„რუსეთს რომ ულხინდეს, ჩრდილოეთ კორეას არ სთხოვდა დახმარებას“ - კვირის პალიტრა

„რუსეთს რომ ულხინდეს, ჩრდილოეთ კორეას არ სთხოვდა დახმარებას“

15-16 ივნისს შვეიცარიის კურორტ ბიურგეშტოკში გამართული სამიტის შემდეგ დასავლურ მედიაში გაჩნდა მოსაზრება, რომ რუსეთ-უკრაინის ომის მოლაპარაკებებით დასრულება ანუ დიპლომატიური გზა სულ უფრო აქტუალური ხდება, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში უკრაინამ, როგორც იქნა, მიიღო დაპირებული შეიარაღება. მედიაში აქცენტი იმაზე კეთდება, რომ ბრძოლის ველზე რუსეთი კი უტევს, მაგრამ განსაკუთრებული წარმატების გარეშე. უკრაინა თავს იცავს და მას დასავლეთის დახმარება იმედს უძლიერებს. თუმცა განსაკუთრებული გარდატეხა უახლოეს მომავალში მოსალოდნელი არ არის. რაც შეეხება მოლაპარაკებების გზას, ამ საკითხში ინიციატივა, ფაქტობრივად, უკრაინას აქვს აღებული და წარმატებასაც აღწევს - წელიწად-ნახევრის წინ კიევმა სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის ფორმულა შეიმუშავა და იმ დროიდან მსოფლიოში მის პოპულარიზებას ეწევა ყველა შეხვედრასა და ფორუმზე. 15-16 ივნისს გამართულ სამიტზეც მოხერხდა კომუნიკეს მიღება, რომელსაც მსოფლიოს ქვეყნებისა და ორგანიზაციების 92 დელეგაციიდან ხელი 80-მა მოაწერა. კომუნიკეში უკვე ოფიციალურად დაფიქსირდა ისეთი ფორმულირებები, როგორიცაა, მაგალითად, "რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ" და არა ზოგადი ფრაზა "კონფლიქტი უკრაინასთან". ასევე, მოთხოვნა, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური უკრაინის კონტროლქვეშ გადავიდეს; მოთხოვნა, რომ უკრაინაში დაბრუნდეს რუსეთში უკანონოდ გაყვანილი ყველა უკრაინელი ბავშვი.

სამიტის მონაწილეები იმედოვნებენ, რომ ადრე თუ გვიან მოლაპარაკების პროცესი დაიწყება და მასში მოსკოვიც ჩაერთვება. რუსეთის წარმომადგენლებს მიიწვევენ მეორე სამშვიდობო სამიტზე, თუმცა ჯერ უცნობია, თუ სად და როდის გაიმართება. ამასთან, პუტინის მონაწილეობის შანსიც მცირეა, რადგან სამიტის მონაწილეებიც აღიარებენ, რომ "პუტინი მზად არის, კიდევ დიდხანს იომოს" და მისი "სამშვიდობო წინადადება", რომელიც მან შვეიცარიის სამიტის წინ გაახმაურა, თავისი არსით უკრაინის კაპიტულაციის მოთხოვნაა, რასაც არც უკრაინა და არც დასავლეთი არ მიიღებენ. ამ სამიტიდან კი რამდენიმე დღეში პუტინი ჩრდილოეთ კორეაში ორდღიანი ვიზიტით ჩავიდა. ბოლოს პუტინი ჩრდილოეთ კორეაში 24 წლის წინ იყო და ომის დაწყების შემდეგ ის სულ რამდენიმე ქვეყანას ესტუმრა, ფხენიანშიც შეხვედრები ერთ დღეში დაასრულა, მაგრამ ორი დღე დარჩა, რაც იმაზე მიუთითებს, თუ როგორ სჭირდება მას კიმ ჩენ ინის მხარდაჭერა. რაც შეეხება მათ შეთანხმებას, პუტინმა 19 ივნისს კიმ ჩენ ინთან ერთად ხელი მოაწერა შეთანხმებას ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. ეს დოკუმენტი ჩაანაცვლებს 1961 წლის მეგობრობისა და ურთიერთდახმარების წინა ხელშეკრულებას, 2000 წლის მეგობრობის, კეთილმეზობლობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულებას და 2000 და 2001 წლების ფხენიანისა და მოსკოვის დეკლარაციებს. პუტინის თქმით, მხარეები შეთანხმდნენ "ურთიერთდახმარებაზე ამ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში". კიმ ჩენ ინმა კი მოსკოვსა და ფხენიანს შორის ურთიერთობის ახალ, აყვავების პერიოდზე ილაპარაკა და მხარი დაუჭირა რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში. აშშ-მა რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობების გაღრმავების გამო შეშფოთება გამოთქვა, რადგან ეს უკრაინისა და სამხრეთ კორეის უსაფრთხოებისთვის საფრთხეა. "ჩვენ ვიცით, რომ ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური რაკეტები გამოიყენება უკრაინის წინააღმდეგ ომში. ვიზიტმა შესაძლოა გავლენა იქონიოს კორეის ნახევარკუნძულის უსაფრთხოებაზე", - განაცხადა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ. ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ მოსკოვსა და ჩრდილოეთ კორეას შორის მჭიდრო კავშირები შეშფოთებას იწვევს და არა მხოლოდ ევროპაში. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მანამდე სტოლტენბერგმა მედიასთან განაცხადა, რომ "რუსეთისა და ჩინეთის მხრიდან მზარდი საფრთხის ფონზე ნატო მეტი ბირთვული იარაღის განთავსებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვართ ბირთვული ალიანსი. ნატოს მიზანია მსოფლიო ბირთვული იარაღის გარეშე, მაგრამ მანამ, სანამ ბირთვული იარაღი იარსებებს, ჩვენ დავრჩებით ბირთვულ ალიანსად, რადგან მსოფლიო, სადაც რუსეთს, ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეას აქვთ ბირთვული იარაღი, უფრო საშიში მსოფლიოა". რას ნიშნავს დასავლეთის ლიდერების და უშუალოდ ნატოს ხელმძღვანელობის ეს განცხადებები, რა მდგომარეობაა დღეს ფრონტის ხაზზე და საით მიდის პროცესები, ამ საკითხებზე "ჯეოქეისის" მკვლევარს, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძეს ვესაუბრეთ.

- რუსები ვერ ახერხებენ შეტევის წარმატებით გაგრძელებას, ძალიან უჭირთ, მიუხედავად იმისა, რომ უპირატესობა აქვთ, უკრაინელები კი ახერხებენ თავდაცვის ფრონტის შენარჩუნებას. ასე რომ, ჯერჯერ­ობით წარმატება-მარცხზე ლაპარაკი­ ბუნდოვანია, მაგრამ იმის თქმა ნამდვილად შეიძლება, რომ რუსები უკვე ვეღარ ახერხებენ შეტევის განვითარებას, უკრაინელები კი ახერხებენ ფრონტის შენარჩუნებას და ზოგიერთ მიმართულებაზე კონტრშეტევაზეც გადადიან.

- რუსეთი რატომ ვერ ახერხებს შეტევას?

- ამის ბევრი მიზეზია და პირველი ის, რომ უკრაინამ მიიღო დაპირებული შეიარაღება და მისი საცეცხლე ზემოქმედების­ შესაძლებლობები დღეს გაცილებით მაღალია,­ რაც მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, როდესაც თავდაცვაში ხარ და ახერხებ მოწინააღმდეგის მომარაგების, კომუნიკაციების ხაზებზე მუდმივად დარტყმას. მეორე ფაქტორი ის არის, რომ რუსებმა­ რატომღაც, ვერ შექმნეს დარტყმების დაჯგუფება, კვლავ ყველა მიმართულებას უტევენ და არა აქვთ გამოკვეთილი ძირითადი­ მიმართულება, დამხმარე მიმართულება და ა.შ., რაც, მათი მინუსია და ამას ემატება პრობლემები ტექნიკასა და შეიარაღებაში.

- ჩრდილოეთ კორეაში პუტინის ვიზიტი, ფაქტობრივად, შეიარაღების პრობლემას უკავშირდება. ფხენიანს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ რუსეთს დაეხმაროს?

- რუსეთი უკვე იღებს ჩრდილოეთ კორეისგან იარაღს. გარდა ამისა, შესაძლებელია კორეამ რუსეთის სასიკეთოდ მნიშვნელოვანი ცვლილებებიც შეიტანოს ომის თეატრში, თუკი ჩრდილოეთი კორეა სამხედრო კონტინგენტს გაგზავნის, ოღონდ კორეიდან წავიდნენ და კორეელები დიდი სიამოვნებით იომებენ რუსეთის მხარეს.

- აშშ-ის გადაწყვეტილებამ, რომ უკრაინას შეუძლია ამერიკული იარაღით რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებს დაარტყას, ფაქტობრივად, შეცვალა რეალობა, მაგრამ არის ეს საკმარისი?

- ყველაფერი თანდათანობით ხდება, უკრაინას იარაღის გამოყენების სრულ თავისუფლებასაც მისცემენ, თუკი უკრაინისთვის მძიმე მდგომარეობა გაგრძელდება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დღეს არსებული მოცემულობით, რუსეთი აღწევს თავის შეტევებში კულმინაციის წერტილს, რაც გულისხმობს იმას, რომ მას შეტევების გაგრძელება აღარ შეუძლია, უჭირს და ამ წერტილს თუ მიაღწევს, მაშინ შეტევებს ვეღარ გააგრძელებს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთი დამარცხდება. ეს ნიშნავს, რომ რუსეთი გადავა თავდაცვაზე და დაიწყებს ისევ ძალის მოკრებას. გამაგრდება დაკავებულ ტერიტორიებზე და შეეცდება პარტნიორების გამონახვას დამატებითი შეიარაღების მისაღებად. დღეს მაინც არ იღებს იმ რაოდენობით, რამდენიც სჭირდება, თანაც ნახევრად არალეგალური გზებით. თუმცა, იმდენად დიდი ფრონტია, ფაქტობრივად, უკვე 1500 კილომეტრზეა გადაჭიმული­ და თუ რუსებმა კონკრეტული მიმართულება არ გამოკვეთეს, ძალიან გაუჭირდებათ მოქმედება.

- იქნება ეს მოლაპარაკებაზე გადასვლის ეტაპი?

- ამის შანსი არის და პუტინის განცხადებებიც ამის მიმანიშნებელი იყო. ფრონტის ხაზზე ვითარება განსაზღვრავს, რამდენად სწრაფად დაიწყება მოლაპარაკებები.

- რამდენად საფუძვლიანია საუბარი, რომ რუსეთმა გააძლიერა ბირთვული ქობინებით წვრთნების ჩატარება და ეს ზრდის ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხეს?

- ნატომაც განაცხადა, რომ ეს ბლეფია, თითქოს რუსეთმა ბელარუსში ბირთვული­ იარაღით ჩაატარა წვრთნა. კრემლს სურს აჩვენოს, თითქოს ისევ ძალიან ძლიერია, მაგრამ რუსეთი ბირთვულ იარაღს ვერ გამოიყენებს, რადგან პასუხი იმდენად მძიმე იქნება, რომ ახლა ამის გაკეთება არ უღირთ. რუსეთს აქვს უფრო მეტი ტაქტიკური ბირთვული ქობინი, მაგრამ არან­აკლები თანამედროვე იარაღია ნატოს შეიარაღებაში, ვიდრე ეს ტაქტიკური ბირთვული ქობინებია, მით უმეტეს, ამ ქობინებსაც გამოყენება უნდა. თუკი ჩამოუგდეს, საარტილერიო ჭურვი იქნება თუ საავიაციო ბომბი, რა მნიშვნელობა აქვს, რა ქობინი ექნება?

- შარშან ამ დროს ძალიან აქტუალური­ იყო უკრაინის კონტრშეტევაზე გადასვლის საკითხი. წელს ამაზე ლაპარაკი არ არის...

- ნუ ვიტყვით, რომ არ არის, კონტრშეტევისთვის პირობები უნდა ჩამოყალიბდეს. მოწინააღმდეგე უნდა იყოს შეჩერებული, მას უნდა ჰქონდეს მიყენებული შესაბამისი ზარალი, მისი მეორე ეშელონები და რეზერვები უნდა იყოს მოწყვეტილი მოწინავე დაჯგუფებისგან და შენ უნდა გქონდეს საიმისო ძალა, რომლითაც შეძლებ კონტრშეტევაზე გადასვლას. როდესაც ამ პირობებს დააკმაყოფილებს უკრაინა, ის შეძლებს­ კონტრშეტევასაც.

- ეს ნიშნავს, რომ მოლაპარაკებების ეტაპი­ იწყება? არის სიტუაცია ამისთვის მზად?

- მოლაპარაკება შეიძლება დაწყებულიყო ომის პირველივე დღიდან, მაგრამ მოლაპარაკება ომს არ ამთავრებს. მოლაპარაკება არის გადაწყვეტილებების შეთანხმება, თუ რა დონეზე უნდა დავიდნენ მხარეები. შესაბამისად, მოლაპარაკება კონტრშეტევასთან არ არის დაკავშირებული. თუ უკრაინამ დაიწყო კონტრშეტევა და შედეგიანადაც, მოლაპარაკებების მაგიდასთან სულ სხვა პოზიციით მივა. თუკი ვერ დაიწყო, ან დაიწყო და მარცხი იწვნია, რუსეთი მივა უფრო ძლიერი პოზიციით.

- ამერიკის ნებართვის შემდეგ, რომ რუსეთის ტერიტორიაზე გამოიყენოს იარაღი, ცხადია, ცვლის რუსეთის მოქმედებებსაც და რა შანსია იმისა, რომ უშუალოდ ნატოს ეგიდით გაიცეს მსგავსი ნებართვა, მით უმეტეს, რომ ნატოს ბოლოდროინდელი განცხადებებით რუსეთი საფრთხეს ქმნის უკვე აზიაშიც ჩრდილოეთ კორეასთან გაფორმებული შეთანხმებებით.

- ასეთი უფლება უკრაინას გერმანიისგანაც აქვს, ბრიტანეთისგანაც და სკანდინავიის ქვეყნებისგანაც, თუმცა დათქმებით, რომ დარტყმები მიაყენოს სამხედრო ობიექტებს განსაზღვრულ ტერიტორიაზე. რაც შეეხება ნატოს, ის ჩაერთვება იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი დარტყმას მიაყენებს ნატოს რომელიმე ქვეყანას ან თუკი რუსეთი გაბედავს ბირთვული იარაღის გამოყენებას.

- დასავლეთმა რუსეთს ბევრჯერ მისცა ძალის მოკრების საშუალება და ახლაც არის შანსი, რომ იგივე შეცდომა დაუშვას?

- დასავლეთი რუსეთს უკვე უშლის ხელს. სანქციები მტკივნეულად ურტყამს რუსეთს. რუსეთს რომ ულხინდეს, ჩრდილოეთ კორეას არ სთხოვდა დახმარებას. რუსეთს ძალიან ძვირი უჯდება ეს ომი, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმ დებულებას, რომ რუსეთმა დაუშვა უდიდესი გეოპოლიტიკური შეცდომა, როდესაც ეს ომი დაიწყო. ის ვეღარასოდეს ვერ იქნება ისეთი ძლიერი, როგორიც იყო.

- რამდენად მოსალოდნელია, რომ ჩინეთმა გაუწიოს სამხედრო დახმარება.

- ჩინეთმა რატომ უნდა გაუწიოს დახმარება, როდესაც რუსეთი ჩინეთის დაქვემდებარებული სატელიტი ქვეყანა ხდება? ცხადია, ტექნოლოგიებით ფარულად ეხმარება. რატომ უნდა გადაიკიდოს ამერიკა და ევროპა, სადაც დიდი სავაჭრო კავშირები აქვს, როდესაც რუსეთი ისედაც მისია?

რუსა მაჩაიძე