ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილი - საქართველოს ეროვნული გმირი, ქართველი სამხედრო მოღვაწე, საბჭოთა ოკუპაციასთან მებრძოლი და 1924 წლის აჯანყების ერთ-ერთი ლიდერი, შეფიცულთა რაზმის ხელმძღვანელი და უბრალოდ, რაინდული სულის კაცი, რომელმაც სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას შესწირა ყველაფერი. "საქართველოს დახსნა ეროვნულ მონობის უღლისაგან და ქართველ ხალხის სახელმწიფოებრივი ცხოვრების აღდგენა,­ აი ერთადერთი მიზანი, რომელსაც ემსახურება ჩვენი რაზმები, და რომელიც ჩვენივე სისხლით აღბეჭდილია ჩვენ სამფეროვან დროშაზე. ამ იდეას იზიარებს დღეს მთელი საქართველო და ერი, რომელიც მრავალ საუკუნეთა განმავლობაში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში აკაჟებდა თავის ეროვნულ გრძნობებს, ის არასოდეს­ არ მოიხრის ქედს მონობის უღელქვეშ. სამშობლოს ერთგულნო! საქართველოს მტრების განკითხვის დრო მოახლოვებულია. მათ აიმხედრეს თავის წინააღმდეგ მთელი კულტურული კაცობრიობა. ვიყვნეთ მხნე, მტკიცე და გაბედულნი!" - მიმართავდა ქართველ ხალხს და საბჭოთა რეჟიმის მიერ მის შესახებ გავრცელებულ ათასგვარ ბინძურ ჭორს საგმირო საქმეებითა და სამშობლოს უანგარო სიყვარულით აქარწყლებდა. ქაქუცა ჩოლოყაშვილის როლსა და მნიშვნელობაზე ისტორიის დოქტორი ლევან ჯიქია გვიამბობს: "ვიყვნეთ მხნე, მტკიცე და გაბედულნი" - ძალზე ცოტა ადამიანს თუ რგებია ხალხში ისეთი პოპულარობა და სიყვარული, როგორიც ქაქუცა ჩოლოყაშვილს. მოგეხსენებათ, ის წმინდანად შერაცხული ბიძინა ჩოლოყაშვილის პირდაპირი შთამომავალი გახლდათ. ქაქუცა 1888 წლის 14 ივლისს დაიბადა კახეთში, სოფელ მატანში.­ მისი მშობლები იყვნენ დარია და იოსებ ჩოლოყაშვილები. პიველდაწყებითი განათლება თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში მიიღო, რომელსაც იმხანად ექვთიმე­ თაყაიშვილი ხელმძღვანელობდა. 1909 წელს გაიწვიეს რუსეთის იმპერიის ჯარში და მსახურობდა ტვერის დრაგუნთა პოლკში, იქ პორუჩიკის წოდება მიიღო და 1912 წელს საქართველოში დაბრუნდა. 1913 წელს ის დაქორწინდა ნინო მეღვინეთუხუცესზე და მათ 2 ქალიშვილი თამარი და ქეთევანი შეეძინათ. 1914 წელს იწყება პირველი მსოფლიო ომი და ქაქუცაც­ გაიწვიეს, თავდაპირველად იბრძოდა ავსტრია-უნგრეთის ფრონტზე, სადაც დაიჭრა და მისი თხოვნით გადმოიყვანეს კავკასიის ფრონტზე. ვაჟკაცურად იბრძოდა, კავკასიის ფრონტზეც 2-ჯერ დაიჭრა, დააჯილდოეს ოქროს ხმლის ორდენით, წოდებაც მოუმატეს და გახდა პოდპოლკოვნიკი. 1918 წლის 26 მაისს აღდგა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა.­ ქაქუცა სახალხო გვარდიაში მსახურობდა ოფიცრის წოდებით, თუმცა იყო ასეთი ინციდენტი - ის გამოესარჩლა ერთ ოფიცერს, რის გამოც ქაქუცას სახალხო გვარდია დაატოვებინეს და სამხედრო საქმიანობაც აუკრძალეს. 1921 წლის 12 თებერვალს, როცა წითელი არმია საქართველოს თავს დაესხა, ქაქუცა ისევ საქართველოს დამცველთა რიგებშია. ეს ბრძოლა ჩვენი დამარცხებით დამთავრდა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობისა და დამფუძნებელი კრების წევრთა უმრავლესობამ საქართველო დატოვა, თუმცა ქაქუცა საქართველოში დარჩა. იმხანად ის სამეგრელოში იმყოფებოდა, დავალება ჰქონდა, რომ ცხენოსანთა­ რაზმი ჩამოეყალიბებინა რუსების წინააღმდეგ საბრძოლველად. ქაქუცამ შეასრულა ეს დავალება, თუმცა­ როგორც კი ამ ბრძოლაში დავმარცხდით, ის კახეთში ბრუნდება და იქ აყალიბებს რაზმს. მისმა რაზმელებმა დადეს პირობა, რომ იბრძოლებდნენ საქართველოს სახელმწიფოს­ დამოუკიდებლობის აღსადგენად და ამ ფიცის გამო მათ შემდგომ შეფიცულთა რაზმი უწოდეს­. თუ სადმე ძარცვა, ყაჩაღობა მოხდებოდა, საბჭოთა ხელისუფლება ავრცელებდა ხმებს,­ რომ ეს ქაქუცას და მისი რაზმელების ჩადე­ნილი იყო. "დავხვრეტდით ვაჟა-ფშაველასაც, ცოცხალი რომ იყოს" - სერგო ორჯონიკიძე - 1922 წლის ზაფხულში ქაქუცა იწყებს აჯანყებას საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ - ჯერ თიანეთის მაზრიდან დაიწყო აჯანყება, იქიდან გარეკა ადგილობრივი საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენლები, შემდეგ გადადის დუშეთში, სადაც რამდენჯერმე დაამარცხა საბჭოთა ხელისუფლების შეიარაღებული რაზმი. ამ დროს ჩეჩნეთიდან და ინგუშეთიდან მოუვიდა 40-კაციანი­ რაზმი, რომელსაც თან 50 შეკაზმული ცხენი მოუყვანიათ ქაქუცასთვის. ეს იყო ლოკალური აჯანყება, ის მხოლოდ კახეთში, ფშავში, ხევსურეთში გავრცელდა და აქედან გამომდინარე, დამარცხდა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ხელისუფლებამ ქაქუცას ხელში ჩაგდება ვერ მოა­ხერხა. მას ხალხი მფარველობდა და პერიოდულად, როცა ხელისუფლება რეპრესიებს აძლიერებდა (მისი ცოლ-შვილიც დააპატიმრეს ორჯერ, ამით ცდილობდნენ ზეწოლა მოეხდინათ ქაქუცაზე, რათა ჩაჰბარებოდა ხელისუფლებას, თუმცა ამან არ გაჭრა), ის პერიოდულად ჩრდილოეთ კავკასიას აფარებდა თავს. ერთხელ ჩრდილო კავკასიაში­ გადასვლაში მას ფშავის რაიონული მილიციის უფროსი­ ვაჟა-ფშაველას ვაჟი ლევან რაზიკაშვილი დაეხმარა. ისინი კლასელები იყვნენ თავადაზნაურთა გიმნაზიაში და ქაქუცა მას სახლშიც სტუმრობდა. ეს ცნობილი გახდა ხელისუფლებისთვის და ლევანი დააპატიმრეს. კოტე მაყაშვილი, პავლე ინგოროყვა და სხვა მწერლები­ სერგო ორჯონიკიძესთან მისულან და მისი გათავისუფლება უთხოვიათ, რადგან ლევან რაზიკაშვილი ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო, თან შეახსენეს, რომ ის ვაჟას შვილი იყო. ამაზე ორჯონიკიძეს უპასუხია, დავხვრეტდით ვაჟა-ფშაველასაც, ცოცხალი რომ იყოსო. ლევან რაზიკაშვილი 1923 წელს დახვრიტეს. "იარაღი ჩამომართვა და კომკავშირის ზნაჩოკი გადამაყლაპა" - ქაქუცას სძულდა საბჭოთა ხელისუფლება, მისი ყველა ატრიბუტი და ყველა,­ ვინც კი საბჭოთა რეჟიმის სამსახურში იდგა. ერთი კომუნისტი მოგვიანებით იხსე­ნებდა, რომ ქაქუცამ ის კახეთში დაიჭირა და კომკავშირის სამკერდე ნიშანი გადააყლაპა: ამონარიდი ძველი ბოლშევიკის ილია საბას ძე ჩოდრიშვილის მოგონებიდან: "1922 წელს უკვე ჩამოვიდნენ თელავში­ ახალი ძალები, მომზადებული აქტიური ახალგაზრდობა დათიკო კაჭარავა, თოდ­რია სერგო, ლომიძე, კარსანიძე და პარტიაშიც მომზადებული ამხანაგები გოგია ჭურღვლია, ჭანტურია, ვაშაკიძე, სტურუა, გაგოშიძე და ბევრი სხვები. ამ დროს იყო ბრძოლა გაქცეულ ბანდიტთან ქაქუცია ჩოლოყაშვილთან. იყო შემთხვევა მე დამიჭირა ყვარელიდან რომ მივდიოდი, იარაღი ჩამომართვა და კომკავშირის ზნაჩოკი გადამაყლაპა, ამასთან ერთად ბევრი კომკავშირელი გაიტაცა, ტყეში ჩახოცა, მაგალითად კომკავშირის მდივანი წინანდალში არუთინოვი ალექსა გოდორა". მზადება დიდი აჯანყებისთვის - 1922 წელს 5 ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებით იქმნება საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი, იგივე დამკომი. მისი მიზანი იყო საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენა. დამკომს სხვადასხვა კომისიები ჰქონდა შექმნილი და გადაწყდა, რომ რაზმები, რომლებიც არსებობდნენ საქართველოში, ერთ რაზმად გაეერთიანებინათ. ასე შეიქმნა სამხედრო ცენტრი, რომელსაც ქაქუცაც დაემორჩილა. დამკომი პერიოდულად და შეძლებისდაგვარად ფინანსურ დახმარებასაც უწევდა ქაქუცას, თუმცა შემდეგ სამხედრო ცენტრის წევრები დააპატიმრეს (მათ შორის იყო ილიას დისშვილი კონსტანტინე აფხაზი) და 1923 წლის 21 მაისს დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე დახვრიტეს. როდესაც დასახვრეტად გაიყვანეს, იმ ადგილას ადრე უსიერი ტყე იყო და ოფიცრებს სჯეროდათ, ქაქუცა თავისი რაზმით აქ სადმე იქნება ჩასაფრებული და აუცილებლად დაგვიხსნისო. მასზე ასეთი წარმოდგენა ჰქონდათ, იმდენად დიდი ავტორიტეტი იყო. ამის შემდეგ რამდენჯერმე დადგა შეიარაღებული აჯანყების საკითხი საქართველოში და მთლიანად ჩრდილო კავკასიაში. დამკომში წერილებს იღებდნენ ემიგრანტული მთავრობისგან და თავად ნოე ჟორდანიასგან, რათა აჯანყება არა მარტო საქართველოში მომხდარიყო, არამედ მთელი კავკასიის მასშტაბით მოემზადებინათ. დაიწყო მოლაპარაკება სომხებთან, აზერბაიჯანელებსა და ჩრდილოკავკასიელებთან. სომხებმა თავიდანვე უარი თქვეს, აზერბაიჯანელები თანახმა იყვნენ ჩართულიყვნენ, თუმცა ის პირი, რომელიც ქართველებსა და აზერებს შორის მეკავშირის როლს ასრულებდა, საგანგებო კომისიამ დააპატიმრა. ქაქუცას მეშვეობით ჩრდილოკავკასიელებთანაც გააბეს კავშირი. იყო ასეთი პოპულარული ადამიანი, ალი მიტაევი, რომელიც ახლო ურთიერთობაში იყო ქაქუცასთან და მისი მეშვეობით დაიწყო საუბრები. მიტაევი თანახმა იყო, რამდენიმე ათასი მებრძოლი გამოეყვანა, ოღონდ მებრძოლების მოსამზადებლად საქართველოდან 50 ოფიცრის ინსტრუქტორებად გაგზავნას ითხოვდა. ქართველებს არ ჰყავდათ ამდენი ოფიცერი, ამიტომ დროს წელავდნენ. ამასობაში საგანგებო კომისიამ ალი მიტაევი დააპატიმრა და ჩრდილო კავკასიასთან კავშირი გაწყდა. ასე რომ, საქართველო მარტო თავისი ძალებით უნდა აჯანყებულიყო და ასეც მოხდა. აჯანყების თარიღი რამდენჯერმე გადაიდო – ჯერ 1924 წლის თებერვლისთვის, მერე 17 აგვისტოსთვის, ბოლოს კი 29 აგვისტოსთვის დაინიშნა. აჯანყების მთავარსარდალი საქართველოში ვალიკო ჯუღელი უნდა ყოფილიყო, რომელიც ემიგრაციიდან არალეგალურად ჩამოვიდა საქართველოში. თუმცა 6 აგვისტოს ის დააპატიმრეს. გადაწყდა, რომ მთავარსარდლად დაენიშნათ სპირიდონ ჭავჭავაძე. ხელისუფლებას თავისი აგენტპროვოკატორებისგან მისდიოდა ინფორმაცია ამ პირების გადაადგილების შესახებ და პერიოდულად აპატიმრებდნენ ხელმძღვანელ პირებს. ამის შემხედვარე მთავარსარდალ ჭავჭავაძეს უკვე ეჭვი შეეპარა აჯანყების წარმატებაში და მოითხოვა მისი თარიღის გადაწევა, მაგრამ უთხრეს, რომ აჯანყება ფაქტობრივად დაწყებული იყო და თარიღის გადაწევა აღარ შეიძლებოდა. ეროვნულ-დემოკრატებმა დასვეს საკითხი, რადგან მთავარსარდალს აჯანყების წარმატებაში ეჭვი ეპარება, გადავაყენოთ და სხვა დავნიშნოთო. ეროვნულ-დემოკრატებმა წამოაყენეს ქაქუცას კანდიდატურა, თუმცა სოციალ-დემოკრატებმა ამ წინადადებას მხარი არ დაუჭირეს და ჭავჭავაძე დარჩა აჯანყების მეთაურად. ქაქუცა რომ მეთაური გამხდარიყო, შესაძლოა მოვლენები სხვაგვარად განვითარებულიყო. თუმცა აჯანყება მაინც განწირული იყო, ვინაიდან აჯანყებულებს ბევრად აღემატებოდნენ კავკასიაში დისლოცირებული ნაწილები. აჯანყება მარცხისთვის იყო განწირული, მაგრამ... - მოხდა ისე, რომ 1924 წლის აჯანყება ერთი დღით ადრე 28 აგვისტოს დაიწყო (ნაცვლად 29-ისა) ჭიათურაში - აჯანყების მეთაურმა ჭიათურაში გიორგი წერეთელმა კარგად ვერ გაიგო მითითება და აჯანყება 24 საათით ადრე დაიწყო. ხელისუფლებამ მთელი ძალები მიმართა ჭიათურისკენ. თავდაპირველად აჯანყებულებს წინსვლა ჰქონდათ, მაგრამ მაინც დამარცხდნენ. ხელისუფლებამ დააპატიმრა აჯანყების მონაწილეები, ასევე თავადაზნაურობის წარმომადგენლები -– წერეთლები, აბაშიძეები და სხვები, ჩასვეს 5 ვაგონში. დილის საათებში სოფელ არგვეთასთან მატარებელი გაჩერდა, პირველი ვაგონიდან გადმოიყვანეს­ ყველანი,­ წინასწარ გათხრილი ორმოს გასწვრივ გაამწკრივეს და იაპონური ტყვიამფრქვევით დახვრიტეს. შემდეგ ვაგონებს გაუხსნეს ცეცხლი და დანარჩენები იქ ჩაცხრილეს. ამ ოპერაციას მხოლოდ 4 კაცი გადაურჩა (სიბნელით ისარგებლეს და გაიქცნენ), მათ შორის ორი ქალი იყო: ნინა წერეთელი და იულია გაფრინდაშვილი. Q ხელისუფლებამ თბილისი გაამაგრა, პატრულირება დაიწყეს და აჯანყებულებმა გეგმა შეცვალეს. რეგიონებში წარმატების შემდეგ თბილისზეც იგეგმებოდა იერიში, სადაც მთავარი როლი ქაქუცას უნდა შეესრულებინა. ჩოლოყაშვილმა ყველა დავალება პირნათლად შეასრულა - აიღო მანგლისი და რამდენიმე სოფელი. მას შემდეგაც აგრძელებდა ბრძოლას, რაც ყველგან აჯანყება უკვე დამარცხებული იყო. 6 სექტემბერს გაიმართა შეტაკება, რომელიც, ალბათ, სამხედრო სწავლების სახელმძღვანელოში უნდა იყოს შეტანილი ქაქუცას რაზმს ორი მხრიდან შემოარტყეს ალყა, რა თქმა უნდა, ბევრად აღემატებოდნენ მის რაზმელებს. ჩოლოყაშვილმა ასეთი ტაქტიკა გამოიყენა - თანამებრძოლებს უბრძანა, ტყვია არ გაესროლათ და ჩუმად ყოფილიყვნენ, ისე მოახერხა, დაიმალნენ და ამ დროს წითელარმიელებმა ერთმანეთს ორივე მხრიდან დაუწყეს სროლა - ერთმანეთი დახოცეს. ქაქუცამ უვნებლად მოახერხა თავისი რაზმელების გამოყვანა ისე, რომ ერთი ტყვია არ გაუსვრია. ის ძალზე განსწავლული იყო სამხედრო საქმეში და ამიტომაც ვთქვი, ის რომ ყოფილიყო მთავარსარდალი, შეიძლება სხვაგვარად წარემართა ყველაფერი. რთული ცხოვრება ემიგრაციაში - აჯანყება დამარცხდა და დაიწყო რეპრესიები, თანაც სასამართლო პროცესების გარეშე. 1924 წლის ოქტომბერში მოსკოვში პლენუმის სხდომაზე სერგო ორჯონიკიძემ თქვა: "მივმართეთ მასობრივ დახვრეტებს, იქნებ ცოტა გადავაჭარბეთ, მაგრამ ახლა ამას რაღა ეშველება". დახვრეტილების ზუსტი რაოდენობა დღემდე არ ვიცით, სახელდება სხვადასხვა ციფრი, ის ზოგან გაზვიადებულია, 2 ათასიდან იწყება და 15 ათასამდე ადის. თვითონ ხელისუფლების სიებში 980 კაცი ფიგურირებს, თუმცა მინახავს სხვადასხვა დოკუმენტი და იმ საერთო სიაში ისინი არ ფიგურირებენ, ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაცილებით მეტია, ვიდრე 980 კაცი. მაგალითად, ერთ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ადამიანები დააპატიმრეს, დასაკითხად მიჰყავდათ, მაგრამ გზაში 15 კაცი დახვრიტეს. მათი გვარები, სამწუხაროდ, არ ვიცით. ახლახან ძალზე საინტერესო დოკუმენტს გადავაწყდი, დასავლეთ საქართველოს პროკურორის წერილს მაზრების ხელმძღვანელობასთან: "მომდის ინფორმაცია, რომ დახვრეტებმა მიიღო მასობრივი ხასიათი, თითქოს ამის მიზეზად სახელდება ის, რომ დაპატიმრებულების მხრიდან გაქცევის მცდელობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, ეს იმდენად მოხშირდა, რომ მე ვეჭვობ, აქ შეიძლება პირად ანგარიშსწორებასთან გვქონდეს საქმე". როცა ამას პროკურორი აღიარებს, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რეპრესიის რამხელა მასშტაბი იყო. ქაქუცას სამშობლოში აღარ დაედგომებოდა, ამიტომაც სპირიდონ ჭავჭავაძესა და დავით მხეიძესთან ერთად თურქეთში გადადის. თავდაპირველად აპირებდა ცოლ-შვილის წაყვანასაც, თუმცა საბოლოოდ მარტო წავიდა. თურქეთიდან ქაქუცა საფრანგეთში ჩადის. მისი ცოლ-შვილი ამასობაში ორჯერ დააპატიმრეს, მისი მეუღლეც ვერ გატეხეს და გადაიბირეს, მიუხედავად იმისა, რომ მათ მთელი ცხოვრება ტანჯვა-წამებაში გაატარეს, ქაქუცას კი მოღალატის და სამშობლოს მტრის იარლიყი ჰქონდა მიკერებული. როგორც ამბობენ, მის მეუღლეს ქაქუცაზე სამდურავი არასდროს წამოსცდენია. ერთი ფოტო არსებობს, როდესაც ბავშვები დააპატიმრეს, მათ თავი აქვთ გადაპარსული და ვფიქრობ, ამ ფოტოს ქაქუცას გადაუგზავნიდნენ, რათა როგორმე გაეტეხათ და ხელში ჩაეგდოთ. "ხმები გავრცელდა თითქოს ქაქუცას რამიშვილის და ჟორდანიას მკვლელობა უნდოდა" - როცა ქაქუცა საფრანგეთში ჩავიდა, აკაკი ჩხენკელს (თავიდან დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, მერე ელჩად გადაიყვანეს საფრანგეთში და გააგრძელა ემიგრაციაში საქმიანობა) სთხოვს­ დახმარებას, იქნებ ემიგრანტულ მთავრობასთან უშუამდგომლოს, რაღაც ფინანსური დახმარება გაუწიონ, რადგან ცხოვრების სახსარი ვერ გამონახა და მძიმე მდგომარეობაში იყო. ჩვენ ისიც არ ვიცით, მისცეს თუ არა დახმარება.­ როგო­რც ამბობენ, შემდეგში ქაქუცამ იქ სახლი იქირავა. მას უნდოდა ის შეფიცულები­, რომლებიც ემიგრაციაში იყვნენ, მასთან ყოფილიყვნენ. შეფიცულები სხვადასხვა ადგილას მუშაობდნენ და ასე ირჩენდნენ­ თავს. თუმცა ქაქუცა იქ სკანდალშიც გაეხვია­ (რაშიც, როგორც ფიქრობენ, საბჭოთა სპეცსამსახურების ხელი ერია): ქაქუცამ რუსული ფული ჩერვონეცები გადასახურდავებლად მისცა ერთ ქართველს, რომელიც ბანკში წავიდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ფული ყალბი იყო. დაიწყო გამოძიება, მიაგნეს ქაქუცას კვალს და 1927 წელს დააპატიმრეს. ქაქუცას დიდი ავტორიტეტი ჰქონდა, ყველა ფეხზე დადგა, დაიქირავეს ცნობილი ფრანგი ადვოკატი ბატაი, რომელმაც მოიგო სასამართლო - ქაქუცა გამართლდა და გაათავისუფლეს. საქართველოს სოციალ-დემოკრატიულ (მენშევიკური) პარტიასა და ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას შორის ყოველთვის იყო წინააღმდეგობა. ჯერ კიდევ საქართველოში ყოფნისას ვერაფერზე თანხმდებოდნენ. ეროვნულ-დემოკრატები სოციალ-დემოკრატებს აბრალებდნენ, რუსეთმა საქართველო რომ დაიპყრო, საყვედურობდნენ,­ არათანამიმდევრულ პოლიტიკას ატარებდით რუსეთის მიმართო. მათ ემიგრაციაშიც ხელჩართული ბრძოლა ჰქონდათ და საბჭოთა სპეცსამსახურები მათი დაპირისპირების კიდევ უფრო გაღრმავებას ცდილობდნენ - ხმები გაუვრცელებიათ, თითქოს ქაქუცას ნოე რამიშვილის და ნოე ჟორდანიას მოკვლა სურდა. არსებობს ქაქუცას წერილი, სადაც ირწმუნება, რომ ეს ტყუილია და მიზნად არა აქვს დასახული მათი ფიზიკური ლიკვიდაცია. ქაქუცას ანდერძი - როგორც გითხარით, ქაქუცა რამდენჯერმე დაიჭრა და მათ შორის ერთი ჭრილობა მარჯვენა ფილტვში ჰქონდა, რაც გაუმიზეზდა, ამას დაერთო ტუბერკულოზიც და 1930 წლის 27 ივლისს გარდაიცვალა. როგორც ამბობენ, ქაქუცას ემიგრაციაში თან ჰქონდა ქართული მიწა და დროშა. გარდაცვალებამდე მის სარეცელთან ერთ-ერთი შეფიცული, ალექსანდრე სულხანიშვილი იყო. მან შეინახა ის დროშა, მერე საქართველოს გადმოსცა და ახლა ეროვნულ მუზეუმში ინახება. ემიგრაციაში ქაქუცას თან ერთ-ერთი შვილის ჯვარიც ჰქონია და ბოლო წუთებს როცა ითვლიდა, დაესიზმრა თავისი ქალიშვილი, რომელმაც უთხრა, ჩემი ჯვარი დამიბრუნეო, და ჯერ კიდევ ცოცხალმა დაიბარა, მას ვუტოვებ ამ ჯვარსო. ქაქუცა ბერძნულ ტაძარში დაასვენეს, იქიდან კი სასაფლაომდე 10-12 კილომეტრი ხელით ატარეს. მოგვიანებით ის ლევილის ქართველთა სასაფლაოზე გადაასვენეს. ქაქუცას ანდერძი ყოფილა, მისი ფერფლი დაეწვათ, ფიქრობდა, იქნებ ამ გზით მაინც მოვხვდე საქართველოშიო. კიდევ კარგი, მისი ანდერძი ალექსანდრე სულხანიშვილმა არ შეასრულა (კრემაცია) და ქაქუცა ქრისტიანული წესით დაკრძალეს... 2005 წელს ქაქუცა საქართველოში ჩამოასვენეს და მთაწმინდაზე დაკრძალეს. მას ეროვნული გმირის წოდება მიანიჭეს... საბჭოთა ხელისუფლებამ მოახერხა და ქართველთა მეხსიერებიდან ამოშანთა ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელი. მხოლოდ 1988 წლიდან, როდესაც ეროვნული მოძრაობა ახალ ეტაპზე ავიდა, ზვიადმა, მერაბმა და სხვა ლიდერებმა მიტინგებზე გააჟღერეს ქაქუცას სახელი, გამოჩნდა მისი ფოტოები და ასე გახდა ცნობილი საზოგადოების უმრავლესობისთვის. სხვათა შორის, ქაქუცას დაკრძალვის დღეს თურმე ყველას თან ჰქონია პატარა გულსაკიდი ქაქუცას ფოტოთი. არსებობს ქაქუცას შვილთაშვილის მოგონება: "6 წლის ვიყავი, ქაქუცას­ მეუღლე ნინო რომ გარდაიცვალა. ის საერთოდ არ საუბრობდა ქაქუცაზე, მხოლოდ ერთხელ იყო, როცა ქაქუცა აუგად მოიხსენიეს და ბანდიტი უწოდეს, ამაზე ძალიან­ გაბრაზდა... არც მას და არც შვილებს ცუდი არასდროს დასცდენიათ ქაქუცაზე, ისინი ქაქუცისტები, ანუ იდეურად ყოველთვის ქაქუცას მომხრეები იყვნენ". ქაქუცას ხალხში დიდი ავტორიტეტი ჰქონდა, მასზე ლეგენდები დადიოდა, იმდენად უყვარდათ და აფასებდნენ, მისი სახელის შებღალვის მცდელობის მიუხედავად, საბჭოთა რეჟიმმა მას ვერაფერი დააკლო. ქაქუცას რაც შეეძლო, სამშობლოსთვის ყველაფერი გააკეთა, სამწუხაროდ, მაშინ მის ძალებს აღემატებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. იყო ასეთი შემთხვევა - როცა 1924 წლის აჯანყების თარიღი რამდენჯერმე გადასწიეს, იხსენებდნენ, ეს ქაქუცას რომ მოახსენეს, შუბლი შეჭმუხნა და არ ესიამოვნა, რადგან ფიქრობდა, რომ საქართველოს გათავისუფლება კიდევ რამდენიმე თვით გადაიდოო. ასე მოწყურებული იყო საქართველოს გათავისუფლებას, რასაც ვერ მოესწრო. ქაქუცა ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალა, მაგრამ ბევრი რამ მოასწრო და სავსებით დამსახურებულად მიიღო ეროვნული გმირის წოდება. "სამშობლოს ერთგულებს რუსეთის ველური ურდოები შემოესია ასი წლის მონობისაგან განთავისუფლებულ საქართველოს და კვლავ ცეცხლით და მახვილით ააოხრა იგი. მოსკოვის აქაური აგენტები გულმოდგინეთ იღწვიან, რომ ჩვენი ცხოვრებიდან ძირიანათ აღმოფხვრან ყოველივე ნასახი ეროვნული თავისუფლებისა!.. სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლებით ციხეებია აღვსილი. ყველა არაკომუნისტი ქართველი კანონს გარეშეა გამოცხადებული თავისივე სამშობლოში... ჩვენი ერის ასეთ უკიდურეს მდგომარეობისა გამო, საქართველოს სხვა და სხვა კუთხეში ბუნებრივად აღმოცენდა აქტიურ მოქმედების რაზმები, ბევრგან უკვე სისხლიც დაიღვარა... საქართველოს მტრებმა ამაზე ქალებისა და ძუძუმწოვარა ბავშვების დატუსაღებით უპასუხეს. ასეთი უმსგავსო რეპრესიები კიდევ მრავალ ახალ ძალებს გამოიწვევს ბრძოლისათვის. საქართველოს შვილნო! ჩვენი მტრები შეეცდებიან ჩვენი მოქმედების გაშავებას და სახელის გატეხას: ისინი ჩვენ ბრძოლას ბანდიტიზმად და ავანტურად მონათლავენ. მაგრამ, თქვენ ხართ და დარჩებით პირუთვნელი მოწმე ჩვენი მოღვაწეობისა. თქვენ ხედავთ და მუდამ გეცოდინებათ, თუ რას ემსახურებიან და რისთვის იღწვიან კახეთის რაზმები, რომელთაც მე ვხელმძღვანელობ; არავითარი პირადული, არავითარი ჯგუფური, წოდებრივი, ან პარტიული მიზანი და მისწრაფება. საქართველოს დახსნა ეროვნულ მონობის უღლისაგან და ქართველ ხალხის სახელმწიფოებრივი ცხოვრების აღდგენა, აი ერთად-ერთი მიზანი, რომელსაც ემსახურება ჩვენი რაზმები, და რომელიც ჩვენივე სისხლით აღბეჭდილია ჩვენ სამფეროვან დროშაზე. ამ იდეას იზიარებს დღეს მთელი საქართველო და ერი, რომელიც მრავალ საუკუნეთა განმავლობაში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში აკაჟებდა თავის ეროვნულ გრძნობებს, არასოდეს არ მოიხრის ქედს მონობის უღელქვეშ. სამშობლოს ერთგულნო! საქართველოს მტრების განკითხვის დრო მოახლოვებულია. მათ აიმხედრეს თავის წინააღმდეგ მთელი კულტურული კაცობრიობა. ვიყვნეთ მხნე, მტკიცე და გაბედულნი. სალამი თქვენ და გამარჯვება საქართველოს!" აპრილი 1922 წ. კახეთი. ქაქუცა ჩოლოყაშვილი