„როგორც კი ოპოზიცია ერთიანი გახდება, იმ დღიდან ყველა „ოცნების“ მოედანზე ვიწყებთ თამაშს“ - კვირის პალიტრა

„როგორც კი ოპოზიცია ერთიანი გახდება, იმ დღიდან ყველა „ოცნების“ მოედანზე ვიწყებთ თამაშს“

"წინასაარჩევნო გარემო ძალზე სახიფათო იქნება, არჩევნები კი ყველაზე რთული იმ არჩევნებს შორის, რომელიც ოდესმე ჩატარებულა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში", - ამბობს პარტია "საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი და შსს-ის ანალიტიკური სამსახურის ყოფილი უფროსი კახა ქემოკლიძე და განმარტავს, არსებულ გამოწვევებთან ბრძოლის რა სტრატეგია აქვს არჩეული გახარიას გუნდს:

qemoklidze-w-h-1719159813.jpeg

- ჩვენი ხედვა პოლიტიკური ლანდშაფტისა და საქართველოს მოქალაქეების, მათი ოპოზიციური ელექტორატის განწყობების ანალიზს ეყრდნობა. ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების 80% აბსოლუტურად­ ეწინააღმდეგება "ნაცმოძ­რა­ობის­" დაბ­რუნე­ბას. ეს არის შემდგარი ფაქტი და ჩვენი ანალიზის ქვაკუთხედი. შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის კონფიგურაცია, რომელიც გააჩენს­ აღქმას, რომ შეიძლება "ნაცმოძრაობა" ხელისუფლებაში დაბრუნდეს, ჩვენთვის მიუღებელია. არა აქვს მნიშვნელობა, "ქართული ოცნება" რუსულ კანონს მიიღებს, რუსებს შეეკვრებიან თუ საერთოდ ჩააბარებენ­ ქვეყანას, თუ ხელისუფლებაში­ "ნაციონალების" დაბრუნების საფრთხე გაჩნდება, ხალხის უმრავლესობა მომენტალუ­რად (იძულებით) გადაჯგუფდება "ქართული ოცნების" მხარდამჭერთა ბანაკში. ეს მკაფიო მოცემულობაა. აქედან გამომდინარე, ვამბობთ, რომ გაერთიანება, მით უფრო აბსურდული საერთო სია, არ არის გამარჯვების ფორმულა. პირიქით, ეს არის "შუის ბოლომდე გაკრეფა"­ და არა არჩევანი ევროპასა და რუსეთს შორის. სიმართლე გითხრათ, ასეთ არჩევანს­ ვერც ხედავს მოსახლეობის უმრავლესობა, განსაკუთრებით რეგიონებში.

- თქვენ თუ ხედავთ?

- შეიძლება ხედავდნენ ვიღაცები, ისინი, ვისაც "ნაცები" მეტისმეტად არ ეზიზღება, მაგრამ ისინი ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატის მხოლოდ 20% წარმოადგენენ, დანარჩენ 20%-ს იმდენად არ უნდა და იმდენად ეშინია "ნაციონალების" ხელისუფლებაში დაბრუნების, რომ ასეთ არჩევანს ვერ ხედავენ. ეს არის ის მოცემულობა და კრიტიკული დეტალი, რომელიც ყოველთვის ავიწყდებათ ერთობის მომხრეებს. ერთ­ობა საჭიროა მხოლოდ ზეპარტიულ და გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვან საკითხებში. სხვა შემთხვევაში, როგორც კი ოპოზიცია ერთიანი გახდება, ჩათვალეთ, რომ იმ დღიდან ყველა "ქართული ოცნების" მოედანზე ვიწყებთ თამაშს. ამიტომ დაზუსტებით ვამბობ - ოპოზიციური ერთობა დიდად სარისკოა.

- რა ტიპის სტრატეგია მიგაჩნიათ გამართლებულად?

- ჩვენ პრაგმატულად ვუყურებთ ამ საკითხს. ოპოზიციურ სპექტრში რამდენიმე წვრილი პარტიაა, რომლებიც, დიდი ალბათობით, 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავენ. ვფიქრობთ, მათი ხმები არ უნდა დაიკარგოს. ისეთი პატარა პარტიების გაძლიერებას ვემხრობით, რომლებიც "ნაცმოძრაობის" ქოლგის ქვეშ არ იქნებიან.

- პატარა პარტიების რა მოგახსენოთ, მაგრამ "ლელოსთან" თანამშრომლობის სურვილი კი გამოთქვა გიორგი გახარიამ, რაც "ლელოს" ლიდერებმა ცალმხრივ სიყვარულს შეადარეს. როგორი იყო ამაზე თქვენი რეაქცია?

- გაგვეღიმა. "ლელოს" "ნაცების" ქოლგიდან გამოსვლას და თავის დამკვიდრებას ყოველთვის მივესალმებოდით, რადგან ეს პოლიტიკური გუნდი იდეოლოგიურად და მსოფლმხედველობრივად (როგორც სხვა მსგავსი პოზიციონირების პარტიები) ჩვენთვის მისაღები იქნება საარჩევნო ვითარებაში სათანამშრომლოდ. დღეს პატარა პარტიები დიდი რისკის წინაშე დგანან, შესაძლოა ვერ გაუძლონ ცდუნებას და "ნაცმოძრაობამ" ისინი გადაყლაპოს. ჩვენც ვიდექით ასეთი რისკის წინაშე, "ქართული ოცნება" წლების განმავლობაში ცდილობდა შევეწებებინეთ "ნაცმოძრაობას", ფულს ხარჯავდნენ ამ პროპაგანდის დასაფინანსებლად. მათ შესანიშნავად იციან, რომ ერთობა "ნაცმოძრაობის" ქოლგის ქვეშ არის ოპოზიციის წაგების ფორმულა. - როგორ შეიძლება ოპოზიციური ერთობა­ "ნაცმოძრაობის" ქოლგის ქვეშ მოექცეს,­ როდესაც ისინი მზად არიან დათმონ საკუთარი პარტიის სახელი და მათთვის წმიდათა­წმიდა ხუთიანი. ასევე ამბობენ, რომ უარს იტყვიან ძალოვანი სამინისტროების პორტფელებზე.- მათი ნდობა არ შეიძლება. შეიძლება­ ახლა ფანტასტიკურ რაღაცებს ამბობენ, მაგრამ როგორც კი ძალაუფლების კონსოლიდირების შესაძლებლობა მიეცემათ, ამას გააკეთებენ. როგორც "ოცნების", ისე "ნაციონალების" სიტყვას ძალიან დაბალი ფასი აქვს. ჩვენი სტრატეგიული ხაზი ასეთია - "ქართულმა ოცნებამ" და "ნაცმოძრაობამ" თავისი ძველებით თუ ახლებით არჩევნებში 51% არ უნდა აიღოს. იცით, რატომ? ხომ ნახეთ, რუსთავში რა მოხდა - ჩვენი წარმომადგენელი, რომელიც "ოცნების" კორუფციულ სქემებს ებრძოდა, საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციიდან მოხსნეს და მის მაგივრად "ნაციონალი" დასვეს. რატომ აკეთებენ ამას? იმიტომ, რომ შეკრული არიან. ფარდის მიღმა გარიგებებს დებენ, საკუთარ დეპუტატებსაც ატყუებენ. ხომ გახსოვთ, როგორ გაიყიდნენ ვიღაც-ვიღაცები მურუსიძე-ჩინჩალაძის საქმეზე.

- თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ თქვათ, რომ "ოცნებას" უმრავლესობას იმ შემთხვევაშიც კი არ შეუქმნით, თუ საკვანძო პოსტებს ჩაგაბარებთ?

- "ქართველმა ოცნებამ" წითელი ხაზი გადაკვეთა, ისეთი შეცდომები დაუშვა, რომ წარმოუდგენელია მათთან თანამშრომლობა, ღირსებას, მორალს უღალატეს.

- წინასაარჩევნოდ პარტია "ახლებთან" თუ ხედავთ თანამშრომლობის შესაძლებლობას?

- ჩვენ დიდ განსხვავებას ვერ ვხედავთ "ნაციონალებსა" და "ახლებს" შორის. ისინი ერთი წრიდან არიან, ერთნაირი ფასეულობები აქვთ, უბრალოდ, პიროვნული უთანხმოება მოხდა მათ შორის. დარწმუნებული ვარ, ამ საკითხზე საზოგადოების 90% ჩვენსავით ფიქრობს.

- თქვენი შეფასებით, "ნაციონალების" ქოლგის ქვეშ მოქცევის საფრთხის წინაშე მყოფ "ლელოსთან" თანამშრომლობას, მათი ირონიული­ პასუხის მიუხედავად აპირებთ?

- არ მიგვიქცევია ყურადღება ამ ირონიისთვის, საკმაოდ გამოცდილი პოლიტიკური ძალა ვართ საიმისოდ, რომ მსგავსმა ინსინუაციებმა დისკომფორტი არ შეგვიქმნას. სტრატეგიული მოთმინებით ვაკვირდებით პოლიტიკური ლანდშაფტის ჩამოყალიბებას, რათა შექმნილი მოცემულობა ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ. ჩვენი ხელი ისევ გაწვდილია როგორც "ლელოსთვის", ასევ ყველა იმ პოლიტიკური ძალისა და ინდივიდისთვის, რომლებიც ჩვენს იდეოლოგიასა და მსოფლმხედველობას იზიარებენ.

- ხელის გაწვდენასთან ერთად, ალბათ, "ლელო" ელოდება გახარიას საჯარო აღიარებას 20 ივნისის ღამისა და ანაკლიის პროექტის შესახებ.

- 20 ივნისის შესახებ ჩვენი პოზიცია ასეთია - სახელწიფომ დაუშვა უდიდესი შეცდომა. ამას ვამბობ ადამიანი, რომელიც მაშინ სახელმწიფოს წარმოადგენდა. ეს იყო სირცხვილი, იმიტომ, რომ ის ამბავი, რაზეც ქართველები სამართლიანად გაბრაზდნენ, საერთოდ არ უნდა მომხდარიყო. ბრაზი რომ აგრესიაში გადაიზარდა და სახელმწიფო ინსტიტუციაზე შტურმი დაიწყო, ეს მედლის მეორე მხარეა. თუმცა უნდა ითქვას, რომ 2019 წლის შემდეგ ჩვენმა ქვეყანამ ისეთი დარბევები და ძალადობა გამოიარა, 20 ივნისის საკითხზე საუბარმა აზრი დაკარგა. გასცა თუ არა აქციის დარბევის ბრძანება გახარიამ? ამ საკითხზე ჩანაწერებიც­ არსებობს და სახალხო დამცველსაც განხილული აქვს. გახარიას აქციის დარბევის ბრძანება არ გაუცია... რაც შეეხება ანაკლიის პორტის პროექტს, ობიექტური დამკვირვებლისთვის პასუხგაუცემელი კითხვები არ არსებობს, ბევრი უცხოელი ექსპერტია ამ ამბავში ჩახედული და ყველამ ყველაფერი კარგად იცის. მე ამ საკითხში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის სტატუსით ვიყავი ჩართული და შემიძლია ვთქვა, რომ იმ ცნობილი პრობლემის შემდეგ ამერიკელი ინვესტორი იყო დაინტერესებული ამ საქმით და მზად იყო ბევრად ძლიერი პორტი აეშენებინა, ვიდრე ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ჰქონდა დაგეგმილი. ყველამ ყველაფერი იცის. ახლა მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ანაკლიის პორტი უნდა აშენდეს დასავლური პარტნიორების ინვესტიციებით და არა ჩინელების. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ წინაშე ეროვნული უსაფრთხოების რისკები იქმნება და ეს "ქართულმა ოცნებამ" ძალიან კარგად იცის.

ხათუნა ბახტურიძე