„ვეხვეწებოდი, გეყოფა, შენი წილი უკვე იომე-მეთქი... არა, აქედან ქართული დროშით პირდაპირ აფხაზეთში უნდა წავიდეო“ - კვირის პალიტრა

„ვეხვეწებოდი, გეყოფა, შენი წილი უკვე იომე-მეთქი... არა, აქედან ქართული დროშით პირდაპირ აფხაზეთში უნდა წავიდეო“

ჯერ კიდევ 13 წლის იყო, როდესაც აფხაზეთის ომში გაიპარა, სიკვდილს შემთხვევით, მხოლოდ იმიტომ გადაურჩა, რომ აფხაზ სეპარატისტებსა და რუსებს მკვდარი ეგონათ. მერე იყო ძალიან რთული წლები - წარსულის საშინელ მოგონებებთან გამკლავება, შფოთვები, დეპრესია... მოგვიანებით დაქორწინდა, მრავალშვილიანი მამა გახდა, ცხოვრების ორომტრიალში ჩაერთო, მაგრამ აფხაზეთი ვერ დაივიწყა. როგორც კი რუსეთი უკრაინას თავს დაესხა, ხვიჩა გვირჯიშვილი ომში წავიდა და მალევე გახდა ინტერნაციონალური ლეგიონის მე-2 ბატალიონის მებრძოლი. როგორც მისი თანამებრძოლი, ქართული ქვედანაყოფ "შერეკილების" მეთაური ავთო ქაჯაია ამბობს, უკრაინაში მას ერთ-ერთ ყველაზე უშიშარ მებრძოლად მიიჩნევდნენ და ქართველ რაინდად მოიხსენიებდნენ. სამწუხაროდ, ხვიჩა გვირჯიშვილი 1-ლ მაისს დონეცკის ოლქში, ლიმანის ტყეში, ოკუპანტებთან ბრძოლაში დაეცა. ის სულ რამდენიმე დღის წინ მიაბარეს მშობლურ მიწას ახალციხის რაიონში, სოფელ საყუნეთში. მეომრად დაბადებული ქართველის შესახებ მისი თანამებრძოლები და დედა, ქალბატონი ნანა თედიაშვილი გვიამბობენ.

"ჩვენ საქართველოს სიყვარული და რუსეთის სიძულვილი გვაერთიანებდა"

ავთო ქაჯაია: - ხვიჩას შესახებ მანამდე მსმენოდა, ვიდრე პირადად გავიცნობდი, ამბობდნენ, რომ უშიშარი მებრძოლი იყო. დავუკავშირდით ერთმანეთს, გავიცანით და გაირკვა, რომ საქართველოს სიყვარული და რუსეთის სიძულვილი გვაერთიანებდა. მერე დავძმაკაცდით, ერთობლივ ოპერაციებში არა გვაქვს მონაწილეობა მიღებული, მაგრამ მისი ბრძოლისთვის თვალი მიდევნებია და შემიძლია ვთქვა, რომ ხვიჩა მართლა შეუპოვარი და უშიშარი მებრძოლი იყო. ინტერნაციონალური ბატალიონიდან ჩვენთან, "შერეკილებში" აპირებდა გადმოსვლას. მის გარდაცვალებამდე 5 დღით ადრე ერთად ვიყავით, ვისაუბრეთ, მითხრა, რომ კიდევ ერთხელ შევიდოდა ფრონტის ხაზზე მე-2 ბატალიონთან ერთად და მერე ჩვენთან გადმოვიდოდა. 30 წლის უნახავი ძმაკაცი, ხვიჩა­ ნადირაძე შევახვედრე, ძალიან გახარებული იყო... იმ დღეს განსაკუთრებულად გულაჩუყებული მომეჩვენა. ძალიან ბევრს ლაპარაკობდა საქართველოზე, ქართველი ხალხის დაპირისპირების ამბებს განიცდიდა. ასე ერთმანეთთან მტრად მოკიდებულები ან აფხაზეთს როგორ დავიბრუნებთ, ან ქვეყანას როგორ გავაძლიერებთო.

"აფხაზეთი იყო მისი ყველაზე დიდი ტკივილი"

გოჩა ბერიძე: - წინა ხაზზე, სადაც­ ჩვენი პოზიციაა, ქართველებმა სანგარი გავაკეთეთ და "აფხაზეთი" დავარქვით. ხვიჩა სწორედ მანდ დაიღუპა. როცა მე ინტერნაციონალურ ლეგიონში მოვედი, ხვიჩაც აქ ირიცხებოდა, მაგრამ ტერიტორიულად ქალაქ სუმში იყო. არაერთხელ მოგვიწია წინა ხაზზე ერთად ყოფნამ. ბოლო ოპერაციის დაწყებამდე ერთი დღით ადრე დამიკავშირდა და მითხრა, რომ მასთან სახლში მივსულიყავი. მივედი, ვისაუბრეთ, მერე უკრაინაში მებრძოლ სხვა ქართველ ბიჭებს დაურეკა, ყველას გულითადად ელაპარაკა, საქართველოს შესახებაც ბევრი ისაუბრა - აფხაზეთი გახლდათ მისი ტკივილი... ახლა ვფიქრობ, რომ გული რაღაცას უგრძნობდა. პოზიციაზე გამთენიისას შევედით, 8 საათი იქნებოდა. ჩვენს ბატალიონს რვა თუ ცხრა პოზიცია აქვს, მე და ხვიჩა სხვადასხვაზე ვიყავით, ჩვენ შორის 200, მაქსიმუმ, 300 მეტრი მანძილი იქნებოდა. ინტენსიური ბრძოლა დაიწყო, რუსები ჩვენი საზღვრების გარღვევას და პოზიციების დაკავებას შეეცადნენ. მიწიდანაც გვიტევდნენ და ჰაერიდანაც, სამი დღის განმავლობაში ინტენსიური ბრძოლები იყო. ჩვენ პოზიციებს მყარად ვინარჩუნებდით. სამწუხაროდ 3 მაისს, გამთენიისას, შვიდის ნახევარზე ჰაერიდან დაგვბომბეს ლიმანის ტყეში. ბლინდაჟში, სადაც ხვიჩა იყო, ყუმბარა ჩავარდა... ხვიჩა დაიღუპა, რამდენიმე მებრძოლი, მათ შორის კიდევ ერთი ქართველი დაიჭრა... მე ძლიერი კონტუზია მივიღე, ახლაც კლინიკაში ვარ. მნიშვნელოვანი ის არის, ხვიჩას გამოყვანა დროულად მოვახერხეთ. გული მტკივა, მტრის ჯავრი რომ გაიყოლა, ის იმსახურებდა დამარცხებული რუსეთის დანახვას.

"ხვიჩა საოცრად მზრუნველი ადამიანი იყო"

თორნიკე სარქისაშვილი: - ის მხოლოდ კარგი მეომარი კი არა, პასუხისმგებლიანი და მზრუნველი ადამიანი იყო, ყველა ქართველი მებრძოლის ამბავი მიჰქონდა გულთან. რამდენიმე დღის გაცნობილი მყავდა, როდესაც განტვირთვის ქამარი და მებრძოლისთვის საჭირო სხვა ნივთები გამომიგზავნა. ისეთ ბიჭებს უგზავნიდა აღჭურვილობას, საერთოდ რომ არ იცნობდა... რაც უფრო ხშირად ვკარგავთ ისეთ ძმებს, როგორიც ხვიჩაა, შურისძიებისა და მტერზე გამარჯვების დაუძლეველი სურვილი გვიჩნდება, ამიტომაც ვიბრძოლებთ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე.

"ვინ იცის, იქნებ საქართველო ვეღარასოდეს ვნახოო"

ნადიმ ხმალაძე: - ხვიჩას სულსა და გულში­ საქართველო ჰყავდა. როდესაც ბიჭები­ შევიკრიბებოდით, ზოგჯერ ისეთ თემებზეც ვსაუბრობდით, რაც ომთან არ იყო დაკავშირებული. ასეთ შემთხვევაში აუცილებლად შეცვლიდა თემას და საქა­რთველოზე იწყებდა ლაპარაკს... რომ გაიგო, საქართველოში ვაპირებდი დაბრუნებას­, დამირეკა და ქართულ რესტორანში დამპატიჟა. ხინკალი ვჭამეთ, მე ლუდი დავლიე, ხვიჩამ - ქართული ლიმონათი. ძალიან სევდიანი იყო, მითხრა, ნეტავ მეც შემეძლოს წამოსვლა, ძალიან მენატრება იქაურობა, ვინ იცის, იქნებ ვეღარასოდეს ვნახოო. მას შემდეგ, რაც ხვიჩას ბრძოლის ველზე დაცემის ამბავი გავიგე, სულ ეს ბოლო შეხვედრა მახსენდება, მე საქართველოში, სამშვიდობოს ვარ, ის კი...

"ასაკი რომ მიწყობდეს ხელს, ჩემი შვილის იარაღს მე ავიღებდი ხელში"

ნანა თედიაშვილი: - ჩემი შვილი 13 წლის იყო, სოხუმში რომ გამეპარა. სროლაში მოყვა, ბავშვი მებრძოლების უკან მდგარა და წყალში ჩავარდნილა. მდინარეს ნაპირზე გამოურიყავს, რამდენიმე დღე გულწასულს ეძინა. რომ გაიღვიძა, სრულიად შიშველი ყოფილა. არაფერი ახსოვდა, არ იცოდა, ტანსაცმელი წყალმა გააძრო თუ ვინმემ მოპარა... გონს რომ მოვიდა, ვიღაცის თოკიდან ტანსაცმელი ჩამოხსნა და ჩაიცვა. შემდეგ ტელეფონი ჩაიგდო ხელში და ძმას დაურეკა, მატარებელს გამოვყვები და ფეხსაცმელები დამახვედრეო... ორი წლის განმავლობაში ვმკურნალობდი.

მასში ქართული და უკრაინული სის­ხლი ჩქეფდა. ამბობდა, რომ მის ორ სამშო­ბლოს ერთი მტერი ჰყავდა. მე ნახევრად უკრაინელი, პოლტაველი კაზაკების შთამომავალი ვარ, ბაბუაჩემი უსტინენკო იყო. რუსებმა ჩემი დიდი ბაბუა და კიდევ რამდენიმე მისი თანამემამულე საქართველოში 1856 წელს ჩამოასახლეს ირანელებთან ბრძოლის საბაბით. მათი ძალიან ეშინოდათ და საქართველოში გამოიტყუეს. ბორჯომის რაიონში დასახლებულან. იქიდან ბერიამ ახალციხის რაიონში გადაასახლა, სულ 11 გვარი იყო. ჩემი დიდი პაპა თავის სამ ძმასთან ერთად იყო ჩამოსახლებული. სისხლში მქონდა რუსეთის სიძულვილი, რუსული ენაც მძულს. 70 წლის ვარ, მე ვიცი და ახალგაზრდებმა როგორ ვერ გაიგეს, რომ რუსეთი ჩვენი დაუძინებელი მტერია.

აფხაზეთის ამბის მერე, ცხინვალის ამბები­ დაიწყო, ორივე ძმას იქით მიუწევდათ გული... ავდექი და უკრაინაში წავიყვანე ორივე. უკრაინაში ქართული ტრადიციებით და წესებით ვცხოვრობდით, ორივემ ქართველი გოგოები შეირთეს ცოლებად... ოთხი შვილი - 20, 18, 13 და 10 წლის გოგონები დარჩა. ომი რომ დაიწყო დონეცკის ოლქში ვცხოვრობდით. 6 მარტს დავტოვე ჩემი სახლი, 8 მარტს უკვე გერმანიაში ვიყავი. რძალმა შემომჩივლმა, ომში მიდის და იქნებ გადააფიქრებინოო. ვერ გადავაფიქრებინე, საქართველოში ქართველებს არ აძლევენ საშველს, უკრაინაში უკრაინელებს და ამათ დევნილობაში ხომ არ გავლევ სიცოცხლესო. ახლა იმაზე მეტად მძულს რუსები, ვიდრე ოდესმე... ასაკი რომ მიწყობდეს ხელს, ჩემი შვილის იარაღს მე ავიღებდი ხელში. ხვიჩას და სხვა ქართველი თუ უკრაინელი გმირების სისხლი უკვალოდ არ ჩაივლის. სულ ვეხვეწებოდი, გეყოფა, შენი წილი უკვე იომე, ახლა დაისვენე-მეთქი. ჯერ დასვენების დრო არ არის, აქედან ქართული დროშით პირდაპირ აფხაზეთში უნდა წავიდეო. ყველა ქართველი, ვინც აქ ტყვიას უდგება წინ, აფხაზეთის დაბრუნებაზე ფიქრობს. ახლა ჩემი ერთადერთი ოცნება ის არის, ქართველებმა და უკრაინელებმა ერთად მიაღწიონ იმ მიზანს, რასაც ჩემი შვილი შეეწირა.

ხათუნა ბახტურიძე