რა ელის ლარს და გაძვირდება თუ არა პროდუქტი?! - ლადო პაპავას ანალიზი: სანქციების ეკონომიკური მეტასტაზები - კვირის პალიტრა

რა ელის ლარს და გაძვირდება თუ არა პროდუქტი?! - ლადო პაპავას ანალიზი: სანქციების ეკონომიკური მეტასტაზები

გთავაზობთ ეპიზოდს აკადემიკოს ლადო პაპავას ინტერვიუდან, რომელიც "კვირის პალიტრის" 17 ივნისის ნომერში გამოქვეყნდა.

- ბოლო დღეებში რუბლი დოლართან მიმართებაში მკვეთრად გაუფასურდა. ეს აშშ-ის გადაწყვეტილების პირდაპირი შედეგია, რომელმაც ,მოსკოვის საფონდო ბირჟა დაასაქცირა?

- ნებისმიერი სანქციის გამოცხადება პროვოცირებას უკეთებს ეროვნული ვალუტის გაუფასურებას. საერთოდ, ყველა ვალუტა მგრძნობიარეა პოლიტიკური და ასევე ზოგიერთი არაპოლიტიკური განცხადების მიმართაც. ეს მთელ მსოფლიოში ასეა. სანქციების ახალი პაკეტის გამოცხადება, რა თქმა უნდა, რუსულ რუბლზე აისახა.

- რუსეთზე საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულების გათვალისწინებით, ჩვენს ბაზარზე მოახდენს ეს გავლენას?

- დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოსა და რუსეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობის საფუძველი მაინც დოლარია და მოსკოვს ეკონომიკურად ნამდვილად არ უნდა აწყობდეს დოლარის რუბლით ჩანაცვლება. ასე რომ, ამ ეტაპზე ამ თვალსაზრისით რაიმე განსაკუთრებულ საფრთხეს ვერ ვხედავ. თუმცა სულაც არ არის გამორიცხული, რაღაც მომენტში შეიძლება რუსეთმა მოითხოვოს, რომ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა საქართველოსთან რუბლში იყოს, რათა თავისი ეროვნული ვალუტა მოთხოვნადი გახადოს.

- თუკი ასე მოხდება, ჩვენთვის ეს რა საფრთხის შემცველი იქნება? შეძლებს საქართველოს ხელისუფლება წინააღმდეგობის გაწევას?

- რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის მისაღები არ არის, რადგან რუბლი არ არის სტაბილური ვალუტა, რადგან რუსეთი აგრესორი ქვეყანაა და სანქცირებულია. თუმცა ჯერჯერობით რუსეთს ეს არ მოუთხოვია, მაგრამ გამორიცხული არაფერია...

- რუბლის ამ მკვეთრი გაუფასურების შემდეგ საქართველოში გამოითქვა მოსაზრებებიც, რომ რუსეთიდან გადმოვლენ, გაუფასურებული რუბლით აქ დოლარს იყიდიან და ეს სახიფათოა ჩვენი ფინანსური ბაზრისთვის. რამდენად რეალურია ეს საფრთხე და რა პრობლემები შეიძლება შეიქმნას?

- 1998 წელს, როდესაც რუსეთში მოხდა "შავი პარასკევი", დეფოლტი, მაშინ საქართველოში რუსეთიდან კონტრაბანდული ტვირთები შემოდიოდა სწორედ იმ მიზნით, რომ მოეცილებინათ თავისი არაკონდიციური საქონელი და დოლარები მიეღოთ. ამ მიზნით სხვა მექანიზმიც იქნა ამოქმედებული. კერძოდ, მაშინ რუსული სამხედრო ბაზები იქნა გამოყენებული, სადაც პირდაპირ სხდებოდნენ რუსული სამხედრო თვითმფრინავები და ჩამოჰქონდათ გაუფასურებული რუბლის კუპიურები, რათა თავიდან მოეშორებინათ და დოლარები ეყიდათ. ახლა სამხედრო ბაზები, თუ არ ჩავთვლით ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს, რუსეთს საქართველოში არა აქვს. ამიტომ რუბლის კუპიურების ასე ჩამოტანა გამორიცხულია.

რაც შეეხება ჩვენს ბიზნესს, არა მგონია, მას არ ესმოდეს, რომ ბიზნესის რუსულ რუბლებში წარმოება არ აწყობს. ამიტომ თქვენ მიერ ხსენებული საფრთხე თეორიულად არ უნდა გამოვრიცხოთ, თუმცა მას ჯერჯერობით მნიშვნელოვნად არ აღვიქვამ.

- ჩემოდნებით რომ შემოიტანონ რუბლები ცალკეულმა მოქალაქეებმა და გადამცვლელ პუნქტებში გადაახურდაონ ევროსა და დოლარზე, ეს რა მასშტაბის შეიძლება იყოს და რა მოხდება?

- ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ ამისთვის არსებობს ეროვნული ბანკი და შეუძლია კანონის შესაბამისად იმოქმედოს.

- თეორიულად რომ ვიმსჯელოთ, ასეთი რამ ხომ ჩაითვლება დოლარზე დიდ მოთხოვნად, რაც ისევ ლარის კურსზე აისახება, რომელიც ბოლო პერიოდში ისედაც უფასურდება?

- რა თქმა უნდა. ის, რაც ლარს სჭირს, მოქალაქეებს უჩენს განცდას, რომ სავალუტო ბაზარზე არაკეთილსინდისიერი ოპერაციები განხორციელდა და ამაზე მინიშნება გააკეთა ჯერ პრემიერ-მინისტრმა და მერე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა. ამ შემთხვევაში უკვე ეროვნულმა ბანკმა თავისი მოვალეობა ბოლომდე უნდა შეასრულოს, რათა ასეთი არაკეთილსინდისიერი "მოთამაშეების" ქმედებები აღიკვეთოს.

- რა თანხაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, რომ ასეთი გავლენა მოეხდინა ლარის კურსზე? ვის შეიძლება ჰქონდეს ამის რესურსი?

- როცა ბაზარზე 60 მილიონი დოლარი გაიტანეს, აქედან ყველაზე დიდი ნაწილი ერთმა კომპანიამ შეისყიდა. ცხადია, ამას შესაბამისი რესურსი სჭირდება და მხოლოდ რამდენიმე "მსხვილ" სუბიექტს შეუძლია ამის გაკეთება. სავალუტო ბაზრის ე.წ. რიგითი მონაწილეები ამას ვერ შეძლებენ.

- ვისზეა ლაპარაკი, ვინ შეიძლება იყვნენ ეს სუბიექტები?

- ვერ ვხვდები. მთავრობას კი კანონი არ აძლევს უფლებას თქვას, ვინ არის. თუმცა ერთია კანონი რის უფლებას გაძლევს და მეორე, შეინარჩუნო მაკროეკონომიკური სტაბილურობა.

- ეროვნული ბანკი ბოლო პერიოდში რეზერვებს აქტიურად ყიდის, მაგრამ ლარის გაუფასურებას მაინც ვერ აჩერებს. რამდენ ხანს ეყოფა რეზერვები და როდემდე შეიძლება გაგრძელდეს გაუფასურება?

- ეს ნიშნავს, რომ სავალუტო ბაზარზე რაღაც ხდება და ეს საჭიროებს ეროვნული ბანკის მიერ დამატებით შესწავლას. რაც შეეხება კითხვას, როდემდე შეიძლება გაგრძელდეს გაუფასურება, ამაზე პასუხი არ არსებობს. სავალუტო კურსის ცვლილებაზე მეტ-ნაკლებად საიმედო პროგნოზების გაკეთება შეუძლებელია და არც არის გამართლებული. ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, რეალურად არსებობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური საფუძველი, რათა ეროვნული ვალუტა უფასურდებოდეს. ფაქტია, არ არსებობს. იმავდროულად, სახეზეა გარკვეული პოლიტიკური კომპონენტი, რომელიც ლარის გაუფასურებას იწვევს. როდესაც დასავლეთიდან მოდის კრიტიკული მოსაზრებები, კრიტიკული შენიშვნები საქართველოს ხელისუფლებასთან, რა თქმა უნდა, ეს ქმნის უარყოფით მოლოდინებს და შესაძლებელია ქვეყანაში მაკროეკონომიკური სტაბილურობა დაირღვეს. უარყოფითი მოლოდინები გავლენას ახდენს სავალუტო ბაზარზე. ეს ჩვეულებრივი რამ არის და ყველა ქვეყანაში ასე ხდება. ამ მხრივ საქართველო ნამდვილად არ არის გამონაკლისი. ამიტომ რეალურად ქვეყანაში ორი რამ არის დასარეგულირებელი - პირველი, პოლიტიკური სტაბილურობაა მისაღწევი, და მეორე, თუ არის რამე არაკეთილსინდისიერი ქმედება სავალუტო ბაზარზე, ის ეროვნულმა ბანკმა უნდა აღკვეთოს.

- ამის მიღწევა უახლოეს პერიოდში რამდენად არის შესაძლებელი, მით უმეტეს, რამდენიმე თვეში არჩევნებია, რაც ისედაც მოქმედებს ხოლმე ლარის კურსზე?

- ცხადია, ეს ფაქტორები არსებობს, მაგრამ არის ასევე კურსთან დაკავშირებული ლარის პოზიტიური მოლოდინებიც. სხვა თუ არაფერი, ზაფხული ახალი დაწყებულია, ტურისტული სეზონი წინ გვაქვს, შემოდიან ტურისტები და ბოლო პერიოდში გამოიკვეთა ტენდენცია, რომ განვითარებული ქვეყნებიდან ტურიზმი გაზრდილია - ესენი არიან ის ტურისტები, რომლებიც უფრო მეტად არიან მხარჯველები და ცხადია, ეს ქვეყანაში ვალუტის შემოდინებას შეუწყობს ხელს. ეკონომიკური ფაქტორები ნამდვილად არ იწვევს ლარის არასტაბილურობას და სასურველია, ხელისშემწყობი ფაქტორებიც მდგრადი იყოს.

- შიგა ფაქტორები არ გვიხსენებია და ის, რომ მუდმივად ხდება ძალადობა ხელისუფლების ოპონენტებზე, არ მოქმედებს ლარზე?

- ნებისმიერი ძალადობა დასაგმობია, და, ცხადია, უნდა აღიკვეთოს. შიგა ფაქტორებთან შედარებით ლარის კურსზე უფრო მეტად გარე ფაქტორები მოქმედებს, კერძოდ, როდესაც კეთდება განცხადებები ქვეყნისთვის სანქციების დაწესებაზე. ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის სანქცირება საჯაროდ პერსონიფიცირებული არ არის, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის კარგი. ასევე, საუბარია ქვეყნისთვის სანქციების დაწესებაზე, რომ კანდიდატის სტატუსი შეგვიჩერდეს, ევროკავშირში შესვლისათვის უვიზო რეჟიმი გაგვიუქმდეს და ეს ყველაფერი უარყოფით მოლოდინებს ქმნის. ისიც ფაქტია, რომ ამას თავიანთი პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებენ ის ადგილობრივი პოლიტიკური ძალები, რომლებსაც ურჩევნიათ, რომ ქვეყანაში უარესი სიტუაცია იყოს.

- წესით, ტურიზმს ლარის გაუფასურება უნდა აწყობდეს, მაგრამ ჩვენი იმპორტდამოკიდებულების გამო ტურიზმზე ამას რა გავლენა ექნება?

- რა თქმა უნდა, ლარის გაუფასურება ექსპორტისთვის კარგია და ტურისტებს აწყობთ, მაგრამ ზოგადად გაუფასურება თუ არის ნახტომისებური და არაპროგნოზირებადი, ეს არავის აწყობს და მათ შორის, არც ტურისტებს. რაც მთავარია, ჩვენ ვართ იმპორტდამოკიდებული ქვეყანა, როცა იმპორტი ექსპორტზე თითქმის სამჯერ მეტია. ამასთან, ჩვენს სამომხმარებლო კალათაში ტრადიციულად იმპორტირებული საქონელი 80% იყო, ახლა ცოტა შემცირდა და 70%-ზე ნაკლებია, მაგრამ მაინც იმპორტდამოკიდებულ ქვეყნად ვრჩებით და ამიტომ ლარი თუ უფასურდება, ეს ნიშნავს, რომ საქართველოში იმპორტირებული საქონელი ძვირდება. ამიტომაც ეს ძალიან ცუდია მოსახლეობისთვისაც. თანაც, ნახეთ, როგორ არის - ძვირდება არა მარტო იმპორტირებული საქონელი, არამედ ადგილობრივიც, რადგან ადგილობრივ მეწარმესაც ხომ სჭირდება იმპორტირებული საქონლის შეძენა და ცდილობს, რაც შეიძლება გაზარდოს თავისი ფასიც, რათა იმდენი თანხა დარჩეს, რომ იმპორტული საქონელი შეიძინოს. ამიტომ იმპორტის გაძვირება, რომელიც გამოწვეულია ეროვნული ვალუტის გაუფასურებით, რა თქმა უნდა, უარყოფითად აისახება ადგილობრივ ბიზნესზეც.

- ლარის ეს გაუფასურება ფასებზე როგორ აისახება, როგორი შეიძლება იყოს ინფლაცია?

- რა თქმა უნდა, ნეგატიურად აისახება. ჯერჯერობით არ ასახულა და ინფლაციის დონე სტაბილურია. აქამდე გამოქვეყნებული ინფორმაციით, 3%-ს არ აღემატება, მაგრამ თუ ეს პროცესი გაგრძელდება, იმპორტდამოკიდებულ ქვეყანაში ეროვნული ვალუტის გაუფასურება, ცხადია, ფასების ზრდას გამოიწვევს. ამიტომაც ეროვნული ბანკი მაქსიმალურად ცდილობს კურსის დარეგულირებას. როგორც ცნობილია, ეროვნულმა ბანკმა პირველ კვარტალში სავალუტო ბაზრიდან 280 მილიონი დოლარი შეისყიდა რეზერვებში, ჯერჯერობით კი დახარჯულია 170 მილიონ დოლარამდე. ასე რომ, რამე საგანგაშოს ამ ეტაპზე ვერ ვხედავ.

წაიკითხე ვრცლად