ნატო გამოფხიზლდა და რუსეთსა და ჩინეთს აშინებს - ვის უფრო მეტი "განკითხვის დღის" იარაღი აქვს და მოსალოდნელია თუ არა აპოკალიფსის დაწყება?!
„რუსეთისა და ჩინეთის მხრიდან მზარდი საფრთხის ფონზე, ნატო მეტი ბირთვული იარაღის განთავსებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვართ ბირთვული ალიანსი. ნატოს მიზანია, რა თქმა უნდა, მსოფლიო ბირთვული იარაღის გარეშე, მაგრამ მანამ, სანამ ბირთვული იარაღი იარსებებს, ჩვენ დავრჩებით ბირთვულ ალიანსად, რადგან მსოფლიო, სადაც რუსეთს, ჩინეთს და ჩრდილოეთ კორეას აქვთ ბირთვული იარაღი, უფრო საშიში მსოფლიოა“, - მასმედიას განუცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა...
ის, რომ, ადრე თუ გვიან ნატო მოიკითხავდა „მტვერდადებულ“ თავის „ბირთვულ ხელკეტს“, მოსალოდნელი გახლდათ, რუსეთის ხელისუფლების მიერ უკრაინაში შეჭრის დღიდან წარმოებული ბირთვული შანტაჟის ფონზე.
ამ შანტაჟმა თავის პიკს მიაღწია მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ პუტინის ბრძანებით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დემონსტრაციულად დაიწყეს ტაქტიკური დანიშნულების ბირთვული ქობინების რაკეტებზე დაყენებისა და თვითმფრინავებზე ბირთვული საავიაციო ბომბების (ან მათი მაკეტების) ჩამოკიდების სასწავლო წვრთნები, რაც ფართოდ გაშუქდა რუსული მასმედიის მიერ.
სიტუაციის ცალკე დაძაბვის იმპულსად იქცა ბელარუსში რუსული ტაქტიკური ბირთვული მუხტებისა და მათი გადამტანი ოპერატიულ-ტაქტიკური მობილური სარაკეტო კომპლექსების „ისკანდერ-მ"-ების გადასროლა - ბელარუსის დასავლეთი საზღვრიდან სტარტაღებული ბირთვულქობინიანი „ისკანდერის“ აერობალისტიკური რაკეტა 500 კმ-ის რადიუსში ფარავს ნატოს წევრი ლატვიის, ლიეტუვას, ესტონეთისა და პოლონეთის მთელ ტერიტორიას, ასევე - ფინეთის, სლოვაკეთის, უნგრეთისა და ჩეხეთის ტერიტორიების ნაწილს, ხოლო რუსული ანკლავიდან -კალინინგრადის ოლქის უკიდურესი დასავლეთი ნაწილიდან გაშვებული ბირთვულქობინიანი „ისკანდერი“ წვდება გერმანიისა და შვედეთის ნაწილს...
ნატოსთვის სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდება, თუკი ტაქტიკური ბირთვული მუხტების გადასატანად რუსეთი გამოიყენებს 2 ათას კმ-ზე უფრო შორს მფრენ საზღვაო ბაზირების ფრთოსან რაკეტებს - „კალიბრებს“ და რაკეტმზიდ-ბომბდამშენებიდან გასაშვებ „ჰაერი-ხმელეთის“ კლასის ფრთოსან რაკეტებს...
სტოკჰოლმის მშვიდობის კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის - SIPRI-ის მონაცემების თანახმად, 2024 წლის იანვრისთვის მსოფლიოში 12 121 ერთეულამდე ბირთვული ქობინი და ბომბი ჰქონდათ შეიარაღებაში ცხრა ქვეყანას - აშშ-ს, რუსეთს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, ჩინეთს, ინდოეთს, პაკისტანს, ისრაელსა და ჩრდილო-კორეას, თუმცა ამ ბირთვული არსენალის 90%-ზე მეტი რუსეთისა და აშშ-ის განკარგულებაში იყო.
ეს ციფრები შეიძლება მიახლოებითია, მაგრამ მაინც ასახავს მსოფლიო ბირთვული არსენალის სურათს, ოღონდ ერთი მნიშვნელოვანი გამოკლებით - აქ არ შედის რუსეთის ფედერაციის განკარგულებაში არსებული ტაქტიკური დანიშნულების ბირთვული მუხტები!
ანუ რუსეთს გააჩნია რამდენიმე ათასი ბირთვული სარაკეტო ქობინი, საავიაციო ბომბი და საარტილერიო ჭურვი, რომელთა გამოყენება შეუძლია ტაქტიკურ დონეზე, თუმცა, მონდომების შემთხვევაში, ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე დამიზნებული სტრატეგიული ბალისტიკური რაკეტების ინდივიდუალური დამიზნების ბირთვული ქობინების გადამიზნებაც შეიძლება, ვაშინგტონიდან პარიზსა თუ ლონდონზე, თუკი ეს რაკეტები სტარტს რუსეთის აღმოსავლეთ ნაწილიდან აიღებენ (საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების, რომლებიც 10 ათას კმ-ზე შორს მიფრინავენ, გადამიზნება 5 ათას კმ-ზე ახლოს მდებარე ობიექტზე რთულია, რაკეტის ფრენის ბალისტიკიდან გამომდინარე).
ამის ფონზე, ძალზე მწირედ გამოიყურება ის ტაქტიკური ბირთვული შესაძლებლობები, რაც ნატოს გააჩნია, უფრო სწორად, თავად ჩრდილოეთატლანტიკური ალიანსის ორგანიზაციას, რა თქმა უნდა, არავითარი ბირთვული შეიარაღება არ აქვს - მისი 32 წევრი ქვეყნიდან ბირთვულ იარაღს მხოლოდ სამი -აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი ფლობს.
აშშ-ს პირველი ცივი ომის დროს შეიძლება, მართლაც შთამბეჭდავი ტაქტიკური ბირთვული არსენალი გააჩნდა ევროპაში, მაგრამ დღეისთვის ეს ბირთვული არსენალი მხოლოდ 150-მდე ტაქტიკური დანიშნულების საავიაციო ბირთვულ ბომბს თუ მოიცავს, რომლებიც პენტაგონს გადანაწილებული აქვს ბელგიის, გერმანიის, იტალიის, ნიდერლანდებისა და თურქეთის სამხედრო-საჰაერო ბაზებზე (არის მოსაზრება, რომ თურქეთის ინჯირლიყის ბაზიდან ამერიკელებმა რამდენიმე წლის წინ საერთოდ გაიტანეს ბირთვული ბომბები).
ნატოს წევრი დიდი ბრიტანეთის შეიარაღებაში 225 ბირთვული ქობინი მოიძებნება, ფრანგებს ცოტა მეტი - 290-მდე აქვთ.
ევროპის ტერიტორიაზე არსებული ამერიკული ტაქტიკური დანიშნულების ბირთვული საავიაციო ბომბების - B61-11-ის სიმძლავრე შეიძლება 340 კილოტონა (340 ათასი ტონა) ტროტილის აფეთქების სიმძლავრის ეკვივალენტი იყოს, რაც ცოტა ნამდვილად არ არის, მაგრამ ამ, ნახევარსაუკუნოვანი უმართავი საავიაციო ბომბების მიზანში მოსახვედრად ამერიკულ საბრძოლო თვითმფრინავებს მოწინააღმდეგის, ამ შემთხვევაში კი - რუსეთის შორი მოქმედების საზენიტო-სარაკეტო სისტემების მოქმედების ზონაში მოუწევთ შესვლა...
ამჟამად ამერიკელები ცდიან ამ ბირთვული ბომბის თანამედროვე, მე-12 მოდიფიკაციას -B61-12-ს, რომელიც პლანირებადი და მართვადია და მისი საბრძოლო გამოყენება „სტელსის“ ტექნოლოგიით დამზადებულ F-35-ებს ისე შეეძლებათ, რომ რუსული საჰაერო თავდაცვის მოქმედების ზონაში არ შევიდნენ.
ამ ეტაპზე რუსეთის ტაქტიკური დანიშნულების ბირთვული პოტენციალი -თავად ბირთვული მუხტები და მათი გადამტანი საშუალებები (ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები, თვითმფრინავები) ბევრად უფრო შთამბეჭდავად გამოიყურებიან, ვიდრე - ევროპაში განთავსებული ნატოს წევრი სამი ქვეყნის - აშშ-ის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის - ერთად აღებული ტაქტიკური ბირთვული იარაღის არსენალი, მაგრამ იმედია, საქმე „ბირთვული ხელკეტების“ დატოლებამდე მაინც არ მივა...