სომხეთის არმიის გადაიარაღების დაწყება ნატოს სტანდარტის შეიარაღებაზე ძალზე ანერვიულებს ორ ქვეყანას - ფრანგულ "ცეზარებს" სომხურ კამუფლირებულ ფერებში გადაღებავენ... - კვირის პალიტრა

სომხეთის არმიის გადაიარაღების დაწყება ნატოს სტანდარტის შეიარაღებაზე ძალზე ანერვიულებს ორ ქვეყანას - ფრანგულ "ცეზარებს" სომხურ კამუფლირებულ ფერებში გადაღებავენ...

პარიზში გამართულ საერთაშორისო სამხედრო გამოფენაზე - Eurosatory 2024-ზე გავრცელდა ფოტოსურათი, რომელზეც სომხეთის თავდაცვის მინისტრს ხელში ფრანგული თვითმავალი საარტილერიო დანადგარის, „ცეზარის“ მასშტაბური მაკეტი უკავია ხელში და იღიმის...

ყველა კითხვას გაეცა პასუხი - სომხეთმა საფრანგეთთან გააფორმა ხელშეკრულება 155 მმ კალიბრის თვითმავალი საარტილერიო დანადგარების - CAESAR-ების შეძენაზე...

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ჩვენი მეზობელი სომხეთის რესპუბლიკა ბოლოხანს საფრანგეთიდან ყიდულობს სამხედრო დანიშნულების პროდუქციას - აქამდე ერევანს მიეწოდა ფრანგული წარმოების 24 ერთეული ჯავშანმანქანა „ბასტიონი“, საქართველოს ტერიტორიის გავლით (სულ კონტრაქტი 50 „ბასტიონის“ ჩატანას ითვალისწინებს სომხეთში), ასევე, სომხეთი მიიღებს GM200-ის ტიპის სამ მობილურ რადიოლოკატორს და გადასატან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს Mistral 3-ებსაც

(ინფორმაციისთვის - რამდენიმე წლის წინ, ქართულმა არმიამაც შეიძინა საფრანგეთისგან GM200-ის ტიპის მობილური რადიოლოკატორები და გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები - Mistral-ები).

განსხვავებით რადიოლოკატორებისგან და ახლო მანძილზე მოქმედი საზენიტო „მისტრალებისგან“, ფრანგული საარტილერიო „ცეზარები“ შემტევი შეიარაღების კლასს განეკუთვნებიან - 155 მმ კალიბრის ჭურვებს 46-55 კმ მაქსიმალურ (დამოკიდებულია საარტილერიო ჭურვის ტიპზე) მანძილზე ისვრის.

2-cez-1718802756.jpg
სომხეთის თავდაცვის მინისტრი სურენ პაპიკიანი და საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი სებასტიენ ლეკორნიუ „ცეზარის“ მასშტაბური მოდელის გადაცემისას...

ფრანგულმა „ცეზარებმა“ უკრაინის ფრონტზე დაამტკიცეს თავისი მაღალი საბრძოლო შესაძლებლობები - საარტილერიო ჭურვების ზუსტი სროლა და საცეცხლე პოზიციის ოპერატიულად შეცვლა, რითაც დიდი თავსატეხი გაუჩინეს რუსეთის საოკუპაციო ძალებს.

ფრანგული „ცეზარების“ გამოჩენა სომეხი არტილერისტების განკარგულებაში მნიშვნელოვნად გააძლიერებს მთლიანად სომხეთის არმიის საბრძოლო შესაძლებლობებს, თუმცა ეს მის არსენალში ნატოს სტანდარტის პირველი 155 მმ-კალიბრიანი საარტილერიო სისტემა არ იქნება...

საქმე ის არის, რომ სომხეთის არმიის საარტილერიო დივიზიონებში უკვე გამოჩნდა ინდოეთის წარმოების ATAGS ტიპის ბუქსირებადი და MArG 155 ტიპის თვითმავალი 155 მმ-კალიბრიანი საარტილერიო დანადგარები.

სომხეთის არმიის გადაიარაღების დაწყება ნატოს სტანდარტის შეიარაღებაზე ძალზე ანერვიულებს ორ ქვეყანას - აზერბაიჯანსა და რუსეთს.

3-ceza-1718802629.jpg

სომხეთის არმიამ ინდოეთიდან უკვე შეიძინა MArG 155 ტიპის თვითმავალი 155 მმ-კალიბრიანი საარტილერიო დანადგარები, თუმცა ფრანგული CAESAR-ები ბევრად უფრო მრისხანედ გამოიყურებიან...

გასაგებია, რომ აზერბაიჯანი, რომელმაც სამი ათეული წლის შემდეგ შეძლო თავისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ასე მალე ვერ დაივიწყებს ათწლეულების განმავლობაში სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირებას მეზობელ სომხეთთან და დიდი ეჭვის თვალით დააკვირდება სომხეთის არმიის შემდგომ გაძლიერებას.

რუსეთი კი, რომელიც სომხეთს თავის მთავარ პლაცდარმად თვლიდა სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ძალზე ავადმყოფურად აღიქვამს დღევანდელი ერევნის სწრაფი ტემპებით დაახლოებას ნატოს წევრ იმ საფრანგეთთან, რომელიც მნიშვნელოვან სამხედრო დახმარებას უწევს რუსეთის მოწინააღმდეგე უკრაინას.

ამ შემთხვევაში, ოფიციალური ბაქოსა და მოსკოვის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა - არც ერთ მათგანს არ სურს ყარაბაღის ბოლო ომში დამარცხებული სომხეთის არმიის გაძლიერება, მით უმეტეს - ნატოს წევრი ქვეყნების დახმარებით...