"ამხანაგი კიმ ჩენ ინი ამხანაგ პუტინს საძინებელში მიაცილებდა და მასთან გულისხმიერად საუბრობდა“ - როგორ აშუქებს ჩრდ. კორეის მედია ორი ლიდერის შეხვედრას - კვირის პალიტრა

"ამხანაგი კიმ ჩენ ინი ამხანაგ პუტინს საძინებელში მიაცილებდა და მასთან გულისხმიერად საუბრობდა“ - როგორ აშუქებს ჩრდ. კორეის მედია ორი ლიდერის შეხვედრას

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის - „ბიბისის“ რუსულენოვანი სამსახურის (BBC russian) ვებგვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - „გარიყულთა შეხვედრა“: რით დასრულდა ვლადიმერ პუტინის ვიზიტი ჩრდილოეთ კორეაში და რას ფიქრობს ამის შესახებ ჩინეთი“, რომელშიც გაანალიზებულია რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრის შედეგები თავის ჩრდილოკორეელ კოლეგასთან.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ვლადიმერ პუტინის ვიზიტით კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკაში (კსდრ, ჩრდილოეთ კორეა) გამოიხატა რუსეთის ის უპრეცედენტო დაახლოება აზიურ დიქტატურასთან, რომლის გარიყულობის სტატუსი რამდენიმე წლის წინათ თვით კრემლმაც დაადასტურა, როცა კომუნისტურ კორეას სანქციები გამოუცხადა.

ფხენიანში ვლადიმერ პუტინს და უზენაეს ლიდერს - კიმ ჩენ ინს „გრძნობიერი შეხვედრა ჰქონდათ, მათ ერთმანეთს თავიანთი ფიქრები გაუზიარეს, შემდეგ კი ორივე დასაძინებლად გაემართა. ამხანაგი კიმ ჩენ ინი, როცა ამხანაგ ვლადიმერ პუტინს საძინებელში მიაცილებდა, მასთან გულისხმიერად საუბრობდა“, - მოწიწებით წერს ჩრდილო-კორეული ცენტრალური საინფორმაციო სააგენტო KCNA.

მაგრამ კიდევ რას ლაპარაკობდნენ ისინი სინამდვილეში და რას ფიქრობს კრემლის ბინადარის ვიზიტზე ჩინეთი, რომელიც ორივე ქვეყნისათვის უფრო მნიშვნელოვან პარტნიორად ითვლება, ვიდრე ისინი ერთმანეთისათვის?

ფხენიანი - თანასწორი პარტნიორი მოსკოვისა და პეკინისათვის?

პოსტსაბჭოთა სივრცის ბევრ დამკვირვებელს ვლადიმერ პუტინის ვიზიტმა საბჭოთა ტელევიზიის ქრონიკა გაახსენა: ორივე ლიდერის გიგანტური პორტრეტები შენობების ფასადებზე, სამხედრო აღლუმი და დროშების ფრიალი, ბავშვების გაღიმებული სახეები და მშრომელთა დიდი სიხარული, აგრეთვე - ანტიამერიკული შტამპები ვლადიმერ პუტინისა და კიმ ჩენ ინის გამოსვლებში.

„რუსეთი ყოველთვის მხარს უჭერდა და მომავალშიც მხარს დაუჭერს კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკას და გმირ კორეელ ხალხს, მის ბრძოლაში მზაკვარ მტერთან, მხარს დაუჭერს მის დამოუკიდებლობას და ამორჩეული გზისადმი ერთგულებას“, - წერდა ვლადიმერ პუტინი ვიზიტის წინ ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფოს გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიაში.

მაგრამ რიტორიკის და გარეგნული ზიზილ-პიპილების მიუხედავად, ვლადიმერ პუტინის ვიზიტი საბჭოური ტრადიციის გაგრძელება კი არ არის, არამედ - მისგან დაშორება, ტრადიციის წყვეტაა.

კსდრ არასდროს ყოფილა საბჭოთა კავშირისათვის თანასწორი პარტნიორი, უფრო მეტიც - ორი ქვეყანა ყოველთვის არ იყო ერთმანეთის მეგობარი. 1945 წელს საბჭოთა არმიამ და ამერიკის ჯარებმა კორეა იაპონელთა ოკუპაციისაგან გაათავისუფლეს და იოსებ სტალინმა კსდრ-ის ამჟამინდელი ლიდერის პაპა - კიმ ირ სენი ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში წარმოქმნილი სოციალისტური რეჟიმის ლიდერად დანიშნა.

კიმების დინასტიის დამფუძნებელი თავისი მფარველისა და „მამა-მარჩენლის“ მიმართ ლოიალობას ინარჩუნებდა, მაგრამ იოსებ სტალინის სიკვდილის შემდეგ, როცა ნიკიტა ხრუშჩოვმა პიროვნების კულტი ამხილა, ორ მეზობელს შორის ურთიერთობა გაუარესდა და ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ასეთად რჩებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ვლადიმერ პუტინი 2000 წელს ვიზიტით იყო ფხენიანში, თავისი პრეზიდენტობის პირველ პერიოდში რუსეთის ლიდერი მაინცდამაინც არ ინტერესდებოდა ჩრდილოეთ კორეით და უფრო მეტად ყურადღებას აქცევდა ჩინეთთან, იაპონიასთან და სამხრეთ კორეასთან ურთიერთობას, მათთან ვაჭრობის განვითარებას.

უკრაინაში შეჭრის შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა: სამხრეთ კორეამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გამოაცხადა და კიევისათვის საარტილერიო ჭურვების მიწოდება დაიწყო, რუსეთს კი ჭურვების შესყიდვა ფხენიანისაგან მოუხდა.

როგორც ცივი ომის ისტორიის მკვლევარი სერგეი რადჩენკო ამბობს, აშშ-ის საზოგადოებრივი რადიოს ეთერში, „ვლადიმერ პუტინის ამჟამინდელმა ვიზიტმა საბოლოოდ გააფორმა დინამიკის ცვლა მოსკოვ-ფხენიანის ურთიერთდამოკიდებულებაში. მისი შეხვედრა კიმ ჩენ ინთან მსოფლიოს საბჭოური სისტემის აღდგენა კი არ არის, არამედ - სრულიად ახლის მშენებლობაა. „პირველად მოსკოვისა და ფხენიანის ურთიერთობაში, [ჩრდილოკორეელი ლიდერი] კრემლისათვის თანასწორი პარტნიორი გახდა“.

ამ შეფასებას ეთანხმება პოლიტოლოგი ალექსანდრე ბაუნოვი, რომელსაც რუსეთში „უცხოელი აგენტის“ სტატუსი აქვს მინიჭებული: „არც ერთი საბჭოთა ხელმძღვანელი არ ჩასულა ჩრდილოეთ კორეაში, 1945 წლიდან, ვლადიმერ პუტინი კი ფხენიანს უკვე მეორედ ეწვია“.

რაც პუტინმა მიიღო, ის მიიღო კიმმაც

ჯერჯერობით ვიზიტის მთავარი შედეგია ხელშეკრულება, რომელშიც შეტანილია პუნქტი ურთიერთდახმარების შესახებ, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მხარეს ვინმე თავს დაესხმება. „ხელშეკრულება ყოვლისმომცველია და ითვალისწინებს დახმარებას ხელმომწერი მხარისადმი აგრესიის დროს“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

მაგრამ რადგანაც დოკუმენტის ტექსტი არ გამოქვეყნებულა, კომენტატორები ახლა მკითხაობენ, თუ რა არის გათვალისწინებული კონკრეტულად. ბევრი იხსენებს სსრ კავშირისა და კსდრ-ის თანამშრომლობის იმ ხელშეკრულებას, რომელსაც ხელი ნიკიტა ხრუშჩოვმა მოაწერა, 1961 წელს და რომელიც გულისხმობს „სამხედრო დახმარების დაუყონებლივ გაწევას“ რომელიმე ხელმომწერ მხარეზე თავდასხმის დროს.

ჯერჯერობით უცნობია, ითვალისწინებს თუ არა ნამდვილად ახალი ხელშეკრულება ამგვარ ურთიერთგარანტიებს.

თავის მხრივ, ჩრდილოეთ კორეის ხელმძღვანელმა ერთმნიშვნელოვნად დაუჭირა მხარი რუსეთს უკრაინასთან ომში, რაც საფუძველს იძლევა, რომ მასში იურიდიულად არის გაფორმებული უკვე მიმდინარე სამხედრო თანამშრომლობა, კერძოდ, ჩრდილოკორეული საბრძოლო მასალების მიწოდება რუსეთის არმიისათვის.

კიმ ჩენ ინმა, ასევე, გამოაცხადა „ახალი ურთიერთობა და მისი აყვავება“ რუსეთთან მიმართებით. იმ მასალების მიხედვით, რაც უკვე გამოქვეყნებულია და საჯაროდ ცნობილია, კომუნისტური კორეის მთავარ წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ ვლადიმერ პუტინი ფხენიანს დასავლური სანქციების გადახედვა-განეიტრალებაში დახმარებას დაჰპირდა: „აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მიერ ინსპირირებული სანქციების რეჟიმი უნდა გადაიხედოს“, - განაცხადა რუსმა სტუმარმა, თუმცა მას, ალბათ, დაავიწყდა, რომ რუსეთი იგივე სანქციების მონაწილე ქვეყანას წარმოადგენს, გაეროს ჩარჩოებში. მოსკოვი მას 2010 წელს მიუერთდა - აკრძალვები ეხებოდა ჩრდ. კორეისათვის სამხედრო-ტექნიკურ დახმარებას და იარაღით ვაჭრობის ემბარგოს. 2017 წელს კი ვლადიმერ პუტინმა პირადად გააფართოვა აკრძალვის რეჟიმი და ხელი მოაწერა სანქციებს სამეცნიერო, სავაჭრო და საფინანსო სფეროებში.

პეკინი უყურებს და დისტანციას იცავს...

როგორც „ბიბისის“ კორეპონდენტი ჩინეთში ლორა ბიკერი აღნიშნავს, ოფიციალური პეკინი ფრთხილად და ეჭვით ეკიდება მოსკოვისა და ფხენიანის ერთმანეთთან დაახლოებას და ნამდვილად არ სურს, პეკინ-მოსკოვ-ფხენიანის სავარაუდო ღერძის მონაწილე იყოს.

„ბიბისის“ ჟურნალისტი იხსენებს, რომ ვლადიმერ პუტინის ჩინეთში ამასწინანდელი - 17 მაისის - ვიზიტის დროს სი ძინპინი წინააღმდეგი იყო, რომ რუსი ლიდერი პეკინიდან პირდაპირ ჩრდილოეთ კორეაში გამგზავრებულიყო და მას ურჩია, რომ ფხენიანში ვიზიტი სხვა დროისთვის გადაედო.

ლორა ბიკერი აღნიშნავს, რომ რუსეთსაც და ჩრდილოეთ კორეასაც ჩინეთი უფრო ძალიან სჭირდებათ, ვიდრე მოსკოვს და ფხენიანს - ერთმანეთი. ანუ მათთვის პეკინი უფრო ძვირფასია. მაგრამ თავის მხრივ, ჩინეთის კომპარტიის სათავეში მდგომებს არ სურთ, მსოფლიოში ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნას, რომ პეკინი მათ დაახლოებას ხელს უწყობს.

კიმ ჩენ ინის „მეომრულ და საბრძოლო სულისკვეთებას“ - კორეელი კომუნისტები 2017 წლიდან რეგულარულად აწყობენ ბირთვული რაკეტების ტესტ-გამოცდებს და აშშ-სა და მის რეგიონულ მოკავშირეებს ემუქრებიან - საქმე მიჰყავს აზია-წყნარი ოკეანის ამ ნაწილში აშშ-ის გააქტიურებისა და ვაშინგტონის გავლენის გაფართოებამდე, რაც უკიდურესად არასასურველია ჩინეთისათვის.

ორშაბათს ამერიკულმა ანალიტიკურმა სააგენტომ - „ბლუმბერგმა“ გაავრცელა ინფორმაცია სამხრეთკორეელი ჩინოვნიკების დამოწმებით, რომ აშშ, სამხრეთ კორეა და იაპონია ემზადებიან სამმხრივი ხელშეკრულების ხელმოსაწერად უსაფრთხოების სფეროში, რომელიც სწორედ ჩრდილოკორეულ ბირთვულ საფრთხესთან არის დაკავშირებული.

ამ კვირაში კი, როგორც გაზეთი „ფაინენშელ ტაიმსი“ წერს, ჩინეთმა და სამხრეთ კორეამ, პირველად ბოლო ათი წლის განმავლობაში, სერიოზული დონის მოლაპარაკება გამართეს, რომლის დროსაც უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ ნაციონალისტური რიტორიკის მიუხედავად, პეკინი მზად არ არის, „გარიყულთა კლუბის“ წევრი გახდეს, რუსეთთან და ჩრდილოეთ კორეასთან ერთად.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო