძლიერებს დასავლეთისაგან სულ უფრო ინტენსიურად გამოგზავნილი დახმარება. რაიმე განსაკუთრებული გარდატეხა უახლოეს მომავალში ამ თვალსაზრისით მოსალოდნელი არ არის.

რაც შეეხება დიპლომატიას, ამ საკითხში ინიციატივა ხელში უკრაინამ აიღო. წელიწად-ნახევრის წინათ კიევმა სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის საკუთარი ფორმულა შეიმუშავა და, იმ დროიდან მოყოლებული, მსოფლიოში მის პოპულარიზებას ეწევა ყველა შეხვედრისა და ფორუმის დროს.

სწორედ უკრაინამ შეკრიბა 15-16 ივნისს, ვოლოდიმირ ზელენსკის ძალისხმევით, საკმაოდ სერიოზული წარმომადგენლობა, 92 ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის სახით.

შედეგი? მსოფლიოს ქვეყნებისა და ორგანიზაციების 92 დელეგაციიდან კომუნიკეს ხელი 80-მა მოაწერა. უკრაინის დელეგაციის წევრები ბიურგენშტოკში ჩატარებულ სამიტს წარმატებულად და თავიანთ გამარჯვებად თვლიან. შემაჯამებელ კომუნიკეში ვხედავთ ფორმულირებებს, რომელთა დაფიქსირებას უკრაინა დაბეჯითებით ითხოვდა - მაგალითად, „რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ“ და არა ამორფული ფრაზა - „კონფლიქტი უკრაინაში“; მოთხოვნა, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური უკრაინის კონტროლქვეშ გადავიდეს; მოთხოვნა, რომ უკრაინაში დაბრუნდეს რუსეთში უკანონოდ გაყვანილი ყველა უკრაინელი ბავშვი.

დღემდე ეს პუნქტები ფორმალურად კიევის სურვილებს წარმოადგენდა, ახლა უკვე მსოფლიოს ნახევრის (ან მსოფლიოს უმეტესობის) მიერ ოფიციალურად განმტკიცებული პოზიციაა, რომელსაც უახლოეს ხანში რუსეთს გადასცემენ.

შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინიაციო კასისმა უკვე განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში სამიტის შედეგებს თავის მოსკოველ კოლეგებს შეატყობინებს. ამის შემდეგ უკვე კრემლის საქმე იქნება, თუ როგორ იმოქმედებს.

რუსეთის შესაძლო მონაწილეობა

სამიტის მონაწილეები იმედოვნებენ, რომ ბიურგენშტოკში მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, აგრეთვე, იმ დისკუსიების საფუძველზე, რომელთა კვალი კომუნიკეში ასახული არ არის [მაგრამ რუსეთი, ალბათ, გაეცნობა], ადრე თუ გვიან მოლაპარაკების პროცესი დაიწყება და მასში, რაღაც მომენტში, მოსკოვიც ჩაერთვება.

რუსეთის წარმომადგენლებს მიიწვევენ მეორე სამშვიდობო სამიტზე, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, თუ სად და როდის გაიმართება. ამასთან, მხედველობაში უნდა გვქონდეს, რომ ეს ის დიპლომატიური გზაა, ან უფრო ზუსტად - ბილიკი, რომელზეც მსოფლიოს 90-ზე მეტმა ქვეყანამ გაიარა, რომელთა რაოდენობა, ალბათ, სამომავლოდ გაიზრდება.

მაგრამ ბიურგენშტოკის შეხვედრის მონაწილეები იმასაც აღიარებენ, რომ რუსეთის მონაწილეობის იმედი მცირეა. ვლადიმერ პუტინი მზად არის, კიდევ დიდხანს იომოს, ხოლო მისი „სამშვიდობო წინადადება“, რომელიც მან შვეიცარიის სამიტის წინ გააჟღერა, თავისი არსით, უკრაინის კაპიტულაციის მოთხოვნას წარმოადგენს.

ერთი მხრივ, ეს ნიშნავს, რომ მშვიდობის დამყარებისათვის სამხედრო გზა უფრო აქტუალურად გამოიყურება, ვიდრე - დიპლომატიური ბილიკი ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ძალას ძალით უნდა სძლიო, დაამარცხო და მშვიდობა ისე უნდა დაამყარო. ამ დროს მთავარ „მომლაპარაკებელს“ დაპირისპირებულ მხარეთა არმიები წარმოადგენენ. მეორე მხრივ, ვლადიმერ პუტინს მოლაპარაკების უნარი არ აქვს, მისი ორაზროვანი მუქარები უკრაინისადმი და მსოფლიოსადმი მისივე პრობლემა ხდება.

პრესკონფერენციაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღიარა, რომ ვლადიმერ პუტინის განცხადებები უკრაინას დაეხმარა - ყველა მიხვდა, რომ მისი რიტორიკა, ომის დასრულების შესახებ, კვამლად იქცა იმ ქვეყნებისთვისაც კი, რომლებშიც რუსეთის ლიდერი სიმპათიებს იწვევს.

„ზოგჯერ მტრის შეცდომა მისი მოწინააღმდეგისათვის დიდი წარმატება ხდება“, - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ისევ გაიმეორა, რომ სამიტს დიდ წარმატებად თვლის.

გასაგებია, რომ თუ ჩვენ ვლაპარაკობთ ომის დამთავრების დიპლომატიურ გზაზე, რომლის მომხრედ უკრაინა გამოდის, დასავლური სამყარო და „გლობალური სამხრეთის“ მნიშვნელოვანი ნაწილი, მაშინ აშკარაა, რომ ამ გზაზე ჯერ მხოლოდ პირველი ნაბიჯია გადადგმული.

მაგრამ ამჟამინდელ სიტუაციაში გადადგმული ისეთი ნაბიჯი, რომელიც საკმაოდ მტკიცეა და რომელიც წაქცევით არ დამთავრდება, უკვე სამომავლოდ თავშეკავებულ ოპტიმიზმს გვინერგავს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო