მეტსახელად "Борода" ანუ სპეცოპერაცია ნიკოლ ფაშინიანის წინააღმდეგ - როგორ ჩამოართვეს მარგარიტა სიმონიანს სომხობა და პუტინის შურისძიება - კვირის პალიტრა

მეტსახელად "Борода" ანუ სპეცოპერაცია ნიკოლ ფაშინიანის წინააღმდეგ - როგორ ჩამოართვეს მარგარიტა სიმონიანს სომხობა და პუტინის შურისძიება

ჩვენ არასდროს არ ვერევით ჩვენი მეზობლების და ზოგადად სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში“ - პუტინი. სწორედ ამაზეა ნათქვამი: „ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო“

წლევანდელი ცხელი ზაფხული დიდი სპორტული და გეოპოლიტიკური მოვლენებით იქნება გამორჩეული. „დასავლეთსა“ და რუსეთს შორის ბრძოლა უკვე გადამწყვეტ ფაზაში შევიდა: ფსონი სამხრეთ კავკასიისა (უპირველესად სომხეთი და საქართველო) და მოლდოვის საგარეო პოლიტიკური მომავალია. დღეს იმაზე ვისაუბროთ, თუ როგორ ცდილობს რუსეთი სომხეთის „მოხრჩობას“, ხოლო ნიკოლ ფაშინიანი სასწრაფოდ ირჩევს „დასავლურ კურსს“. 12 ივნისს ერევანში, პარლამენტის შენობის წინ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია დემონსტრანტებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკებაში გადაიზარდა და სპეცრაზმმა 60 –ზე მეტი ადამიანი დააკავა. ხოლო სამედიცინო დაწესებულებებს დახმარებისთვის 100 ზე მეტმა სამოქალაქო პირმა და პოლიციელმა მიმართა. ეს არც პირველი და ალბათ, არც უკანასკნელი ანტისამთავრობო გამოსვლებია სომხეთში. ფაშინიანის ირგვლივ საბედისწერო „პოლიტიკური ყულფი“ სულ უფრო და უფრო ვიწროვდება.

putinifashiniani-1718643707.jpg
ფაშინიანისა და პუტინის პირველი შეხვედრა. 2018 წლის 14 მაისი, სოჭი.

ყველაფერი კი 2018 წლის აპრილში დაიწყო, როდესაც სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა, რომელსაც მესამე ვადით ამ პოსტის დაკავება აღარ შეეძლო, ქვეყნის პრემიერ–მინისტრობა მოინდომა და გახდა კიდეც. აბა ხელს ვინ შუშლიდა, როდესაც რუსეთის უპირობო ფავორიტი იყო? ჩვენს ახალგაზრდა მკითხველს შევახსენებ, რომ ამგვარი „პოლიტიკური ეკვილიბრისტიკა“: კონსტიტუციური ცვლილებებით საპრეზიდენტო ქვეყნის საპარლამენტოდ „გადაკეთება“, მიხეილ სააკაშვილმაც განახორციელა და 2012 წელს პრეზიდენტის სავარძლიდან პრემიერ–მინისტრის, არანაკლებ კომფორტულ, სავარძელში სურდა „გადასკუპება“, თუმცა როგორც ზოგიერთი იტყოდა: „ნურას უკაცრავად“. ისიც უნდა ვთქვა, რომ ბევრ დღევანდელ პოლიტიკურ პრობლემას სწორედ სააკაშვილის ამ „რეფორმებმა“ დაუდო საფუძველი (ამის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტები ისე არიან, როგორც „ჭრელი პეპელა“: „ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები“).

დავუბრუნდეთ სომხეთს. სარგსიანი (ისევე, როგორც სააკაშვილი) დაუღალავად იმეორებდა: მე ძალაუფლების შენარჩუნება–გახანგრძლივება კი არ მინდა, ეს დემოკრატიული ცვლილებებია და ამის გარეშე ქვეყანა დაიღუპებაო. თუმცა ამას ვინ . . . ? არც სომეხი ხალხი მოტყუვდა, ეს გადაწყვეტილება ძალაუფლების უზურპაციად ჩათვალა და ქუჩაში გავიდა. დემონსტრატებს ლიდერად საშუალო ტანის, წვეროსანი

nikolfashiniani-1718643816.jpg
ნიკოლ ფაშინიანი თავის სტიქიაშია

(დღესაც რუსეთის სპეცსამსახურებში „წვერა“–და - „Борода“ მოიხსენიებენ), ყოფილი ჟურნალისტი, ყოფილი პოლიტპატიმარი, იმჟამად კი სომხეთის პარლამენტის დეპუტატი ნიკოლ ფაშინიანი მოევლინა. სარგსიანი პრემიერობა ზუსტად შვიდ დღეში დასრულდა. 2018 წლის 8 მაისს კი სომხეთის პარლამენტმა პრემიერ–მინისტრად სწორედ „წვერა“ აირჩია. პრემიერ–მინისტრობის უკვე პირველ ორ წელიწადში ნიკოლ ფაშინიანმა იმდენი მოახერხა, რომ ქვეყნის შიგნითაც და მის გარეთაც ყველა გადაიმტერა: კორუფციაში მოფუთფუთე სომეხი ჩინოვნიკ-პოლიტიკოსები; "რუსული სკოლის" სამხედროები და უშიშროების სტაჟიანი თანამშრომლები; კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვებით უკმაყოფილი ბიზნესმენები და რიგითი მოქალაქეები. ამას დაემატა სასტიკი მარცხი აზერბაიჯანთან ომში.ობიექტურობა მოითხოვს აღვნიშნოთ, რომ ბევრი პრობლემა თავად ფაშინიანმაც "გამოუჩხრიკა" საკუთარ თავს. მაგალითად, სომხეთის რეალური მდგომარეობის მიუხედავად, მოსახლეობას უამრავი პოპულისტური დაპირება მისცა. ზოგადად, პოპულისტური მმართველობისთვის დამახასიათებელია მასებზე გათვლილი "ეფექტური" (და არა ეფექტიანი) ღონისძიებები.

ფაშინიანის მოკრძალებულმა ცდებმა სომხეთში დემოკრატიული რეფორმები გაეტარებინა, კორუფცია აღეკვეთა, საგარეო-პოლიტიკური ვექტორი უფრო დაბალანსებული გაეხადა (ევროკავშირთან და აშშ-სთან ურთიერთობის მცირედი გაფართოების ხარჯზე), რუსეთის ხელისუფლებისა და მათ მიერ კონტროლირებადი მასმედიის უსწრაფესი უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. ჯერ კიდევ 2018 წლის ზაფხულში აღძრულმა სისხლის სამართლის საქმეებმა სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის და ოდკბ-ის გენერალური მდივნის, იური ხაჩატუროვის წინააღმდეგ რუსეთის ხელისუფლების აღშფოთება გამოიწვია. მიუხედავად ამისა, "ჯიუტი ნიკოლი" უფრო შორს წავიდა და 2018 წლის 21 აგვისტოს დსთ-ის ფარგლებში საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა რუსეთის ერთ–ერთ ფავორიტზე, სომხეთის თავდაცვის ყოფილ მინისტრ მიქაელ არუთიუნიანზე. კრემლი ღიად და მის მიერ კონტროლირებადი ჟურნალისტების მეშვეობით ბრალს სდებდა სომხეთის მთავრობას რუსეთის ბიზნესის შევიწროებაშიც: "რუსეთის რკინიგზის" კუთვნილ "სამხრეთ კავკასიის რკინიგზის სამმართველოში" ფინანსურ შემოწმების გამო.

ფაშინიანის ოპოზიცია პუტინის ხელისუფლების გულის მოგებას ხმამაღალი განცხადებებითაც ცდილობს: "ჯორჯ სოროსი სომხეთის მტერია" - მისი ეს შეფასება, ბუნებრივია, კრემლში აღფრთოვანებით იქნა მიღებული. ბევრი რუსი პოლიტიკოსი და ექსპერტი ფაშინიანს სომხეთში ანტირუსული პოლიტიკის დამკვიდრებაში ადანაშაულებდა. სომხეთის ხელისუფლების წინააღმდეგ უმძლავრესი საინფორმაციო-ფსიქოლოგიური სპეცოპერაცია რუსეთის სპეცსამსახურებშია დაგეგმილი. შეტევის ავანგარდში კი რუსული სატელევიზიო არხები, პირველ რიგში კი კრემლის "ჯიბის ტელევიზია" - "რაშა თუდეია". ეს ტელეკომპანია, რომელსაც ევროპის ბევრ ქვეყანაში აკრძალული აქვს მაუწყებლობა, სომხეთის ხელისუფლებას, უპირველესად კი - პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს, ღიად უპირისპირდება. საინტერესო ფაქტია, რომ "რაშა თუდეის" ხელმძღვანელი სომხური წარმომავლობის ქალბატონი, მარგარიტა სიმონიანია.

"პოლიტიკანები" - ასე აფასებს მარგარიტა სიმონიანი სომხეთის დღევანდელ ხელისუფლებას. "რუსეთმა ამდენი სიკეთე გაგიკეთათ და თქვენ ყირიმი არ აღიარეთ... პოლიტიკური მიზნების გამო დააპატიმრეთ რობერტ ქოჩარიანი - რუსეთის მუდმივი მოკავშირე, ჩასვით სპეციალურად და დემონსტრაციულად... და ამით რუსეთს პირდაპირ სახეში მიაფურთხეთ... თქვენ გახდით ანტირუსული ძალების პლაცდარმი კავკასიაში" - ეს სიმონიანის სიტყვებია. "რაშა თუდეის" გენერალურმა დირექტორმა სომხეთის ხელისუფლებას (ფაქტობრივად, პირადად ნ. ფაშინიანს) ბოლოს ასე მიმართა: "შეჩერდით! უბრალოდ შეჩერდით, სანამ გვიან არაა!".

ამას კი სომხეთის ხელისუფლების მხრიდან საკმაოდ კურიოზული გადაწყვეტილება მოჰყვა: მარგარიტა სიმონიანს სომხობა ჩამოართვეს (?!). და ოფიციალური ცერემონიალი ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა - გარეგინ მეორემ ჩაატარა. ღონისძიებას ესწრებოდნენ პრემიერი ნ. ფაშინიანი და მთავრობის სხვა წევრები. ცერემონიალის დასრულების შემდეგ მარგარიტა სიმონიანის პორტრეტი სიმბოლურად მდინარე არაქსში გადააგდეს (?!). რატომ გაწირა პუტინმა „სტრატეგიული პარტნიორი“, „საუკუნოვანი მეგობარი“ და „ერთმორწმუნე“ სომხეთი? ამაზე ვრცელი პასუხიც არსებობს და უფრო ლაკონურიც. ნიკოლ ფაშინიანის გადაყენების "საბრძოლო სლოგანმა" - "შეჩერდით, სანამ გვიან არაა!" – შედეგი არ გამოიღო: ფაშინიანი არ შეჩერდა! პირიქით: მან საჯაროდ აქცია ზურგი რუსეთს და „დასვლეთს“ მიმართა სამხედრო–პოლიტიკური დახმარებისთვის.

fashininierdogani-1718644593.jpg
ეს ხელისჩამორთმევა რამდენიმე წლის წინ დაუჯერებელი ჩანდა

რუსეთის ფარული ხელშეწყობით, სომხეთში უკვე სახეზეა საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის გაერთიანება - "ყველა ერთის წინააღმდეგ". მიუხედავად ამისა სომხეთის მოსახლეობის უმრავლესობა ჯერ–ჯერობით მხარს უჭერს ნიკოლ ფაშინიანს. თუმცა მის დღევანდელ პრემიერობას და შესაძლოა, მომავალ პოლიტიკურ კარიერასაც (იმედია, თავად უვნებელი გადარჩება), დიდი საფრთხე ემუქრება. ღია საინფორმაციო სივრცეში არსებული მასალის ანალიზიც საკმარისია, რომ დავასკვნათ: ნ. ფაშინიანის წინააღმდეგ სპეცოპერაცია დაწყებულია . გასარკვევი მხოლოდ ის დარჩა, თუ რა ფორმით მოხდება მისი ჩამოშორება ხელისუფლებიდან: "ხავერდოვანი გზით" თუ "ჩეკისტური" მეთოდებით?

პ.ა. რა დრო მოვიდა: სომხეთის პრემიერ–მინისტრი ფაშინიანი 2023 წლის ივნისში ანკარაში თურქეთის პრეზიდენტის, ერდოღანის ინაუგურაციას დაესწრო , ხოლო რუსეთის პრეზედენტის, პუტინის მორიგი „გაპრეზიდენტების“ ცერემონიას და 9 მაისის „გამარჯვების აღლუმს“ მოსკოვში არ დაესწრო.