ჯერ გადაწყვეტილი არ არის, ოქტომბრის არჩევნებში ოპოზიცია რა კონფიგურაციით წარდგება ამომრჩევლის წინაშე - ერთად იბრძოლებენ თუ ცალ-ცალკე. რა შანსი აქვთ როგორც სახელისუფლებო, ასევე ოპოზიციურ პარტიებს, საქართველოს უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი ლაშა ძებისაშვილი გვესაუბრება: - არც ერთი ოპოზიციური პარტია თავისი­ ძალით დღემდე ვერ ჯობნის "ოცნებას­", რომელსაც მყარი ამომრჩეველი ჰყავს­. უნდა ვაღიაროთ, რომ "ოცნება" ყველაზე­ დიდი პოლიტიკური გაერთიანებაა,­ პლუს ადმინისტრაციული რესურსი. ამასთან,­ საზოგადოების დიდი ნაწილი პოლი­ტიკურ პარტიებში ვერ ხედავდა თავის არჩევანს, ეს წინა გამო­კითხვების დროსაც ჩანდა და შესაბამისად, არ დადიოდა არჩევნებზე, არ ჰქონდა გამოხატული პოზიცია, რომელ პარტიას მისცემდა ხმას. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ "ქართული ოცნების" ყველა მომხრეს პრორუსული­ ან ანტიეროვნული ძალა ვუწოდო, იქაც არის "სექციები" და დიდი ნაწილისთვის "ოცნება" მისაღებია მანამ, სანამ მას ევროპულ მომავალს არ მოუსპობს. მაგრამ არსებობს­ "ოცნების" მომხრეების დიდი ნაწილი, რომე­ლსაც­ არ მიუღია გადაწყვეტილება­ და დილემის წინაშეა, რომელ პარტიას მისცეს ხმა? ასეთ ამომრჩეველს სერიოზული პრობლემა აქვს - "ნაციონალებისა" და მიშას ფაქტორი, რა თქმა უნდა, გადამწყვეტია და შეიძლება ბევრი არც მივიდეს არჩევნებზე, ან მაინც "ოცნებას" მისცენ ხმა. გასაგებია, რომ ოპოზიციის სასარგებლოდ შეიძლება არსებობდეს ასეთი მოსა­ზრება, თუ ევროპა გვინდა, მაშინ ხმა მაინც ერთიან ოპოზიციას უნდა მივცეთო, მაგრამ პოლიტიკა არ არის ასე მარტივი, მით უმეტეს,­ საზოგადოება, სოციალური­ ფენები და გარემოებები განსხვავდება ერთმანეთისგან. პოლიტიკის მთელი ხელოვნება ის არის, რომ ისეთი კონსტრუქცია გქონდეს, რომელიც მაქსიმალურად უპასუხებს ამომრჩეველთა მოთხოვნებს. სოციოლოგიურ გამოკითხვებსა და კვლევებს თუ გადავავლებთ თვალს, ნეიტრალური ამომრჩევლის რაოდენობა თითქმის ნახევარზე, 40-50%-ზე მეტია. ეს პროცენტი მეტყველებს­ დიდ უნდობლობაზე, რაც არსებობს ქართველ ამომრჩეველში როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის მიმართ. - რა უნდა გააკეთოს ოპოზიციამ, რომ ნეიტრალური ამომრჩეველი მიიმხროს? - არა მგონია, ერთიანი ოპოზიციური­ სია­ ყველაზე ადეკვატური პასუხი იყოს ამომრჩევლისთვის. ის არგუმენტი, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ერთიან სიაშია და მზად არის თავისი კვოტები დათმოს, მათ შორის მომავალ კოალიციურ მთავრობაში­, რაღაც თანამდებობებზე თქვას უარი, არ არის დამაჯერებელი. პოლიტიკური ვითარება ყოველთვის იცვლება, შეთანხმებები ირღვევა, პარტიები სიტუაციისდა მიხედვით მოქმედებენ და გუშინდელი შეთანხმებები, რომლებიც ლამის სისხლით იყო ხელმოწერილი, ფარატინა ქაღალდად იქცევა ხოლმე. ერთია, რას ამბობს პარტია გამარჯვებამდე და განსაკუთრებით იმ უნდობლობის ფონზე, რაც არის ენმ-ს მიმართ, და იმის მოლოდინი, რომ ეს ფაქტორი ვიღაცისთვის გახდება დამაჯერებელი (მით უმეტეს, გამარჯვების შემთხვევაში და სააკაშვილის ფიგურის ფონზე, რომელიც პარტიის ერთადერთი ლიდერია და ის განსაზღვრავს ამინდს ენმ-ში), რომ შეიძლება "ნაცმოს" მოთოკვა ერთიან, დიდ ოპოზიციურ გაერთიანებაში, ბევრი ამომრჩევლისთვის არადამაჯერებელია. ამიტომ როცა საზოგადოებისთვის მეტ-ნაკლებად ნათელია, რომ არჩევანი ევროპულ მომავალსა და რუსეთს შორის უწევს, პრობლემას არ წარმოადგენს ის მოდელი, როცა ენმ ცალკეა, რომელსაც­ "ოცნების" მსგავსად,­ თავისი ერთგული ამომრჩეველი ჰყავს და უპრობლემოდ გადალახავს 5%-ს. არსებობს მეორე, "ქართული ქარტიის" გარშემო გაერთიანებული­ პროევროპული პარტიები, რომლებიც შინაარსობრივად დიდად არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან, იქნება­ ეს "ლელო", "ევროპული საქართველო", "გირჩი - მეტი თავისუფლება", "დროა" და "ახალი". ჩემთვის ეს ერთი და იმავე­ იდეოლოგიისა და მიზნების მატარებელი პარტიებია. ეს არის ერთგვარი­ ბლოკი, რომელიც პრეზიდენტის ქარტიის გარშემოა გაერთიანებული და როგორმე­ ერთიანად უნდა გავიდეს არჩევნებზე... გიორგი­ გახარია აქ არც უნდა გაერთიანდეს, რადგან მას თავისი ამომრჩეველი ჰყავს, მათ შორის ის, რომელიც "ოცნებით" იმედგაცრუებულია და თავის მომავალს გახარიას პარტიას დაუკავშირებს.­ ვფიქრობ, მას სოლიდური შანსი აქვს 5%-იანი ბარიერი გადალახოს­ იმის ფონზე, რომ აქეთა ფლანგზეა ენმ და ნაცმოგამოვლილი სხვა პოლიტიკური ორგანიზაციები, რომლებიც სხვა ცენტრს აყალიბებენ. "ნაცმოძრაობასთან" არავითარი კავშირის მქონე ერთადერთ რეალურ ძალად, რომელსაც შეუძლია მათ შორის "ქართული ოცნების" მომხრეების გადმობირება, გახარია გვევლინება და ამ განლაგებაში ბუნებრივად იკვეთება ოთხი ბირთვი: "ოცნება", ენმ, გახარია და ქარტიის გარშემო გაერთიანებული ზემოხსენებული პარტიები. ვფიქრობ, საქართველოს მოსახლეობა იმდენად განათლებულია, რომ ამ ოთხ ცენტრში­ შეუძლია თავისუფლად გააკეთოს არჩევანი. "ქართულ ოცნებას" ამ ბოლო წლების განმავლობაში ერთი რამ აქვს დახვეწილი - ეს არის საინფორმაციო კამპანია და პროპაგანდა. ამ ფონზე ერთიანი სია იქნებოდა მისთვის დიდი საჩუქარი, რომელიც იტყოდა, აი, ხალხო, ეს ოპოზიცია, რომელიც წლების განმავლობაში ნაცარს გვაყრიდა და გვიმტკიცებდა, არა ვართ "ნაცებიო", ხომ დადასტურდაო. - დღეს "ოცნებას" თუ აქვს კონკრეტული დაპირებები ან რაიმე შესათავაზებელი მოსახლეობისთვის? - "ოცნებას" ხალხისთვის მხოლოდ შიში აქვს შესათავაზებელი. მისი მთავარი ამოცანა ამ შემთხვევაში არ არის ფუნდამე­ნტური დაპირებების GAგაცემა, მით უმეტეს, როცა "ოცნება" ხვდება, რომ მოსახლეობის სურს ევროკავშირში გაწევრება და საამისოდ ვერაფერს სთავაზობს, ვერანაირ დაპირებას ვერ იძლევა. მოსახლეობას ასევე ესმის, რომ დასავლეთთან დაპირისპირების შემთხვევაში, ვერანაირი ეკონომიკური­ წინსვლა და სოციალური განვითარება ვერ იქნება და "ოცნებამ" რომც გასცეს დაპირებები, ბუნებრივია, ძალზე არადამაჯერებელი იქნება. "ოცნებას" ესმის, რომ უნდა გასცეს მხოლოდ ის დაპირებები და ინფორმაციულად ის საკითხები დაამუშაოს, რაც მისი გადმოსახედიდან ქართველი საზოგადოებისთვის ერთ-ერთი მტკივნეული საკითხია - ეს არის შიში. შიშის ორი ფაქტორია: 1. "ნაცმოს" დაბრუნების, რაც აქვთ ე.წ. ნეიტრალებსა და "ქართული ოცნების" მომხრეებს და 2. შიში ომის დაწყების და ქვეყანაში სტაბილურობის დაკარგვის­. "ქართული ოცნება" პროპაგანდირებს, რომ ვითომ ახერხებს მშვიდობის შენარჩუნებას და თუ მოვიდა ისედაც საშიში "ნაციონალების" გაერთიანება, ეს ავტომატურად გადააგდებს ქვეყანას ომის მორევში. ეკონომიკის ზრდაზე აპელირება ისევ და ისევ ცუდად უბრუნდება "ოცნებას" იმიტომ, რომ ყოველ წელს საქართველოს მოსახლეობა მცირდება, გარბის ევროპაში. ჩვენთან შეიძლება ეკონომიკა იზრდებოდეს, მაგრამ ის იმდენად არათანაბრად ნაწილდება, იმდენად ფეოდალურ-კლანური ეკონომიკური სისტემაა, რომ მოსახლეობა სარგებელს დიდწილად ვერ ნახულობს. ამიტომ ნებისმიერი არგუმენტი, რომ ჩვენთან ეკონომიკა დუღს და გადმოდუღს, პირიქით ურტყამს "ოცნების" სანდოობას და ამიტომ მგონია, "ოცნება" უფრო იმ ნაცად გზებზე გაამახვილებს ყურადღებას, რასაც "ნაციონალების" მოსვლისა და ომის დაწყების შიში ჰქვია. - ოპოზიციამ რა მესიჯებით უნდა გაანეი­ტრალოს ეს შიში? - პირველი - ეს არის ყბადაღებული "ნაცმოს" დაბრუნების შიშის განეიტრალება­ ოპოზიციური პოლიტიკური ცენტრების და არა ერთიანი სიის შექმნით. რაც შეეხება სტაბილურობის შენარჩუნებისა და ომის შიშის ფაქტორს, სწორედ "ოცნების" პოლიტიკის გამო რუსეთს აწყობს "ქართული ოცნება", ის სრულიად ჯდება მის სტრატეგიულ ინტერესში და საქართველოს ტერიტორიაზე ომის დაწყების საჭიროებას არ ხედავს. თეორიულად თუ დავუშვებთ, რომ "ოცნება" რუსეთის მარიონეტული რეჟიმია, მაშინ რუსეთის მარიონეტული რეჟიმის მოშორების საშიშროება იწვევს იმის ალბათობას, რომ რუსეთმა მის შესანარჩუნებლად დამცავი ღონისძიებები გაატაროს, აქ არ დაუშვას მის საწინააღმდეგოდ პოლიტიკური სიტუაციის შეცვლა. ახლა რუსეთი ძალიან დაკავებულია და მისი მთელი სამხედრო რესურსი უკრაინაზეა მიმართული. რუსეთმა აქ რომ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია დაიწყოს, მას სჭირდება დრო, მომზადება, ასევე, საომარი დაჯგუფების შექმნა, რომელსაც ასე მარტივად ვერ მოაგვარებს. ამასთან, ეს არავის გამორჩება - არც დასავლეთს, არც თურქეთს და არც აზერბაიჯანს, მათ შორის არც ჩვენ. საქართველო მნიშვნელოვანი სატრანზიტო დერეფანია როგორც ევროპისთვის, ასევე განსაკუთრებით თურქეთისთვის, ამიტომ აქ საომარი ოპერაციის დაწყება იმდენად დიდი პოლიტიკური მიზანია, ამას იმხელა გეოპოლიტიკური შედეგი მოჰყვება, პრაქტიკულად, საქართველოში რუსეთის სამხედრო ჩექმის გამყარება მთელ სამხრეთ კავკასიას საბჭოთა დროში დაგვაბრუნებს, რაც, ცოტა არ იყოს წარმოუდგენელია (თუნდაც თურქეთის პოზიციის გათვალისწინებით, თუ რა მიზნები აქვს მას აზერბაიჯანსა და ზოგადად ცენტრალურ­ აზიასთან დაკავშირებით, საერთოდ რომ არ ვილაპარაკოთ გლობალურ ენერგო და­ სატრანსპორტო პოლიტიკაში რა ხდება და რა როლს ასრულებს საქართველო). ამ ფაქტორების გათვალისწინებით ცოტა რთულია ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის დაწყება საქართველოში. ამასთან ამას ჩვენს დასაცავად დასავლეთის თუ თურქეთის საპასუხო ნაბიჯები მოჰყვება, რაც რუსეთის ინტერესებში არ შედის - რაში სჭირდება მას დაბომბვები, თუ ამას ის პოლიტიკური შედეგი არ მოჰყვა, რაც სურს. შედეგი კი არის ფართომასშტაბიანი­, მათ შორის სახმელეთო ოპერაცია, რაც გულისხმობს თბილისის აღებასა და საქართველოზე სრული კონტროლის დამყარებას. ამისთვის რუსეთი ჯერ, სანამ უკრაინაში ომია, მზად არ არის. ოპოზიციის ამოცანაა არა მხოლოდ შიდაპოლიტიკური გზავნილები, არამედ საგარეო ასპარეზზე წინმსწრებად მუშაობა, როგორც ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან, ასევე, რუსეთის მიმართულებით. ჩვენ ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ პერიოდში ვართ, ჯერ არავითარი უსაფრთხოების ქოლგა არ გვიცავს და ოპოზიცია უნდა შეეცადოს რუსეთისთვის ისეთი სიგნალების გაგზავნას, რომ შერბილდეს მისი პოზიცია საქართველოსთან. ამასთან, ჩვენი სტრატეგიული სვლა დასავლეთისკენ და განსაკუთრებით ევროკავშირში არ შეფერხდეს, მოიძებნოს ბერკეტები უსაფრთხოების გარანტიებისა და ევროკავშირში გარანტირებულად გაწევრებისა. რეგიონში რთული ვითარებაა და ამაზე თვალის დახუჭვა და ჯიუტად იმის თქმა, რომ ჩვენ ყოველგვარი რუსული ფაქტორის გათვალისწინების გარეშე უნდა ვიაროთ, რომ ფეხებზე უნდა დავიკიდოთ რუსეთის პოზიცია, რამდენადაც არალეგიტიმურად არ უნდა გვეჩვენებოდეს კრემლის რეჟიმის ინტერესები, დაუშვებელია.