"მადლობა ბიძია ვოვა": პუტინს ნათესავები გაახსენდა - რატომ დანიშნა კრემლის ბინადარმა თავდაცვის მინისტრის მოადგილედ ბიძაშვილის შვილი?! - კვირის პალიტრა

"მადლობა ბიძია ვოვა": პუტინს ნათესავები გაახსენდა - რატომ დანიშნა კრემლის ბინადარმა თავდაცვის მინისტრის მოადგილედ ბიძაშვილის შვილი?!

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის - „ბიბისის“ რუსულენოვანმა სამსახურმა (BBC russian) გამოაქვეყნა სტატია სათაურით - „ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის მინისტრის ერთ-ერთ მოადგილედ, სავარაუდოდ, თავისი ბიძაშვილის შვილი დანიშნა“ (ავტორი - ილია ბარაბანოვი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

თავდაცვის ახალი მინისტრი ანდრეი ბელოუსოვი, სამოქალაქო ეკონომისტი, თავის გუნდს, ასევე, სამოქალაქო პირებისაგან აყალიბებს.

შეიძლება ითქვას, რომ სერგეი შოიგუს გუნდმა საბოლოოდ დატოვა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. უკრაინასთან ომის 845-ე დღეს და თავდაცვის მინისტრის გამოცვლიდან ერთი თვის შემდეგ ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას ფედერალურ სამხედრო უწყებაში მასშტაბური საკადრო ცვლილებების შესახებ. პოსტებიდან გათავისუფლდნენ სერგეი შოიგუს ოთხი მრავალწლიანი მოადგილე - რუსლან ცალიკოვი (კურირებდა ყოფილი მინისტრის გამოსვლებს მასმედიაში და მის პიარაქტიურობას), ტატიანა შევცოვა (კურირებდა სამხედრო მოსამსახურეების სოციალური უზრუნველყოფის საკითხებს), პავლე პოპოვი და ნიკოლაი პანკოვი.

ვლადიმერ პუტინმა მათ ნაცვლად თავდაცვის ახალ მინისტრს - ანდრეი ბელოუსოვს, დაგეგმილი 12 მოადგილიდან დღეისათვის ოთხი მოადგილე დაუნიშნა, მათ შორის საინტერესოა ორი ახალი მოადგილის ვინაობა: ერთი, სავარაუდოდ, პრეზიდენტის ნათესავი ანა ცივილოვაა და მეორე - ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მიხეილ ფრადკოვის ვაჟი პეტრე ფრადკოვი.

ანა ცივილოვას რუსული მასმედია ვლადიმერ პუტინის ბიძაშვილის შვილად თვლის. როგორც გამოცემა „პროექტი“ (შეტანილია უცხოური აგენტების“ რეესტრში) წერს, ანა ცივილოვას ქალიშვილობის გვარია პუტინა, ხოლო მამამისი პრეზიდენტს ბიძაშვილად ეკუთვნის.

ანა ცივილოვა გათხოვილია კემეროვოს ოლქის ყოფილ გუბერნატორ სერგეი ცივოლოვზე, რომელიც გასულ თვეში რუსეთის ენერგეტიკის მინისტრად დაინიშნა. ანა, ასევე, ხელმძღვანელობს რუსეთ-უკრაინის ომის ვეტერანების ფონდს, ხოლო 2018 წლიდან არის კომპანია „კოლმარის“ (რუსული მსხვილი ქვანახშირმომპოვებელი კომპანიის) აქციების 70%-ის მფლობელი.

რით აიხსნება ცივილოვების ესოდენ წარმატებული კარიერული წინსვლა - მათი მმართველობითი კომპეტენციით თუ, რაც უფრო სავარაუდოა - მათი ნათესაური კავშირებით რუსეთის პრეზიდენტთან? ეს კითხვა ჯერჯერობით უპასუხოდ რჩება.

რაც შეეხება პავლე ფრადკოვს, იგი ცნობილია არა თავისი პროფესიული წარმატებებით, არამედ - უფრო იმით, რომ რუსეთის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის (პრემიერ-მინისტრის) შვილია.

უკრაინასთან ომის მესამე წელს ყველაფერი ისე გამოიყურება, რომ ანდრეი ბელოუსოვმა გადაწყვიტა, იმავე გზით წავიდეს, როგორითაც 2008 წელს, საქართველოსთან ომის შემდეგ, იმდროინდელი თავდაცვის მინისტრი ანატოლი სერდიუკოვი წავიდა - როცა თავდაცვის სამინისტროში რეფორმის განხორციელების აუცილებლობა ყველასთვის აშკარა გახდა. 2011 წელს მინისტრის ათი მოადგილიდან მხოლოდ ორი იყო სამხედრო პიროვნება - გენერალური შტაბის უფროსი და ის მოადგილე, რომელიც არმიის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფაზე იყო პასუხისმგებელი.

ყოველთვის, როცა კი რომელიმე ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში მსგავსი საკადრო გადაადგილებები იწყება, ექსპერტები იხსენებენ აშშ-ის თავდაცვის მინისტრის - რობერტ მანკნამარას გამოცდილებას, რომელიც ამერიკული ფედერალური სამხედრო უწყების ხელმძღვანელად კერძო სექტორიდან მივიდა - კომპანია Ford Motor-ის პრეზიდენტის პოსტიდან, შემდეგ კარიერა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე გააგრძელა. მაგრამ რობერტ მაკნამარას წარმატების გამეორება ცოტამ თუ მოახერხა. ანატოლი სერდიუკოვის კოლეგებისათვის თავდაცვის სამინისტროში სამსახური კორუფციული საქმეებით, ჩხრეკებითა და დაპატიმრებებით მთავრდებოდა.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო