რატომ იყო ოთარაანთ ქვრივი ქალი, თუკი ოთარი კაცის სახელია?! - კვირის პალიტრა

რატომ იყო ოთარაანთ ქვრივი ქალი, თუკი ოთარი კაცის სახელია?!

თბილისის "ინტელიგენტ" საზოგადოებას იმდენად აქვს ინტელიგენტის იმიჯი მორგებული, რომ კრიტერიუმებს თავად აწესებს… პირდაპირ თემაზე გადავალ და გეტყვით, რომ ხანდახან ადამიანების აზროვნება მაგიჟებს. უბრალოდ, ვერ  ვხვდები მათ ლოგიკას,  შეხედულებებს... ჩემ გარშემო იშვიათია ისეთი ადამიანი, რომელზეც ახლა უნდა დავწერო, თუმცა ერთი-ორი "ფენომენი" მეც მომეპოვება სამეგობრო წრეში... ერთ-ერთმა მათგანმა ორი დღის წინ სიცილით მთხოვა, ჩემზე დაწერე  რამეო. აი, მეც ვწერ, მაგრამ ჩემი პოსტი ღიმილს როდი მოჰგვრის  ჩემს მკითხველს...

იმედია, არ გამინაწყენდები და ბოდიშის ნიშნად ამ ბლოგს შენ გიძღვნი, ჩემო მეგობარო.

ცოტა ხნის წინ საქართველოში ახალი ამბავი გავრცელდა, თურმე თბილისი კობა ხაბაზს დაუარსებია... ისიც გავიგეთ, რომ დედაენა აკაკი წერეთელს დაუწერია. არა, არა, შემეშალა, ილია ჭავჭავაძეს... გერონტი ფოთელის არსებობის შესახებ კი საერთოდ არ ვიცოდი, თურმე ქალაქი ფოთი აუშენებია...

ეს ინფორმაცია I-TV-ის გამოკითხვიდან მოვიპოვე. ამ ვიდეოს ყოუტუბე-ზე  საკმაოდ ბევრი მნახველი ჰყავს. ხალხი უყურებს და იცინის, თავიდან მეც ვიცინოდი, შემდეგ  სხვებს ვაჩვენებდი - ჩემს მეგობრებს, ოჯახის წევრებს...   ძალაუნებურად ბევრჯერ მომიხდა მისი ყურება და როდესაც ყოველ ჯერზე უფრო და უფრო ვაკვირდებოდი, ვხვდებოდი, თურმე რა საცოდავი სანახავია ადამიანი, როდესაც მსგავსი სისულელის თქმის დროს სახეზე  ისეთი კმაყოფილება ეტყობა, თითქოს ყველაზე ჭკვიანი ადამიანი იყოს... ან კიდევ ამაყად ამბობს:  - დედაენა? არ გრცხვენიათ, რას  მეკითხებით? რა თქმა უნდა, ვაჟა-ფშაველამ!

მართლაც რომ სასაცილო იქნებოდა, სატირალი რომ არ იყოს...

ბოლო დროს  ერთი სკანდალური გადაცემა გამოჩნდა ქართულ ტელესივრცეში, რომელსაც "ქალური ლოგიკა" ჰქვია.

საინტერესოა, რატომ არიან ის ქალები, გადაცემაში რომ მოჰყავთ, ერთი და იგივე პროფესიითა და კრიტერიუმით შერჩეული? რატომ არის გადაცემის სათაურში ნახსენები  მხოლოდ "ქალი"?! ზემოხსენებულ ვიდეოსა და გადაცემას თუ შევადარებთ, მსგავს კითხვებზე კაცებმაც ვერ გასცეს სწორი პასუხი. მაშინ, ამ ლოგიკით, სად არის  კაცების ლოგიკა?!  რაც შეეხება "ქალურ ლოგიკას" ეს გადაცემა, დარწმუნებული ვარ, ყველა ნორმალურ ადამიანს (ქალსა თუ კაცს) ისევე შოკში ჩააგდებს,  როგორშიც მე ჩამაგდო. ჩვენს გოგონებს ფოტოზე გამოსახული ცნობილი მეცნიერი ჯამბაზი ჰგონით (ლაპარაკია აინშტაინის ცნობილ ფოტოზე, რომელშიც  ენა აქვს გამოყოფილი და თმები სასაცილოდ აწეწილი); გუთნის დედა - მამალი ხარი; გალაკტიონ ტაბიძე - აკაკი წერეთელი; სალვადორ დალი -სტილისტი. მოკლედ, რომელი ერთი ჩამოვთვალო...  როდესაც ქალები პასუხზე "მსჯელობენ", ბიჭები  სტუდიიდან რეპლიკებს ისვრიან: "მიდით, გოგოებო, იმედია, არ დაგვაღალატებთ", თუმცა არც იმაში ვარ დარწმუნებული, თავად ბიჭებს თუ აქვთ სწორი პასუხი ამა თუ იმ კითხვაზე.  ცოტა ხნის წინ შევიტყვე, რომ ამ თემაზე საპროტესტო აქციაც გამართულა, სადაც ქალთა დისკრიმინაციის საკითხი დაუყენებიათ და გამიხარდა... მეც ვუერთდები... არა აქვს მნიშვნელობა ქალებს გამოიყვან თუ კაცებს გადაცემაში, ასეთები ყველა ერში, ყველა ასაკსა თუ ყველა სქესში მოიპოვებიან, უბრალოდ ჩვენ რაღაც ახალი სენი შეგვეყარა. ამ სენს კი გამოთაყვანება ჰქვია.