ბარბაროსობა რუსულად: დაბომბილი საავადმყოფო - პირველად ომის მიმდინარეობისას რუსებმა 3-ტონიანი მართვადი ბომბი გამოიყენეს (ვიდეო) - კვირის პალიტრა

ბარბაროსობა რუსულად: დაბომბილი საავადმყოფო - პირველად ომის მიმდინარეობისას რუსებმა 3-ტონიანი მართვადი ბომბი გამოიყენეს (ვიდეო)

რუსი სამხედრო პროპაგანდისტები სიხარულის ზენიტში არიან და მასობრივად ავრცელებენ ვიდეოკადრებს, რომელზეც უკრაინის ხარკოვის ქალაქ ლიპცის საავადმყოფოს შენობასთან საავიაციო ბომბის დაცემა და მძლავრი აფეთქებაა ასახული...

რუსეთის საოკუპაციო ძალებს სამწლიანი ომის განმავლობაში უკრაინაში არა ერთი საავადმყოფო თუ სხვა სამოქალაქო შენობა დაუბომბავთ.

გავიხსენოთ, თუნდაც, 2022 წლის 16 მარტს მარიუპოლის დრამატული თეატრის შენობაზე, რომელსაც თავს ათასზე მეტი მშვიდობიანი მოსახლე აფარებდა, ხოლო თეატრის წინ დიდი ასოებით ეწერა -„ბავშვები“, რუსმა პილოტმა ორი ნახევარტონიანი საავიაციო ბომბი ჩამოაგდო, რის შედეგადაც დაიღუპა თეატრის შენობაში მყოფი 300-მდე ადამიანი...

მაგრამ ამჯერად რუსმა ოკუპანტებმა ლიპცის საავადმყოფოს გასანადგურებლად „პუტინის ახალი ვუნდერვაფე“ - მართვადი საავიაციო ბომბი გამოსცადეს...

რუსეთის ავიაცია მეორე წელია, ინტენსიურად იყენებს საავიაციო თავდასხმის ერთგვარ „ნაჯვარს“ - ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში გამოშვებულ უმართავ საავიაციო ბომბებზე ამაგრებს გასაშლელი ფრთებითა და თანამგზავრული ნავიგაციის სისტემით აღჭურვილ პლანირებისა და კორექტირების უნივერსალურ მოდულს -შედეგად, თუკი უმართავი საავიაციო ბომბის მიზნიდან 200 მ-ზე აცილებაც ნორმალურ შედეგად მიიჩნეოდა, ამ მოდულით აღჭურვილი ძველი ბომბი მიზანთან 10-20 მ-ის სიზუსტით ეცემა და მისი სრული განადგურების შესაძლებლობას იძლევა.

2-bom1-1718956140.jpg
უკრაინული საზღვრისპირა ქალაქ ლიპცის სამსართულიანი საავადმყოფოს შენობის სიახლოვეს რუსული, УМПК-თი აღჭურვილი ФАБ-3000 М-54 ტიპის საავიაციო ბომბის აფეთქების მომენტი...

პლანირებისა და კორექტირების უნივერსალურ მოდულს -УМПК-ს რუსი სამხედროები აქამდე მხოლოდ 250, 500 და 1 500 კგ კალიბრის საავიაციო ბომბებს უყენებდნენ და სერიოზულ ზიანს აყენებდნენ, როგორც უკრაინელი სამხედროების თავდაცვის პოზიციებს, ისე - უკრაინული ქალაქების საცხოვრებელ კორპუსებს, თუმცა არა ერთხელ ისეც მომხდარა, რომ მიზნიდან 50-70 კმ-ის სიშორეზე ჩამოგდებულ ასეთ მოდერნიზებულ ბომბებს ფრთები არ გაეხსნათ ან თანამგზავრული ნავიგაციის სისტემამ აურია და ეს ბომბები უკრაინის ნაცვლად თავად რუსეთის ტერიტორიაზე ვარდებოდნენ და ფეთქდებოდნენ, განსაკუთრებით კი - საზღვრისპირა რუსულ ქალაქ ბელგოროდში, რასაც საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს ჩამოშლაც კი მოჰყვა...

3-bom-1718956080.jpg
УМПК-თი აღჭურვილი ФАБ-3000 М-54 ტიპის საავიაციო ბომბი გასაშლელი ფრთით და აეროდინამიკური გარსაცმით, რომელმაც ამ ბომბის პლანირების მანძილი უნდა გაზარდოს...

რუსეთის აწ უკვე ყოფილი თავდაცვის მინისტრის, შოიგუს ინიციატივა გახლდათ, რომ პლანირებისა და კორექტირების უნივერსალური მოდული კიდევ უფრო მძლავრ, 3 000 კგ კალიბრის საავიაციო ბომბზეც დაეყენებინათ.

ეს დავალება რუსმა კონსტრუქტორებმა კი შეასრულეს, თუმცა თავდაცვის მინისტრის პოსტზე შოიგუ ამას ვეღარ მოესწრო და 20 ივნისს ამ მძლავრი ბომბის „საბრძოლო ნათლობა“ განხორციელდა უკრაინული საავადმყოფოს წინააღმდეგ - თავის გასამართლებლად რუსული პროპაგანდა გაჰყვირის, რომ ამ საავადმყოფოში თითქოს უკრაინელი მებრძოლები აფარებდნენ თავს, მაგრამ უფრო სიმართლეს შეეფერება ის, რომ 50 მ სიგრძის ამ სამსართულიანი საავადმყოფოს შენობის დანგრევის ვიდეოკადრები (რომელსაც რუსული სადაზვერვო დრონიდან იღებდნენ) უფრო ეფექტიანი გამოვიდოდა რუსული სახელმწიფო პროპაგანდისთვის, ვიდრე - უბრალოდ, მიწაზე დაცემის კადრები...

УМПК-თი აღჭურვილი ФАБ-3000 М-54 ტიპის საავიაციო ბომბი მართალია, რამდენიმე ათეული მეტრით მაინც აცდა მიზანს, მაგრამ ამ სამტონიანმა ფუგასურმა ბომბმა, რომელშიც 1,2 ტ ასაფეთქებელი ნივთიერებაა მოთავსებული, დიდი ზიანი მიაყენა უკრაინული საავადმყოფოს შენობას, რაც ვიდეოკადრებშიც კარგად მოჩანს.

როგორც ჩანს, რუსი გენერლები ბოლომდე კმაყოფილნი არ არიან УМПК-თი აღჭურვილი ბომბების სიზუსტით და მიზნიდან აცდენის რამდენიმე ათეული მეტრის კომპენსირებას თავად ბომბის კალიბრის გაზრდის ხარჯზე აპირებენ.

4-bom-1718956029.jpg
საბჭოთა წარმოების სხვადასხვა კალიბრის უმართავი საავიაციო ბომბები, რომელთა ნაწილს რუსი ოკუპანტები პლანირებისა და კორექტირების უნივერსალურ მოდულს - УМПК-ს უყენებენ...

თუმცა ამ გამოსავალსაც აქვს თავისი უარყოფითი შედეგი რუსი ოკუპანტებისთვის, თუკი Су-34 ტიპის ერთ საფრონტო ბომბდამშენს УМПК-თი აღჭურვილი 4 ერთეული 500 და 3 ერთეული 1 500 კგ კალიბრის საავიაციო ბომბების წაღება და საბრძოლო გამოყენება შეუძლია, 3-ტონიანი მხოლოდ ერთი ასეთი ბომბი იკიდება მასზე.

ამასთან, УМПК-თი აღჭურვილი 250 და 500 კგ კალიბრის საავიაციო ბომბების ჩამოგდება და პლანირება, შესაბამისად, 70 და 50 კმ-ის სიშორიდანაც შეიძლება, ისე, რომ რუსული ბომბდამშენის ეკიპაჟი არ შეფრინდეს უკრაინული საზენიტო რაკეტების მოქმედების ზონაში, მაშინ, როდესაც УМПК-თი აღჭურვილი 3-ტონიანი ბომბის პლანირების მანძილი 50 კმ-ზე ბევრად ნაკლები იქნება და, შესაბამისად, გაიზრდება რუსული ბომბდამშენის დაზიანება/ჩამოგდების ალბათობაც.

ყველაფერი მიანიშნებს იმას, რომ პუტინი ახალ-ახალი „ვუნდერვაფების“ შექმნას ავალებს თავის გენერლებს, ისევე, როგორც ამას 80 წლის წინ,1944 წელს ჰიტლერი აკეთებდა, როდესაც დასასრულის დასაწყისი იგრძნო...

იხილეთ ვიდეო - როგორ აფეთქებენ უკრაინულ საავადმყოფოს რუსი ოკუპანტები 3 ტონიანი მართვადი საავიაციო ბომბით...

https://x.com/clashreport/status/1803766826540621951?ref_src=twsrc%5Etfw%7Ctwcamp%5Etweetembed%7Ctwterm%5E1803766826540621951%7Ctwgr%5E85b5eaf0653466caeab987f7eb2c2ca6287a1632%7Ctwcon%5Es1_&ref_url=https%3A%2F%2Fdefence-ua.com%2Fl-media%2Faddarticles%2F15740%2F