გამოჩნდება თუ არა კიმ ჩენ ინის არმია უკრაინის ფრონტზე?! - პუტინისა და კიმის "ძმობის წიგნი", რომელიც დასავლეთს დიდ საფრთხეს უქმნის - კვირის პალიტრა

გამოჩნდება თუ არა კიმ ჩენ ინის არმია უკრაინის ფრონტზე?! - პუტინისა და კიმის "ძმობის წიგნი", რომელიც დასავლეთს დიდ საფრთხეს უქმნის

მსოფლიოში ყველაზე მეტად დასანქცირებულმა რუსეთის ფედერაციამ და ჩრდილოეთ კორეის სახალხო-დემოკრატიულმა რესპუბლიკამ სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება დადეს, რამაც ძალიან ბევრი რამ შეიძლება შეცვალოს, უახლოეს მომავალში...

ფხენიანში ოფიციალური ვიზიტით ჩასულმა რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც ამ ორ ქვეყანას შორის მჭიდრო სამხედრო-პოლიტიკური და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის დაწყებას ითვალისწინებს.

1-kim-1718862290.png
პუტინი და კიმ ჩენ ინი რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის მჭიდრო სამხედრო-პოლიტიკურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ...

მართალია, ჩრდილოეთ კორეამ აქამდეც მიაწოდა რუსეთს მილიონზე მეტი საარტილერიო ჭურვი და ათეულობით ბალისტიკური რაკეტა, მაგრამ ეს დიდი ხელშეკრულება ითვალისწინებს „დაუყოვნებლივი სამხედრო და სხვა სახის დახმარების აღმოჩენას, თუკი რომელიმე მათგანზე აგრესია განხორციელდა“!

თუკი ჩრდილოეთ კორეა აქამდეც აწვდიდა რუსეთს საბრძოლო საჭურველს, ახალი ხელშეკრულება უშვებს უკვე... ცოცხალი ძალით დახმარებასაც?!

კრემლი, რომელიც ისედაც გაჰყვირის - უკრაინელების მიერ ამერიკული რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე საპასუხო დარტყმები ნიშნავს ნატოს თავდასხმას მთლიანად რუსეთზე - ხვალ ხომ არ სთხოვს ფხენიანს ჩრდილოკორეელი მებრძოლებით დაკომპლექტებული ბრიგადების გაგზავნას უკრაინის ფრონტზე?

2-kim-1718862401.png
ჩრდილოკორეული საარტილერიო ჭურვებისა და ბალისტიკური რაკეტების შემდეგ, გამოჩნდებიან თუ არა ჩრდილოკორეელი მებრძოლებიც უკრაინის ფრონტზე?

ყველაფერი შეიძლება, მით უმეტეს, რომ რუსეთი ისედაც ცდილობს უცხოელი დაქირავებულების მიზიდვას უკრაინასთან საბრძოლველად და, ამის ფონზე, კარგად გაწვრთნილი და შეიარაღებული ჩრდილოეთკორეელი სამხედროების დახმარება პუტინის ოკუპანტ არმიას, რომელიც უკრაინასთან ომის ჭაობში მესამე წელია, „ფართხალებს“, სულზე მიუსწრებს...

ფაქტია, რომ იკვრება ერთგვარი „ღერძი“, ისეთივე, როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს ჰქონდა ფაშისტურ გერმანიას „გავლებული“, მუსოლინის იტალიასთან და იაპონიასთან.

ამჯერად პუტინი ამ „ღერძს“ ავლებს ბელარუსთან, ჩრდილოეთ კორეასთან, ირანთან და სირიასთან, რომელსაც ვენესუელაც შეუერთდება.

ჩინეთი თავს იკავებს, ღიად აღმოუჩინოს სამხედრო დახმარება, თუმცა ამასთან ხელს არ უშლის ჩინურ კომპანიებს, რუსეთს მიჰყიდონ ორმაგი დანიშნულების პროდუქცია, რომელსაც რუსეთი შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების დასამზადებლად იყენებს.

ვინ უფრო ძლიერი გამოვა - 32-ქვეყნიანი ჩრდილოატლანტიკური ალიანსი თუ რუსეთის გარშემო შემოკრებილი 4-ქვეყნიანი „ღერძი“?

ერთი შეხედვით, ნატოში გაწევრებულია მსოფლიოს თითქმის ყველა წამყვანი სახელმწიფო, მძლავრი ეკონომიკითა და ძლიერი სამხედრო პოტენციალით, მეორე მხარეს კი მსოფლიოში ყველაზე დასანქცირებული ხუთი ქვეყანაა, რომელთა ეკონომიკა სერიოზულ პრობლემებს განიცდის და მიუხედავად ამისა...

დღეს უკრაინის ფრონტს რაც შეიძლება მეტი შეიარაღება, სახარჯი საბრძოლო მასალა და მებრძოლები სჭირდება, როგორც ერთი, ისე - მეორე მხრიდან.

მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო და ეკონომიკური პოტენციალი ბევრად უფრო შთამბეჭდავად გამოიყურება, ეს უპირატესობა ნაკლებად აისახება ფრონტზე უკრაინის არმიის დახმარებაში, რადგან ეს დახმარება ან არასრულყოფილია, ან იგვიანებს, ან კიდევ - თან მოჰყვება აკრძალვა -რუსულ სამხედრო ობიექტებს რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში არ ესროლოო...

მეორე მხარეს - რუსეთის საოკუპაციო ძალებს კი არავითარი ამგვარი შეზღუდვა არ აქვთ, სიტემატურად და დაუნდობლად ბომბავენ უკრაინის ქალაქებს და გამუდმებით უტევენ ფრონტის ხაზის ხუთ-ექვს მონაკვეთს.

მართალია, პუტინის არმია კვლავ ფლობს საბრძოლო ინიციატივას, მაგრამ მისი წინსვლა ფრონტზე მინიმალურია, მაქსიმალური საბრძოლო დანაკარგების ფონზე.

ასეთ დროს პუტინს ჰაერივით სჭირდება, როგორც ჩრდილოკორეული, მართალია, ხშირად უხარისხო, მაგრამ უკვე გამზადებული და იაფი საარტილერიო ჭურვები და რაკეტები, ისევე - ცოცხალი ძალით დახმარება - პატიმრებით, რუსული სოფლებიდან ძალით წაყვანილებით ან 200 ათას რუბლზე დახარბებულებით დაკომპლექტებული რუსეთის საოკუპაციო არმია წინ დიდად ვერ მიიწევს.

კიმ ჩენ ინის განკარგულებაშია მილიონზე მეტი რიცხოვნების რეგულარული არმია და შეუძლია 4 მლნ რეზერვისტის მობილიზებაც. სამხედრო დისციპლინა კიმის არმიაში მაღალ დონეზეა, ისინი თავისი ლიდერის მზეს ფიცულობენ და ერთი სიტყვა ეყოფათ მისთვის თავის გასაწირად.

თუკი კიმ ჩენ ინმა შეიარაღებისა და საბრძოლო საჭურვლის (რომელსაც ათწლეულების განმავლობაში აგროვებდნენ მისი პაპა და მამა) გარდა, პუტინს ჩრდილოკორეელი მებრძოლებით დაკომპლექტებული საბრძოლო დანაყოფებით გაუგზავნა პუტინს უკრაინის ფრონტზე დასახმარებლად, ეს ძალიან ბევრ რამეს შეცვლის...

მართალია, ჩრდილოეთ კორეის არმიას 70 წელზე მეტია, არ უომია და რეალური საბრძოლო გამოცდილება არ აქვს,მაგრამ ფანატიკური დამორჩილებით გამოირჩევა თავისი ლიდერის მიმართ და მის ყველა ბრძანებას შეასრულებს.