ელექტრონული ზედნადები - ახალი თავსატეხი მცირე ბიზნესისთვის - კვირის პალიტრა

ელექტრონული ზედნადები - ახალი თავსატეხი მცირე ბიზნესისთვის

1 აპრილიდან ელექტრონული ზედნადებების შემოღებამ პროდუქტის გამავრცელებელ და მიმწოდებელ კომპანიებს პრობლემები შეუქმნა. ჯერ იყო და, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდი, სადაც მეწარმეებმა პროდუქციის ბაზარზე გამოტანამდე ელექტრონული ზედნადები უნდა ატვირთონ, შეფერხებით მუშაობდა. ტექნიკური პრობლემის გამო, სუპერმარკეტების ქსელსა და საცალო სავაჭრო ობიექტებში თამბაქოსა და პურპროდუქტების დეფიციტი შეიქმნა. პროდუქცია ელექტრონული ზედნადების გარეშე მაღაზიების ქსელში მიმწოდებელთა ნაწილს ვერც ახლა შეაქვს, რადგან ამის უზრუნველყოფას შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა სჭირდება, რაც სოლიდურ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რომ აღარაფერი ვთქვათ კომპიუტერთან მუშაობის მცირედ გამოცდილებაზე. დისტრიბუციაში დასაქმებული მცირე მეწარმეები ფიქრობენ, რომ ელექტრონული ზედნადების წარმოების ვალდებულება დიდი დარტყმაა მცირე ბიზნესისთვის. ფინანსურად უფრო ძლიერი მსხვილი ბიზნესი კი ამ რეგულაციას უფრო მომზადებული შეხვდა. შესაბამისად, ეს ბაზრიდან მცირე სადისტრიბუციო კომპანიების გაქრობასა და სადისტრიბუციო სექტორის რამდენიმე კომპანიის ხელში გადასვლას განაპირობებს.

 

ლაშა ბუცხრიკიძე, დისტრიბუტორი: "1 აპრილიდან გაუქმდა ქაღალდის ზედნადებით მუშაობა და სავალდებულო გახდა ელექტრონული ზედნადების წარმოება. ამ ყველაფერს სჭირდება შესაბამისი ტექნოლოგიური აღჭურვა, მინიმუმ აიპადი, რაც შედარებით იაფია, ისე კი ნეთბუქების გამოყენებაც შეიძლება, მსხვილ კომპანიებს პროგრამები ჩაწერილი აქვთ, ჩვენთვის, ინდმეწარმეებისა და თვითდასაქმებულებისთვის, რთულია ამ ყველაფერს შეწვდე. ძებნა-ძებნით მივაგენით ყველაზე მარტივ და იაფ საშუალებას - აიპადს, რომლითაც შეგვიძლია ყველა სარეალიზაციო ობიექტში პროდუქციის მიტანისას ვაწარმოოთ ზედნადები, მაგრამ აიპადიც სულ ცოტა 600 ლარი ღირს. გარდა ამისა, საჭიროა აიპადში პროგრამის ჩაწერა, რომელიმე მობილური ოპერატორის მოდემი, რომელიც ინტერნეტის წყაროა და დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული. გარდა ამისა, ყოველ ჯერზე ელექტრონული ზედნადების წარმოება საკმაოდ დიდ დროს და შესაბამის ცოდნას მოითხოვს. მაგალითად, ჩვენ საკონდიტრო ნაწარმის დისტრიბუციას ვწევით. საკონდიტრო საამქრო, საიდანაც გამოგვაქვს დილით პროდუქცია, მოგვაწერს ყველა კილოგრამ ნამცხვარს, რომელიც უნდა გავიტანოთ ქსელში. ყველა მაღაზიას, სადაც პროდუქციის მიწოდებას ვახდენთ, ვუთანხმდებით რამდენი და რა სახის პროდუქცია სჭირდება და ამის შემდეგ ეს ყველაფერი ელექტრონულ ზედნადებში უნდა აღვწეროთ, გავუშვათ შემოსავლების სამსახურის საიტზე და მხოლოდ ამის შემდეგ შევიტანოთ პროდუქცია სავაჭრო ობიექტში. ეს ბევრად უფრო რთული პროცესია, ვიდრე კალმით ფურცელზე ზედნადების შევსება. ყველაფერმა რომ გამართულად იმუშაოს, ელექტრონული ზედნადების წარმოებას სულ მცირე 5 წუთი სჭირდება. მაგრამ არსებობს რისკი იმისა, რომ შეიქმნას პროგრამული ხარვეზი, ინტერნეტი გაითიშოს და ა.შ. ასეთ შემთხვევაში, უნდა ვიდგეთ მაღაზიასთან და ველოდოთ ხარვეზის გამოსწორებას, მანამდე მაღაზიაში პროდუქციას ვერ შევიტანთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის თანამშრომელი შესაძლოა ჩაგვისაფრდეს მაღაზიასთან, დაგვითვალოს მანქანაში არსებული პროდუქცია და ზედნადებებში ასახული და ცდომილების აღმოჩენისას ჯარიმა პირველ ჯერზე 1000 ლარით, ხოლო განმეორებით 5000 ლარით განისაზღვრება.

- იყო შემთხვევები, რომ დააჯარიმეს დისტრიბუტორები ამის გამო?

-  რამდენიმე ასეთი შემთხვევის შესახებ მაღაზიებში გვითხრეს. მათი ინფორმაციით ერთი ასეთი შემთხვევა რუსთავში, ერთიც კი თბილისში მოხდა.

ჩვენთვის შექმნილმა სირთულეებმა მაღაზიებში პროდუქციის დეფიციტი გამოიწვია. რამდენიმე სავაჭრო ობიექტს ველაპარაკე და მითხრეს, რომ უკვე ორი დღეა ამ მიზეზით თამბაქოს ნაწარმი არ მიუღიათ. ამას იმანაც შეუწყო ხელი, რომ არანაირი საინფორმაციო კამპანია შემოსავლების სამსახურს ამ ელექტრონულ ზედნადებებთან დაკავშირებით არ უწარმოებია. შესაბამისად, დისტრიბუტორები, მეწარმეები მოუმზადებელი შეხვდნენ ამ საკანონმდებლო ცვლილებას. 1 აპრილის შემდეგ, სამი დღის განმავლობაში ვრეკავდი შემოსავლების სამსახურის ცხელ ხაზზე, რადგან უამრავი კითხვა მქონდა, მაგრამ არავინ მპასუხობდა.

- ელექტრონული ზედნადებების წარმოება დამატებით ხარჯთან არის დაკავშირებული, თუ აისახება ეს პროდუქციის სარეალიზაციო ფასზე?

- მწარმოებლები ამბობენ, რომ ამის გამო შესაძლოა პროდუქციის ფასი გაზარდონ, შესაბამისად ჩვენგან სავაჭრო ობიექტებსაც გაუძვირდებათ პროდუქცია. ახალგაზრდები კიდევ გავუგებთ რამეს ელექტრონული ზედნადების წარმოებას, მაგრამ უამრავი ხანდაზმული ადამიანი ვიცი, ვინც საკუთარი ავტომობილით პურს დაატარებს მაღაზიებში. ამ ვალდებულების შემოღება ნიშნავს იმას, რომ უამრავი ადამიანი შემოსავლის გარეშე დარჩება. ელექტრონული ზედნადების წარმოება საკმაოდ რთული პროცესია, ყველა ნამცხვარს, ყველა დასახელებას შესაბამისი კოდი უნდა მიანიჭო, ყველა გრაფა ზუსტად შეავსო. მეც კი, კომპიუტერთან ყოველდღიურად მუშაობის პირობებში, მიჭირს ამ ყველაფრის გაკეთება და მით უფრო მას, ვისაც შეხება არ ჰქონია კომპიუტერთან. გარდა ამისა, ერთი ადამიანი საკმარისი არ იქნება დისტრიბუციისთვის. ერთი კაცი მხოლოდ ამ ზედნადების შევსებას სჭირდება, მეორემ კი პროდუქცია უნდა შეიტანოს სავაჭრო ობიექტში. წინააღმდეგ შემთხვევაში მომსახურება გახანგრძლივდება და თუ დღეში 30-40 მაღაზიას ვემსახურებოდი, გამოდის, 15-20 მაღაზიასაც ვეღარ მოვემსახურები, რაც შემოსავლის შემცირებაზე აისახება.

ეს არის აგრესიული დარტყმა მცირე ბიზნესზე. შემოსავლების სამსახური აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში ინსპექტორს აღარ მოუწევს ჩასაფრებულის პოზიციაში ყოფნა და დისტრიბუტორსა თუ სავაჭრო ობიექტს პირდაპირ სერვერიდან შეამოწმებენ. თუმცა, შევავსებ თუ არა ელექტრონულ ზედნადებს კონკრეტული სავაჭრო ობიექტის მომსახურებისას, ამის გადასამოწმებლად საგადასახადოს მაინც ჩასაფრება მოუწევს. თუ არაფერი იცვლება კონტროლის მექანიზმის თვალსაზრისით, მაშინ ისევ ქაღალდის ზედნადების შევსება-არშევსების გამო ჩამსაფრებოდა საგადასახადოს ინსპექტორი. ზედნადების წარმოება უნდა შეიძლებოდეს როგორც ელექტრონულად, ასევე ქაღალდზე. გასაგებია, რომ იყო შემთხვევები, როცა დისტრიბუტორი და მაღაზია გარიგდებოდნენ და დღის ბოლოს, როცა შემოწმების საფრთხე გადაივლიდა, ანადგურებდნენ სასაქონლო ზედნადებებს შემოსავლის დაფარვის მიზნით, მაგრამ მკაცრი კონტროლი ახლაც, ახალი ზედნადების წარმოების შემთხვევაშიც საჭირო იქნება. რა საჭირო იყო ამდენი ხარჯის დაკისრება დისტრიბუტორებისთვის, გაუგებარია. ერთი კვირაა გაჩერებული ვარ, ვიდრე ტექნიკური მოწყობილობებისთვის თანხებს მოვიძიებ. ვფიქრობ, კიდევ ერთ კვირას ვერ მოვახერხებ ქსელში გასვლას".

(სპეციალურად საიტისთვის)