სასიამოვნო ნე - EURO-ზი - გერმანიაში არც წასაგებად ჩავსულვართ და არც ტურისტებად, გამარჯვების შანსიც გვაქვს და თავიც! - კვირის პალიტრა

სასიამოვნო ნე - EURO-ზი - გერმანიაში არც წასაგებად ჩავსულვართ და არც ტურისტებად, გამარჯვების შანსიც გვაქვს და თავიც!

თუ "ნევროზი" ყურს უსიამოვნოდ ხვდება, ნერვიულობა, ღელვა, ფორიაქი დაარქვით. მოუთმენლობა, სასიამოვნო მოლოდინით გამოწვეული ჟრუანტელი, ივნისის მოახლოებასთან ერთად ყოველდღიურად რომ იმატებდა და... მინიმუმ 26 რიცხვამდე აუცილებლად გაგრძელდება! თუმცა სახელის დარქმევა არც არის აუცილებელი. უფრო მნიშვნელოვანი (და ჩვენთვის უჩვეულო!) ისაა, რომ არა მარტო ფეხბურთის მოყვარულები, ევროპის ჩემპიონატის დაწყებას თითქმის მთელი საქართველო მოუთმენლად ელოდა.

იმიტომ, რომ ქართული ფეხბურთი ევროპაში დაბრუნდა. უფრო სწორად, ქართველი ფეხბურთელები დაუბრუნდნენ ტურნირს, რომლის პირველი გათამაშების ტრიუმფატორი სამი მათგანი გახდა. მერე რა, რომ საბჭოეთის ნაკრების შემადგენლობაში?! - ქართული გვარებით, სტილით, თვითმყოფადობით... ევროპის პირველი ჩემპიონატის (საფრანგეთი, 1960 წელი) გამარჯვებული ნაკრების შემადგენლობაში სამმა ჩვენებურმა ითამაშა, 64 წლის შემდეგ კი ესტაფეტას უკვე საქა­რთველოს ნაკრები გადაიბარებს და კონტინენტის ჩემპიონობას თუ ვერ შესწვდება,­ იმედია, თვალსასეირო თამაშით მაინც ისახელებს თავს და ფასდაუდებელ გამოცდილებასაც შეიძენს!

მიმდინარე კვირა ისტორიულია ქართული ფეხბურთისთვის - საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები პირველად ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე. თურქებსა და ჩეხებს სწორედ უახლოეს დღეებში "მოვუსინჯავთ კბილს" და დიდი იმედი მაქვს, ახალი კვირის დასაწყისს კიდევ უფრო კარგ ხასიათზე შევხვდებით. გერმანიის სტადიონებზე გამართულ მატჩებს "კვირის პალიტრის" კორესპონდენტიც გააშუქებს, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრების თამაშების მიმოხილვასა და "ჯვაროსნებთან" დაკავშირებულ ექსკლუზიურ ინფორმაციას გაზეთის მომდევნო ნომრებსა და კვირისპალიტრა.გე-ზე ნახავთ.მანამდე კი რამდენიმე სიტყვით გავიხსენოთ გზა, რომელიც ქართველმა ფეხბურთელებმა გაიარეს "ევრო-2024"-ის საგზურამდე. ევროპის პირველი ჩემპიონატიდან ჩვენთვის პირველ ტურნირამდე:

სამი ქართველი ევროპის ჩემპიონატის ფინალში!

ევროპის პირველი ჩემპიონატი 1960 წელს გაიმართა და საბჭოთა კავშირის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. ფინალური ეტაპის განაცხადში ოთხი ქართველი ფეხბურთელი იყო - სლავა მეტრეველი მოსკოვის "ტორპედოდან" და თბილისის "დინამოელები": მიხეილ მესხი, გივი ჩოხელი და ზაურ კალოევი. ამ უკანასკნელს მოედანზე გასვლის შესაძლებლობა არ მიეცა, დანარჩენმა ქართველებმა კი ნახევარფინალშიც ითამაშეს და გადამწყვეტ მატჩშიც. უფრო სწორად, არა მარტო ითამაშეს, უმნიშვნელოვანესი წვლილიც შეიტანეს კონტინენტის პირველ ჩემპიონატზე ისტორიული ოქროს მოპოვებაში. ფინალურ შეხვედრაში სსრკ-ის ნაკრებმა იუგოსლავია დაამარცხა 2:1, ქართველმა გარემარბებმა კი გოლით და საგოლე გადაცემით ისახელეს თავი - სლავა მეტრეველმა მეორე ტაიმის დასაწყისში გაათანაბრა ანგარიში, დამატებითი დროის მიწურულს კი ვიქტორ პონედელნიკმა გამარჯვების მომტანი ბურთი მიხეილ მესხის გადაცემის შემდეგ გაიტანა!

გარდა ამისა, სლავა მეტრეველი ტურნირის სიმბოლურ ნაკრებშიც დასახელდა და გახდა პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელსაც ასეთი აღიარება ხვდა წილად (იმედია, "ევრო-2024" ამ მხრივაც გაგვახარებს!). ამასთან, საბჭოეთის ნაკრებისა და მოსკოვის "ტორპედოს" მარჯვენა გარემარბი ერთადერთი ქართველი ფეხბურთელია (ჯერჯერობით!), ვინც ევროპის ჩემპიონატის ფინალში გოლის გატანა მოახერხა!

მოგვიანებითაც, საბჭოთა კავშირისა და შესაბამისად, მისი საფეხბურთო ნაკრების დაშლამდე ქართველი ფეხბურთელები თითქმის სულ იყვნენ კონტინენტის პირველობაზე (ცხადია, როცა სსრკ-ის ნაკრები ჩემპიონატზე გასვლას ახერხებდა) წამსვლელთა შორის. უმეტეს შემთხვევაში, ჩვენებურების ზღაპრული თამაში რუსულ შოვინიზმსაც აღარ უტოვებდა სხვა გზას, მაგრამ, მაგალითად, 1964 წლის ტურნირზე ქართველთაგან მხოლოდ ქუთაისის "ტორპედოს" მეკარე რამაზ ურუშაძე წაიყვანეს (არადა, იმ სეზონში სსრკ-ის ჩემპიონი თბილისის "დინამო" გახდა, რაც ნიშნავს, რომ ჩვენებურების უმეტესობა საუცხოო ფიზიკურ კონდიციაში იყო, მაგრამ...), თუმცა იმ ტურნირზე ნაკრების კარის დარაჯი ლევ იაშინი იყო და ურუშაძეს შანსს ვინ მისცემდა?!

მომდევნო, ევროპის 1968 წლის ჩემპიონატის განაცხადში სამი დინამოელი მოხვდა - კახი ასათიანი, მურთაზ ხურცილავა და გივი ნოდია, თუმცა თამაშის შესაძლებლობა არ მისცემიათ. ოთხი წლის შემდეგ, ასათიანის ნაცვლად, ნაკრებში რევაზ ძოძუაშვილს უხმეს და ნახევარფინალურ შეხვედრაში ითამაშა კიდეც ხურცილავასთან და შეცვლაზე შესულ ნოდიასთან ერთად. მურთაზ ხურცილავამ (რომელიც სსრკ-ის ნაკრების კაპიტანი იყო!) და ძოძუაშვილმა შეუცვლელად ითამაშეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის უძლიერეს ნაკრებთან წაგებულ ფინალშიც. საბოლოოდ კი ორივე მათგანი ტურნირის სიმბოლურ ნაკრებშიც დასახელდა!

კონტინენტის პირველობის მომდევნო­ სამმა(!) ტურნირმა საბჭოეთის ნაკრების და შესაბამისად, ქართველი მოთამაშეების გარეშე ჩაიარა. 1988 წლის ჩემპიონატიდან საბჭოელებმა ვერცხლის მედალი წამოიღეს­ - ევროპის ვიცე-ჩემპიონთა შორის იყო თენგიზ სულაქველიძეც. ის ბოლო ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც­ სსრკ-ს ნაკრებთან ერთად მედლის მოგება მოახერხა, რადგან... 1992 წლის ჩემპიონატის დაწყებამდე საბჭოთა კავშირმა ვეღარ მიაღწია. ასე რომ, შვედეთში გამართულ ტურნირში­ კახა ცხადაძემ და ახრიკ ცვეიბამ დსთ-ის ნაკრების შემადგენლობაში ითამაშეს...

დამოუკიდებლობა და უშედეგო ცდები

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქართულმა ფეხბურთმა ახალი სულისკვეთებით, ფორმითა და დროშით შეუტია დიდ ტურნირებს. სამწუხაროდ, თუნდაც ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის ყველა ცდა (რვა საკვალიფიკაციო ეტაპი და "ერთა ლიგის" ორი გათამაშება) უშედეგო გამოდგა.

პირველი იერიში კონტინენტის 1996 წლის ჩემპიონატზე მივიტანეთ და საკვალიფიკაციო ეტაპი მესამე ადგილზეც დავასრულეთ, რითიც... ბევრი უკმაყოფილო დარჩა! არადა, მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ სადებიუტო შესარჩევ ეტაპზე დაკავებული პოზიცია ათწლეულების განმავლობაში შეინარჩუნებდა საუკეთესო მაჩვენებლის ადგილს. მეტიც, მესამე ადგილიც კი სანატრელი გაგვიხდებოდა! არადა, 1996-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე უძლიერესი მეტოქეები გვყავდა და მხოლოდ კლინსმანის გერმანიასა და სტოიჩკოვის ბულგარეთს ჩამოვრჩით.

პირველ შესარჩევში ნაჩვენები შედეგები და თამაში უკვე უახლოეს წლებში გაგვიხდა საოცნებო - ევროპის 2000 და 2004 წლების ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ეტაპებზე საქართველოს ნაკრები ორივეჯერ ბოლო ადგილზე გავიდა და ჯგუფიდან გასვლის არანაირი შანსი არ ჰქონია. მომდევნო შესარჩევში მდგომარეობა ცოტათი გამოვასწორეთ და... ჯგუფში ბოლოსწინა ადგილი დავიკავეთ. ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ წილისყრამაც გაგვწირა - იტალიასა და საფრანგეთზე რომ აღარაფერი ვთქვათ, დაბალი კალათებიდანაც უძლიერესი მეტოქეები გვერგო - შოტლანდია და უკრაინა.

ბოლოსწინა ადგილი შევინარჩუნეთ "ევრო-2012"-ისა და "ევრო-2016"-ის საკვალიფიკაციო ეტაპებზეც. იმ წლებიდან რამდენიმე გამორჩეული შეხვედრის გახსენება კი შეიძლება (თუნდაც ხორვატიის დამარცხება), მაგრამ ჯამური შედეგი სახარბიელო არ ყოფილა, ჯგუფიდან გასვლაზე ოცნებამ კი შესარჩევი ეტაპის დაწყებიდან მალევე მიგვატოვა.

საქართველოს ნაკრების სტატუსი და პოზიცია არ შეცვლილა 2020 და 2024-ის ტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპზეც - ბოლოსწინა ადგილს ვერც ამჯერად ავცდით. მეტოქეებში არც ამჯერად გაგვიმართლა, თუმცა ფაქტია, რომ "ჩვეულებრივ" შესარჩევებში საქართველოს ნაკრებს ძალიან უჭირდა და მხსნელად უეფას ერთა ლიგა მოგვევლინა!

ერთა ლიგიდან და მეორე ცდაზე!

მას შემდეგ, რაც უეფამ "ერთა ლიგის" ფორმატი დაამტკიცა და ნაკრებ გუნდებს რეიტინგისა და სიძლიერის მიხედვით სხვადასხვა დივიზიონში მიუჩინა ადგილი, საქართველოს ნაკრებს კონტინენტის პირველობისაკენ მიმავალი დამატებითი გზა გამოუჩნდა: 2020 წლის ტურნირის დრამატული ფინალის გახსენება აღარ გვსურს, მაგრამ "დინამო არენაზე" ჩრდილოეთ მაკედონიასთან წაგება ისედაც ყველას კარგად (უფრო სწორად, მწარედ!) გვახსოვს და... საბედნიეროდ, გაცილებით უკეთ და სასიამოვნოდ გვახსენდება ამავე ტურნირის წლევანდელი ფინალი - საბერძნეთის ნაკრების დამარცხებამ ნანატრი ტურნირისკენ გაგვიხსნა კარი და როგორც იქნა, დადგა დრო, როცა ევროპის ჩემპიონატზე იტალიას ან ნიდერლანდებს კი არა, საქართველოს ნაკრებს ვუქომაგებთ!

განაგრძე კითხვა