"ჩაიხარშნენ ყალბ თემებში და "სიბრძნეებს აფრქვევენ" ეკრანებიდან" - რატომ აკრიტიკებს ოპოზიციას გია ხუხაშვილი და გახდება თუ არა პრეზიდენტი "პოლიტიკური ორთქმავალი" - კვირის პალიტრა

"ჩაიხარშნენ ყალბ თემებში და "სიბრძნეებს აფრქვევენ" ეკრანებიდან" - რატომ აკრიტიკებს ოპოზიციას გია ხუხაშვილი და გახდება თუ არა პრეზიდენტი "პოლიტიკური ორთქმავალი"

გასულ კვირას "რადიო თავისუფლებამ" გაასაჯაროვა ევროკომისიის დოკუმენტი, რომელშიც ლაპარაკია იმ ნაბიჯებზე, რაც ევროკავშირმა შეიძლება გადადგას, თუ საქართველოში პოლიტიკური ვითარება არ გაუმჯობესდება. მათ შორისაა პერსონალური სანქციები, ფინანსური დახმარებების შეწყვეტა და უკიდურეს შემთხვევაში უვიზო მიმოსვლის დროებით შეჩერება. გამოცემის განცხადებით, დოკუმენტი ევროკომისიამ და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების 27 მაისს გამართული შეხვედრის შემდეგ მოამზადეს. დოკუმენტი ითვალისწინებს, ერთი მხრივ, მოკლევადიან ზომებს, მეორე მხრივ კი, ნაბიჯებს, რაც იმ შემთხვევაში შეიძლება გადაიდგას, თუ მომავალში საქართველოში ვითარება უკეთესობისკენ არ შეიცვლება. პირველ კატეგორიაში შედის ისეთი ზომები, რომლებიც როგორც ბრიუსელმა, ისე ევროკავშირის ცალკეულმა წევრმა სახელმწიფოებმა დაუყოვნებლივ შეიძლება მიიღონ. "მოკლევადიან ზომებს შორისაა: ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების უმაღლესი დონის ორმხრივი ვიზიტების, შეხვედრებისა და ღონისძიებების გაუქმება (პირველ ყოვლისა, ნაგულისხმევია შეხვედრები სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებსა და მინისტრებთან); ისეთი ფინანსური დახმარების შეწყვეტა, რომლითაც პირდაპირ სარგებლობს ხელისუფლება და მათთვის განკუთვნილ სამომავლო ფინანსურ დახმარებაზე დისკუსიების შეწყვეტა; ფინანსური დახმარების პორტფელის გადახედვა, რაც გულისხმობს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერის გაძლიერებას (არ შეეხება რეგიონულ დახმარებას); ევროპის სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის გამოყოფილი 30-მილიონევროიანი დახმარების გაყინვას. დოკუმენტის თანახმად, სიტუაციის შემდგომი გაუარესების შემთხვევაში, რაც შეიძლება გულისხმობდეს, ერთი მხრივ, "მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობას", მეორე მხრივ კი, "მნიშვნელოვან დარღვევებს საარჩევნო პროცესში", "შეიძლება მიღებულ იქნეს უფრო მძიმე ზომები", - იუწყება "რადიო თავისუფლება". ამის პარალელურად ცნობილი ხდება, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების ჩარჩოები შეათანხმეს, რაც ნიშნავს, რომ 25 ივნისს გაიმართება სამთავრობოთაშორისო კონფერენცია, რომელიც ოფიციალურ სტარტს მისცემს უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებებს. სწორედ ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ გია ხუხაშვილთან:

- სამწუხაროდ, რთული ვითარება გვაქვს, რაც გამოწვეულია ხელისუფლების მიერ ევროინტეგრაციის პროცესის აშკარა საბოტაჟით. იმის ნაცვლად, სინქრონიზაცია დაწყებულიყო ევროპულ თამაშის წესებთან, "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ საწინააღმდეგო მიმართულებით დაიწყო სვლა. ამ საბოტაჟის კულმინაცია "რუსული კანონია". ფაქტობრივად, გადაიკვეთა ბოლო წითელი ხაზი, რის მერეც ევროპის ლოიალურობა, თვალის დახუჭვა და ავანსის გაცემა შეუძლებელი გახდა. ამის შედეგად მიდის პროცესი, რაც უფრო მეტად გვაშორებს იმ ერთობას, სადაც უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად საქართველოც იყო. მეტიც, ევროპისკენ მიმავალ გზაზე ჩვენ ამ სამეულის ლიდერი ვიყავით. ახლა არათუ მესამე ადგილზე ვართ, არამედ საერთოდ ბუნდოვანი გახდა ჩვენი ევროპული განვითარების პერსპექტივა. ასეთი მოცემულობა მივიღეთ, რასაც როგორც ქვეყანაში, ისე მის საზღვრებს გარეთ სერიოზული წინააღმდეგობა ხვდება. მოგეხსენებათ, საარჩევნო წელიწადია და იქამდე მივიდა ყველაფერი, რომ დღეს საქართველო დგას გზაგასაყარზე - ჩვენ ან უნდა გავაგრძელოთ დასავლეთისკენ სვლა და შესაბამისი განვითარება, ან უნდა დავბრუნდეთ რუსეთის იმპერიაში. სხვა პერსპექტივა ამ უგუნურმა პოლიტიკამ არ დაგვიტოვა.

- თუმცა ხელისუფლება ჯიუტად აცხადებს, რომ რუსეთისკენ კი არა, სწორედ ევროპისკენ "ღირსებით" მიჰყავს ქვეყანა. მეტიც, მათი მტკიცებით, ევროკომისიის 9-პუნქტიანი დათქმა თურმე მალე ზედმიწევნით იქნება შესრულებული. ამასთან, გასულ კვირას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გერმანიაში დაესწრო უკრაინის მხარდამჭერ კონფერენციას, სადაც მისი გამოსვლა სრულიად დაცლილი იყო ანტიდასავლური განცხადებებისგან... რით შეიძლება ავხსნათ ხელისუფლების ეს რიტორიკა და ქმედებები?

- ეს არის უტიფრობა და კვლავაც კატათაგვობანას გაგრძელების მცდელობა, რასაც "ქართული ოცნება" ბოლო წლებში ეწევა, როდესაც მმართველობის წესით, საკანონმდებლო ცვლილებებითა და ადმინისტრაციის მოქმედებით სრულად ემსგავსება რუსულ მოდელს და ამასთანავე, აცხადებს, რომ ჩვენი გზა ევროკავშირისკენ მიდის. ფაქტობრივად, "ქართული ოცნება" ევროკავშირის დროშას ამოფარებული რუსეთია.

ამგვარი თამაშით ისინი ხალხის პროდასავლურ განწყობას უხდიან ხარკს და თან პარალელურად აშენებენ რუსეთის მსგავს სახელმწიფოს, რაც შეუთავსებელია ევროპასთან. მოკლედ, ამ კატათაგვობანას თამაშით შიდაპოლიტიკური ამოცანების გადაწყვეტას ცდილობენ. ევროპაში ადრე იბნეოდნენ ამათი ორმაგი თამაშით, არ ესმოდათ, რა ხდებოდა, მაგრამ ახლა ყველა ყველაფერს კარგად ხვდება. ამიტომაც დღეს ხელისუფლების ამოცანა ის არის, როგორმე ტვინი გამოურეცხონ პროევროპულად განწყობილ იმ ამომრჩეველს, რომელიც აქამდე მისი მხარდამჭერი იყო. ცდილობენ დაარწმუნონ, რომ თან ევროპას მუდმივად გალანძღავენ და თან ევროკავშირშიც შევლენ, თან ამბობენ, რომ თურმე ოკუპანტი რუსეთი კი არა, ევროპა გვართმევს სუვერენიტეტს, რომ ევროპასა და ამერიკას აქ მეორე ფრონტის გახსნა სურთ და ა.შ., რაც აბსურდია. მოკლედ, მოაზროვნე ადამიანებისთვის ყველაფერი გასაგებია.

დასავლეთს არ ემეტება საქართველო გადასაგდებად, რადგან პარტნიორად მიიჩნევს. რა თქმა უნდა, აშშ-სა და ევროპულ ქვეყნებსაც აქვთ თავიანთი ინტერესები, შესაბამისად, ფრთხილობენ... გამომდინარე იქიდან, რომ რამდენიმე თვეში არჩევნებია, ჯერ კიდევ რჩება ფანჯარა რაიმეს შესაცვლელად, ამიტომაც, ვფიქრობ, მანამდე დასავლეთში ხიდების დაწვას არ აპირებენ, თუმცა ხელისუფლებაზე ზეწოლა გაგრძელდება.

ამ ვითარებაში გერმანიაში კობახიძის ვიზიტი კიდევ უფრო დიდი უტიფრობაა. ლამის ტერაქტში დასდო ბრალი ერთ-ერთ ევროკომისარს, ამტკიცებს, რომ ვარჰეი ლამის მკვლელობით დაემუქრა, თანაც კობახიძის რიტორიკა აგრესიულად ანტიდასავლურია და ამ დროს ჩავიდა გერმანიაში, სადაც საქართველოს ნაკრების გარდა, არავის შეხვედრია, კიდევ ჩინელებს შეხვდა... სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს სახელისუფლებო პოლიტიკური კლასი, რომელსაც ხელს აღარ ართმევენ. ასე, ჩანგალზე თუ ჩავლენ სადმე, თორემ მაგათ არსად ელიან. თან არა მხოლოდ ჩავიდა, უკრაინაზე ლამის ცრემლის ღვრა დაიწო, არადა, მის დემონიზაციას დაუთმეს ბოლო ორი წელიწადი. ომის დაწყება უკრაინაში ზელენსკის დააბრალეს და ამ მავნებლურ რიტორიკას ჩვენი ხელისუფლება დღემდე აგრძელებს.

- საინტერესოა, რომ სუს-ის ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილმა, რომელმაც გასულ კვირას პარლამენტს მისი უწყების 2023 წლის ანგარიში წარუდგინა, კობახიძის მიერ ვარჰეის დადანაშაულების თაობაზე განაცხადა, სამართლებრივ სივრცეში მიღებული პრაქტიკის შესაბამისად, პრემიერის განცხადებაში არ არის საკმარისი ნიშნები იმისა, რომ გამოძიების დაწყების საფუძველი იყოსო.

- ეს უკვე ხელისუფლების შიდა სამზარეულოს ნაწილია, სადაც ერთმანეთს ვერ იტანენ. შესაბამისად, ფეხის დადება და კბენა გასაკვირი არ არის. თუმცა ამით შექმნილი მძიმე სურათი არ იცვლება.

- სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები მხოლოდ არჩევნები არ იქნება და ეს ერთგვარი რეფერენდუმია, დაკავშირებული ქვეყნის საგარეო ვექტორთან, ბევრი იმეორებს, მათ შორის ოპოზიციაშიც, რომლის პირდაპირი ვალია სწორად დაგეგმოს და წარმართოს პოლიტიკური პროცესი საარჩევნოდ, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ამას თავს კარგად ართმევს. ოპოზიციაში ჯერ კიდევ იმაზე მსჯელობენ, ერთი სიით უნდა გავიდნენ არჩევნებზე თუ ცალ-ცალკე. როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ ახერხებენ პოლიტიკოსები პრიორიტეტების სწორად განსაზღვრას?

- რა გითხრათ, მაგ კითხვას მეც ხშირად ვსვამ. მსჯელობა ერთიან სიაზე, რომელიც ყველას კარგად ესმის, რომ არ შედგება, მათ ოქროს დროს აკარგვინებს. უკვე დიდი ხნის დაწყებული უნდა ჰქონდეთ საარჩევნო კამპანია. უნდა გვესმოდეს, რომ ეს არჩევნები კი არის რეფერენდუმი და გრძელვადიანი განვითარებისთვის საქართველოს მოსახლეობას ფუნდამენტური არჩევანი აქვს გასაკეთებელი, მაგრამ გარდა ამისა, მოსახლეობას უამრავი სხვა პრობლემაც აქვს.

შიგა კონკურენცია ოპოზიციაში მაინც იარსებებს. ვფიქრობ, რამდენიმე პოლიტიკური ცენტრი შეიქმნება. ჩემი შეფასებით, იქნება მინიმუმ 4 პოლიტიკური ცენტრი: "ქართული ოცნება", "ნაციონალური მოძრაობა", კარგი იქნება, თუ "ლელო" და "ახალი" დაჯგუფდებიან, იმიტომ, რომ ერთ ტალღაზე არიან და მათ ერთობას ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილის გაერთიანება შეუძლია. საჯარო სექტორსა და ყოფილი "ქოცების" სეგმენტზე მუშაობა წარმატებით შეუძლია გიორგი გახარიას. ჩემი აზრით, გვექნება აი, ეს ოთხი პოლიტიკური ცენტრი, რომელთაც ბარიერის გადალახვის რეალური შესაძლებლობა ექნებათ.დროულად უნდა დახურონ ერთიანი სიის თემა, არ შედგება და რომც შედგეს, მხოლოდ დამაზიანებელი იქნება. სავსებით ცხადია, ორპოლუსიანი პოლიტიკური პროცესი არასწორი იქნება. ეს ივანიშვილის თამაშია. მან ერთადერთი ტექნოლოგია იცის - შუის გაკრეფა, როდესაც ამბობს, რომ ვინც მასთან არ არის, ყველა მტერია. ამის საწინააღმდეგოდ ყველაზე სწორი იქნება ფრონტის ხაზის არათუ კონცენტრირება ერთ პოლუსზე, არამედ ფრონტის ხაზის გაშლა.

ამომრჩეველი ახლა პოლიტიკოსებთან დიალოგს ელოდება, ინტერაქტივი უნდა შედგეს პარტიებსა და მათ შორის. ფაქტია, ოპოზიციამ საზოგადოებასთან კომუნიკაცია ჯერ ვერა და ვერ ააწყო, ამასობაში კი არჩევნები ახლოვდება. ერთი საათიც კი არ არის დასაკარგი, წესით, უკვე ქალამნები უნდა ეცვათ და სოფელ-სოფელ დადიოდნენ. უნდა აუხსნან და გააგებინონ ხალხს, როგორ აპირებენ მათი პრობლემების გადაწყვეტას. ამის ნაცვლად ვირტუალურ პარტიებად გადაიქცნენ, ჩაიხარშნენ ამ ყალბ თემებში და "სიბრძნეებს აფრქვევენ" ეკრანებიდან, მაშინ, როდესაც ამომრჩეველი ითხოვს პირდაპირ კომუნიკაციას, დიალოგს. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ოპოზიციურ პარტიებს ჰგონიათ, რადგან ხელისუფლება ცუდია, მე ავტომატურად შინ მომართმევენ ძალაუფლებას ხონჩითო. ბატონებო, ასე არ ხდება პოლიტიკაში, ხალხში უნდა გახვიდეთ! ფორმალურად კი არა, საკუთარ აქტივს რომ ხვდებიან და ფოტოებს იღებენ, რეალურ ადამიანებს უნდა ელაპარაკონ, კრიტიკაც უნდა მოისმინონ, ქვას რომ ესვრიან, ესეც აიტანონ. ბრძოლის გარეშე არაფერი გამოვა. 2012-ში ქვებს ჩვენც გვესროდა მიშას ხელისუფლება, მაგრამ არ შეგვშინებია, მაინც დავდიოდით.…

წაიკითხე ვრცლად: „პარტიები არიან ვაგონები, რომლებიც არსად მიდიან - ორთქლმავლის ფუნქცია პრეზიდენტმა უნდა იკისროს“