„საქართველო უნდა გადაიხედოს, მაგრამ ვინ გადახედავს?“
რობერტ სტურუას ექსკლუზიური ინტერვიუსთვის მისსავე თეატრში ვესტუმრეთ, რომელმაც სპექტაკლით "მიჯაჭვული პრომეთე" 145-ე სეზონი დახურა.
- გილოცავთ კიდევ ერთ წარმატებულ სეზონს!
- მადლობა. საერთოდ, არასოდეს ვფიქრობ იმაზე, რომ მე რაიმე განსაკუთრებულს ვაკეთებ. დასაწყისში, როგორი პიესაც არ უნდა მქონდეს, ვერ ვხვდები იქიდან რა გამოვა. სადღაც ბოლოსკენ უკვე შეიძლება მივხვდე, რომ სპექტაკლი კარგი გამოდის. მთავარია ერთი რამ: ადამიანი შენში ყოველთვის იყო მართალი და არ წახვიდე შენს პრინციპებთან და ღირებულებებთან კომპრომისზე. მე ვარ რეჟისორი, რომელსაც მაქვს ჩემი გარკვეული ჟანრი. მე მასში თავს ყველაზე კარგად ვგრძნობ. ეს გახლავთ ტრაგიკომედია, ტრაგიკული ფარსი, ბალაგანი, ფსიქოლოგიური დრამა. უნდა გითხრათ, რომ ფსიქოლოგიური დრამის შემთხვევაშიც კი ვცდილობ, არ დავფარო ირონია. ჩემთვის მთავარია, ვანახო ადამიანს მეორე მხარე. მარტო ტრაგედია და გმირული ტრაგედია არ არსებობს. ვიცი, რა არის კარგი, ვიცი, რა არის ცუდი. ვიცი, რა მომწონს და ვიცი, რა არა. ამიტომ ჩემს სპექტაკლს ვუყურებ ისე, როგორც სხვის დადგმულს.
არსებობს კიდევ ცხოვრება, რომელიც... ძალიან რთული რამეა. მე, როგორც ვატყობ, ცხოვრება ისეთი უცნაურობებით, ურთიერთსაწინააღმდეგო ეპიზოდებით იწყობა, რომ ზოგჯერ, მთლიანობაში რომ შეხედო, გაოცდები. გიკვირს რატომ და როგორ ხდება ეს? როდის დაიწყო, რატომ, რისთვის? ცხოვრება ურთულესი რამ არის და ის დღითი დღე უფრო რთულდება.
- რას გულისხმობთ?
- ერთი პატარა არაკით გაგცემთ პასუხს: მოულოდნელად მოხუც მჭედელს სიკვდილი ესტურა. გაუწოდა ცელი - გამილესეო. შეშინდა ოსტატი, გავულესავ და ეს ბებერი მეც მომცელავსო! გეშლება მჭედელო, მე არავის ვკლავ, უმოწყალოდ თქვენ ხოცავთ ერთმანეთს! - მიუგო სიკვდილმა. - მე ახალგაზრდა, ულამაზესი ქალწული ვარ და უზენაესის თხოვნით, თქვენ მიერ მოკლულებს პატივით მიწას ვაბარებ! მკითხავ: მაშინ შავები რატომ გაცვიაო? არ მსურს, ბრძოლის ველზე ათასი ვაჟკაცის სისხლით მოსვრილმა, დაღუპულთა ახლობლები რომ დავაშინო. ასე რომ, მე არავის ვკლავ, არც მომიკლავს და ვფიცავ უფალს, სიცოცხლეს არავის მოვუსპობ! არასოდეს!
მჭედელმა ალესილი ცელი ფრთხილად გადასცა და მორიდებით იკითხა: - აბა ცელი რისთვისღა გინდაო? - ბალახმა, სარეველებმა გზა სამოთხისაკენ თითქმის მთლიანად შთანთქეს! ვეღარ გაივლი! - თქვა ქალწულმა და გაუჩინარდა. ასეა, მთლიანობაში, ქართველი კაცი თავისი ბუნებით, ფსიქოლოგიით არტისტია. ამ სიტყვის ფართო გაგებით. ქართული თეატრი ნამდვილი თეატრია. ქართველი მსახიობი - ეს არის გამორჩეული ადამიანი, რომელიც ქმნის ნამდვილ ხელოვნებას. ის ამ ცხოვრების იმიტაციას, ხელოვნურად არასოდეს აკეთებს. ქართველებმა სხვა ერებისაგან განსხვავებით, იციან, რომ მალე მოკვდებიან. რადგან მთელი არსებით გრძნობენ და განიცდიან, რომ მოკვდავნი არიან. უნდათ, რომ ყველაფერი წაიღონ ამ ცხორებისაგან. ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ყველაფერი მოასწრონ. ამიტომ თამაშობენ ისე, თითქოს უკანასკნელად თამაშობდნენ. თამაშობენ ისე, თითქოს ხვალ უკვე აღარ იქნებიან და ვეღარ ითამაშებენ. იცით, სიცოცხლე იწურება და ყველა უბედურება, რასაც გეგონა გადაურჩი, ერთად დაგატყდება - ღალატი, ახლობლების დაკარგვა, არეული ქვეყანა! ალბათ იმიტომ, რომ წასვლა არ გაგიჭირდეს.
- დღეს ქვეყანა რა მდგომარეობაშია?
- რატომღაც ამ კითხვაზე, ზიგმუნ ფროიდის ნათქვამი მახსენდება: "იცით, ადამიანთა დიდი ნაწილი ასე ძლიერად რატომ დაიბოღმა? სამწუხაროდ მომაკვდინებელმა შურმა გააბოროტა უვიცი და ხშირ შემთხვევაში უნიჭო ხალხი! ჩვენმა აღმოჩენამ თვალები დაუბნელა, ყური დაუხშო - და გული გაუპო. ჩემმა სიმართლემ კი, მტრებს შხამი შემატა, გვწამლავენ, მაგრამ ჩვენ ცოცხლები ვართ. ვაი, რომ ეს მდაბიოთა ხროვა დაღუპვის გზაზე თვითონ აღმოჩნდა! მებრალებიან ისინი - შურით გამწარებულმა ბრბომ, დაკარგულ ცოდნას და ჭეშმარიტებას გონიერებაც გააყოლა".
- ხშირად თქვენი დადგმული სპექტაკლები, რაღაცნაირად წინასწარმეტყველურია. ვგულისხმობ "თამაშის დასასრულს", იმავე "მიჯაჭვულ პრომეთეს", რითაც დაიხურა სეზონი..
- "თამაშის დასასრული" პანდემიამდე დავდგი და სულ 3 სპექტაკლის თამაში მოვასწარით და მერე ჩაიკეტა ყველაფერი. და ამაზე უნდა ვიფიქროთ ბევრი, რატომ მოხდა ასე. ისე ცხოვრება, როგორც ცხოვრობდა კაცობრიობა, და კონკრეტულად საქართველოც უნდა გადაიხედოს. მაგრამ ვინ გადახედავს? ესაა მთავარი პრობლემა. ამას წესიერი, მოაზროვნე და პატიოსანი ხალხი სჭირდება. და ის, საითაც ჩვენ გვექაჩებიან, პატარა ქვეყანაა, რომელშიც არაფერი არ არის, მე ვერ ვიტყოდი რომ ჩვენ მდიდარი ქვეყანა ვართ, ჩვენ მაგრები ვართ ბუნებით, იმ ბუნებით, რომელიც ჩვენ გვიბოძა ღმერთმა. და ის საოცარი ბუნების პროდუქცია. აი, ეს ორი რამ გვაქვს ჩვენ. ვმეორდები, კაცობრიობა გადახედავს ალბათ თავის ცხოვრების ძირითად პრობლემებს და საწყენია, რომ ის, რაც ადამიანს უნდა გაეკეთებინა, გააკეთა განგების ძალამ, რადგან ჩვენ თვითონ ვერ მივხვდით. აი, ძილის წინ, 5 წუთი უნდა ჰქონდეს ყველა ადამიანს, რომ საკუთარ თავს სიმართლე უთხრა. იმიტომ რომ ადამიანი ატყუებს საკუთარ თავს. იმან არ იცის რა არის და ვინ არის. და როცა გაერკვევი რაცა ხარ, შეიძლება თავი მოიკლა ბოლოს ისეთი შეიძლება აღმოჩნდე.
- თქვენ როგორც მშვიდობის, ასევე მღელვარების დროსაც დგამდით სპექტაკლებს. იცვლებოდა თაობები, მსახიობები და ასე შემდეგ. მთავარი სათქმელი მაინც რა არის თქვენი?
- მე ვებრძვი ყოველგვარ ძალადობას და უსამართლობას, არადა, ასე არ მინდოდა. მე მინდოდა მექადაგა ადამიანურობაზე, სიკეთეზე, სწორ წესებზე და ასე შემდეგ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მე ვებრძვი ყოველგვარ ძალაუფლებას, რომელიც გამოხატავს, თავის არანორმალურ ძალას ერის მიმართ. როგორც წესი, "პრომეთე" გამოყავთ როგორც გმირი, არადა, მას ჩადენილი აქვს სასტიკი დანაშაული, მკვლელობა. მართალია უნებლიეთ თითქოს, მაგრამ მაინც მკვლელობაა და მას შემდეგ ის უკვე გახდა სხვა ადამიანი და სიკეთის მოტანა ცოტა უჭირს... იმიტომ რომ როცა შენ ხარ ასეთი მსახური ბოროტების, მერე უკან გზა ცოტა გიჭირს. მან მართალია უდიდესი საქმეები გააკეთა, მაგრამ მაინც არ არის ის... ამიტომ მე ვაფრთხილებ ადამიანებს, გაუფრთხილდნენ თავის ზნეობას...
- დღეს რა გამოწვევის წინაშე დგას ადამიანი და ზოგადად სამყარო?
- მე მგონია, ზოგადად სამყარო დგას იმის წინაშე, რომ მართავს სახელმწიფოებს უნიჭო და ბოროტი ხალხი. მე არ ვეხები საქართველოს, პირიქით აქ ბოროტი ძალა ყველაზე ნაკლებადაა. მახსენდება ჩემი ტრისტან სარალიძის მონაყოლი. მაშინ პატარები ჰყავდა შვილიშვილები, და მათ როცა ვეუბნები, რომ წავიდნენ მარჯვნივ, მიდიან მარცხნივ. ამიტომ მე ვეუბნები, წადი მარცხნივ და ესენი მაშინ წავლენ მარჯვნივო. აი, ჩვენი ოპოზიცია მათ ჰგავს. უნდა უთხრა საწინააღმდეგო, რომ წავიდეს კარგი მიმართულებით. ამიტომ მე მაკლია ნიჭიერი ხალხი ყველგან. რატომღაც გაბოროტებულები არიან, დაწყებული ამერიკის შეერთებული შტატებიდან დამთავრებული ევროკავშირით. მე ასეთი რამ არ მინახავს, ასეთი არეული. მე არ ვიძახი ჩვენს ჩრდილოელ მეზობელზე, იმან დაიწყო ყველა ეს უბედურება. მოდი, ნუ ვისაუბრებთ პოლიტიკაზე...
- კი მაგრამ, გვერდსაც ვერ ავუვლით იმ ფაქტს, რომ დიდი დოზით არის შემოჭრილი პოლიტიკა ჩვენს ცხოვრებაში...
- მე ძალიან მტკივა და მწყინს, რომ ქართველი, რომელიც გამოირჩეოდა გულგახსნილობით და ხელგაშლილობით, რომელსაც ფული არასოდეს უჩერდებოდა ჯიბეში, უცებ გახდა მერკანტილური და იმავე ფულის გამო შეიძლება ყველაფერი ჩაიდინოს.
- რას გულისხმობთ?
- დღეს ოპოზიცია კარიერისა და ინტრიგნობისათვის იბრძვის. საბჭოთა კავშირი ხომ ვითომ მორჩა 1991 წელს, მაგრამ ის გრძელდება. და ამ "ნაციონალების" პარტიამ უფრო გააზვიადა ეს პარტია. იმავე რელიგიით მოგიყვანთ მაგალითს: - ქრისტიანობამ გადაიტანა ბევრი რთული პერიოდი. დავიწყოთ ვოლტერით, რომელმაც თქვა, რომ ღმერთი არ არის და იგივე გაიმეორა მისმა თაობამ. მაგრამ როცა კვდებოდა, დაუძახა თავის მსახურს და უთხრა: მომიყვანეთ მღვდელიო. და რად გინდა მღვდელიო? იცი რა, იქნებ მართლა არის იქ ვიღაც, მჭირდება რომ მივიდეო...
მერე საფრანგეთის რევოლუციამ რა გააკეთა? ნოტერდამში ინახებოდა იშვიათი რელიკვიები, გაანადგურეს. მხოლოდ რამდენიმე მღვდელმა მოიტაცა ეკლის გვირგვინი ქრისტესი, რომ არ გაეფუჭებინათ ამათ. მერე დაიწყო მარქსიზმი, მერე დაიწყო ლენინი, მერე დაიწყო სააკაშვილი. ეს ერთი გზა არის და იცით მე, ყველაზე მეტად მიყვარდა საქართველოში, როცა ერთმანეთს ვეუბნებოდით - ქრისტიანი ხარ შენ. ეს არ გულისხმობდა რწმენას. ეს გულისხმობდა ჰუმანისტობას, ადამიანობას და ეს გამოთქმა ჩემთვის ეხლაც ძალიან ძვირფასია. შოთას ნათქვამს ოდნავ შევცვლი "სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა". მე კი მგონია, რომ ჯერ სულს ავნებს და ამათ უკვე სული დაუავადდათ და მერე გახდნენ ფიზიკურად ავად. და ესენი უკვე ვეღარ შეიცვლებიან. ერთი შანსი აქვთ მხოლოდ, პირდაპირ რუსები უნდა შემოვარდნენ და მერე ეს ოპოზიცია ჩაუვარდება მათ ფეხებში და ავლენ ცეკას მდივნებად... ორი ქვეყანა, რომელიც იცავს დიქტატორებს - ეს რუსეთია პუტინს რომ იცავს და ჩვენები, ქართველები, რომლებიც იცავენ არც ისე ქართველ მიშას. ესენი 30 წელია ცხოვრობენ როგორც უნდათ. ფულებს იპარავენ, იშენებენ სახლებს, აგარაკებს და არ აინტერესებთ არაფერი. მე კიდევ კარგი ფული არ მაქვს და აქ ვერც ვიშოვი. ვსესხულობ, რაღაცებს ვყიდი, თუ იყიდება. წიგნებს არავინ ყიდულობს... აქედან გამომდინარე მიჩნდება კითხვა: ისინი ოდესმე იცავდნენ კანონს?! დაუკვირდით, რამხელა ბრძოლა გააჩაღეს. თითქოს სულ კანონებზე ფიქრობდნენ. ერთ ფილოსოფოსს აქვს ნათქვამი - პარტიელს არ აინტერესებს თვითონ როგორია, მთავარია სხვები იყვნენ ცუდად, სხვებს დაუნგრიონ ბედნიერება. საბოლოოდ ბრძოლა მიდის ფულისთვის. ასე რომ უყვარდეთ ქართველებს ფული, არ ყოფილა საუკუნეების მანძილზე. მე-19 საუკუნეში ყველა პიესაში, ვისაც უყვარს ფული, არ არის ქართველი. და მე-20 საუკუნეში რომ დაიწყო, აღარ გაჩერდა, და ეხლა ესენი ფულის გამო ყველაფერს ჩაიდენენ. ეს უბრალოდ სირცხვილია. არ შეიძლება ფულის გამო სამშობლო ასე გაიმეტო, არ შეიძლება!
რუსუდან შაიშმელაშვილი