მეძაღლე, მრბოლელი, ლიდერი: ქვეყნის მმართველი მამა-შვილის პოლიტიკური სიგიჟეები - თურქმენეთი: რა ხდება მსოფლიოს ერთ-ერთ დახურულ ქვეყანაში - კვირის პალიტრა

მეძაღლე, მრბოლელი, ლიდერი: ქვეყნის მმართველი მამა-შვილის პოლიტიკური სიგიჟეები - თურქმენეთი: რა ხდება მსოფლიოს ერთ-ერთ დახურულ ქვეყანაში

მსოფლიოს ისტორიას თუ გადავხედავთ, საკმაოდ ბევრ საინტერესო მმართველს აღმოვაჩენთ, რომლებიც ყველასათვის გასაკვირ ტიტულებს აწესებდნენ თუ კანონებს იღებდნენ. მაგალითად, კიმ ჩენ ინი, რომელმაც უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანაში ისეთი ტყავის ლაბადის ტარება აკრძალა, როგორიც თავად ჰქონდა... მაგრამ ამჯერად ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ნაცვლად, თურქმენეთის ლიდერზე, სერდარ ბერდიმუჰამოდევსა და ექსპრეზიდენტ გურბანგული ბერდიმუჰამედოვზე უნდა მოგითხროთ.

ალბათ, ძალიან იშვიათად თუ მოაგონდება საზოგადოებას პოლიტიკური ლიდერი, რომელსაც ძაღლები იმდენად უყვარს, რომ დამსახურებული მეძაღლის ტიტული მიენიჭებიათ, ასე მოხდა სერდარ ბერდიმუჰამედოვის შემთხვევაში. მას 2021 წელს თურქმენეთის დამსახურებული მეძაღლის ტიტული მიენიჭა.

სანამ თურქმენეთის ახლანდელ პრეზიდენტსა და მის კანონებზე მოგითხრობთ, შეგახსენებთ, რომ მანამდე ქვეყნის პრეზიდენტი სერდარის მამა - გურბანგული ბერდიმუჰამედოვი გახლდათ.

როგორც ცნობილია, პოლიტიკაში წასვლამდე გურბანგულიმ მუშაობა 1980 წელს სამედიცინო სფეროში დაიწყო, ის პროფესიით სტომატოლოგი გახლდათ. 1997 წელს კი იგი ჯანდაცვის სამინისტროში სტომატოლოგიის ცენტრს ხელმძღვანელობდა. შემდეგ გურბანგული ჯანდაცვის მინისტრი გახდა და რამდენიმე წელში მთავრობის ადმინისტრაციაში გადაინაცვლა. 2006 წელს კი თურქმენეთის პრეზიდენტის - საფარმურატ ნიაზოვის გარდაცვალების შემდეგ, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გახდა.

2007 წელს გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა არჩევნებში გაიმარჯვა და ხმათა 82,23% აიღო, მეორე საპრეზიდენტო არჩევნებზე, 2012 წელს კი - ხმათა 97,14%. 2017 წელს მან მესამედ მოიგო საპრეზიდენტო არჩევნები...

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც გურბანგული თურქმენეთის პრეზიდენტი გახდა, დაიწყო ბრძოლა პიროვნების კულტის წინააღმდეგ. მისი განკარგულებით ფიცის დადების ტექსტებიდან, ჰიმნიდან, ექსპრეზიდენტ ნიაზოვის სახელი ამოიღეს, ბიბლიოთეკიდან ნიაზოვის საავტორო წიგნიც გაიტანეს...

turkmenistan-horse-1718631801.jpg

აღსანიშნავია, რომ გურბანგული ბერდიმუჰამედოვი მუსიკისა და პოეზიის განსაკუთრებული მოყვარულია. მან უამრავი ლექსი გამოსცა და მუსიკაც ჩაწერა.

screenshot-2024-06-17-173814-1718631604.png
2013 წელს, ჯირითისას, პრეზიდენტი გურბანგული ცხენიდან გადმოვარდა.

2010 წელს მას „მფარველის“(თურქმენულად "არკადაგ") ტიტულიც მიენიჭა. 2015 წელს კი აშხაბადში გურბანგულის პირველი ქანდაკება დადგეს. მონუმენტის სიმაღლე 21 მეტრია. „მოქალაქეთა უამრავი მიმართვის შემდეგ“ ქვეყნის პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს ქანდაკება დაედგათ.

detail-8ec6385c5bffe249fd7fa46b63b5c3db-1718631879.jpg

გურბანგულის მმართველობის პერიოდში ქვეყნის ბიბლიოთეკებში გაჩნდა პრეზიდენტის საავტორო წიგნები თურქმენულ მედიცინასა და კულტურაზე, ასევე - თურქმენულ ცხენებზე. კორონავირუსის პანდემიის დროს კი პრეზიდენტი მოსახლეობას ასწავლიდა, ბალახეულის საშუალებით როგორ დაეცვათ თავი ვირუსისგან. საერთო ჯამში, გურბანგულ ბერდიმუჰამედოვი 60 წიგნის ავტორია.

როგორც ჩანს, ქვეყნის ექსპრეზიდენტს რეპი მოსწონს - მან რამდენჯერმე შეასრულა რეპი, ერთ-ერთი კომპოზიცია კი თავის საყვარელ ცხენს მიუძღვნა. ვიდეო ინტერნეტში გავრცელდა და მილიონობით ადამიანმა იხილა.

screenshot-2024-06-17-173929-1718631604.png
ქვეყნის ლიდერმა რეპი შვილიშვილთან ერთად შეასრულა

ცხენების გარდა გურბანგულის ინტერესი მანქანებს უკავშირდება.

ექსპრეზიდენტს რომ სწრაფი და ძვირად ღირებული მანქანები უყვარს, საზოგადოებისთვის ცნობილი ჯერ კიდევ 2012 წელს გახდა. აშხაბადში ის 2 მლნ დოლარად შეფასებული Bugatti Veyron-ით გამოჩნდა. პრეზიდენტმა მაშინ რალის სეზონი თავად გახსნა, შეჯიბრშიც მიიღო მონაწილეობა და ფინიშის ხაზიც პირველმა გადაკვეთა. ექსტრემალური სპორტის - „ოფროუდის“ მოყვარული პრეზიდენტი სამხედრო ტექნიკის გამოცდაშიც მონაწილეობდა.

756476168113871-1718631698.jpg

როგორც ცნობილია, ანტიტერორისტულ წვრთნებში გურბანგულიც იღებდა მონაწილეობას და შეჯავშნულ მანქანასაც თავად მართავდა, ზოგჯერ კი მტერს ველოსიპედითა და მშვილდ-ისრით "უტევდა".

გურბანგული ბერდიმუჰამედოვის უცნაურ ინიციატივათა შორისაა ქვეყანაში შავი ფერის მანქანების აკრძალვა, ასევე, ქანდაკებები ძაღლებისა და ცხენებისთვის.

გამოცემა „ნეიტრალური თურქმენეთის“ ცნობით, გურბანგულის ინიციატივით, ახალი მშენებარე ქალაქის ერთ-ერთი გამზირისთვის მისი ულაყის სახელი უნდა დაერქმიათ.

თურქმენეთის ლიდერმა მამაკაცებს ჭაღარა თმის შეღებვაც აუკრძალა.

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს ყველასთვის მოულოდნელად ქვეყნის ლიდერმა განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებდა. მამის საინტერესო ინიციატივების გამგრძელებელი აღმოჩნდა სერდარ ბერდიმუჰამედოვი, თურქმენეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი.

უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სერდარმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი და პრეზიდენტის ოჯახის წევრები ხელშეუხებლები არიან. ეს კანონი ეხება მათ ქონებასაც.

ჯერ კიდევ 2022 წელს ქვეყნის ახალმა პრეზიდენტმა ქალბატონებს "დიდი დრო დაუთმო" და გადაწყვიტა, საინტერესო კანონები დაემტკიცებია. ახალი კანონების თანახმად, ქალბატონებს თურქმენეთში წამწამების დაგრძელება, წარბების ტატუაჟის გაკეთება, თმის შეღებვა და მანქანაში წინა სავარძელში ჯდომა აეკრძალათ.

„თურქმენეთში სჯეროდათ, რომ ქვეყნის ახალი პრეზიდენტი სერდარი უფრო პროგრესულ გზას აირჩევდა, ვიდრე - მამამისი, თუმცა მწარედ შეცდნენ“ - განაცხადა BBC-სთან ოჯახთა დაგეგმვის საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენელმა.

screenshot-2024-06-17-175824-1718632732.png

როგორც ისინი გამოცემასთან აღნიშნავდნენ, თურქმენეთში ქალებს აბორტის გაკეთება თითქმის აეკრძალათ, აბორტის გაკეთების დრო 12 კვირიდან 5 კვირამდე დასწიეს. როგორც საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები აღნიშნავდნენ, ამ პერიოდში ზოგიერთმა ქალმა არც კი იცის, რომ ორსულადაა.

„თურქმენეთში 2017 წლიდან ქალებს მართვის მოწმობას აღარ აძლევენ“, - აღნიშნა Turkmen.news-ის რედაქტორმა რუსლან მიატიევმა BBC-სთან.

ქალთა ნაწილმა, რომლებიც საჯარო სამსახურში მუშაობდნენ, განაცხადეს, რომ სამსახურში ფრჩხილის ლაქისა და წარბის ტატუაჟის მოშორება მოსთხოვეს. ისინი მოკრძალებულად უნდა გამოიყურებოდნენ.

„რადიო თავისუფლების“ თურქმენეთის ბიუროს ცნობით, რამდენიმე ავიაკომპანიამ ბორტგამცილებლები ტუჩზე გაკეთებული ბოტოქსისა და წარბის ტატუაჟის გამო სამსახურიდან გაათავისუფლა.

მკერდისა და ტუჩის გაზრდის გამო თანამშრომელთა ნაწილი დააჯარიმეს კიდეც. ესთეტიკის ცენტრებისა და სილამაზის სალონთა მფლობელები კი გააფრთხილეს, რომ თუ ისინი ქალებს აკრძალულ მომსახურებას შესთავაზებდნენ, დააჯარიმებდნენ ან 15 დღით დააკავებდნენ.

screenshot-2024-06-17-175329-1718632593.png

უცხოურ მედიაში წერდნენ იმასაც, რომ უცნაური კანონების გარდა, თურქმენეთის პრეზიდენტს უჩვეულო ფოტოების გადაღება "უყვარს". თურქმენეთის მთავრობის ადმინისტრაციის გავრცელებულ ფოტოებში, სადაც სერდარ ბერდიმუჰამედოვი ცხენთან ერთად დგას, ამბობდნენ, რომ ფოტომონტაჟია და ცხენის უკანა ფეხებიც ამიტომ არის უჩვეულოდ შევიწროვებული.

ამასთან, თურქმენეთი ძალზე დახურული ქვეყანაა. ამ ქვეყანაში შესვლა დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული. უფრო ძნელია ქვეყნიდან გასვლა, რადგან როგორც წესი, უკან დაბრუნების მსურველი ცოტაა ხოლმე.