„საფეხბურთო ომი“, რომელიც ნამდვილ ომში გადაიზარდა - ერთხელ ცენტრალურ ამერიკაში: ოთხი ათასი დაღუპული და განადგურებული ინფრასტრუქტურა
მთელი საქართველო დიდი ფეხბურთის მოლოდინშია, რომელზეც ჩვენი ბიჭების წარმატება დროებით მაინც დაგვავიწყებს ჩვენი ქვეყნის შიდა თუ გარეპრობლემებს და ერთხელ კიდევ შეკრავს ჩვენს ერს...
თუმცა არსებობდა ისეთი დაძაბული საფეხბურთო მატჩებიც, სანაკრებო გუნდებს შორის, რომლებიც მალევე მათ ქვეყნებს შორის საბრძოლო მოქმედებებში და ნამდვილ ომში გადაიზარდა...
1970 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის, რომელიც მექსიკაში უნდა გამართულიყო, წინაშესარჩევ ტურნირში ერთმანეთს ცენტრალური ამერიკის ორი მეზობელი ქვეყანა - სალვადორი და ჰონდურასი დაუპირისპირდნენ.
1969 წლის 6 ივნისს პირველი მატჩი ჰონდურასის დედაქალაქ ტეგუსიგალპაში ჩატარდა და მასპინძლებმა ის მინიმალური ანგარიშით - 1-0-ით მოიგეს, თანაც ეს ერთადერთი გოლი მატჩის ბოლო, 90-ე წუთზე შეაგდეს.
სალვადორელებმა ძალზე მტკივნეულად განიცადეს ეს დამარცხება, რაც იმასაც დააბრალეს, რომ ჰონდურასელმა გულშემატკივრებმა მატჩის წინაღამეს ისეთი ღრიანცელი ატეხეს სასტუმროს წინ, რომ სალვადორის საფეხბურთო ნაკრების წევრებს დაძინების საშუალებაც არ მისცეს.
სალვადორელი ფეხბურთელების ერთ-ერთმა ფანატმა, 18 წლის გოგონამ ვერ აიტანა ჰონდურასთან მისი რჩეულების წაგება, მამას სეიფიდან პისტოლეტი მოპარა და გულში დაიხალა...
საპასუხო მატჩი 15 ივნისს უკვე სალვადორის დედაქალაქ სან-სალვადორში გაიმართა და მასპინძლებმა ჰონდურასის ნაკრები დიდი ანგარიშით, 3-0-ით დაამარცხეს...
მაგრამ ამას წინ უძღოდა თავდასხმები სტადიონისკენ მიმავალ ავტობუსზე, რომელშიც ჰონდურასელი ფეხბურთელები ისხდნენ -მათ სალვადორელები ქვებს, ბოთლებს და რატომღაც... მკვდარ ვირთხებსაც კი ესროდნენ...
დაპირისპირება სტადიონის ტრიბუნებზეც გაგრძელდა, რასაც რამდენიმე ფანატის დაღუპვაც კი მოჰყვა...
ჰონდურასელი ფეხბურთელები შემდეგ აცხადებდნენ, რომ ეს მატჩი რომ არ წაეგოთ, მათ სალვადორელი ფანატები, ალბათ, ცოცხლად დაწვავდნენ...
გადამწყვეტი მატჩი მეხიკოში 27 ივნისს გაიმართა და სალვადორის ნაკრებმა 3-2 სძლია ჰონდურასს, მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმის შემდეგ 2-1-ს აგებდა.
ეს ეტყობა ბოლო წვეთად იქცა, რის შემდეგაც რეალური საბრძოლო მოქმედებები დაიწყო ჰონდურას-სალვადორის საზღვარზე...
რა თქმა უნდა, მარტო ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა არ გამხდარა ამ ორ მეზობელ ქვეყანას შორის ომის დაწყების მთავარი მიზეზი თუ საბაბი - ჰონდურასი სალვადორზე ბევრად მეტ ტერიტორიას ფლობდა, მაგრამ სერიოზულ ეკონომიკურ პრობლემებს განიცდიდა. უკეთეს დღეში არც სალვადორელები იყვნენ და სამუშაოს ძებნის გამო, 300 ათასამდე სალვადორელი ჰონდურასში გადავიდა, რითაც გაზარდა უმუშევრობა თავად ჰონდურასის მოსახლეობაში.
ჰონდურასის მთავრობამ ქვეყნის ეკონომიკური პრობლემები სწორედ სალვადორელ მიგრანტებს დააბრალა და დაიწყო მათი დეპორტირება სალვადორში, რამაც კიდევ უფრო დაძაბა ურთიერთობა ორ მეზობელ ქვეყანას შორის, ხოლო ბოლო ნაპერწკლად კი სამმატჩიანი შესარჩევი ტურნირი იქცა, რომელმაც 1970 წლის მექსიკის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრების კანდიდატი გამოავლინა...
საბრძოლო მოქმედებები 1969 წლის 11 ივლისიდან დაიწყო სასაზღვრო ზოლში, მცირე შეტაკებებით, მაგრამ 14 ივლისს სალვადორის სამხედრო ავიაციამ იერიში მიიტანა ჰონდურასის ნავთობბაზაზე და, ამის პარალელურად, სალვადორის არმიის ხუთი ქვეითი ბატალიონი და ეროვნული გვარდიის ცხრა ასეული ორი მიმართულებიდან შეიჭრა ჰონდურასში, 8 კმ-ის სიღრმეში და დაიპყრო ორი დასახლებული პუნქტი...
15 ივლისს ჰონდურასის თვითმფრინავებმა სალვადორის ერთ-ერთი სამხედრო აეროდრომისა და ნავთობბაზის საპასუხო დაბომბვა განახორციელეს...
საბრძოლო მოქმედებები 20 ივლისამდე გაგრძელდა და ექვსდღიანი ომის შედეგად სამი ათასამდე ჰონდურასელი და ათასამდე სალვადორელი დაიღუპა.
ომის შეჩერებისას სალვადორს ოკუპირებული ჰქონდა ჰონდურასის ტერიტორიის 400 კვადრატული კილომეტრი და არ აპირებდა იქიდან თავისი დანაყოფების გამოყვანას, სანამ ჰონდურასის მთავრობა მის ქვეყანაში მცხოვრებ 280 ათასამდე სალვადორელ მიგრანტს უსაფრთხოების გარანტიებს არ მისცემდა, თუმცა 2 აგვისტოს იძულებული გახდა, გამოეყვანა ჯარი ჰონდურასის ტერიტორიიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, „ამერიკული სახელმწიფოების ორგანიზაცია“ სალვადორის მთავრობას საერთაშორისო პოლიტიკური და ეკონომიკური სანქციების დაწესებით დაემუქრა.
ეს დაპირისპირება ცენტრალური ამერიკის ამ ორ ქვეყანას შორის ისტორიაში შევიდა „საფეხბურთო ომის“ სახელით, თუმცა ის იმითაც იყო გამორჩეული, რომ საბრძოლო მოქმედებებში საბოლოო მონაწილეობა მიიღეს მეორე მსოფლიო ომისდროინდელმა ხრახნიანმა თვითმფრინავებმა -„მუსტანგებმა“, „კორსარებმა“, „დუგლასებმა“...
კიდევ ერთი „საფეხბურთო ომი“ არგენტინასა და დიდ ბრიტანეთს შორის შედგა, ოღონდ ამჯერად საფეხბურთო მატჩს ჯერ რეალური, 1982 წლის ფოლკლენდის ომი უძღვოდა...
ფოლკლენდის (მალვინის) კუნძულებისთვის გამართულ ომში გამარჯვებას დიდმა ბრიტანეთმა მიაღწია, ხოლო 1986 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ისევ მექსიკაში ჩატარდა, მეოთხედფინალში ფორტუნამ ერთმანეთს ნამდვილი მტრები - არგენტინა-ინგლისი შეახვედრა...
ამ ძალზე დაძაბული მატჩის წინ მთელი არგენტინა იმაზე ლოცულობდა, რომ რეალურ ომში წაგების ჯავრი „საფეხბურთო ომში“ მოგებით ამოეყარათ და ბრიტანელებზე შური ეძიათ...
მართლაც, მატჩის 51-ე წთ-ზე მომავალმა ფეხბურთის ლეგენდამ, არგენტინელმა თავდამსხმელმა დიეგო მარადონამ ინგლისელების კარში ბურთი შეაგდო... მარცხენა ხელის მუშტით, რაც მსაჯმა ვერ შეამჩნია და გოლი ჩათვალა...
მოგვიანებით მარადონამ ხელით გატანილ ამ გოლს „ღმერთის ხელი“ უწოდა...
ოთხი წუთის შემდეგ კი არგენტინელების მე-10 ნომერს მეორე გოლი გააქვს, რომელიც „ფიფამ“ „საუკუნის გოლადაც“ კი აღიარა, რადგან მარადონამ წარმოუდგენელი დრიბლინგი განახორციელა, მოატყუა ინგლისის ნაკრების რამდენი ფეხბურთელი და დამსახურებელი გოლი გაიტანა...
საბოლოო ჯამში, არგენტინის ნაკრებმა ინგლისს 2-1-ით სძლია ამ მატჩში, რითაც ფოლკლენდის ომში წაგებისთვის ერთგვარი შური იძია დიდ ბრიტანეთზე...
P.S. ეს „საფეხბურთო ომად“ ვერ შეფასდება, მაგრამ „საფეხბურთო დივერსიაზე“ ნამდვილად „ქაჩავს“- 18 წლის წინ საქართველოს მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა ერთ-ერთ პოლიგონზე სამხედროებსა და ცნობილ ქართველ ფეხბურთელებს შორის ამხანაგური მატჩის ორგანიზება განახორციელა და დიდად იმხიარულა, როდესაც „მილანის“ მაშინდელი ცენტრალური მცველის ფეხქვეშ, როდესაც ის ბურთს დაეუფლა და უნდა დაერტყა...ნაღმი აფეთქდა...
საბედნიეროდ, ეს მხოლოდ საიმიტაციო ასაფეთქებელი პაკეტი გახლდათ, რომელიც მხოლოდ დიდი ხმით ფეთქდება, თუმცა „მილანის“ მაშინდელ ცენტრალურ მცველს, მაშინდელი თავდაცვის მინისტრის ამ „ხუმრობით“ დიდად არ უხალისია...