"სამწუხაროდ, ჩემი პოლიტიკური გემოვნების გამო ვიღაცებისთვის მიუღებელი გავხდი" - კვირის პალიტრა

"სამწუხაროდ, ჩემი პოლიტიკური გემოვნების გამო ვიღაცებისთვის მიუღებელი გავხდი"

თამთა მეგრელიშვილი - პოლიტიკოსის გულახდილი ინტერვიუ

პარტია "ხალხის ძალის" აქტიური წევრი თამთა მეგრელიშვილი ჯერჯერობით ვერ ამბობს, აღმოჩნდება თუ არა სანქცირებულთა სიაში. ის თვლის, რომ "გამჭვირვალობის შესახებ" კანონი მისაღები იყო ქვეყანაში და ხელისუფლების პოლიტიკას სრულად იზიარებს. მისი შეფასებები ხშირად ისმის და ოპონენტები მას დასანქცირებას უწინასწარმეტყველებენ. როგორ აღმოჩნდა პროფესიით იურისტი ქალი პოლიტიკაში, რამდენად მოსწონს დღეს თავისი არჩევანი? - ამ და სხვა საკითხებზე თამთა მეგრელიშვილი გვესაუბრება.გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" დაიბეჭდა:

"გურიაში, ჩოხატაურის რაიონში მამიდაჩემის, ნინო მეგრელიშვილის ქორწილში სტუმრად ჩასულ დედაჩემს მოულოდნელად დაეწყო სამშობიარო ტკივილები და მე შვიდი თვის, გურიაში მოვევლინე ქვეყანას. ალბათ შეუცნობლად, ამ დღიდან დაიწყო ჩემი და გურიის სიყვარული და ჩემს ცხოვრებაში მთავარ ადამიანებად ჩემი გამზრდელი ბებია-ბაბუა, რეზო მეგრელიშვილი და ლამარა ბერაძე იქცნენ. ემოციური ბავშვი ვიყავი და ბუნებასთან, შინაურ ცხოველებთან ურთიერთობამ ძალიან მგრძნობიარე გამხადა..." "მანქანით მიმავალ მამას ტრაილერი დაეჯახა და მან ის უმწეო მდგომარეობაში, ცეცხლწაკიდებულ მანქანაში დატოვა. ძალიან დიდი უბედურება დატრიალდებოდა, რომ არა ღვთისნიერი ადამიანები, რომლებმაც მამა გადამირჩინეს. ამ ინციდენტით იმდენად დაუცველად ვიგრძენი თავი, რომ გადავწყვიტე ადამიანები უსამართლობისაგან დამეცვა..." "აქტიური ადამიანი ვარ, ვფიქრობ, სამართლიანიც და ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვან საკითხებზე ყოველთვის ღიად ვწერდი, ვსაუბრობდი და დღესაც იმავეს ვაკეთებ. ღიად ვუჭერ მხარს სახელისუფლებო გუნდს და ჩემს პოლიტიკურ გემოვნებას არავისთან ვმალავ. ამჟამად წარმოვადგენ პოლიტიკური პარტიას - "ხალხის ძალა" და ეს მეამაყება, რადგან დაარსების დღიდან დღემდე, ამ პოლიტიკური პარტიის საქმიანობა ქართული პოლიტიკისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა..."

"სამწუხაროდ, ჩემი პოლიტიკური გემოვნების გამო ვიღაცებისთვის მიუღებელი გავხდი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მე მათ გემოვნებას არ ვეხებოდი და დიდად არც მაინტერესებდა, მაგრამ რა გაეწყობა... მე ვფიქრობ, რომ სწორად ვარ იქ, სადაც ვარ და მეტიც, ჩემი არჩევანის არ მრცხვენია..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 20 ივნისის ნომერში წაიკითხავთ.

თეა ხურცილავა