ვინ ჩაშალა დიდი ოპოზიციური გაერთიანების ჩამოყალიბება?! - კვირის პალიტრა

ვინ ჩაშალა დიდი ოპოზიციური გაერთიანების ჩამოყალიბება?!

20 ივნისს ბერლინში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩებთან შეხვედრა გამართა, რომელზეც ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები და გეგმები განიხილეს. როგორც პრემიერის გამოსვლიდან გამოჩნდა, ევროინტეგრაციის გზაზე კობახიძე მხოლოდ "გარკვეულ სირთულეებს" ხედავს და თანამიმდევრული წინსვლის იმედიც აქვს, თუმცა განმარტავს, რომ "ბევრი ნიუანსის" გამო ელჩებთან "მოსაზრებების გაცვლის" საჭიროება გაჩნდა. "გვქონდა საინტერესო დისკუსია და ბუნებრივია, ვიმსჯელეთ ყველა იმ სამომავლო ნაბიჯზე, რომლებიც უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ გაძლიერდეს ჩვენი ქვეყნის პოზიციები საერთაშორისო ასპარეზზე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა შეხვედრის შემდეგ და საერთაშორისო პარტნიორებისთვის მთავარი გზავნილიც დაასახელა: "ურთიერთობებს სჭირდება გადატვირთვა და გაჯანსაღება". როგორ შეიძლება ეს მოხერხდეს, როდესაც ხელისუფლება პოზიციის შეცვლას არ გეგმავს, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის" მიღებას კვლავ ამართლებს და პარტნიორებისგან პრაგმატულ "შემხვედრ ნაბიჯებს" მოელის? - ამ კითხვით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძესთან და იქვე გავიხსენეთ საქართველოში აშშ-ის ელჩის "ინტერპრესნიუსისთვის" მიცემული ინტერვიუ, რომელშიც რობინ დანიგანმა განაცხადა: "რთულია ძლიერი პარტნიორობის გაგრძელება, თუ ხელისუფლება მტრად განგვიხილავს და საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წევრი გაკეთებულ ზოგიერთ განცხადებაში გვახასიათებს ჩვენ და ევროკავშირს როგორც მტერს".

- რა უნდა გადატვირთოს კობახიძემ ან როგორ, რთული სათქმელია... გადატვირთვის პოლიტიკა აქამდეც გვინახავს. ელცინის რუსეთი იყო დასავლეთის მეგობარი, სულ სხვა ვითარებაა პუტინის რუსეთის შემთხვევაში. ის ლამის 20 წლის განმავლობაში ცდილობდა ურთიერთობების გადატვირთვას, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ერთია, ამაზე ზეპირი განცხადებები და მეორე - ქმედებები, თან ავტოკრატობა გსურდეს და თან დემოკრატიულ ქვეყნებთან პარტნიორობა, ასე არ ხდება.

საქმე ის არის, რომ ეკონომიკური, სამხედრო, სოციალური, სამოქალაქო და ყველა სხვა მიმართულებით ჩვენი განვითარების მთავარი ძალა დასავლეთშია. ვგულისხმობ, დემოკრატიულ ქვეყნებს, დაწყებული აშშ-ით.

დანარჩენ ფაქტორებად, თუ რუსეთს გამოვრიცხავთ, შესაძლებელია განიხილებოდეს ჩინეთი და აზიის პატარ-პატარა სახელმწიფოები, თუ საერთოდ არ ვგეგმავთ, რომ ირანსა და "ჰეზბოლას" შევეკრათ. ირაკლი კობახიძე რაღაც გაუგებარ იდეებში ცხოვრობს, მისთვის ყველაფერი მარტივია. საქართველო ათასი ძაფით, უამრავი მიმართულებით არის დაკავშირებული აშშ-თან, ევროკავშირთან. სწორედ დასავლეთის დამსახურებაა ის, რომ საქართველო შედგა როგორც სახელმწიფო. ამ ძაფების გადაჭრა შეუძლებელია, მით უფრო, რომ მოსახლეობის 90%-ს ეს არ სურს. ჩვენს მოქალაქეებს ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა საერთოდ არ უნდათ, მაგრამ აშშ-ში ვიზის გარეშეც ცდილობენ მოხვედრას. ჩემი აზრით, ამ კავშირების გადაჭრა შეუძლებელია, მით უფრო აშშ და ევროკავშირიც ძალიან კარგად ხვდებიან, რა ხდება საქართველოში და ელოდებიან არჩევნების შედეგებს.

- მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ არაფრად ჩააგდო არც საზოგადოების პროტესტი და არც დასავლელი პარტნიორების რჩევები და "კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" მიიღო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ხელისუფლების 30-მდე წარმომადგენელს სავიზო შეზღუდვები დაუწესა. ამასთანავე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტში, რომელიც 2025 წლის საბიუჯეტო წელს გულისხმობს, საქართველოზე არათუ საბიუჯეტო სამხედრო დახმარება, არამედ ჩვენს ქვეყანაზე ჩანაწერიც არ არსებობს. თუ ჩვენსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა არ დალაგდა, რა ელის ჩვენს ქვეყანას?

- თუ ასე გაგრძელდა, ქვეყნისთვის სავალალო შედეგებით დასრულდება, დაინგრევა ის ყველაფერი, რაც აქამდე ავაშენეთ და აღმოვჩნდებით ძალიან ღრმა ეკონომიკურ-სამხედრო-პოლიტიკურ კრიზისში. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ სანქციებს ჯერჯერობით ასეთი პლაკატური სახე ექნება. ჩანაწერის გაქრობაც დროებითი იქნება, თუ შეიცვლება ხელისუფლება და ქვეყნის სათავეში კოალიციური მთავრობა მოვა. თუ ისევ "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა არჩევნებში, ჩვენ ძალიან მძიმე 4 წელიწადი გველის. ახლა "ქართული ოცნებაც" თითქოს ცდილობს რიტორიკის შერბილებას, მაგრამ, ჩემი აზრით, დააგვიანდათ - ჩვენმა ხელისუფლებამ ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორების ნდობა დაკარგა, როდესაც ბოლო დროს არაერთხელ გატეხა სიტყვა, მათ შორის ყველაზე მძიმე ე.წ. აგენტების კანონის მიღება იყო.

- აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში ანაკლიის პორტის მშენებლობის თემაზე განაცხადა: "ჩინური კომპანია, რომელთანაც საქართველოს მთავრობამ კონტრაქტი გააფორმა, ჩინეთის არმიასთანაა დაკავშირებული. ამ კომპანიას არა აქვს კარგი რეპუტაცია, 2009 წელს მსოფლიო ბანკმა აუკრძალა გლობალურ ინფრასტრუქტურულ პროექტებში მონაწილეობა და ამ პროექტებისთვის ფინანსების მიღება. ჩინეთის კომპარტია რუსეთის არმიის მთავარი ბანკირი და ფინანსისტია", მან ასევე იკითხა, რატომ უნდა გააღრმაო ურთიერთობა იმ ქვეყანასთან, რომელიც რუსეთს ეხმარება და ოკუპანტი ქვეყანააო?

- სამწუხაროდ, ანაკლიის პორტის კონცეფციამ კარიკატურული სახე მიიღო. თავიდანვე ეს არ ყოფილა მხოლოდ ეკონომიკური პროექტი. მისი იდეა ძალიან საიდუმლოდ გაჩნდა და პირველი ნაბიჯებიც მალულად გადაიდგა, რადგან მიიჩნეოდა, რომ მას საქართველოსთვის გეოსტრატეგიული მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა და ქვეყნის უსაფრთხოების მრავალი მიმართულება მოეცვა. ასევე, მას ეკონომიკურზე მეტი, სამხედრო შემადგენელი უნდა ჰქონოდა. ეს ვიცი ძალიან კარგად, რადგან აშშ-ის პირველ ელჩთან საქართველოში ამ კონცეფციაზე ვმუშაობდი. მე ვიყავი ერთ-ერთი იმ ადამიანებიდან, ვინც ეს ადგილი შეარჩია პორტისთვის. მაშინ გეოლოგიის ინსტიტუტში დირექტორის მოადგილე გახლდით სამეცნიერო დარგში.

მოკლედ, ეს პროექტი ძალიან მალულად უნდა განხორციელებულიყო, მაგრამ შეცდომა ჯერ მიხეილ სააკაშვილმა დაუშვა, როდესაც დაიწყო ლაზიკის მშენებლობაზე ლაპარაკი და ამას უზარმაზარი პიარი მოაყოლა. მერე იყო მამუკა ხაზარაძის თემა და ამხელა სკანდალი. მე მეჩვენება, რომ ამ ყველაფრის შემდეგ ამერიკელებმა ამ პორტთან დაკავშირებული ინტერესი დაკარგეს. ის, რაც ქალბატონმა ელჩმა ბრძანა, სწორია, სტრატეგიული პროექტები სტრატეგიულ პარტნიორებთან უნდა განახორციელო. რადგან ჩინეთს აძლევ ასეთ მნიშვნელოვან პროექტს, ე.ი. ამერიკას აღარ განიხილავ სტრატეგიულ პარტნიორად. მოკლედ, ეს უფრო დეკლარაციული ხასიათის ქმედებაა, რადგან უსაფრთხოების შემადგენელი ამ პროექტმა დაკარგა.

აქ მეორე მხარეა კიდევ - მართლაც რას წარმოადგენს ეს კომპანია? ჩინელები როგორ აშენებენ, კი ვიცით რიკოთის სტრატეგიული გზის მაგალითით. გული მისკდება, რამე დიდ უბედურებას არ გადავეყაროთ.

ობიექტურობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ ამერიკულმა კომპანიებმა ანაკლიის მიმართ საბოლოოდ დიდი ინტერესი აღარ გამოიჩინეს. კარგი იქნებოდა, ეს პროექტი გადადებულიყო 4-5 წლით და მერე განხორციელებულიყო. მოკლედ, ამ კარიკატურად ქცეულ პროექტს მე უკვე დიდ ყურადღებას აღარ მივაქცევდი. მან მთავარი - უსაფრთხოების შემადგენელი, სამწუხაროდ, უკვე დაკარგა.

- ბერლინის ამბასადორიალის შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა ქართველ ელჩებს მიმართა და განაცხადა, ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის არაჩვეულებრივი არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდება, მაგრამ თქვენთვის არჩევანის დრო უკვე დადგაო. მისი თქმით, ელჩები შუაგულ ევროპაში ისმენდნენ ტყუილებს, რომ თურმე საქართველოს ევროპული გზა გრძელდება პარტნიორების განცხადებების მიუხედავად და თურმე საქართველო 2030 წელს მაინც შეძლებს ევროკავშირში შესვლას. პარალელურად, პრეზიდენტის თქმით, პრაქტიკულად, ყველა ევროპელი ლიდერი კითხვას სვამს, რას ნიშნავს ის, რომ ,,საქართველო მაინც შევა ევროკავშირში", იმის მიუხედავად, რომ იღებს "რუსულ კანონებს", არ ისმენს არც ერთ რეკომენდაციას და არ ატარებს არც ერთ საჭირო რეფორმას.

- სალომე ზურაბიშვილი, ალბათ, ელოდა, რომ ელჩები ამ დეკლარაციული მიმართვის შემდეგ გადადგებოდნენ, როგორც ზოგიერთი, მათ შორის გოჩა ჯავახიშვილი, რომელსაც კარგად ვიცნობ და დიდ პატივს ვცემ. სხვა რა შეუძლიათ ელჩებს, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. შესაბამისად, ასეთი მიმართვა, ჩემი აზრით, ოდნავ არაკორექტული იყო. ელჩმა უნდა გაახმოვანოს მთავრობის პოლიტიკა, მას თავისი აზრის გამოთქმის უფლება არა აქვს. მათთვის ერთადერთი გზა დემარშისთვის გადადგომაა, თუმცა ჩვენში ყველაზე ხშირად საკუთარ თავზე ფიქრობენ, ვიდრე რამე სხვაზე, ამიტომაც თავშივე ცხადი იყო, რომ ელჩებისადმი ასეთი მოწოდება დიდ გამოხმაურებას ვერ პოვებდა.

ისე კი, სალომე ზურაბიშვილი ძალიან სწორად იქცევა. როგორც ველოდი, ის უშუალოდ არ ჩაერევა საარჩევნო პროცესში, დარჩება განზე და ერთგვარად არბიტრის როლის შესრულებას შეეცდება.

დღეს პრეზიდენტი დასავლეთში ყველაზე დაფასებული ქართველი პოლიტიკოსია. ნახეთ, როგორ ხვდებიან მას დასავლელი ლიდერები. ამასთანავე, მან ჯერ ქარტიაზე მოაწერინა ხელი პარტიებს, შემდგომ კი თქვა, მე ვიქნები თქვენი საპრეზიდენტო კანდიდატიო. ის უკვე პოსტსაარჩევნო პროცესსა და კოალიციურ ერთობაზე ფიქრობს. სალომე ზურაბიშვილი ემზადება და დიდი იმედიც აქვს, რომ მეორე ვადით გახდება პრეზიდენტი კოალიციური მთავრობის პირობებში. მან მოახერხა და დაალაგა მეტ-ნაკლებად ურთიერთობა "ნაციონალურ მოძრაობასთან", განსაკუთრებით კი შუალედურ პატარ-პატარა პარტიებთან, რომელთა გაერთიანების საფუძველზეც შესაძლოა საარჩევნოდ მესამე ძალა ჩამოყალიბდეს. სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო გაერთიანებაზე კი არა, პოსტსაარჩევნო გაერთიანების სექტაზე მუშაობს. მოკლედ, ამ გაერთიანებას უნდა ჰყავდეს ლიდერი და ზურაბიშვილი სწორედ ამ ლიდერის როლის შესრულებას ცდილობს.

- არჩევნები ახლოვდება, ოპოზიციურ ფლანგზე კი კვლავ გაურკვევლობაა. მათ დიდი დრო დაკარგეს ერთიან სიაზე მსჯელობაში, რაც თავშივე ჩანდა, რომ არ გამოვიდოდა. როგორც გიორგი ვაშაძემ გასულ კვირას განაცხადა, თითქმის ყველა პოლიტიკური ძალა თანახმა იყო "ნაციონალებთან" თანამშრომლობასა და ერთიან სიაზე, ყველაზე დიდი წინააღმდეგობა კი გვარამია-მელიას ახალმა პარტიამ გასწია. რა გამოდის, "ნაციონალური მოძრაობის" ყველაზე დიდი მოწინააღმდეგეები მისი ყოფილი წევრები არიან?

- როგორც ამბობენ, ადამიანის ყველაზე დიდი მტრები მისი ყოფილი მეგობრები არიან.

როგორ უყურებს ამომრჩეველი ამ გაერთიანებას, გეტყვით - როდესაც მას მხოლოდ ორი სია ექნება ასარჩევად, "ქართული ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის" დაკომპლექტებული, მას კი არც ერთის ატანა არა აქვს, რა უნდა ქნას? ამიტომაც არის მნიშვნელოვანი იყოს მესამე არჩევანი. მე მომხრე ვარ მე-3, მე-4 ცენტრის ჩამოყალიბების. ვფიქრობ, ოპოზიცია გააქტიურდება ივლისის შუა რიცხვებიდან. ახლა საქართველოს მოსახლეობის მთელი ყურადღება ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისკენ არის მიმართული. პოლიტიკისთვის არავის სცალია. მე ფეხბურთის ძალიან დიდი ხნის გულშემატკივარი ვარ და კარგად ვიცი, რამხელა წარმატებაა ჩვენი ევროპაზე გასვლა. ბედნიერი ვარ, რომ ამის მომსწრე ვარ, თუმცა ჩვენი ნაკრები მომავლის ნაკრებია და დარწმუნებული ვარ, მომავალ ჩემპიონატზე ჩვენ ფავორიტთა შორის ვიქნებით.

- ვხედავთ, რომ ბოლოდროინდელი პროტესტის მონაწილეებს ან სასამართლოებში იბარებენ, ან ქუჩაში უსწორდებიან ისე, რომ დამნაშავეები ჯერაც არ დასჯილან.

- რუსეთივით აქ პროტესტანტების დაშინება და გაქრობა არ გამოვა, საქართველოში სხვა მოვლენებთან გვაქვს საქმე. "არა რუსულ კანონს" - ეს მოძრაობა პოლიტიკოსებმა კი არა, ახალგაზრდებმა წამოიწყეს. მათ არა ჰყავთ მკვეთრად გამოკვეთილი ლიდერი. ეს არის ძალიან დიდი სამოქალაქო მოძრაობა, რომელსაც აერთიანებს ერთი სულისკვეთება. ერთ ლიდერს სცემენ და დაიჭერენ და მეორე გამოჩნდება, შემდეგ მესამე, მეოთხე და ა.შ. მთელ ახალგაზრდობას ვერ გალახავენ და ვერც ციხეში ამოალპობენ. ამგვარად დაშინება აბსოლუტურად უშედეგოა. ძალადობა სისუსტის ნიშანია, როცა სხვა არანაირი ბერკეტი აღარ გაქვს, მაშინ გადადიხარ ძალადობაზე, როცა ვერც ინტელექტუალურად, ვერც მსოფლმხედველურად, ვერც იდეებით ვერ ახერხებ მოწინააღმდეგის დაჯაბნას, ჩხუბზე გადადიხარ. კიდევ არ ვიცი, რატომ ჩაიგდო ხელისუფლებამ თავი ამ ე.წ. გამჭვირვალობის კანონით ამ მდგომარეობაში, რატომ მიექანება უფსკრულისკენ. დიახ, ეს ხელისუფლება მიექანება და არა ქვეყანა. ხელისუფლებები მიდიან და მოდიან, ქვეყანა რჩება. თავის დროზე "ქართული ოცნება" "მოქალაქეთა კავშირივით" გაქრება. იმ ლიდერებს, რომლებიც საკუთარ თავზე ფიქრობენ და არა სახელმწიფოზე, ერთადერთ ბერკეტად ხელკეტი დარჩათ.

კი არ მკითხეთ, მაგრამ აუცილებლად ორი სიტყვა უნდა ვთქვა რამდენიმე დღის წინ წიწამურთან ჯი-ვი-პის მაგისტრალურ წყალსადენზე მომხდარ ავარიაზე. არ ვიცი, რა ჰქვია ამას, გულგრილობა, კორუფცია, უცოდინარობა? ჯი-ვი-პის განცხადებით, თურმე მილსადენის თავზე "მესამე პირი" სისტემატურად ნაყარს ასაწყობებდა, რის გამოც ქანებმა მდგრადობა დაკარგა და მეწყერი ჩამოწვა. სანაყარე მეურნეობის მოწყობა ექვემდებარება წინასწარ გეოლოგიურ შესწავლას, დაპროექტებასა და შესაბამისი ნებართვების მიღებას. არსებობს ეს ნებართვა? თუ არსებობს, ვინ გასცა, ან თუ არ არსებობს, ვერ ხედავდნენ, რა ხდებოდა? სად იყო ჯი-ვი-პი? ან სად იყვნენ სახელმწიფო სამსახურები?.. კიდევ კარგი აღიძრა საქმე, იმედია, ყველა დაისჯება, ვინც დამნაშავეა, რომ მსგავსი რამ ვეღარავინ გაბედოს.