ნიკოლოზ ბარათაშვილის ყველაზე ნამდვილი პორტრეტი
თითქოს განსაზღვრული იყო, რომ მისი ფიზიკური სახე უნდა გამქრალიყო ერის ცნობიერებაში, განზოგადებულიყო, ისე როგორც "მერანი" განზოგადდა და ილია ორბელიანის ტყვეობის გამო დაწერილი ლექსიდან კაცობრიობის სათქმელად იქცა...
ნიკოლოზ ბარათაშვილის სიკვდილის შემდეგ მის დებთან პოეტის დაგეროტიპი ინახებოდა, რომელიც ილია ჭავჭავაძემ წამოიღო და თბილისელ ფოტოგრაფს გადასცა გასამრავლებლად, მაგრამ სწორედ იმ დღეებში ფოტოატელიე დაიწვა და ბარათაშვილის სურათიც შეიწირა. მერე იყო ძიება და მცდელობა, რაიმე მაინც გამოეტაცათ ისტორიისათვის ბარათაშვილის პორტრეტის სახით, ამაოდ... ამქვეყნიური ცხოვრების დასტურად მხოლოდ ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედება რჩებოდა, როგორც გაუხედნავი მერნის რბოლა ლაჟვარდ სივრცეებში...
1901 წელს მხატვარმა მომცემლიძემ დახატა "ჯგუფი ქართველ მწერალთა". მასში ნიკოლოზი არ იყო. ამ საქმით დაინტერესებულა ზაქარია ჭიჭინაძე და გადაუწყვეტია პოეტის დის, სოფიოს პორტრეტიდან მგოსნის სახის აღდგენა. თანამედროვენი იგონებდნენ, - სოფიოს ულვაშები რომ დაეხატა, ვერ გაარკვევდით, მართლა სოფიო არის, თუ ნიკოო.”სოფიო ვერ დაითანხმეს, რომ ვაჟად გადაცმულს სურათი გადაეღო, სანაცვლოდ მისი სურათიდან ცდილობდნენ ნიკოლოზის სახის შექმნას.
1938 წელს, ნიკოლოზ ბარათაშვილის საიუბილეოდ, ლადო გუდიაშვილის მიერ შექმნილი პორტრეტი გავრცელდა. მხატვარმა იმ სათუთი სულის უკვდავყოფა სცადა სურათში, რომელიც არა მარტო პოეზიაში იყო განსაკუთრებული, არამედ ყოველდღიურ რეალობაშიც... პირად წერილებშიც პოეტად რჩებოდა... მაგალითად, მაიკო ორბელიანისადმი მიწერილ წერილში: "არ დაიჯერებ, მაიკო! სიცოცხლე მამძულებია ამდენის მარტოობით. შენ წარმოიდგინე, მაიკო, სიმწარე იმ კაცის მდგომარეობისა, რომელსაც მამაცა ჰყავს, დედაც, დებიც, მრავალნი მონათესავენი და მაინც კიდევ ვერვის მიჰკარებია, მაინც კიდევ ობოლია ამ სავსე და ვრცელს სოფელში! ვინც მაღალის გრძნობის მექონი მეგონა, იგი ვნახე უგულო; ვისიც სული განვითარებული მეგონა, მას სული არ ჰქონია, ვისიც გონება მრწამდა ზეგარდმო ნიჭად, მას არცა თუ განსჯა ჰქონია; ვისიცა ცრემლნი მეგონებოდენ ცრემლად სიბრალულისა, გამომეტყველად მშვენიერის სულისა, თურმე ყოფილან ნიშანნი ცბიერებისა, წვეთნი საშინელის საწამლავისა! სად განისვენოს სულმა, სად მიიდრიკოს თავი?.. შენი ავადმყოფობა შევიტყვე, რა დაგემართა?.. დაიმარხე მშვენიერება სულისა, უმანკოება გულისა! აი, ჭეშმარიტი ბედნიერება, უმაღლესი სიამე, რომელსაც კი კაცი წაიღებს ამ სოფლისაგან. სხვათა ბედნიერებათა სოფლისათა უყურე გულგრილად, ამაყად და გრწამდეს, რომ იგინი შეურჩენელნი არიან! თუმცა აქიმბაში არა ვარ, მაგრამ ეს წამალი სიზმარშიც მაქვს ნასწავლი და, თუ დამიჯერებ, იმედი მაქვს, რომ გარგოს"...
მკვლევარი ლევან თაქთაქიშვილი წერს: "ბარათაშვილის პორტრეტის აღდგენის ყველაზე საიმედო გზა არის მისი თავის ქალის საშუალებით სახის აღდგენა. დიდუბიდან მთაწმინდაზე გადასვენებისას შემოწმდა ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტი და პოეტის ჩოჩხიც, მათ შორის ქალაც, რომელიც მთლიანად შენახული აღმოჩნდა. ეს იდეა წამოაყენეს კიდეც 1956 წელს, მაგრამ შემდეგ თავი შეიკავეს.
...ნიკოლოზ ბარათაშვილისა და მისი დის, სოფიოს, მსგავსება უდავოა. საბედნიეროდ, გვაქვს მისი სურათი... სურათებიდან კომპიუტერული დამუშავებით ამოვიღეთ სოფიოს სახე, აგრეთვე, ამოღებულ იქნა მეორე დის, ნინოს სახე. მოხდა მათი შერწყმა და... მივიღეთ ბარათაშვილის ნანატრი სურათი. სურათის მხატვრულ რედაქტირებას მაინც ვერ გავექეცით, რაც შეასრულა მოქანდაკე მარინა ივანიშვილმა.
საზოგადოებისათვის ძნელი იქნება, უკვე დაკანონებული პორტრეტის გვერდით ჩვენ მიერ აღდგენილი სურათის მიღება... იგი არ არის ისეთი მომხიბლავი, როგორიც გუდიაშვილის პორტრეტზეა, მაგრამ გავიხსენოთ იონა მეუნარგიას ცნობა: "ბარათაშვილს აკლდა სიყვარულისათვის ის ორი თვალთმაქცური გასაღები, რომლითაც შეიძლება ქალის გულში კარის გაღება - სილამაზე და სიმდიდრე. ბარათაშვილი იყო მოთეთრო სახისა, პირხმელი, შავი ცოცხალი თვალებით, წაბლისფერი თმით, საშუალო ტანისა და სისქის, მისი წარბები ერთმანეთთან გადაღობილი და თვალები ოდნავ დახრილი ცხვირისაკენ ამხელდნენ მასში ოდესმე ჩინეთიდან გადმოსახლებულ წინაპართა ჩამომავალს. წვერ-ულვაშს არ ატარებდა, რის გამოც მისი სახე, შორიდან ლაზათიანი, ახლოდან დაჭყანული იყო თურმე. ყოველივე ზემოთ ნათქვამს თუ ისიც დავუმატეთ, რომ ბარათაშვილი კოჭლი იყო, თქვენ სრულიად დარწმუნდებით, რომ პოეტს არ ჰქონდა აპოლონის მშვენიერება"...
ერმა მართლაც ვერ მიიღო ბარათაშვილის რეალური აღწერილობა, რადგან სულით ობლობაგამოვლილი პოეტი, ვინც "სევდიანი ფიქრთ გასართველად" ამაოების პირისპირ იდგა, მშვენიერი იყო... და თუ ჰქონდა ფიზიკური სახე ამ სულიერ კაცს, ის აუცილებლად უკავშირდებოდა ლადო გუდიაშვილისეულ ცრემლის ფორმის თვალებიან ხატებას... ეს ფანტაზიაა, მაგრამ უკვე ხორცშესხმული ფანტაზია. და თუმცა უმნიშვნელოვანესია ყველა მცირე ნიუანსი მისი ბიოგრაფიისა, ყველა შტრიხი, რომელიც ნიკოლოზ ბარათაშვილის სახეს აღადგენს, ეს პოეტი მაინც რჩება ერის რომანტიკულ სახებად...
უმძიმესი ცხოვრება გაიარა. მის ყველა გეგმას, როგორც საზოგადოებრივს, ისე პირადულს, წინ ეღობებოდა დაუნახავი უგულობა გარემოსაგან... ოჯახის გაღატაკების საფრთხემ აიძულა, კანცელარიის რიგითი მოხელის ადგილს დასჯერებოდა.
უყვარდა ეკატერინე ჭავჭავაძე, ის, ვისი დიდებული მშვენიერებაც მართლაც დედოფლად დაბადებულს დედოფლობას არ აარიდებდა... ბარათაშვილს კი რა შეეძლო...
1836 წლიდან მუშაობდა უბრალო მოხელედ სამართლისა და განჩინების ექსპედიციის კანცელარიაში. 1844 წელს დაინიშნა ნახჭევანში მაზრის მმართველის თანაშემწედ, 1845-ის ივნისში გადაიყვანეს განჯაში, სადაც ოთხ თვეში 27 წლისა მალარიით გარდაიცვალა.
შამილთან ტყვედ ჩავარდნილი ილია ორბელიანის სიტყვები ძალიან მოქმედებდა პოეტზე. "ილიკოს რა უთქვამს შამილისთვის:“შამილ! როგორ ეკადრება შენს სახელს მაგისთანა უწყალოება! თუ გინდა მაგით შეაშინო ვინმე, ვინ უნდა შეაშინო? ყველანი სიკვდილის შვილები ვართ. ჭეშმარიტად, ახლა მეც სიკვდილი მირჩევნია შენს ხელში ყოფნას!" - წერდა ბიძას, გრიგოლ ორბელიანს... ბარათაშვილსაც სიკვდილი ერჩივნა სულით გაღატაკებულ ადამიანთა წიაღში ყოფნას, რადგან ტყვეობა განაჩენი არ არის... განაჩენი ის უფროა, რომ გიყურებენ და ვერ გხედავენ, რომ გაგწირავენ და ვერ გრძნობენ...
და ჩვენ არ უნდა დაგვრჩენოდა მისი ფოტოსურათი... მხოლოდ "განწირულის სულისკვეთება", რომელსაც ამჯერად ჟურნალ გზასთან ერთად მიიღებს მკითხველი "ჩემი რჩეულის" სერიით. ეს არის ნიკოლოზ ბარათაშვილის ყველაზე ნამდვილი პორტრეტი.