"პირადად მე, რასაც ვნანობ, ისაა, რომ..." - რას ჰყვება ლევან ყოჩიაშვილი შვილზე, რომელმაც სკოლა დაამთავრა - კვირის პალიტრა

"პირადად მე, რასაც ვნანობ, ისაა, რომ..." - რას ჰყვება ლევან ყოჩიაშვილი შვილზე, რომელმაც სკოლა დაამთავრა

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან, რომელიც დაიბეჭდა ჟურნალში "გზა":

ლევან ყოჩიაშვილი:

- დრო ძალიან სწრაფად გავიდა. შვილს უყურებ და გგონია, გუშინ გაჩნდა, ახლა კი ამხელა კაცია... მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება. კარგი ბიჭია, წარმატებას ვუსურვებ. მინდა ყველაფერი კარგად ჰქონდეს. ვეუბნები, რომ ბევრი უნდა იშრომოს, ისწავლოს, იმეცადინოს, ცხოვრებას რომ მერე გემო ჩაატანოს. წლებმა უცბად გაირბინა და მშობელიც აცნობიერებ, რომ ასაკი მოგემატა (იცინის). შერეული განცდები მეუფლება... სხვათა შორის, არ ვიცოდი, ჩემი ვაჟი თუ ასეთი თამამი იყო. "ბოლო ზარისთვის" რეპეტიციებს გადიოდა. მერე მითხრა, - ღონისძიების წამყვანი ვარო. ჩემთვის ეს აღმოჩენა იყო. თურმე, ეს სითამამე ჰქონია, რომ წამყვანი ყოფილიყო...

- მისი "ბოლო ზარის" ღონისძიებას დაესწარით?

- არა, ვერ მოვახერხე, მაგრამ უფროსმა შვილმა - კესუნამ ვიდეო გამომიგზავნა. სასიამოვნო სანახავი იყო, როგორ ემშვიდობებიან სკოლას და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიან...

- თქვენს "ბოლო ზარზე" რას გვეტყვით?

- მაშინ ასეთი ხალისი არ იყო. სკოლა 90-იან წლებში დავამთავრე... ახლანდელი ბავშვები უფრო ლაღები არიან და ღმერთმა სულ ასე ამყოფოს ამ ქვეყანაში. ჩვენს ბავშვობაში ხვალინდელ დღესთან დაკავშირებული გაურკვევლობა სუფევდა. არც ამდენი სასწავლებელი იყო (სწავლის ხარისხიანი დონით), რამდენიც ახლაა. მართლა ბევრი საშუალებაა უკვე, მოზარდმა რომ დასახულ მიზანს მიაღწიოს.

- თქვენმა ვაჟმა უკვე გადაწყვიტა, სწავლას სად გააგრძელებს?

- მეთორმეტე კლასში რომ გადავიდა, ბიზნესის ადმინისტრირების სწავლა გადაწყვიტა. ამისთვის ემზადებოდა. უნდა, "ჯიპაში" ან ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ჩააბაროს.

- პროფესია დამოუკიდებლად აირჩია?

- ჩემი უფროსი შვილი - კესო წიგნიერი, სწავლული ადამიანია. სკოლაც წარმატებით დაამთავრა და უნივერსიტეტიც. ძალიან მშრომელია. მისი სახით, ჩემს ვაჟს კარგი მაგალითი ჰყავდა. რჩევებსაც იღებდა... ასე რომ, ერთად გადაწყვიტეს.

- მსახიობის პროფესიის არჩევა არც განუხილავს?

- როცა პატარა იყო, ვასიკომ "ჩემი ცოლის დაქალების" რამდენიმე სერიაში ითამაშა. თუ გახსოვთ, ტასუნა მაწანწალა ძაღლებისთვის მოწყალებას რომ ითხოვს, ბავშვები ფულს აგროვებენ... ვასიკო ტასუნას კლასელის როლს თამაშობდა... ცოტა ხნის მერე, ჩემი შვილი სერიალში კიდევ დასჭირდათ, მაგრამ უკვე გაზრდილმა ვასიკომ მონაწილეობაზე უარი მითხრა - აღარ მოუნდა... მას კი არა, ქეთას და გიოსაც არ აურჩევიათ მსახიობის პროფესია, რომლებიც ლამის დაბადებიდან პოპულარულები არიან, სერიალში თამაშობენ (იცინის). მათაც მინდა წარმატება ვუსურვო: ეს ბავშვები ძალიან მიყვარს, რადგან ჩვენს ხელში გაიზარდნენ... საბოლოოდ, სასიამოვნო განცდა მაქვს. ჩემი შვილის მჯერა. სულ ვეუბნები, რომ ახლა მის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი წლებია, რომ მომავალი განსაზღვროს. პირადად მე, რასაც ვნანობ, ისაა, რომ მშობლებისთვის უფრო მეტად უნდა დამეჯერებინა, მეტი მესწავლა, რადგან მერე ამის დრო აღარაა...

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი "გზა"