"საქართველოს ნაკრები საქართველოსია, ის ქვეყანას წარმოადგენს და არა "ოცნებას" ან "ნაცმოძრაობას" - ბიძინა ბარათაშვილი: ფეხბურთში არეული პოლიტიკა და უკვე დაწერილი ისტორია - კვირის პალიტრა

"საქართველოს ნაკრები საქართველოსია, ის ქვეყანას წარმოადგენს და არა "ოცნებას" ან "ნაცმოძრაობას" - ბიძინა ბარათაშვილი: ფეხბურთში არეული პოლიტიკა და უკვე დაწერილი ისტორია

2024 წლის ევროპის ჩემპიონატი განსაკუთრებულია ქართველებისთვის. ისტორიაში პირველად ჩვენი ეროვნული ნაკრები კონტინენტის პირველობისთვის იბრძოლებს. მანამდე კი, სანამ დიდი ხნის ნანატრ ოცნებას ავიხდენდით, ქართულმა ფეხბურთმა, საქართველოსთან ერთად, დამოუკიდებლობის გრძელი და რთული გზა გაიარა. არსებობს მუდმივი კითხვა, უნდა გავმიჯნოთ თუ არა ერთმანეთისგან პოლიტიკა და სპორტი. რა როლს თამაშობს პოლიტიკა სპორტსა და სპორტსმენების ცხოვრებაში? გვესაუბრება სპორტის ჟურნალისტი ბიძინა ბარათაშვილი:

- ბევრი ცდილობს დააშოროს ეს ორი ცნება ერთმანეთს და ხშირად ამბობენ ხოლმე, არ შეიძლება, უნდა გავმიჯნოთ პოლიტიკა და სპორტი, მათ შორის ფეხბურთიცო. არ გამოდის ასე. ჩემი თაობისთვის თვითგამორკვევისა და თვითგამოხატვის ადგილი სტადიონი იყო. ჩვენს პერიოდში რუსებს ჰქონდათ ძალიან კარგი გამოთქმა - სტადიონი არის ერთადერთი ადგილი, სადაც შეგიძლია სიმართლე ხმამაღლა თქვაო. მართლაც ასე იყო. იქ იღვრებოდა ყველაფრის მიმართ დამოკიდებულება, იქნებოდა ეს რეჟიმი თუ სხვა. ემოციის გამოხატვას, სხვა შემთხვევაში შესაძლოა რეპრესიები მოჰყოლოდა. იქ ამბობდი იმას, რასაც ფიქრობდი, მსაჯზე, მეტოქეზე და ა.შ. სტადიონი და ფეხბურთი მაშინ იყო ადგილი, სადაც ჩვენ ვგრძნობდით ჩვენს ქართველობასა და იდენტობას. როცა ამარცხებდი რუსულ გუნდს ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის გუნდს, თუ, ვთქვათ, გამოდიოდი ევროთასებზე, აი, მაშინ ვგრძნობდით ჩვენს თვითმყოფადობას, ვიცავდით და ვამტკიცებდით ჩვენს ისტორიას.

ყველაზე დიდი წარმატება და გაერთიანება რა იყო ქართველი ერის? როდესაც თბილისის "დინამომ" 1981 წელს თასების თასი მოიგო. მანამდეც, როდესაც პირველად საბჭოთა კავშირის თასი მოვიგეთ და ჩემპიონები გავხდით. როცა "ლივერპული" დავამარცხეთ თბილისში ანალოგიური განწყობა იყო, ყველა გაერთიანებული, ყველას ერთმანეთი უყვარდა. სპორტს და განსაკუთრებით, ფეხბურთს აქვს ამის უნარი. ამიტომ ასე ხელაღებით - მოდი, პოლიტიკას არ შევეხოთო, არ გამოდის. ამ დრომდე (ევროპის ჩემპიონატზე გასვლამდე) ყველაზე დიდი წარმატება და მნიშვნელოვანი დღე საქართველოს ნაკრების ისტორიაში ის იყო, როცა ჩვენ რუსეთს მოვუგეთ თბილისში, ასათიანის გოლით. ასეა, რეალობა არ იცვლება იმის მიხედვით, მოსწონს თუ არა ეს ვინმეს. რაც არ უნდა მაღალ თანამდებობაზე ან დიდი ძალაუფლების მქონე პირებზე ვლაპარაკობდეთ, ისინი ვერ ცვლიან ისტორიას. შეიძლება რაღაც არ თქვა, არ გათქმევინონ, მაგრამ ამით რეალობა არ იცვლება. სპორტი და პოლიტიკა ორი აბსოლუტურად განუყოფელი რამ არის. ყველა ქვეყანაში ასეა და ჩვენც არა ვართ გამონაკლისი.

- საბჭოთა პერიოდში პოლიტიკის გამო დაუკარგავს თუ არა ქართულ ფეხბურთს გარკვეული შესაძლებლობები?

- რა თქმა უნდა. ბევრჯერ შეიძლებოდა გავმხდარიყავით ჩემპიონები, მაგრამ საბჭოთა კავშირში არსებობდა დაუწერელი კანონი - მოსკოვის გუნდი უნდა ყოფილიყო ჩემპიონი. გაჩემპიონებულ თბილისის "დინამოს" გადათამაშებამ და ჩემპიონის ტიტულის დაკარგვამ მოუწია სწორედ იმათი დაუწერელი კანონის გამო. მაგალითად, უკრაინას უზარმაზარი საფეხბურთო ტრადიციები აქვს. კიევის "დინამო" საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ფლაგმანი გახდა და მოგებების რაოდენობით სარეკორდო ნიშნულიც ჰქონდა, თუმცა მისი გამარჯვებები სათავეს მხოლოდ 60-იანი წლებიდან იღებს. მანამდე საბჭოთა კავშირში შემავალი ქვეყნებისთვის შეზღუდვა იდენტური იყო - მოსკოვური გუნდი ნიშნავდა მოსკოვის გუნდს. იყო შემთხვევები, როდესაც მსაჯები ამარჯვებინებდნენ მოსკოვურ გუნდებს, ფედერაციებს. სანაკრებო დონეზე ბევრჯერ დაჩაგრულან ქართველი ფეხბურთელები და ჩემპიონატებში არ წაუყვანიათ. უფრო ავტორიტეტული და ძლიერი ხალხი მიჰყავდათ, ოღონდ ძლიერი არა საფეხბურთო თვალსაზრისით, არამედ უფრო დიდი ლობის მქონე გუნდებიდან უნდა ყოფილიყო მეტი წარმომადგენლობითობა.

უწყებრივი გუნდები არსებობდა. როგორ შეიძლება ვთქვათ, პოლიტიკა გავმიჯნოთო. "ცსკა" არმიის გუნდი იყო, "დინამო" - შსს-ს. "ვერესი" სტალინის პერიოდში მისი შვილის, ვასილი სტალინის პატრონაჟის ქვეშ იმყოფებოდა, ისევე როგორც ჰოკეი. ჩვენ ხომ მხოლოდ ფეხბურთზე არ ვლაპარაკობთ, ასევე იყო სპორტის სხვა სახეობებშიც. "ტორპედო" ავტოქარხნის გუნდი იყო, "ლოკომოტივი" - რკინიგზის ანუ უწყებრივი გუნდები იყვნენ. მაგალითად, ჰოკეიში თუკი ვინმე სადმე ტალანტს დაინახავდა, მოჰკიდებდნენ ხელს და "ცსკა"-ში მიჰყავდათ ანუ არმიაში იწვევდნენ, მერე არარეალურ ქაღალდზე ისინი ოფიცრები ხდებოდნენ.

საბჭოთა კავშირი ყოველთვის იყენებდა სპორტს პოლიტიკურ იარაღად. სტალინმა ოლიმპიადაზე იუგოსლავიასთან მარცხის გამო დაშალა გუნდი და წევრები კინაღამ გააციმბირეს, მათ შორის სამი ქართველიც იყო. არ შეიძლებოდა სტალინის გუნდს წაეგო იუგოსლავიასთან, თან მაშინ იოსიპ ბროზ ტიტოსთან კონფლიქტი ჰქონდა. მოარული ფრაზა დადიოდა - ოქროს თუ არ მოიპოვებენ მინდორზე, მაშინ ოქროს მოიპოვებენ ციმბირშიო. ჰოკეიში საბჭოთა კავშირის გუნდი კანადას ეთამაშებოდა, საბჭოთა კავშირისთვის ეს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა იყო, კანადელებისთვის კი მხოლოდ ჰოკეის თამაში. კი, რა თქმა უნდა, იმათაც ჰქონდათ ინტერესები, რომ ჯოჯოხეთის მანქანად წოდებული ქვეყანა დაემარცხებინათ, მაგრამ მათ არავინ დასჯიდა წაგების გამო. საბჭოთა კავშირის გუნდი შიშით გადიოდა მინდორზე, შეიძლება არ გაეციმბირებინათ, განსაკუთრებით ბოლო წლებში, ვგულისხმობ 70-იან წლებს, მაგრამ, დიდი ალბათობით, დაასრულებდნენ კარიერას და იმ მცირე სიკეთეებს, რაც გააჩნდათ. რომ ვამბობთ, ეს სამოყვარულო სპორტი იყოო, სამოყვარულო სპორტი საბჭოთა კავშირში არ არსებობდა. სპორტი პოლიტიკური ვნებათაღელვების სარკეა. საბჭოთა პერიოდში საქართველო დაჩაგრული იყო. კი, რაღაც დონეზე ჩვენთან ცხოვრება გაცილებით უკეთესი იყო, ვიდრე სხვა რომელიმე საბჭოთა რესპუბლიკაში, მაგრამ ისიც ხომ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს იყო კორუფციისა და უამრავი სხვა მანკიერების ხარჯზე, რამაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩვენს ქვეყანაში დიდი გაჭირვება გამოიწვია. ისე ვიყავით მიჩვეული იმ მანკიერ სისტემას, ვერ გადავეწყვეთ, ქვეყანა კი არა, საზოგადოება ვერ გადაეწყო.

- დღესაც ვდგავართ იმ რეალობის წინაშე, როდესაც პოლიტიკა და ფეხბურთი გადაჯაჭვულია ერთმანეთთან. ვითხოვთ, რომ სპორტსმენებმა დააფიქსირონ სამოქალაქო პოზიცია. როგორ უნდა დავაბალანსოთ და გავმიჯნოთ ეს ყველაფერი?

- ძალიან რთულია გამიჯვნა, ისევე როგორც ცხოვრებაში არ შეიძ­ლება ყველას მოვთხოვოთ ერთნაირად აქტიური იყოს. ვიღაც ემოციას ასე გამოხატავს, ვიღაც სხვანაირად. ამ ბიჭების კრიტიკა ახლა კარგს არაფერს მოიტანს. არც იმათი, ვინც შედარებით ინერტული შეიძლება მოგვეჩვენოს, იმიტომ, რომ ახლა მათ აქვთ ძალიან დიდი მისია - ქვეყანა უნდა წარმოაჩინონ ევროპის ჩემპიონატზე, მაგათი მწყობრიდან გამოყვანა კარგს არაფერს მოიტანს. მე ვნახე ასეთი კომენტარებიც, არ ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებსო, აბსურდში გადასული მოწოდებები, რაც ხეირს ვერ მოიტანს.. ბუდუსა და ქოჩორაშვილზე ისეთი რაღაცები ითქვა, რაც არ იყო საკადრებელი. თქვენ მეკითხებით, პოლიტიკა და სპორტი არის თუ არა დაკავშირებულიო? მეტი რა დაკავშირება გინდათ, კაცმა რაღაც თქვა და იმ წუთშივე მამამისს მივარდნენ, ამ პარტიაშიაო და ამით დაიწყეს სპეკულირება. ამაზე სამარცხვინო რა უნდა იყოს?! იგივე შეგვიძლია ვთქვათ მეორე მხარეზეც.

საქართველოს ნაკრები საქართველოსია, ის ქვეყანას წარმოადგენს და არა "ოცნებას" ან "ნაციონალურ მოძრაობას", ან სხვა პარტიას. ეს არის ქვეყნის ეროვნული ნაკრები და იმის თქმა, ნუ მოიგებს საქართველოს ნაკრები, იმიტომ, რომ ამას ვიღაც მიიწერს თავის წარმატებადო, დაუშვებელია. ვისაც "ნაცმოძრაობა" არ მოგვწონდა, მაშინ არ უნდა გაგვხარებოდა იმ დროს მორაგბეების წარმატება. მე შეიძლება მომწონდეს სპორტსმენი, მაგრამ ეს აუცილებლად არ ნიშნავს, რომ უნდა მომწონდეს როგორც პიროვნება.

წაიკითხე ვრცლად: „ამ ბიჭების მწყობრიდან გამოყვანა კარგს არაფერს მოიტანს“