არის თუ არა სახიფათო ბარიატრიული ოპერაცია?!
რამდენიმე დღის წინ თურქეთის ქალაქ სამსუნში ჩატარებულ ბარიატრიულ ოპერაციას ქუთაისელი თამარ კინწურია შეეწირა. გარდაცვლილის დედა შვილის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში სულისშემძვრელად გამოეხმაურა: "არ შეცდეთ, არ წახვიდეთ სამსუნის კლინიკაში…საოპერაციოდ. ჩემი შვილი, რაც ჩვენ ვიცით, ამ კლინიკაში ოპერაციის მეხუთე მსხვერპლია".
რადენიმე ხნის წინ თურქეთში ჩატარებული ოპერაციის შემდგომ 36 წლის ოთარ გოთოშია გარდაიცვალა, რის შესახებ ქირურგმა დავით აბულაძემ განაცხადა: "დღეს რვა პაციენტი გადის საქართველოში მკურნალობას თურქეთში ჩატარებული ბარიატრიული გართულებების გამო. ძალიან ბევრს, ვისაც უარი ვუთხარით ოპერაციაზე, თურქეთში მაინც გაუკეთეს ოპერაცია და ეს პაციენტები ახლა სისხლდენებითა და…წყლულებით წვანან საქართველოში".
Nმიუხედავად იმისა, რომ ამ ოპერაციების ლეტალური შედეგი საქართველოშიც ფიქსირდება, თურქეთში ჩატარებულ ოპერციებთან შედარებით ბევრად ნაკლებია. რამ შეიძლება გამოიწვიოს ეს შედეგი და რატომ გახდა ბარიატრიული ოპერაცია მოთხოვნადი, ამის შესახებ ქირურგ გიგო ფიჩხაიას ვესაუბრეთ:
- ბოლო ხანებში ბარიატრიული ოპერაციის მსურველთა რიცხვი სულ უფრო იზრდება. ოპერაციას ისეთი ადამიანებიც იკეთებენ, ვისაც მართალია ჭარბი წონა აქვს, მაგრამ პათოლოგიური სიმსუქნე არ აღენიშნება და პრობლემის მოგვარება ფიზიკური აქტივობითა და სწორი კვებითაც შეუძლია. რა იწვევს ოპერაციული ჩარევის ასეთ მოთხოვნას და მის ლეტალურ დასასრულს?
- ბარიატრიული ოპერაცია დაკავშირებულია ჯანმრთელობის საკმაოდ რთულ მდგომარეობასთან - პათოლოგიურ სიმსუქნესთან, რაც, თავის მხრივ, არაერთ გართულებას იწვევს და სასიცოცხლო რისკებს უქმნის ადამიანს. ადამიანებს ეს უკვე გაცნობიერებული აქვთ და ამიტომაც არის მასზე მაღალი მოთხოვნა. არსებობდა ისეთი პერიოდიც, როდესაც პათოლოგიური სიმსუქნე მხოლოდ ვიზუალურ დეფექტთან იყო დაკავშირებული და სხვა თითქმის არაფერთან. შესაბამისად, ოპერაციაზე მოთხოვნაც ნაკლები იყო. თორემ სიმსუქნე ამ დოზით არა, როგორც დღეს არსებობს, მაგრამ სხვა დროსაც მუდამ არსებობდა.
ბარიატრიული ოპერაცია საქართველოში 2007 წლიდან დაიწყო და დღეს უკვე წელიწადში თითქმის 5000 ოპერაციას ვაკეთებთ. ამით ძალიან ვამცირებთ იმ დაავადებების განვითარების რისკს, რომელიც შეიძლება პათოლოგიურმა სიმსუქნემ გამოიწვიოს: მათ შორის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ფსიქოემოციური ცვლილებები ან მეორე ტიპის დიაბეტი. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ოპერაციები პათოლოგიურ ანუ მორბიდულ სიმსუქნეზე კეთდება და არა წონის მომატებაზე. მორბიდულ სიმსუქნეს სხეულის მასის ინდექსის გამოთვლით ადგენენ. თუმცა, თუ შესაძლებელია, ექიმი ყოველთვის ცდილობს პაციენტი სიმსუქნესთან ბრძოლის ალტერნატიული გზების უმჯობესობაში დაარწმუნოს. როგორც სხვა ოპერაციებს ახლავს რისკები, ასევე ახლავს ბარიატრიულსაც. ისე შეიძლება გართულდეს სისხლდენით, ნაკერის უკმარისობით ან თრომბოემბოლიით. ამ უკანასკნელის მართვა განსაკუთრებით რთულია მედიცინის ამჟამინდელი შესაძლებლობებითაც კი. თუმცა, როდესაც პაციენტს პათოლოგიური სიმსუქნის დაძლევის ყველა გზა უშედეგოდ აქვს მოსინჯული და მის ჯანმრთელობას სიმსუქნე ძალიან მაღალი რისკით ემუქრება, ოპერაცია ინიშნება. როდესაც ადამიანი გეუბნება, რომ დიეტა რამდენჯერმე დაიცვა, რამდენჯერმე 10 კილოგრამი მოიკლო, მაგრამ მერე 20 კილოგრამი მოიმატა, ცხადია, მას დახმარება ქირურგიული ჩარევით სჭირდება.
- სამედიცინო ენაზე საინტერესო იქნება იმ მექანიზმის ახსნა, რატომ იმატებენ ადამიანები დიეტის შემდეგ ამდენად კატასტროფულად.
- არსებობს გამონაკლისები, რომლებიც სწორი კვებით აღწევენ სასურველ შედეგს. ასეთი კვების დროს იღებს მიკროელემენტებისა და ვიტამინების ისეთ რაოდენობას, რომელიც საკმარისია ორგანიზმისთვის და წონის დაკლების შემდეგ მათ "შიმშილს" აღარ განიცდის, არ აიძულებს ადამიანს დიეტის შემდეგ გაორმაგებულად იკვებოს. თუმცა ეს ხშირად იმდენად ხანგრძლივი პროცესია და ისეთ ძალისხმევას მოითხოვს, რომ ბევრს მისი ბოლომდე მიყვანა უჭირს. არსებობს დრო, დაახლოებით 4-5 წელიწდი, როდესაც ორგანიზმი საბოლოოდ გადაერთვება სწორ კვებაზე და აღარც მოითხოვს იმ კალორიებს, რომლებიც სიმსუქნეს იწვევს, მაგრამ ამ გზის გავლა რთულია და დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ამიტომ მივდივართ ბარიატრიულ ოპერაციამდე.
რაც შეეხება გასუქების სტრუქტურას, ის ასეთია: ჩვენ ვიბადებით ცხიმოვანი უჯრედების დადგენილი რაოდენობით და ის სიცოცხლის ბოლომდე მიგვყვება: ცხიმოვანი უჯრედები არც იკლებს და არც მრავლდება. ისინი მხოლოდ ზომას იცვლიან და გადაჭარბებული საკვების, კალორიების მიღებისას იწელებიან. რაც მეტ დაუხარჯავ კალორიას მივაწვდით და ნაკლებად ვიმოძრავებთ, ეს უჯრედები უფრო და უფრო გაიწელება, უფრო და უფრო მეტ ცხიმს დააგროვებენ და დაასაწყობებენ. ასე დგება სიმსუქნე. როდესაც ჩვენ ვიწყებთ დიეტას, მაშინ ცხიმოვან უჯრედებში დასაწყობებული ცხიმები იშლება და წონაში ვიკლებთ. თუმცა პარალელურად ორგანიზმი კარგავს ცილას, სხვა იმ მიკროელემენტებსა თუ ვიტამინებს, რაც სასიცოცხლოა. როდესაც დიეტით ადამიანი სასურველ წონას აღწევს, ამავე დროს მისი ორგანიზმი იწყებს იმ სასიცოცხლო ელემენტების მოთხოვნას, რაც დიეტის დროს დაკარგა და ეს მისთვის არც ისე ადვილია. ორგანიზმი ამ ნივთიერებებით მარტივად ვერ ივსება და ადამიანიც უფრო და უფრო მეტ საკვებს იღებს შიმშილის გრძნობის გასაქრობად, რის გამოც ცხიმოვან უჯრედებში ცხიმი ისევ საწყობდება.
- ძალზე "ემოციური" პროცესია. თურმე ცხიმოვანი უჯრედები სულ გვაქვს და გვაქვს... საინტერესოა, კუჭის რეზექციას (ბარიატრიულ ოპერაციას) რატომ მიენდო ამ პროცესის დასტაბილურება?
- ამ პასუხისთვის უნდა განვიხილოთ, კუჭი რა ფუნქციასაც ასრულებს ორგანიზმში. კუჭი აყოვნებს საკვებს და ამზადებს მას კუჭ-ნაწლავში სისხლში გადასასვლელად. კუჭის ოპერაციის დროს კუჭის სიგრძივი ნაწილი ამოიკვეთება, კუჭის მოცულობა მცირდება ანუ მასში დაყოვნებული საკვების რაოდენობაც იკლებს. უხეშად რომ ვთქვათ, თუ კუჭი იტევდა და აყოვნებდა 800 მგ საკვებს, ოპერაციის შემდეგ ის დააყოვნებს, ვთქვათ, 250 მილიგრამს და შესაბამისად, ორგანიზმი ნაკლებ კალორიებს მიიღებს. გარდა ამისა, შეწოვის პროცესიც ყოვნდება, რაც ხელს უშლის იმ ნივთიერებების შეწოვასაც, რომლებიც წონის მატებას იწვევენ. ოპერაციიდან რამდენიმე თვის შემდეგ წონა იმგვარად მცირდება, რომ სიმსუქნით ჯანმრთელობის შერყევის საფრთხე ქრება.ეს ემოციურადაც დაკავშირებულია ადამიანის ბედნიერებასთან.
- მინდა გკითხოთ ოპერაციის შემდგომ გართულებებზე. არა მარტო თურქეთში, არაერთი ადამიანი ვიცი ჩვენს ქვეყანაშიც, ვინც სწორედ ამ ოპერაციის გართულებით ისევ გადაიყვანეს კლინიკაში. მაგალითად, კუჭ-ნაწლავის გართულებებით. ძალიან მძიმე შედეგები აქვს თურქეთში გაკთებულ ამ ოპერაციებსაც.
- ოპერაცია, როგორც მომზადებამდე, ასევე შემდგომ გულისხმობს ორგანიზმის გადაწყობას და სერიოზულ ცვლილებებს ემოციურად თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში. როდესაც ადამიანი ასეთ ქირურგიულ ჩარევას განიცდის, მან Aუნდა შეძლოს ამ ცვლილებების გათავისება, რაც ამას მოჰყვება. მაგალითად, დროებით გადაერთოს კვების სპეციალურ რეჟიმზე, რაც მედიცინამ ამ მიმართულებით ათეული წლების განმავლობაში გამოიმუშავა. ეს ყველას შეგვიძლია, თუ საკუთარი თავის წინაშე პასუხისმგებლობას ავიღებთ. როდესაც ექიმი ეუბნება პაციენტს, რომ ოპერაციის შემდეგ მინიმუმ ორი კვირა საჭიროა რბილი საკვები და სითხე, რათა გადალახოს ოპერაციის შემდგომი სირთულეები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ორგანიზმს დააზარალებს, მან აუცილებლად უნდა შეასრულოს. თუკი ისეთი რამაც არსებობს, რასაც პაციენტი ვერ შეძლებს, ამის შეთანხმებაც საჭიროა. ზოგჯერ ოპერაციის შემდეგ ერთხანს ზოგიერთ პაციენტს ღებინების შეგრძნება აქვს. ამბობს, რომ იმ რაოდენობის სითხის მიღება არ შეუძლია, რასაც ვურჩევთ ან დაბლენდერებულ საკვებს ვერ ეგუება. ამ შემთხვევაში მედიცინა პრობლემას მედიკამენტებით გადაწყვეტს. რაც მთავარია, ჩვენ, ექიმი და პაციენტი, ერთად ოპერაციის შემდგომ გართულებებს ვიცილებთ თავიდან.
ოპერაციიდან დაახლოებით ორი თვის შემდეგ ორგანიზმს პრაქტიკულად ყველა საკვების მიღება შეიძლება. ერთადერთი, რაც არ შეიძლება, ტკბილეულია, რადგან დიდ კალორიებს შეიცავს. თუმცა ძალზე იშვიათად მის მიღებაც შეიძლება.
- რაც შეეხება ლეტალურ დასასრულს, რა იწვევს მას პაციენტის გამოწერის შემდეგ?
- ვერ გეტყვით, რომ ბარიატრიული ოპერაცია ყველგან ერთი და იმავე სტანდარტებით კეთდება. ამაში იგულისხმება თუნდაც კუჭის რეზექციის წერტილები და ჭრილობის გასაკერი მასალაც, რომელიც, რა თქმა უნდა, მაღალი ხარისხის უნდა იყოს, რათა ნაკერის უკმარისობას ან სხვა გართულებებს არ შეუწყოს ხელი. შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ჩვენს ქვეყანაში ეს ხარისხი გარანტირებულია, როგორც ექიმის მოთხოვნით, ისე შემომტანისგან. გარდა ამისა, ჩვენ გვყავს პროფესიონალები, რომელთაც, თუ პაციენტის როლში ვიქნებოდი, სიცოცხლეს თავადაც მივანდობდი. რაც მთავარია, ჩვენთან ექიმსა და პაციენტს მუდმივი კავშირი აქვთ. არც ერთი ექიმი არ გააკეთებს იმას, რომ პაციენტის თუნდაც მცირე შეტყობინობა უყურადღებოდ დატოვოს. საკმარისია, სატელეფონო ზარი, რომ ექიმმა ან რჩევა-დარიგება მისცეს, ან თუ საჭიროა, დაუყოვნებლივ გადაიყვანოს კლინიკაში და მანამდე დააყოვნოს იქ, სანამ ყველაფერი არ მოგვარდება. აი, სწორედ ეს კონტაქტებია გადამწყვეტი, რათა სირთულეები ან სავალალო შედეგები არ განვითარდეს. რაც შეეხება თურქეთში გაკეთებულ ოპერაციებს, სამწუხაროდ, სწორედ ასეთი კონტაქტის დეფიციტია. შეიძლება პაციენტმა ოპერატორი ქირურგი მხოლოდ ერთხელ ნახოს და ოპერაცია სხვა მიმართულების სამედიცინო პერსონალმა მართოს, რაც სირთულეებს იწვევს. მოქმედებს ასევე ენობრივი ბარიერი, თარჯიმნით გასაუბრება ზოგჯერ არ არის საკმარისი, როდესაც გართულება სერიოზულია და პაციენტის სიცოცხლე საფრთხეშია, როდესაც საჭიროა კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანა, რაც საქართველოდან თურქეთში სწრაფად ვერ მოხერხდება. ეს მიზეზები საკმარისია გართულების მძიმე შედეგებამდე მისაყვანად. ყველა პაციენტი, ვისთანაც თურქეთის შემდგომი გართულებით მქონია კავშირი, სწორედ ამ მიზეზებით დამძიმდა.
- არსებობენ ადამიანები, რომლებმაც ოპერაციის შემდეგ 70 კილოგრამი დაიკლო, მაგრამ მერე ისევ გასუქდა. ამას რა იწვევს.
- ჩვენ პაციენტები ხშირად გვეუბნებიან ხოლმე, კუჭი ისევ გამეწელა და იმიტომ გავსუქდიო. კუჭი კი არ გაიწელა, არამედ ამ სიმსუქნეს იმ ჭარბი კალორიული საკვების მიღება იწვევს, რომელიც ცხიმოვან უჯრედებში გროვდება და ადამიანს ოპერაციიდან 4-5 წლის შემდეგ კვლავ ასუქებს. როდესაც კაცი იმ რაოდენობის გლუკოზას იღებს, რომ მისი კალორიები ვერ იხარჯება, სად წავა ეს კალორიები? რა თქმა უნდა, ისევ ცხიმოვან უჯრედებში დაგროვდება. შესაძლებელია თუ არა ორჯერ ოპერაციის ჩატარება? კი, შესაძლებელია, კუჭის ე.წ. შემოვლითი გზით, როდესაც კუჭში საკვების დაყოვნება კიდევ უფრო მცირდება და თავისი უარყოფითი შედეგები ამასაც აქვს, თუმცა, როგორც ვთქვი, პათოლოგიური სიმსუქნით გამოწვეულ პროცესებზე მეტი ზიანის მიყენება არ შეუძლია. ასეთ შემთხვევაში ჩემი რჩევა ის არის, რომ ადამიანმა პროცესში ყველა რესურსი ჩართოს, რათა მსგავს მდგომარეობამდე აღარ მივიდეს, ვინაიდან სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე უკეთესი ადამიანს არაფერი აქვს.