მორიგი უკრაინული სამხედრო ეშმაკობა რუსულ „პანცირებს“ რუსულივე შვეულმფრენებს აგდებინებს... - კვირის პალიტრა

მორიგი უკრაინული სამხედრო ეშმაკობა რუსულ „პანცირებს“ რუსულივე შვეულმფრენებს აგდებინებს...

ორიოდე დღის წინ რუსეთის კრასნოდარის მხარეში, საზღვაო ქალაქ ანაპის სიახლოვეს ჩამოგდებული იქნა რუსული საგემბანო სატრანსპორტო-საბრძოლო შვეულმფრენი Ка-29, მის ბორტზე მყოფი ოთხივე რუსი სამხედრო დაიღუპა- ამის შესახებ ინფორმაცია თავად რუსმა სამხედრო პროპაგნდისტებმა გაავრცელეს.

მაგრამ როგორ უნდა მისწვდენოდნენ უკრაინელი მეზენიტეები ფრონტის ხაზიდან 300 კმ-ზე მეტად დაშორებულ ანაპასთან დაბალ სიმაღლეზე მფრენ ამ რუსულ შვეულმფრენს?

ვერანაირად და ამიტომაც თავად რუსი სამხედრო პროპაგანდისტები აღიარებენ, რომ მათი Ка-29 მათივე საზენიტო სარაკეტო-საქვემეხო „პანცირმა“ ჩამოაგდო შეცდომით „მეგობრული ცეცხლით“, რადგან ამ დროს რუსი მეზენიტეები უკრაინული კამიკაძე-დრონების მორიგ მასიურ საჰაერო შეტევას იგერიებდნენ და თავიანთი 11 ტონიანი შეჯავშნული შვეულფრენი მეზენიტეებს უკრაინულ „პლასტმასის“ კამიკაძე-დრონში აერიათ, მითუმეტეს, რომ სავარაუდოდ არ მუშაობდა Ка-29-ზე დამონტაჟებული სახელმწიფოებრივი კუთვნილების ამომცნობი სისტემა „ჩემი-სხვა“...

2-ka-1719056683.jpg
რუსული Ка-29-დან გახსნილი ცეცხლით უკრაინული უეკიპაჟო კამიკაძე-დრონის აფეთქების მომენტი...

მაგრამ ჩნდება კითხვა - რატომ ააფრინეს რუსმა გენერლებმა ეს და სხვა შვეულმფრენები უკრაინული კამიკაძე-დრონების მორიგი მასიური საჰაერო თავდასხმის დროს - ხომ იცოდნენ, რომ საზენიტო რაკეტები უნდა გაეშვათ და ასეთი შეცდომის ალბათობა იზრდებოდა?

ეს იყო მორიგი უკრაინული ტაქტიკური სამხედრო ეშმაკობა, რაზეც კარგად წამოაგეს რუსი სამხედროები - უკრაინის გენშტაბმა რუსეთის შავი ზღვის კრასნოდარის სანაპიროსთან როგორც საჰაერო, ისე საზღვაო კამიკაძე-დრონების შეტევა ერთდროულად დაგეგმა...

საქმე ის არის, რომ სწორედ ამ შვეულმფრენიდან გადაღებული ვიდეოკადრები გავრცელდა ერთი კვირის წინ, როდესაც Ка-29-ის სადესანტო ნაკვეთურიდან ტყვიამფრქვევის გრძელი ჯერებით სროლით აფეთქებენ უკრაინულ კამიკაძე-კატარღას - ეს ვიდეოკადრები ფართოდ გამოიყენა რუსულმა სამხედრო პროპაგანდამ.

შესაბამისად, უკრაინის სამხედრო დაზვერვა დარწმუნებული იყო, რომ კრასნოდარის მხარის ანაპის სანაპიროსთან მორიგი უეკიპაჟო კამიკაძე-კატარღების გაგზავნის შემთხვევაში რუსი სამხედროები ისევ ააფრენდნენ შვეულმფრენებს...

3-ka-1719056683.jpg
რუსულმა „პანცირმა“ „მეგობრული ცეცხლი“ გაუხსნა და საზენიტო რაკეტით ჩამოაგდო რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ავიციის კუთვნილი 11 ტონიანი Ка-29...

შესაბამისად, უკრაინელმა სამხედროებმა სპეციალურად დაამთხვიეს საზღვაო და საჰაერო კამიკაძეების ერთდროული შეტევა - უეკიპაჟო კატარღების თავის სანაპიროსთან ახლოს აღმოჩენისას რუსულმა მხარემ მაშინვე ააფრინა შვეულმფრენები და მათ შორის ეს Ка-29-ც, რომლებსაც უნდა ესროლათ და ჩაეძირათ უკრაინული საზღვაო კამიკაძე-კატარღები, მაგრამ ამავე დროს ზღვის სანაპიროს ანაპასთან დაბალ სიმაღლეზე მფრენი უკრაინული კამიკაძე-დრონების გუნდიც მიუახლოვდა...

4-ka-1719056683.jpeg
2024 წლის 5 მარტს ყირიმის ხიდიდან 23 კმ-ში ხუთმა უკრაინულმა საზღვაო კამიკაძე-კატარღამ MAGURA V5 -მა იერიში მიიტანა და ჩაძირა რუსული 91 მ სიგრძის საპატრულო კორვეტი „სერგეი კოტოვი“, რომლის გემბანზეც ერთი Ка-29 ტიპის შვეულმფრენი იდგა...

რუსი მეზენიტეების რადიოლოკაციური სადგურის მონიტორზე წერტილების სახით გამოჩენილი ათზე მეტი საჰაერო სამიზნე დაახლოებით ერთ სიმაღლეზე და თითქმის ერთნაირი სიჩქარით გადაადგილდებოდა - შესაბამისად რუსული „პანცირიდან“ გაშვებულმა საზენიტო რაკეტამ უკრაინული საჰაერო დრონის ნაცვლად რუსულივე პილოტირებული სამხედრო შვეულმფრენი „ჩაიჭირა“ სამიზნეში და ...

5-ka-1719056683.jpg
შავ ზღვაში ორი Ка-29-ის საბრძოლო დაკარგვის შემდეგ რუსეთის ყველა ფლოტის განკარგულებაში მხოლოდ 25 ასეთი შვეულმფრენიღა დარჩა...

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რუსული საზენიტო საშუალებები „მეგობრული ცეცხლით“ თავისსავე თვითმფრინავებსა და შვეულმფრენებს აგდებენ უკრაინასთან ომში, სხვა თუ არაფერი ეს „წარმატებული ვარჯიში“ მათ ჯერ კიდევ აგვისტოს ომში დაიწყეს, როდესაც ქართული ციდან თავისსავე 2-3 საბრძოლო თვითმფრინავი დააზიანეს/ჩამოაგდეს, ხოლო ჯავასთან ერთი რუსული შვეულმფრენი მეორეს „დააჯდა“ თავზე...