ევროპული "გაკვეთილები": გენიალური "მამარდა" და ბრძოლის ველად ქცეული მინდორი - ზეიმი, რომელიც უნდა გაგრძელდეს - კვირის პალიტრა

ევროპული "გაკვეთილები": გენიალური "მამარდა" და ბრძოლის ველად ქცეული მინდორი - ზეიმი, რომელიც უნდა გაგრძელდეს

თურქეთთან პირველი გოლი, ჩეხეთთან პირველი ქულა და ასე თუ გავყვებით, პორტუგალიასთან მოგება გვიწევს. ვხუმრობთ, რა თქმა უნდა, თუმცა დიახ, გვაქვს ამბიცია, რომ მოვუგოთ პორტუგალიას და პლეი-ოფში გავიდეთ. ეს უკვე დიდი წარმატებაა, რადგან რამდენიმე წლის წინ ასეთი სურვილები ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნებოდა. ძალიან დიდი ნაბიჯი გადავდგით წინ და ამას გაგრძელება უნდა.

თამაშს საფეხბურთო ექსპერტები შეაფასებენ. გულშემატკივრის პოზიციიდან კი შეიძლება ითქვას, რომ ორივე მატჩი იყო დიდი ბრძოლა და არაფერი შემთხვევით არ ხდება. თურქეთთან თამაშზე ბევრი დაიწერა და ბევრიც ითქვა და მხოლოდ იმას დავამატებ, რომ საქართველოს ნაკრების ევროპული პრემიერა მაგარი გამოვიდა. უფრო რთული თამაში იყო ჩეხეთთან - განსაკუთრებით მეორე ტაიმი. რა თქმა უნდა, სანერვიულო იყო ის, რომ ბოლო 45 წუთის განმავლობაში ჩეხები ინტენსიურ შეტევებს ახორციელებდნენ და ფაქტობრივად, ჩვენს საჯარიმოსთან მიგვიმწყვდიეს. თუმცა მეორე მხრივ, როგორი საქმეა, რომ ასეთ შეტევებს გაუძლო(ბოლო წუთებზე რა შეიძლება მომხდარიყო, ამაზე აღარაფერს ვიტყვით). ეს, სხვათა შორის, უცხოელებმაც აღნიშნეს, რომლებმაც ჩეხეთთან მატჩის შემდეგ განაცხადეს, რომ საქართველოს ნაკრები ევრო 2024 წლის ერთ-ერთი მთავარი ნათელია წერტილია.

როგორც არ უნდა დასრულდეს საქართველო-პორტუგალიის მატჩი, გავალთ თუ არა პლეიოფში, სახეზე უკვე გვაქვს დიდი წარმატება. წლების განმავლობაში საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ის იყო, რომ უხეშად თუ ვიტყვით, არ სჯეროდათ საკუთარი თავის და სტატისტიკით მათზე ძლიერ მეტოქესთან ლამის წინასწარ წაგებულების განწყობით გამოდიოდნენ ხოლმე სტადიონზე. რა დასამალია და გულშმატკივართა დიდი ნაწილიც ასე იყო. დღეს ასე აღარ იქნება. დღეს უკვე ვიცით, რომ დიახ, შეგვიძლია ნებისმიერ მეტოქესთან ბრძოლა და გამარჯვებაც. ევრო 2024 თუნდაც ამად ღირდა. დარწმუნებული ვარ, რომ ამის შემდეგ (წინ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფი და ერთა ლიგა გველის და იქ მოხვედრა უფრო დიდი ზეიმი იქნება, ვიდრე ევრო 2024), ყველა მატჩში მხოლოდ გამარჯვებისთვის გამოვლენ და ნებისმიერ სხვა შედეგი ჩვენთვის წარუმატებელი იქნება.

ჩვენი მხრიდან, კიდევ ერთხელ ვეტყვით მადლობას ჩვენს ფეხბურთელებს, მწვრთნელებს და ყველას, ვინც ამ წარმატებაში ერთი აგური მაინც დადო. მადლობა საქართველოს ნაკრების ყველა თაობის ფესბურთელს, რომელთაც 30 წლის განმავლობაში ეს დღე ჩვენამდე მოიპოვეს.

ჩვენს ნაკრებში ყველანი მაგრები არიან, თუმცა მამარდაშვილი რომ არ გამოვარჩიოთ არ შეიძლება, რომლის თამაშსაც უცხოელებმა გენიალური უწოდეს. თქვენი მონა-მორჩილის ნება რომ იყოს, მამარდაშვილს უკვე მივანიჭებდი ევრო 2024-ის საუკეთესო მეკარის სტატუსს.

მოკლედ, ყველას მადლობა ამ ზეიმისთვის და ის აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.