"ამერიკამ უკვე დაახარჯა უკრაინას იმდენივე ფული, რამდენიც საჭირო იყო მეორე მსოფლიო ომით დანგრეული მთელი ევროპის აღსადგენად, "მარშალის გეგმით" - Le Figaro - კვირის პალიტრა

"ამერიკამ უკვე დაახარჯა უკრაინას იმდენივე ფული, რამდენიც საჭირო იყო მეორე მსოფლიო ომით დანგრეული მთელი ევროპის აღსადგენად, "მარშალის გეგმით" - Le Figaro

„ამერიკამ უკვე დაახარჯა უკრაინას იმდენივე ფული, რამდენიც საჭირო იყო მეორე მსოფლიო ომით დანგრეული მთელი ევროპის აღსადგენად, „მარშალის გეგმით“. რატომ ცდილობს ასე დაბეჯითებით ამერიკა კიევის დაცვას? იმიტომ, რომ მას არ სურს, კონკურენტი ჰყავდეს საერთაშორისო არენაზე და ამაში უკრაინას იყენებს“, - ნათქვამია ფრანგულ გაზეთ „ლე ფიგაროში“ (Le Figaro) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით - „რატომ იცავს აშშ ესოდენ თავგამოდებით უკრაინას“ (ავტორი - რენო ჟირარი, პოლიტიკური მიმომხილველი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

შესაძლოა, აშშ უკვე აღარ წარმოადგენს იმ ჰიპერსახელმწიფოს, როგორც 1990-იან წლებში იყო, მაგრამ ვაშინგტონს ისევ აქვს განზრახული კონკურენტი იმპერიების შეზღუდვა, რომ მსოფლიო პიედესტალის მწვერვალზე ადგილი არ დაკარგოს.

გასულ კვირას, შვეიცარიაში გამართულ სამშვიდობო სამიტზე, რომელშიც მსოფლიოს 90-ზე მეტი სახელმწიფო მონაწილეობდა, რუსეთი მიწვეული არ იყო. ეს უცნაურად ჩანდა: კონფერენციამ, რომელიც მშვიდობის მიზნით ტარდება, მაგრამ მასში ერთ-ერთი დაპირისპირებული მხარეთაგანი არ მონაწილეობს, საეჭვოა, რომ ხელი მშვიდობის დამყარებას შეუწყოს. თუ საქმეს პრაგმატულად მივუდგებით და ფანტაზია-ილუზიებს არ ავყვებით, უკეთესი იქნებოდა, ამ სამიტისთვის გვეწოდებინა „კონფერენცია აგრესიულად განწყობილი უკრაინის სოლიდარობის მიზნით“.

იმისათვის, რომ ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს და კიევთან სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყოს, მოსკოვმა პირობები წამოაყენა: კრემლი ითხოვს, რომ უკრაინის ჯარი იმ ოთხი ოლქიდან სრულად გავიდეს, რომელთა დიდ ნაწილს რუსეთი აკონტროლებს, მაგრამ - მთლიანად ვერა. ასევე, უკრაინამ უარი უნდა განაცხადოს ნატოში გაწევრების სურვილზე (ამისათვის კიევს კონსტიტუციის შეცვლა მოუწევს: ქვეყნის ძირითად კანონში 2019 წლიდან ჩაწერილია, რომ ნატოში გაწევრება უკრაინის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს). კიევის ხელისუფლება თვლის, რომ ვლადიმერ პუტინის მიერ წამოყენებული პირობები აბსოლუტურად მიუღებელია, ამიტომაც ომი გაგრძელდება: დასავლეთი სულ უფრო ღიად დაეხმარება უკრაინას სულ უფრო თანამედროვე იარაღით, ხოლო ჩინეთი რუსულ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს უკვე რეალურად მიაწოდებს ყველაფერს, რაც საჭიროა იარაღის წარმოებისათვის, უკან არ დაიხევს კონკრეტული საომარი ტექნიკის მიცემაზეც.

კონფერენციის მთავარი ვარსკვლავი გახდა, რა თქმა უნდა, აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელი, ვიცეპრეზიდენტი კამალა ჰარისი. შეერთებულმა შტატებმა ორიოდე თვის წინ უკრაინას გიგანტური თანხა გამოუყო - 60 მილიარდ დოლარზე მეტი, რომელიც იმდენია, რამდენიც მთელი ორი წლის განმავლობაში მისცეს. საერთო ჯამში, ვაშინგტონი კიევს იმ რაოდენობის თანხით დაეხმარა, რამდენსაც „მარშალის გეგმა“ მოიცავდა, ევროპის აღსადგენად, 1947-1952 წლებში.

რა არის იმის მიზეზი, რომ ამერიკა ამდენ ხანს და ასე თანმიმდევრულად იცავს უკრაინას? გავიხსენოთ, რომ ნატოს ბუქარესტის სამიტზე, 2008 წლის აპრილში, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრებს უკრაინის ნატოში მიღება სთხოვა. საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა - ნიკოლა სარკოზიმ და ანგელა მერკელმა ჯორჯ ბუშს თავაზიანი უარი უთხრეს: კი, შეიძლება, მაგრამ მოგვიანებითო. 2003 წელს, ერაყში ანგლოსაქსების კატასტროფული შეჭრის შემდეგ, პარიზი და ბერლინი ვაშინგტონს ძველებურად აღარ ენდობოდნენ - მათი აზრით, ამერიკა ომების მოთავე-დამწყებად გამოდის და „ძია სემს ძალიან აქვს თავი გადატვირთული ნეოკონსერვატიული იდეოლოგიით“.

2014 წელს ამერიკამ საჯაროდ დაუჭირა მხარი კიევის მაიდანზე გამოსულ აქციის მონაწილეებს, რომლებმაც პრორუსულად განწყობილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი დაამხეს. მოგვიანებით, როცა უკრაინამ ყირიმი და დონბასი დატოვა, ამერიკამ უკრაინის არმიის წვრთნა დაიწყო, ნატოს სტანდარტებით.

მაინც რატომ ზრუნავს ამერიკა ესოდენ მაღალი დონითა და ძალისხმევით უკრაინელთა დასახმარებლად - იმ ხალხისათვის, რომელთანაც ამერიკას არც გეოგრაფიული სიახლოვე აქვს, არც ისტორიული და არც სარწმუნოებრივი კავშირები? ნუთუ „დემოკრატიის დაცვა“ იდეოლოგიური საფუძვლებით უნდა ხდებოდეს?

ამერიკელები სიტყვა „დემოკრატიით“ ყოველთვის სარგებლობენ, ხშირად - გულწრფელად, მაგრამ ამ შემთხვევაში, ისტორიული სიმართლე იმით გამოიხატება, რომ მათთვის უფრო მეტად პრიორიტეტულია სახელმწიფოს ინტერესები განსაზღვრულ რეგიონებში და ამისთვის „დემოკრატია“ მიზნების შესანიღბადაა გამოყენებული. ამას მოწმობს აშშ-ის კონგრესის კვლევითი სამსახურის მიერ შემუშავებული დოკუმენტი, რომელიც ჟურნალმა Questions internationales-მა გამოაქვეყნა 2024 წლის აპრილ-მაისის ნომერში.

აი, რას წერს სამხედრო ანალიტიკოსი რონალდ ო’რურკი თავის სტატიაში -„თავდაცვის ელემენტარული ლოგიკა: გეოგრაფია, სტრატეგია და აშშ-ის ჯარების კონფიგურაცია“:

„უკანასკნელი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ამერიკელმა პოლიტიკოსებმა გადაწყვიტეს, თავიდან აიცილონ რეგიონული ჰეგემონიების გაჩენა ევროპასა და აზიაში. მართალია, აშშ აღარ არის ისეთი ჰიპერსახელმწიფო, როგორც ეს 1990-იან წლებში იყო, მაგრამ ის მაინც ყველაზე გავლენიან სახელმწიფოდ ითვლება, თავისი სამხედრო ბიუჯეტით, რომელიც დედამიწის სამხედრო ხარჯების 40%-ს უდრის, თავისი ვალუტით, რომელიც დედამიწის სავალუტო რეზერვების 60%-ის ტოლია და თავისი ხელშეკრულებებით მოკავშირეობისა და მეგობრობის შესახებ, რომლებიც დედამიწის 70 სახელმწიფოსთან აქვს დადებული. ამერიკას გადაწყვეტილი აქვს, არ დაკარგოს თავისი ადგილი პიედესტალის მწვერვალზე და როგორც შედეგი, ხელი შეუშალოს კონკურენტი იმპერიების ზრდა-განვითარებას.

პარიზი-ბერლინი-მოსკოვის ღერძი, რომლის კონცეფცია პირველად 2003 წელს გაჩნდა, ერაყში შეჭრის შედეგად, ამერიკელებისათვის სტრატეგიულ კოშმარს წარმოადგენდა. მათ ვლადიმერ პუტინს მადლობა უნდა უთხრან, რომ კრემლმა თავისი ავანტიურიზმით თუ დაუფიქრებლობით თვითონვე ჩაშალა ღერძის განმტკიცება და, საბოლოო ჯამში, თეთრ სახლს ბონუსი მისცა, ნატოში ფინეთისა და შვედეთის გაწევრებით.

ამერიკელებმა გადადგეს ნაბიჯები, რათა დაებლოკათ რუსეთის აღორძინება ისეთი იმპერიული სახით, როგორიც ის იყო პირველ მსოფლიო ომამდე და შემდეგ - საბჭოთა პერიოდში. ამერიკელებს არ სურდათ, რომ ევროპის კონტინენტზე რომელიმე სახელმწიფო კონკურენტის სახით ჰყოლოდათ და ამიტომ ყოველთვის ცდილობდნენ მის დასუსტებას, სხვადასხვა ინსტრუმენტით და საშუალებით. ვის უნდა შეესრულებინა რუსეთის შემაკავებლის როლი? ამ კითხვის პასუხი მშვენივრად არის გადმოცემული ზბიგნევ ბჟეზინსკის - ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯიმი კარტერის ადმინისტრაციის მრჩევლის - 1997 წელს გამოცემულ წიგნში „დიდი საჭადრაკო დაფა“: „უკრაინის გამოყვანა რუსეთის გავლენის სფეროდან ყოველთვის ხელს შეუშლის კრემლს თავისი იმპერიის აღდგენაში“.

წყარო