სკანდალი აფხაზებსა და რუს „ელჩს“ შორის - დე ფაქტო ელჩმა აფხაზ ოპოზიციას მარგინალები უწოდა
ოკუპირებულ სოხუმში რუსეთის დე ფაქტო ელჩის გამო დიდი უკმაყოფილება და სკანდალია - რუსეთის "ელჩმა" მიხაილ შურგალინმა ტელეგრამ-არხზე ოპოზიციას "უმნიშვნელო მარგინალები" უწოდა. ამიტომ ოპოზიცია "ელჩისგან" განმარტებებს ითხოვს. ოპოზიციურმა მედიამ შურგალინს ძველი ცოდვებიც გაუხსენა, მაგალითად, ის, რომ ბიჭვინთის აგარაკების გასხვისების მოწინააღმდეგეებს წლების წინ "აფხაზეთის სუვერენიტეტის მტრები" და "ენგურს გაღმა" პროპაგანდის გამტარებლები უწოდა და მაშინაც ოპოზიციის წარმომადგენლებისგან რისხვის წერილი მიიღო. მეტიც, აფხაზები აპირებდნენ ვლადიმირ პუტინისთვისაც მიემართათ საჩივრით "ელჩის" უფლებამოსილების გადამეტების გამო. სოხუმში ელჩის ამ განცხადებებზე მისგან დამატებით განმარტებებსა და დე ფაქტო ხელისუფლებისგან კრიტიკულ შეფასებებს ითხოვენ, თუმცა რეაგირება არ ჩანს.ამასობაში, სოხუმში კითხვები ჩნდება, ხდება თუ არა რაღაც ცუდი აფხაზურ-რუსულ ურთიერთობაში, რადგან აფხაზებისთვის ივნისი ცოტა რთულად დაიწყო. სწორედ "ელჩის" სკანდალის დღეებს დაემთხვა რუსი ბიზნესმენის ინტერვიუც, სადაც რესტორატორი ამბობს, რომ აფხაზეთში "მაკდონალდსის" ჩამნაცვლებელი რესტორანი "ვკუსნო ი ტოჩკას" გახსნა გადაიფიქრა. რუსი "ელჩის" გამოხდომისგან განსხვავებით, რუსი ბიზნესმენის ამ ინტერვიუს დე ფაქტო საგარეო უწყება გამოეხმაურა და ბიზნესმენს მიანიშნა, რომ მისი ეს პოლიტიკური განცხადება შეუსაბამოა, რადგან აფხაზეთი აღიარებულია რუსეთის მიერ.
"რუსეთის ელჩი" და სკანდალური ტელეგრამ-პოლემიკა
ყველაფერი დაიწყო იმით, რომ 12 ივნისს აფხაზეთში რუსეთის დე ფაქტო საელჩოში რუსული დღეების აღსანიშნავი საზეიმო მიღება გაიმართა, სადაც წინა წლებისგან განსხვავებით, მხოლოდ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები და მისი მხარდამჭერი ორგანიზაციების ლიდერები იყვნენ მიწვეული. ოპოზიციის იგნორირების გამო გამოცემა "რესპუბლიკამ" ტელეგრამ-არხზე "საელჩო" გააკრიტიკა და სწორედ აქიდან დაიწყო დებატები. "ესმის თუ არა საელჩოს, რომ ასეთმა შერჩევითმა პოზიციამ დღევანდელ ხელისუფლებასა და პროსახელისუფლებო ორგანიზაციებთან დამოკიდებულებაში შეიძლება ის გამოიწვიოს, რომ აფხაზი ხალხი დაიწყებს რუსეთის ფედერაციის მიმართ არსებული ხელისუფლების "სიყვარულისა და პატივისცემის" ექსტრაპოლაციას. ან სომხეთის გამოცდილება შეუმჩნეველი დარჩა? სპეციალური სამხედრო ოპერაციისა (უკრაინაში ომი) და გლობალური დაპირისპირების პირობებში ასეთი დიპლომატიური "გადაცდომები" გარკვეულ აზრებსა და დასკვნებს იწვევს, რომლებსაც ჯერ კულისებში დავტოვებთ", - წერდა გამოცემა.
პოსტს გამოეხმაურა მომხმარებელი, მეტსახელად "მიხაილი" (შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს ანგარიში "ელჩის" ტელეფონის ნომერზე იყო მიბმული და თავად "ელჩი" წერდა). შურგალინმა პოსტის ავტორებს ურჩია, დასკვნები კულისებში შეინახონ, რადგან მათი აზრი არავის აინტერესებს. ონლაინმიმოწერის დროს შეკითხვაზე, რის საფუძველზე შეარჩიეს სტუმრები, უპასუხა, რომ "რესპუბლიკაში მათი მნიშვნელობის პრინციპით".
მას ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა მისწერა: "არ ვიცოდი, რომ რუსეთის ელჩის უფლებამოსილებაა აფხაზეთის რესპუბლიკაში პოლიტიკური პარტიების მნიშვნელობის დონის შეფასება", რაზეც შურგალინმა უპასუხა: "მშურს შენი, შენ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ იცი".
მოგვიანებით ტელეგრამ-არხზე მისდამი მიძღვნილი მეორე პუბლიკაციის კომენტარებში შურგალინმა დაწერა: "პოლიტიკურ ორგანიზაციებად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ისინი, რომლებიც პარლამენტში არიან წარმოდგენილი. ყველა დანარჩენი მარგინალია".
ონლაინკომენტარების უმეტესობა ოპოზიციური და აღშფოთებული იყო: "ეს არ არის ელჩი, არამედ ვიღაც პროვოკატორი!"
მეორე დღეს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს ოპოზიციურმა ორგანიზაციებმა და პარტიებმა: "ასეთი განცხადებები საშინაო საქმეებში ჩარევას ჰგავს, რის გამოც მოვითხოვთ რუსეთის ფედერაციის ელჩმა საჯაროდ გააკეთოს განცხადება და შექმნილ სიტუაციაში სიცხადე შეიტანოს". მათ განცხადებას შეუერთდა "აიდგილარაც", რომლის ლიდერიც აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის წევრი კან კვარჩიაა.
აფხაზური მედიის ცნობით, მიხაილ შურგალინს დიდი ხანია აკრიტიკებს ოპოზიცია. გაიხსენეს 2022 წელს შურგალინის ინტერვიუ "რია ნოვოსტისთან", სადაც ის ბიჭვინთის აგარაკების გასხვისების თემაზე ატეხილ კრიტიკას გამოეხმაურა და თქვა: "მე როგორც ელჩმა, მინდა გაგაფრთხილოთ, რომ ამან შესაძლოა რუსულ-აფხაზურ ურთიერთობის შემდგომ განვითარებას ზიანი მიაყენოს" და დასძინა, რომ "ბიჭვინთის ამბავი" აფხაზეთის სახელმწიფო სუვერენიტეტის მოწინააღმდეგეებისთვის შთაგონებაა და ისინი (ოპოზიცია) და მათ შორის, "ენგურის გაღმა" მყოფებიც, სიამოვნებით აზვიადებენ ამ სიუჟეტს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე". შურგალინის განცხადებებს ვეტერანთა ორგანიზაცია "აიააირას" სახელით ვიანორ არშბას მკაცრი საპასუხო წერილი მოჰყვა, რომ "რუსი დიპლომატი ფაქტების აშკარა გაყალბებითა და დამახინჯებითაა" დაკავებული. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, მათ პუტინს "ელჩის" უფლებამოსილების გადახედვის მოთხოვნით მიმართონ.
აფხაზები "ვკუსნო ი ტოჩკას" მფლობელების პერსონა ნონ-გრატად გამოცხადებას ითხოვენ
მეორე უსიამოვნო ამბავი აფხაზებისთვის ისევ რუსეთიდან წამოვიდა. ამჯერად ის რუსულ ბიზნესს უკავშირდება. სწრაფი კვების რუსულმა ქსელმა "ვკუსნო ი ტოჩკამ, რომელმაც რუსეთში "მაკდოლანდსი" ჩაანაცვლა, აფხაზურ ბაზარზე შესვლის იდეაზე უარი თქვა. მისი თქმით, საერთაშორისო ასპარეზზე აფხაზეთი საქართველოს კუთვნილ ტერიტორიად მიიჩნევა, სადაც "მაკდონალდსის" ფრანჩაიზი მუშაობს და კომპანიას "კონფლიქტის შექმნა" არ სურს. "ყურადღებით შევისწავლეთ აფხაზეთის ბაზარი და მივედით დასკვნამდე, რომ იქ რესტორანს არ გავხსნით", - აცხადებს პაროევი. მისი ცნობით, "ვკუსნო ი ტოჩკას" ანალიტიკოსებმა ბაზარი შეაფასეს და მივიდნენ დასკვნამდე, რომ უფრო მომგებიანი იქნება რესტორანი აფხაზეთის ტერიტორიასთან ახლოს გაიხსნას. კერძოდ, კომპანია რუსეთის სამხრეთით, სოჭისა და ადლერის ჩათვლით აქტიურად ვითარდება. "ეს ის ტერიტორიებია, სადაც კარგი ლოკაციის შემთხვევაში გახსნისთვის მზად ვართ", - ამბობს პაროევი.
ახალ ბაზრებზე, მათ შორის, აფხაზეთში შესვლის შესახებ "ვკუსნო ი ტოჩკას" მფლობელი ალექსანდრ გოვორი ჯერ კიდევ 2022 წლის დეკემბერში საუბრობდა, როცა კომპანიის გეგმები დააანონსა, რომ "ქსელს არაღიარებული რესპუბლიკებიც უკავშირდებიან" და ასეთ ტერიტორიებზე, მაგალითად, აფხაზეთში შესასვლელად კომპანია ყველაფერს ცდილობს.
ბიზნესმენის ინტერვიუს გამოეხმაურა დე ფაქტო საგარეო უწყება: "აფხაზეთის რესპუბლიკა არის რუსეთის ფედერაციის მიერ აღიარებული სუვერენული სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მოქმედი იურიდიული პირია კომპანია "ვკუსნო ი ტოჩკა". ზემოაღნიშნული კომპანიის შესაძლო კომერციული და სამართლებრივი შეზღუდვები, რომლებიც დაკავშირებულია უცხო ქვეყნებში საქმიანობის წარმართვასთან, არ ამართლებს მის მიერ რუსეთის ფედერაციის სტრატეგიული პარტნიორის შესახებ გამოთქმულ არაკორექტულ და არასწორ განცხადებებს. კატეგორიულად ვურჩევთ ბატონ პაროევს, მომავალში მოერიდოს არაკორექტულ პოლიტიკურ განცხადებებს აფხაზეთის რესპუბლიკის საერთაშორისო სამართლებრივი სტატუსის შესახებ". სოხუმში ეს განცხადება აფხაზებს არ აკმაყოფილებთ, ტელეგრამ-არხებზე წერენ, რომ ბიზნესმენი პერსონა ნონ-გრატად უნდა გამოცხადდეს.
"რუსებს ჰგონიათ, უჩვენოდ აფხაზეთი ვერ იარსებებს, ამიტომ რასაც გვინდა, იმას გავაკეთებთო"
ირაკლი ცქიტიშვილი, კონფლიქტოლოგი: - დე ფაქტო ელჩის ამგვარი განცხადებები არც პირველია და არც უკანასკნელი. რუსები პირდაპირ ამბობენ, რომ მათი ინტერესია მხოლოდ ის ძალა, ვინც დე ფაქტო ხელისუფლებაშია, რადგან მათთან ვაჭრობენ, მათთან აქვთ ურთიერთობა და ოპოზიციასთან სასაუბრო არაფერი აქვთ. ასეთ ხისტ განცხადებებს დიპლომატები, როგორც წესი, არ აკეთებენ, მაგრამ იმდენად არაფრად აგდებენ აფხაზებს, რომ სიტყვების შერჩევაში თავს არ იწუხებენ.
- რუსეთის "ელჩის" ამ სკანდალს დაემთხვა რუსი ბიზნესმენის განცხადებაც, რომ აფხაზეთში "ვკუსნო ი ტოჩკას" არ გახსნის, რადგან აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიადაა მიჩნეული და პრობლემები არ სჭირდება. რატომ გადაიფიქრა აფხაზეთში ბიზნესის დაწყება?
- რუსი ინვესტორის განცხადება დიპლომატიური იყო. მას არ უთქვამს, რომ აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიაა. მან თქვა, რომ "მაკდონალდსი" აფხაზეთს განიხილავს საქართველოს ტერიტორიად და მას უნდა ჰქონდეს ერთი ფრანჩაიზი, რომელიც აქვს ქართულ მხარეს. იმის გამო, რომ არ უნდათ "მაკდონალდსთან" კონფლიქტი, აფხაზეთში არ შემოვლენ.
"ვკუსნო ი ტოჩკას" ბიზნესი "მაკდონალდსმა" მიჰყიდა და ამიტომ, ბუნებრივია, არ სურს ეს კომპანია გაანაწყენოს. მისი ბიზნესი მომგებიანია, მთელი რუსეთის ტერიტორიას მოიცავს და რატომ უნდა გაიფუჭოს ურთიერთობა სოლიდურ კომპანიასთან იმის გამო, რომ ვიღაც აფხაზები გაახაროს?! მისი აფხაზეთში შესვლა ბიზნესის მხრივ არაფერს ნიშნავს. ეს უფრო პოლიტიკური ნაბიჯი იქნებოდა და ამ პოლიტიკურ ნაბიჯზე არ წავიდა.
- რუსეთის "ელჩებთან" დაკავშირებით აფხაზეთში სხვა დიდი სკანდალი თუ გახსენდებათ? აფხაზმა ჟურნალისტებმა გაიხსენეს 2013 წელს რუსეთის ე.წ. ვიცე-კონსულ დმიტრი ვიშერნევის მკვლელობა. მაშინ ითქვა, რომ მას მწვავე კონფლიქტი ჰქონდა ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან, რადგან მიაჩნდა, რომ აფხაზეთში რუს ბიზნესმენებსა და ტურისტებს აყაჩაღებდნენ და ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა. საერთოდ, როგორია აფხაზებისა და რუსი "ელჩების" დამოკიდებულების ისტორია?
- ეს მკვლელობა დიდი სკანდალი, თუმცა უფრო კერძო დაპირისპირება იყო. პოლიტიკურ მკვლელობას აფხაზები ვერ გაბედავდნენ. აფხაზებს მეტისმეტად დიდი წარმოდგენა აქვთ თავიანთ მნიშვნელობაზე. ჰგონიათ, მართლა დამოუკიდებლები არიან, მართლა სახელმწიფო აქვთ. ვერ ხვდებიან, რომ ეს ყველაფერი რუსეთის პოლიტიკური თამაშია და რუსების ხელში მარიონეტები არიან. რუსი დიპლომატები მუდმივად ამადლიან აფხაზებს, ჩვენ ვართ თქვენი უსაფრთხოების გარანტი, ამიტომ თქვენც გაქვთ ვალდებულებები, უჩვენოდ აფხაზეთი ვერ იარსებებს, ამიტომ რასაც გვინდა, იმას გავაკეთებთო. არ ვიცი, როდის მიხვდებიან ამას. როცა მიხვდებიან, ძალიან მწარე იქნება. ძირითადად, ოპოზიცია ყვირის ხოლმე, რომ ირღვევა მათი "სუვერენიტეტი". როცა ბჟანია იყო ოპოზიციაში, ის ყვიროდა, ახლა ხაჯიმბა და სხვები ყვირიან, თუმცა საბოლოოდ ყველას საკუთარი ინტერესები აქვს, - ხელისუფლებაში მოსვლა და კომფორტულად ყოფნა. ამიტომაც მიუთითეს ოპოზიციას მკაფიოდ, მარგინალები ხართ და თქვენი აზრი არ გვაინტერესებსო. ეს არ ყოფილა წამოცდენა, პირიქით, იყო ხისტი და მკაფიო განცხადება.
ეკატერინე ბასილაია