ფეხბურთელის პროფესიულ კარიერაზე მეოცნებე ქართველი ტენორი
ზურაბ სოტკილავამ საოპერო ცხოვრება 1965 წელს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში დაიწყო. ოტელო (ჯუზეპე ვერდის„"ოტელო"); აბესალომი (ზაქარია ფალიაშვილის„"აბესალომ და ეთერი"); არზაყანი (ოთარ თაქთაქიშვილის "მთვარის მოტაცება"); მანრიკო (ჯუზეპე ვერდის „ტრუბადური); მარიო კავარადოსი (ჯაკომო პუჩინის "ტოსკა") - ეს იმ პარტიების არასრული ჩამონათვალია, რომელთა დაუვიწყარი სახე შექმნა ქართველმა ტენორმა თავისი ხავერდოვანი ხმითა და შესრულების უბადლო მანერით. ზურაბ სოტკილავას გარდაცვალებიდან 7 წელი გავიდა და თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი პირველი კონცერტისთვის ემზადება, რომელიც განსაკუთრებულია არა მარტო სოტკილავას შემოქმედებას მონატრებული პუბლიკისთვის, არამედ მისი ოჯახის წევრებისთვისაც. ქეთი სოტკილავა მამის შესახებ იმ ისტორიებს იხსენებს, რომლებიც მხოლოდ ოჯახის "მოგონებათა სკივრში" ინახავდა.
საფეხბურთო მოედნიდან კონსერვატორიის დარბაზამდე
- მამა ფეხბურთელის პროფესიულ კარიერაზე ოცნებობდა და სიცოცხლის ბოლომდე ამაყობდა, რომ მოზარდ ფეხბურთელთა შორის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი იყო. ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა კიდეც: "16 წლისამ თბილისის „დინამოში“ ვითამაშე, შემდეგ პოლიტექნიკური ინსტიტუტი დავამთავრე... ერთხელ შემთხვევით ბრწყინვალე პედაგოგმა და მომღერალმა ნიკოლოზ ბოკუჩავამ მოისმინა ჩემი ნამღერი და დამაძალა, კონსერვატორიაში ჩააბარეო". ჯერ სოხუმის "დინამოში" თამაშობდა, შემდეგ თბილისის "დინამოში". სულ ამბობდა, რომ ფეხბურთმა ბევრი ის უნარი გამოუმუშავა მას ცხოვრებაში, რაც შემდეგ სიმღერაში გამოადგა: დისციპლინა, გამძლეობა, ჯანსაღი ნერვული სისტემა და ძლიერი ხასიათი. ის ფეხბურთისა და მუსიკის დიდი მეხოტბე იყო. ახლახან მამას დღიურები წავიკითხე, ჩანაწერები გაკეთებული აქვს 1955-56 წელს. 16-17 წლის ყმაწვილი წერს თავის ცხოვრებაზე, მომავალზე, გადაწყვეტილების მიღების პროცესშია, ფეხბურთსა და მუსიკას შორის არჩევანი უნდა გაეკეთებინა. ფიქრობდა ღირდა თუ არა მუსიკას გაჰყოლოდა: "მე ან ტენორი ვიქნები, ან საერთოდ დავანებებ სიმღერას თავს". ისე გადავიდა დავით ანდღულაძის კლასში, არ იცოდა რას მოუტანდა მასთან მუშაობა. "კვირის პალიტრასთან"“ 2016 წელს მიცემულ ინტერვიუში თქვა: "კონსერვატორიაში რომ ჩავაბარე, შემდეგ უსიამოვნება მომიხდა პედაგოგთან და დავით ანდღულაძის კლასში გადავედი. ჩემი კარიერა თუ კარგად აეწყო, დავით ანდღულაძის და მისი ოჯახის დამსახურებაა". ფაქტობრივად, მოედნიდან კონსერვატორიაში მოხვდა, თუმცა მანამდე იყო სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი, ის მარკშაიდერი იყო პროფესიით, დიპლომიც დაიცვა და ზუსტად მეორე დღეს კონსერვატორიაში გამოცდა ჩააბარა. მამა არ დაანებებდა თავს ფეხბურთს, მაგრამ მისი ბედი ტრავმამ გადაწყვიტა და თავისი ცხოვრება სიმღერას მიუძღვნა.
ფეხბურთი „ლა სკალას“ სცენაზე
- 1988 წლის 23 ივნისია. მამა "ლა სკალას“ სცენაზე ერთ-ერთY ცნობილ არიას მღერის. ბოლო არია რომ იმღერა, მაყურებელი წამოდგა და მხურვალე ტაში დაუკრა. პარტერში ამ დროს ერთი ჯგუფი გამოეყო სხვებს და დაიწყეს შეძახილები: "ძირს საბჭოთა ნაკრები! გაუმარჯოს იტალიის ნაკრებს!" თურმე წინა ღამით გერმანიაში გამართულ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ნახევარფინალში საბჭოთა ნაკრებმა იტალიის საფეხბურთო გუნდი 2:0 დაამარცხა. იტალიელებმა, ბუნებრივია, ეს განიცადეს და პირდაპირ "ლა სკალაში" გააპროტესტეს. საბჭოთა კავშირიდან გასტროლებზე მყოფ ოპერის მსახიობებს საფეხბურთო ბურთიც კი ესროლეს სცენაზე, მაგრამ მათ წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ მთავარი არიის შემსრულებელი ფეხბურთის დიდი თაყვანისმცემელი იყო. მამამ სცენაზე ნასროლი ბურთი მკერდით დაიჭირა, რამდენჯერმე აკენწლა, ბოლოს ფეხზე ჩამოიგდო, აკენწლა, მკვეთრად შეტრიალდა და ბურთი ქუსლით დააბრუნა დარბაზში. მის საფეხბურთო ოსტატობას სულგანაბული უყურებდა მთელი „"ლა სკალა", ბოლოს კი ისეთი ოვაცია გაუმართეს, ლამის ჭერი ჩამოინგრა. მეორე დღეს ყველა იტალიური გამოცემა წერდა, საბჭოთა ნაკრებმა იტალიის ნაკრებს გადაუარა, სოტკილავამ კი "ლა სკალასო". მამა იმდენად პროფესიონალურად ერკვეოდა ფეხბურთში, რომ ხშირად პატიჟებდნენ თამაშების კომენტატორად. ახლა ძალიან იამაყებდა ჩვენი ფეხბურთელებით.
„სანამ ჩემი დევნილები არ დაბრუნდებიან აფხაზეთში, მე ვერ ჩავალ“
- მამა 15 წლამდე სოხუმში ცხოვრობდა. ყოველთვის ამბობდა: "მე სოხუმელი ვარ". მთელი სიცოცხლე სოხუმს მისტიროდა. თავისი მშობლების საფლავი რომ ვერ მოინახულა, ეს ცალკე ტრაგედია იყო. იყო მომენტი, როდესაც ვთქვით, გადმოვასვენოთო ბებო და ბაბუ, აფხაზეთში ჩვენი მეგობრებიც მზად იყვნენ დაგვხმარებოდნენ, მაგრამ მერე ვიფიქრეთ, რომ ამის გაკეთება ნიშნავდა, რომ იმედი აღარ გვქონდა აფხაზეთის დაბრუნების. მისი დედ-მამის საფლავს დღემდე ჩვენი აფხაზეთში მცხოვრები მეგობრები უვლიან. სწორედ ისინი პატიჟებდნენ, ჩამოდი, შენს უსაფრთხოებას ჩვენ უზრუნველვყოფთ, ინახულე მშობლების საფლავიო, მაგრამ მამამ თქვა, სანამ ჩემი 300 000 დევნილი არ დაბრუნდება აფხაზეთში, მე ვერ ჩავალო. ისე გარდაიცვალა, არც ჩასულა და ეს ტკივილი გაჰყვა.
ლუჩანო პავაროტის თხოვნით შესრულებული ოტელოს არია
- 1980-იანი წლებია, ზურაბ სოტკილავა ბოლონიის თეატრში მღერის ვერდის "ოტელოს". გუნდში ერთი მოხუცი კაცი მღეროდა და სპექტაკლის დასრულების შემდეგ მამას სულ ეუბნებოდა, ჩემი შვილი უნდა გაგაცნოო. ვერ გაიგო მამამ, რა უნდოდა იმ კაცს, ვინ იყო მისი შვილი, რატომ უნდა გაეცნო. მერე უთხრეს, მისი შვილი ლუჩანო პავაროტიაო. თურმე ლუჩანოს პავაროტის მამას ძალიან უყვარდა ვერდის "ოტელო"“ და როდესაც ბოლონიის თეატრში იდგმებოდა, ყოველთვის ითხოვდა, რომ გუნდში დაეყენებინათ, ამგვარად მონაწილეობდა თავის საყვარელ სპექტაკლში. ფერნანდო პავაროტიმ მამა დაპატიჟა და გააცნო თავისი შვილი. მამა ჩავიდა პავაროტისთან მოდენაში, მის სახლში გემრიელად მიირთვა პასტა და შემდეგ ძალიან ბევრი ისაუბრეს მუსიკაზე. ბოლოს ლუჩანომ უთხრა, ოტელოს გამოსვლა მიმღერეო, - ეს არის პატარა მუსიკალური ფრაგმენტი, მაგრამ ყველაზე რთული. მამამ უმღერა, ლუჩანომ კიდევ ერთხელ მიმღერეო, მამამაც გაიმეორა, და ლუჩანომ, ძალიან მაგარიაო. ასეთი თბილი ურთიერთობა ჰქონდათ. მოსკოვში რომ იყო ჩასული, მაშინ კონცერტზე დაგვპატიჟა. მამამ საჩუქრად ქართული ღვინო წაუღო. ლუჩანოს თავისი ღვინის წარმოებაც ჰქონდა. ქართული ღვინით გაუმასპინძლდა სტუმრებს, თვითონაც გახსნა ერთი ბოთლი, მოსვა და უცებ თქვა, აბა, აალაგეთ ახლავე ეს ღვინოები, ყველა ჩემთვის მინდაო.
1982 წელს ბოლონიაში ოტელოს პარტიის შესრულების შემდეგ მამა ბოლონიის აკადემიის საპატიო წევრად აირჩიეს ვერდის მუსიკის საუკეთესო ინტერპრეტაციისთვის. ეს აკადემია 1600 წელს დაარსდა, მამა იყო მეშვიდე წევრი უცხოელებს შორის, ვინც აკადემიის საპატიო წევრად აირჩიეს. პირველი მოცარტი იყო. აკადემიის წევრებს შორის მამას გარდა, ქართველი არავინაა.