სანქციებს არღვევენ ის ქვეყნები, რომლებმაც ეს სანქციები შემოიღეს!
მეცნიერები აცხადებენ, - დღეს ხდება არალეგალური გლობალიზაცია მთელ მსოფლიოშიო. სად არის ამ დროს საქართველო? რა პროცესები ხდება ქვეყნის შიგნით?
დავიწყებ გლობალიზაციის განმარტებით. აკადემიური განმარტებით, "გლობალიზაცია" „ბაზრებისა და კომპანიების“ გაფართოების ტენდენციაა, რომელიც ცდება ეროვნულ საზღვრებს და მსოფლიო მასშტაბებს აღწევს. გლობალიზაციის კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ლაპარაკია რეგულაციის გარეშე კაპიტალისტური ბაზრის გაფართოების პროცესზე, რომლის დროსაც მესამე სამყაროს ქვეყნების დამოკიდებულება კიდევ უფრო იზრდება, შესაბამისად, მძიმდება განვითარებული ქვეყნების ყველაზე სუსტი სექტორის პირობები.
გლობალიზაციის დამცველთა არგუმენტები კი გლობალური ეკონომიკის ლიბერალიზაციისა და ეკონომიკაში სახელმწიფოთა ინტერვენციის აღკვეთის პრინციპებს ეფუძნება, რაც, მათი აზრით, მთელ მსოფლიოში ეკონომიკის განვითარების გარანტიას იძლევა. მეცნიერთა უმრავლესობა გლობალურ ეკონომიკურ სისტემას თამაშის უნიკალურ წესებთან აიგივებს, სადაც წარმოებასა და მოხმარებას გადამწყვეტი როლი აქვს...
ამ ნეოლიბერალიზმით ნაკარნახევ სისტემას მისი თეორეტიკოსები (ცივი ომის, 1989 წელს ბერლინის კედლის დაცემისა და 1991 წელს ე. წ. კომუნისტური ბლოკის გაუჩინარების შემდეგ) იმ სოციალური გარემოებებით ამართლებენ, რაც თავის დროზე ფატალური აბრევიატურით - TINA (სხვა ალტერნატივა არ არსებობს) - შერაცხეს. აღწერილ სიტუაციაში, კერძო ხასიათის ეკონომიკურმა ინტერესებმა ისეთი გავლენა შეიძინა, რომ ჩვენს დღევანდელობაში კანონები, მთავრობები და სახელმწიფოებიც კი დაჯაბნა...
ახალი გლობალური ეკონომიკა, არასტაბილური და - იმავდროულად არაპროგნოზირებადი, მთელ პლანეტაზე გაბატონდა. როდესაც, წლების წინ, იქით „ბრექსიტი“ მოხდა და აქეთ - ტრამპი პრეზიდენტი გახდა, სპეციალისტები დეგლობალიზაციაზე დაფიქრდნენ, თუმცა შემდგომ სულ სხვა პროცესები წავიდა, რადგან გლობალიზაციას აქვს თავისი ობიექტური ფესვები.
აქედან გამომდინარე, ყველაფერს გონიერება სჭირდება. უფრო სწორად, მინდოდა მეთქვა, რომ განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანას სწორი მმართველები სჭირდება. და, აი რას ვგულისხმობ?
მაგალითად, რუსეთ-უკრაინის ომმა განსაკუთრებით გამოავლინა არალეგალური გლობალიზაცია. ევროპამ და დასავლეთმა სანქციები დაუწესეს რუსეთს, მაგრამ ყველა ეს ქვეყანა (ამერიკაც, ბრიტანეთიც) ყიდულობს რუსულ ნავთობს, იყენებს რუსეთს, მაგრამ არა - პირდაპირი გზით. მაგალითად, ყიდულობს ლატვიიდან, ინდოეთიდან, გერმანიიდან ანუ - შუამავლებისგან, მაგრამ - რუსულ ნავთობს. ეკონომიკურ სანქციებს არღვევენ სწორედ ის ქვეყნები, რომელმაც ეს სანქციები შემოიღო.
ბევრმა დასავლურმა კომპანიამ რუსეთი დატოვა, ფორმალურად! სულ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა იელის უნივერსიტეტის კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ 550 დასავლური კომპანია კვლავ ფუნქციონირებს რუსეთში, დასავლეთი ისევ ჩამოკიდებულია რუსულ გაზსა და რუსულ ნავთობზე.
ხომ გახსოვთ, ირანული დრონები რომ ჩამოაგდეს უკრაინაში, აღმოჩნდა, რომ 82% შიგთავსის იყო ამერიკული წარმოების. მსგავსი არა ერთი ფაქტის დასახელება შეიძლება, რაც ნიშნავს, რომ რაც უნდა ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდეს გლობალიზაციას, ის თავის გზას მაინც პოულობს.
იმიტომ დაარქვეს სპეციალისტებმა თანამედროვე გლობალიზაციას არალეგალური გლობალიზაცია. დიახ, არალეგალური არხებით ყველგან ყველაფერი კეთდება, ხოლო ოფიციალური პირები სულ სხვა განცხადებებს აკეთებენ, სანქციებს აწესებენ...
ჩვენ არ ვართ პატარა ერი, როგორც ხშირად ვისმენთ ე. წ. ჟურნალისტების მიერ. ჩვენ ვართ მცირერიცხოვანი ქვეყანა და ეს მსოფლიო პროცესები უნდა გავითვალისწინოთ. გვჭირდება სწორი მენეჯმენტი, სწორი პოლიტიკოსები და მყარი პოზიციები!
გვჭირდება არა იზოლაცია, არამედ - მაქსიმალური და მყარი კავშირები ყველგან და ყველაფერში, ეკონომიკა იქნება, ვაჭრობა, კულტურის ამბავი, ვგულისხმობ სხვა კულტურათა შერწყმას, ჩვენი ეროვნულის შენარჩუნებას თუ სხვა...
ნებისმიერი გლობალიზაცია უნდა იყოს თავსებადი ეკონომიკურ უსაფრთხოებასთან. ამაზე რამდენად ზრუნავენ მსოფლიო ლიდერები, ანაც რამდენად ედარდებათ, არ ვიცი, მაგრამ ჩვენ გვჭირდება სწორი კავშირები, საკუთარი ინფორმაციის და პოზიციის დაცვა და არა - იზოლაცია.
ჩვენ ზუსტად უნდა ვიცოდეთ, არა თუ რას დავთმობთ ან მივცემთ ევროპას, არამედ ისიც, თუ რას მივიღებთ მისგან? როგორ შევინარჩუნებთ ეკონომიკურ უსაფრთხოებას? როგორ „დავიცავთ“ საკუთარ თავს, ეროვნულ უსაფრთხოებას, რომ არ წაგვლეკოს ამ პროცესებმა?! უნდა ვიცოდეთ და ყოველდღიური ანალიზი უნდა ხდებოდეს, რომ დიდ (მრავალრიცხოვან) სახელმწიფოებს მეტი ზეგავლენის მოხდენა შეუძლიათ შენზე. ჩვენ სისტემატურად უნდა ვმუშაობდეთ ამ საკითხზე, რათა ნაკლები ზარალი მივიღოთ მსოფლიო პროცესებიდან. არ უნდა ვიყოთ მხოლოდ ერთ ქვეყანაზე დამოკიდებული, თუნდაც ეკონომიკურად და ასე შემდეგ.
საქართველოში მიმდინარე პროცესებს რომ ვუყურებ, უბრალოდ, სწორი ინფორმაცია ვერ მიგვაქვს მეგობარ სახელმწიფოებთან, რას რატომ ვაკეთებთ. შინაურ მტერს (მხოლოდ იმით დაკავებულს, რომ როგორმე ძალაუფლება თავად ჰქონდეს და ყველაფერი ცუდად წარმოაჩინოს) შეუძლია, პირად კორუმპირებულ ევროპარლამენტარს შეაცვლევინოს რაღაც ან დაამცირებინოს ჩვენი ქვეყანა.
აღარ ვბრაზდები ასეთ ადამიანებზე, ხელისუფლებაზე ვბრაზობ, ასეთი პროცესები ხომ მათ იზოლირებას ავლენს მსოფლიო პროცესებისგან! ბრიყვული დაპირისპირებები და საერთაშორისო დონეზე ყოველგვარი სწორი პიარის არარსებობა ხელის გულზე დევს.
ისიც უნდა ითქვას, რომ რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად, სხვა, არა ერთი ომი მიდის მსოფლიოში. ნავთობის ომზე რომ არაფერი ვთქვათ, მიდის სასურსათო ომი და საინფორმაციო ომი. დღეს პიარის დახმარებით სიცრუეს ყიდი მარტივად. რადგან, მსოფლიოში დაწყებულია არა რეალობის გავრცელება, არამედ - აღქმების. ჩვენს ხელისუფლებას სჭირდება სწორი პიარი და მყარი პოზიციები მსოფლიო ბაზარზე.
ვერ იტყვი, რომ არ მოგწონს და არ გინდა გლობალიზაცია. ის, გვინდა თუ არა, მაინც მოხდება და როგორც ერთმა პროფესორ-ეკონომისტმა თქვა: გლობალიზაცია და მასთან დაკავშირებული სამართლიანი თუ არასამართლიანი პროცესები ჰგავს წყალდიდობას ან სეისმო-პროცესებს, რომელიც შენზე არ არის დამოკიდებული, ბუნებაში ის მაინც მოხდება და შენი არასწორი პოზიციების ან არასწორი ბრძოლების გამო, შესაძლოა, შენი კულტურაც, ტრადიციაც, ეკონომიკაც და სხვა, სრულად თუ არა, მნიშვნელოვნად წალეკოს.