პოლიტიკური "კროსვორდი": ვინ ვისთან, როგორ, როდის და რატომ?! - რა ხდება ოპოზიციაში - კვირის პალიტრა

პოლიტიკური "კროსვორდი": ვინ ვისთან, როგორ, როდის და რატომ?! - რა ხდება ოპოზიციაში

რამდენად ლოგიკურია არჩევნებში ერთიანი ოპოზიციური სიის ინიციატივა, პოტენციურად ვინ შეძლებს კოალიციაზე შეთანხმებას და საერთოდ, დადგება თუ არა ამის საჭიროება, ამ საკითხებზე ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძეს ვესაუბრებით.

- ერთიან სიაზე ლაპარაკის მთავარი მოტივატორი სააკაშვილია, რომელიც ყოვე­ლდღე თუ არა, დღეგამოშვებით მაინც ამას ამბობს, რადგან "ნაცმოძრაობას" ასეთი­ დიდი გაერთიანება აწყობს. თუმცა ეს უპირველესად "ქართული ოცნები­სთვის" იქნება მომგებიანი. ჩემი აზრით, არ არის საჭირო დიდი გაერთიანება.­ ყველამ ვიცით, რომ ელ­ე­ქ­ტორატი სამ ძირითად ჯგუფად­ არის გაყოფილი - "ქართული ოცნების" მომხრეები, "ნაცმოძრაობის" მომხრეები და ისინი, ვისაც არც ერთი უნდა და არც მეორე. შესაბამისად, როგორც კი ხდება ორად გაყოფა, მესამე ნაწილი, რომელიც "ოცნება­ზეა" გულაცრუებული, არ წავა "ნაცმოძრა­ობასთან". ასეთი­ ცხადი არჩევანი არც ერთი არჩევნების დროს არ მახსენდება. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ისევ და ისევ იმ ზღვარზე ვართ, როდესაც­ ვამბობთ, ოღონდ ესენი არა და ვინც გინდა იყოსო, ახლა ეს "ვინც გინდა" ასე ცალსახად ჩამოყალიბებული არ არის, ანუ ამ "ვინც გინდაში"­ მაინცდა­მაინც "ნაცმო­ძ­რაობა" არ მოიაზრება ამომრჩევე­ლთა დიდი ნაწილისთვის. ამიტომ პირველი რიგის ამოცანაა, თუ როგორ დაჯგუფდება პოლიტიკური სპექტრი, რათა ამომრჩევლისთვის გახდეს ნათელი, ვინ ვინ არის, ვინ ვისთან არის, როგორ არის და ამის შემდეგ დაიწყოს საუბარი ხედვებზე. არის ზოგადი საუბრები, ქარტიაშიც ასახა­ პრეზიდენტმა, რა უნდა გაკეთდეს, მაგრამ ოცდაათი წელია, ვამბობთ, რომ სასამართლო სისტემის რეფორმაა საჭირო და ეს ვერასოდეს მოვახერხეთ; მედიის დამო­უკიდებლობაში თითქოს რაღაცას მივაღწიეთ, მაგრამ ადამიანის ძირითადი უფლებები ისევ აქილევსის ქუსლად რჩება, ისევე, როგორც ინსტიტუციური გამიჯვნები, სადაც ყველაფერი ერთმანეთშია არეული.

მე ერთიანი სიის არგუმენტები, გარდა იმისა, რომ აბა, სხვას ხმას ვის მისცემენ, თუ ერთიანი სია იქნება, არ მომისმენია. არადა, ამაზე პას­უხი ნათელია, არავის არ მისცემენ და ეს იქნება. არ წავლენ არჩევნებზე,­ ან თუ წავლენ, ისევ "ქართულ ოცნებას" მისცემენ, როგორც წინა გამოცდილება გვიჩვენებს. როგორც კი "ქართული ოცნება" და "ნაცმოძრაობა" რჩებიან ერთი ერთზე, "ოცნება" იგებს. დღეს ოპოზიციური ამომრჩეველი 60-70%-ს შეადგენს და ამოცანა მარტივია - ეს პროცენტი სუფთად უნდა აითვისოს ოპოზიციამ, ერთიანი სია კი ამ 70%-ს ვერ აითვისებს. ძირითადი დაჯგუფებების გარდა, არჩევნებში უამრავი პარტია მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც ბარიერს ვერ გადალახავენ, მაგრამ ჯამში რაღაც პროცენტი ხომ დაგროვდება? "ოცნება" კი ამ მიმართულებით იმუშავებს, რადგან აწყობს, რაც შეიძლება დიდი პროცენტი დარჩეს­ ბარიერს მიღმა, რათა ეს ხმები თავად წაიღოს, საარჩევნო სისტემიდან გამომდინარე.

- "ოცნების" ინტერესი გასაგებია, მაგრამ სააკაშვილსა და "ნაცმოძრაობას", როდესაც მუდმივად ერთიან სიაზე ლაპარაკობენ, რა უნდათ? ამით გამარჯვებას ხომ ვერ მიაღწევენ?

- კი ბატონო, ვერ გაიმარჯვებს ოპოზიცია, სამაგიეროდ, სააკაშვილი ამბობს, ერთიან სიაში 50%-ს ჩვენ წავიღებთ და 50%-ს დანარჩენიო. სპექტრს გადაავლეთ თვალი და ნახავთ, რომ ასეთ შემთხვევაში "ნაცმოძრაობას" გარანტირებული აქვს პრემიერის თანამდებობა.

- ანუ ფიქრობთ, რომ სააკაშვილს ისევ ხელისუფლების ხელში ჩაგდება უნდა?

- რა თქმა უნდა. კი ამბობენ, ჩვენ უარს ვიტყვით პრემიერის თანამდებობაზეო, მაგრამ ეს თამაშია. "ნაცმოძრაობა" კი დაიშალა, მაგრამ დაშლილმაც კი, ვინც სააკაშვილს აუმხედრდა, ვერ გაბედა ეთქვა, რომ ის ცხრა წელი ქვეყანაში ავტორიტარული მმართველობა იყო. ეს ვერ აღიარა არათუ "ნაცმოძრაობამ", არამედ მათმა განაყოფმა პარტიებმაც კი. მუდმივად იმას ამბობენ, ჩვენ რაღაც პლუსები გვქონდაო, კი, ასეც იყო, მაგრამ იმხელა უარყოფითი შლეიფი ჰქონდათ, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის "ნაცმოძრაობა" კატეგორიულად მიუღებელია. ამიტომ, რომ გითხრათ, მე "ნაცმოძრაობის" რაიმე ნათქვამის მჯერა-მეთქი, ტყუილი იქნება, რადგან რეალურ ცვლილებებს ვერ ვხედავ. "ოცნებას" რომ საყვედურობენ, ივანიშვილი იღებს გადაწყვეტილებას ყველაფერზეო, "ნაცმოძრაობაც" ასე არ არის, სააკაშვილი არ იღებს ყველაფერზე გადაწყვეტილებას? ერთი საავადმყოფოშია ჩაკეტილი, მეორე - თავის სახლში და ისე იძლევიან დირექტივებს. ეს ორი პარტია ერთი მედლის ორი მხარე კი არა, ერთი მედლის ერთი მხარეა.

- "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარის ჩანაცვლება რამეს შეცვლის?

- ვერაფერსაც ვერ შეცვლის. ხაბეიშვილი გარდამავალი თავმჯდომარე იყო, ახლა "ნაცმოძრაობა" ცდილობს ფასადი შეცვალოს. ხაბეიშვილი თავად "ნაცმოძრაობის"­ დიდი ნაწილისთვისაც მიუღებელი იყო, თავად პარტიის ელიტას ვგულისხმობ და არა ამომრჩეველს. ბოკუჩავა რესპექტაბელური და "ნაცმოძრაობის" ელიტისთვის მისაღე­ბია, მაგრამ რეალურად ვერაფერს შეცვლის. ის ისევე იქნება დამოკიდებული სააკაშვილსა და კეზერაშვილზე, როგორც ხაბეიშვილი იყო. უბრალოდ, უფრო განათლებულია, შეუძლია პარტნიორებთან ურთიერთობა და ის უარყოფითი შლეიფი, რის გამოც ხაბეიშვილს იწუნებდა "ნაცმო­ძრაობის" ელიტა, არა აქვს. გარდა ამისა, ეს, ალბათ, გარკვეული ტაქტიკაა, რომ იქნებ მოხერხდეს ოპოზიციის "ნაცმოძრაობის" გარშემო გაერთიანება. ხაბეიშვილი "ახლებისთვის" და დეკანოიძე-გოცირიძისთვის, ასევე ჯაფარიძე-ხოშტარიასთვის მიუღებელი იყო, ამ შემთხვევაში ეს პრობლემა იხსნება.­ ესენი შეიძლება გაერთიანდნენ, თუ ძველი "ნაცმოძრაობა" აღდგება­ და მე ამას "ევროპულ საქართველოსაც" დავუმატებდი, ეს იქნებოდა ერთ-ერთი კარგი გუნდი და ამ შემთხვევაში ამომრჩეველს არ დაკარგავს. თუ ერთიანად არა, ორ გუნდად მაინც უნდა გამოვიდნენ - კონკრეტულად "ნაცმოძრაობა" და "ახლების" ირგვლივ დაჯგუფება.

წაიკითხე ვრცლად