"სიყვარულს ასაკი არა აქვს. როცა ძალიან მცირე ასაკში ოჯახდებიან, იდეალური შემთხვევაა, ჩემი აზრით. ტრადიციების კარნახით არ მიცხოვრია: საჭიროდ არ მივიჩნიე, რომ ე.წ. მეორე ნახევარი მყოლოდა" - კვირის პალიტრა

"სიყვარულს ასაკი არა აქვს. როცა ძალიან მცირე ასაკში ოჯახდებიან, იდეალური შემთხვევაა, ჩემი აზრით. ტრადიციების კარნახით არ მიცხოვრია: საჭიროდ არ მივიჩნიე, რომ ე.წ. მეორე ნახევარი მყოლოდა"

რას ფიქრობს ცნობილი ადვოკატი სიყვარულსა და ოჯახურ ურთიერთობებზე

ადვოკატი ლია მუხაშავრია, ჩვენი საზოგადოებისთვის, გახმაურებული საქმეებით და მწვავე, კრიტიკული გამოსვლებით არის ცნობილი. გადავწყვიტეთ, მასთან არც ადამიანთა უფლებებზე გვესაუბრა და არც პოლიტიკაზე - დღეს, ქალბატონი ლია სიყვარულსა და ოჯახურ ურთიერთობებზე გვიამბობს:

- მე ვფიქრობ, რომ სიყვარულს ასაკი არა აქვს. ამ თემაზე ბევრი წიგნი დაწერილა, ბევრი ფილმიც გადაუღიათ, მაგრამ ამ გრძნობის ბოლომდე ამოცნობა შეუძლებელია. სამწუხარო ისაა, რომ დაოჯახება ყოველთვის არ არის სიყვარულის თანმდევი. ჩემი აზრით, იდეალური შემთხვევაა, როცა ძალიან მცირე ასაკში ოჯახდებიან, ერთად აგრძელებენ ცხოვრებას, ერთად იზრდებიან და ყალიბდებიან - ეს ძალიან საინტერესო ამბავია. კარგია, როდესაც წყვილს უერთმანეთოდ ცხოვრება ვერ წარმოუდგენია, როცა ორი ადამიანი ერთ, მთლიან არსებად ყალიბდება და ზრდასრულობამდეც ერთად მიდის. ალბათ, თქვენც იცით მსგავსი შემთხვევები: როცა ერთი მათგანი გარდაიცვლება, მეორეც მალე მიჰყვება ხოლმე, რადგან ასეთ წყვილს უერთმანეთოდ ცხოვრება არ შეუძლია... ეს ძალიან დიდი სიკეთე და ბედნიერებაა, მაგრამ ყველას ასეთი ცხოვრება ხომ ვერ ექნება?

- გეთანხმებით, ეს იდეალური შემთხვევაა, მაგრამ ხშირად, ოჯახი იმიტომ იქმნება, რომ უკვე დროა, რომ ტრადიციები ამას მოითხოვს...

- სხვების ცხოვრებაში რა ხდება, ეს არასდროს მაინტერესებდა, მაგრამ მე ტრადიციების კარნახით არ მიცხოვრია: ყოველთვის იმას ვაკეთებდი, რაც ჩემთვის საინტერესო იყო. ჩემთვის პრიორიტეტი ყოველთვის იყო სწავლა, ჩემი პროფესია და კარიერა. სწავლასა და პროფესიულ საქმიანობაში წლები ისე გამიფრინდა, რომ მივხვდი - ოჯახის შექმნა ვერ მოვასწარი, უკვე დაგვიანებული იყო, სერიოზული პრობლემა იყო ისიც, რომ განათლებული და ჭკვიანი ქალები მამამაკაცებს ხშირად ვაფრთხობთ. არავის უნდა გვერდით მასზე ჭკვიანი და განათლებული ცოლი ჰყავდეს, მით უმეტეს თუ ამ ქალს დამოუკიდებლობის გამოცდილება აქვს და თავის ცხოვრებას საღი თვალი უყურებს. დამოუკიდებელმა, ჭკვიანმა ქალმა კარგად იცის, რომ შეიძლება მარტო იყოს, მაგრამ თავს ძალიან მშვიდად და კარგად გრძნობდეს. მეც ასე ვარ: მომწონს ჩემი ცხოვრება და არასდროს მიფიქრია მის შეცვლაზე, თუმცა, რამდენჯერმე მქონდა საშუალება, რომ შემეცვალა. ყოველთვის ვფიქრობდი: ღირს კი, რომ გავთხოვდე და ჩემი ცხოვრება ამ ადამიანთან ერთად გავატარო-მეთქი? ყოველ ჯერზე, იმ დასკვნამდე მივდიოდი, რომ ჩემი ცხოვრების ბატონ-პატრონი მე უნდა ვყოფილიყავი. ალბათ, დარწმუნებული არ ვიყავი, რომ ამ ადამიანებთან ურთიერთობა გამომივიდოდა და უპირატესობა იმას მივანიჭე, რომ ჩემი ცხოვრების გამგებელი მე ვიყო, რომ ყველა გადაწყვეტილება მე მივიღო. რატომღაც, საჭიროდ არ მივიჩნიე, რომ ე.წ. მეორე ნახევარი მყოლოდა.

- გჯერათ, რომ ყველას თავისი მეორე ნახევარი ჰყავს?

- ეს თეორია ჯერ კიდევ პლატონიდან მოდის, დღესაც ბევრს სჯერა და თუ ოჯახი არ შეუქმნია, თავის გულისსწორს დაეძებს. უმრავლესობას მართლაც აქვს არასრულფასოვნების განცდა და როცა "მეორე ნახევარს" პოულობს, ბედნიერია. გამოგიტყდებით: მე არ მიფიქრია, რომ ნახევარი ვარ და მეორე ნახევარი, მესამედი თუ მეოთხედი მაკლია. ამიტომაც მირჩევნია, მარტო ვიყო და ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი მე თვითონ გადავწყვიტო. არ ვიცი ეს სიძლიერის ნიშანია, სისუსტის თუ მთლიანობის გაცდაა, მაგრამ მგონია, რომ ცხოვრების სწორი წესი ავირჩიე და ამით კმაყოფილი ვარ.

- თქვენი დაკვირვებით, რა არის საჭირო იმისათვის, რომ ამ დაძაბულ ყოფაში ადამიანი მშვიდი და კმაყოფილი იყოს?

- მთავარია, სხვებს არ უყურო და სხვისი მიბაძვით არ იცხოვრო. შეიძლება ვიღაცის ცხოვრება მართლაც სანიმუშოა, მაგრამ სავალდებულო არ უნდა იყოს, რომ შენც გადაიღო და მას უნდა მიბაძო. ყველა ასე იქცევა და მეც იგივე უნდა გავაკეთო - ეს ძალიან ცუდი სტერეოტიპია. მე არა ვარ "ყველა", არც თქვენ ხართ და არც არავინ - ჩვენ, ყველანი, ინდივიდები ვართ, შესაბამისად - უნიკალურები და ერთმანეთისგან ძალიან განვსხვავდებით. ყველას ჩვენი ცხოვრება გვაქვს, რომელსაც ერთ ყალიბში და ერთ ჩარჩოში ვერ მოაქცევ.

სამყაროც იმით არის განუმეორებელი და საინტერესო, რომ მრავალფეროვანია. მიუხედავად ამისა, სტერეოტიპები მაინც არსებობს და ის ქორწინებასაც ეხება. ალბათ იმიტომ, რომ ადამიანებს ილუზიებით ცხოვრება მოსწონთ. სხვათა შორის, სწორედ ამ თვისებას ეფუძნება რეკლამის ფენომენი: ვიღაც რაღაცას გვთავაზობს და ჩვენც ვიჯერებთ. საზოგადოებაც მზა რეცეპტებს გვთავაზობს: სკოლის შემდეგ უმაღლესში უნდა ჩააბარო, მერე უნდა გათხოვდე და შვილები გააჩინო... გვკარნახობს, როდის როგორ უნდა მოვიქცეთ და რა უნდა გავაკეთოთ. ამ სტერეოტიპებს ადამიანების უმრავლესობა მისდევს და ემორჩილება. სხვათა შორის, ფსიქოლოგიაში არის მოსაზრება, რომ ადამიანები ცხოვრებაში ხშირად თამაშობენ, ერთ-ერთი ასეთი თამაშია "ოჯახობანა", რომელსაც ადრეული ასაკიდან იწყებენ და მერეც აგრძელებენ. რეალური ცხოვრება გაცილებით რთული და მძიმეა, ვიდრე ბავშვობის ილუზიები, მაგრამ ეს მათი არჩევანია - მათ თამაშით ცხოვრება აირჩიეს. თუმცა, ძალიან მიხარია, როცა მოსიყვარულე და კარგ ოჯახს ვხედავ. მაგალითად: ჩემი ქალიშვილის და ჩემი სიძის ურთიერთობას რომ ვაკვირდები, ძალიან ბედნიერი ვარ: ისინი ყველა პრობლემას ერთად წყვეტენ და საოჯახო საქმესაც თანაბრად ინაწილებენ. ეს ამ თაობის დიდი უპირატესობაა - მათთვის "ქალის საქმე" და "კაცის საქმე" არ არსებობს, თანამედროვე ოჯახებში მეუღლეები ერთმანეთს ყველაფერში ეხმარებიან და მე, როგორც სხვა თაობის წარმომადგენელი, ამას დიდი სიამოვნებით აღვნიშნავ.

- ქალბატონო ლია, რას ფიქრობთ სტერეოტიპზე, რომ ოჯახის შექმნის გარეშე შვილის ყოლა მიუღებელია?

- იცით, შეიძლება ადამიანს არ ჰყავდეს შვილი, მაგრამ აიყვანოს და გაზარდოს. მე ეს გზა ავირჩიე და უკვე ორი არაჩვეულებრივი შვილიშვილი მყავს, მაგრამ განსაკუთრებულ პატივს ვცემ მარტოხელა დედებს, რომლებმაც გაბედეს, საზოგადოებრივ აზრს დაუპირისპირდნენ და შვილი გააჩინეს. ისინი მართლაც არიან პატივისცემის და აღტაცების ღირსნი. ქალს შეიძლება ქმარი არ ჰყავდეს, მაგრამ დედობრივი სიყვარული უნდა გამოსცადოს. რა გზით და როგორ, ეს მისი გადასაწყვეტია. ამ გრძნობის გარეშე სხვა ყველაფერი ხუნდება - კარიერა, ფინანსური კეთილდღეობა, გარშემომყოფთა პატივისცემა - დედობრივ სიყვარულს ვერაფერი შეედრება. მე რამდენიმე ახლობელი მყავს, რომელმაც ბავშვი გააჩინა და მათ სიხარულს რომ ვხედავ, მეც ბედნიერი და კმაყოფილი ვარ. ხომ ვხედავთ რა მდგომარეობაში ვართ? როგორი დემოგრაფიული ფონია ჩვენს ქვეყანაში, მამაკაცების დიდი ნაწილი ან ნარკომანია, ან ალკოჰოლიკია, ან დეპრესიაშია და ამ მდგომარეობიდან ვერ გამოდის... ასეთ კაცთან სრულყოფილ ოჯახს ვერ შექმნი, ამიტომ ჯობია, გააჩინოს და თვითონ გაზარდოს.

- თუმცა, შეიძლება ბიოლოგიურმა შვილმაც არ გაუმართლოს ადამიანს...

- გეთანხმებით, და ამის მაგალითები ყველას გვინახავს. ამიტომ არ მიკვირს იმ ადამიანებისა, რომლებიც თავიანთ ოთხფეხა მეგობრებზე - კატებზე, ან ძაღლებზე გიჟდებიან. ისეთმა ცნობილმა პიროვნებამ, როგორიც ალენ დელონია, თქვა: მე ექვსი ძაღლი მყავდა და რომ მოვკვდები, ჩემს ძაღლებთან დამასაფლავეთო. იმის გამო, რომ მის ოჯახში დიდი სკანდალია, მისი ქონების გამო, მემკვიდრეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და ამას რომ ამბობდა, ალბათ, თავს მართლა უბედურად გრძნობდა. წარმოიდგინეთ არსება, რომელსაც ყველაზე მეტად შენ უყვარხარ, არ გიორგულებს, არ გაგყიდის და არ გიღალატებს - ცხოველები სწორედ ასეთები არიან. მერე, როცა შენი ცხოვრებისეული გამოცდილებით ადარებ, ხვდები, რომ ის ბევრ ადამიანზე უკეთესად გექცევა და თანდათან, ოჯახის წევრი ხდება. ჩვენს დროში, მატერიალიზმი უკიდურესობამდე მივიდა და ადამიანებს ერთმანეთთან ურთიერთობისთვის დრო აღარ რჩებათ. ამ დროს, შენს ცხოვრებაში შეიძლება გამოჩნდეს ოთხფეხა მეგობარი, რომელიც მთელი დღე გელოდება და რომ დაგინახავს, სიხარულისგან არ იცის რა ქნას. როცა მთელი დღე "ომში" ხარ, ბრძოლასა და ჭიდილში ხარ და ამ დროს, შინ გხვდება არსება, რომელსაც ყველანაირი უყვარხარ: გაბრაზებულიც და იმედგაცრუებულიც, ნაწყენიც და გახარებულიც, ის შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. ამიტომ, მე არ ვფიქრობ, რომ ქალისთვის სიმშვიდე და ბედნიერება მხოლოდ "მეორე ნახევარს" მოაქვს, სულიერი სიმშვიდის და ჰარმონიის მისაღწევად, ბევრი გზა არსებობს.

ხათუნა ჩიგოგიძე (სპეციალურად საიტისთვის)