ისტორია, რომელიც ჩვენ თვალწინ იწერება
"თურქეთმა მატჩი მოიგო, საქართველომ - მილიონობით მაყურებლის გული", - ევროპის ჩემპიონატზე ჩვენთვის სადებიუტო მატჩის შემდეგ დაწერეს ნეიტრალურმა ქომაგებმა, უცხოელმა მაყურებლებმა, რომელთა უმეტესობამ 18 ივნისს პირველად ნახა ჩვენი ნაკრების თამაში, ჯგუფური ეტაპის (ჯერჯერობით) ყველაზე დრამატული და სანახაობრივი შეხვედრა. გაცილებით უარესად ვითამაშეთ ჩეხეთთან, მაგრამ რაც არ უნდა უცნაურად ან უსამართლოდ მოეჩვენოს ვინმეს, ევროპის ჩემპიონატზე პირველი ჩვენთვის ისტორიული ქულა სწორედ ჩეხეთის ძლიერ ნაკრებთან მოვიპოვეთ. საქართველოს ნაკრები ძალიან სუსტი იყო პირველ ტაიმში, ბურთი ორმოცი წუთის განმავლობაში არ ჰქონია, მამარდაშვილმა რამდენჯერმე გადაგვარჩინა, მაგრამ... ტაიმი მაინც ჩვენ მოვიგეთ, საბოლოოდ, ქულასაც გამოვრჩით და ბოლო წამზე საბა ლობჟანიძეს უფრო ზუსტად რომ დაერტყა, გამარჯვებაც შეგვეძლო...
მანამდე კი... უფრო ზუსტად, წლევანდელი მარტის ბოლოდან, საქართველოს ნაკრებმა მოახერხა და ფეხბურთზე ლაპარაკი მათაც კი დააწყებინა, აქამდე ფეხბურთისა და რაგბის ბურთების გარჩევაც რომ უჭირდათ. მარტის ბოლოს საქართველოს ნაკრებმა სიამაყე დაუბრუნა ქართველ ხალხს. სიამაყეც და იმედიც.

ევროპის ჩემპიონატზე გასვლით ახალი გვერდი გადაფურცლა ქართული ფეხბურთის ისტორიაში, შეცვალა თამასაც, საქამისადმი მიდგომაც, გულშემატკივარიც... ტყუილად კი არ დაწერა ბესიკ ხარანაულმა, უცნაურია ჩემი ხალხი, წაგებულით მოგებულიაო. ბოლო თვეების ლაიტმოტივიც ეს არის, თურქეთთან წაგების მიუხედავადაც მოგებული ვართ, რადგან... ევროპის ჩემპიონატზე გასვლა უკვე გამარჯვება იყო ჩვენთვის, სამი ათწლეულის განმავლობაში ნანტრი გამარჯვება... და თუნდაც სამივე მატჩი წაგვეგო ქართული ფეხბურთისთვის ისტორიულ ტურნირზე, რა ბედენაა? საქართველოს ნაკრებმა უკვე მოიგო მილიონობით მაყურებლის გული! აქ ჩამოსვლა იყო მთავარი. კონტინენტის პირველობისთვის გემოს გასინჯვა, ევროპული ქვეყნების მარაქაში გარევა... ვილი სანიოლმაც სწორად თქვა პირველი მატჩის შემდეგ - არ ვართ წაგებით ბედნიერი, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენი თამაშით უნდა ვიამაყოთო. გვქონდა კიდეც ამის საფუძველი და მოდი, ასეც იყოს მინიმუმ ამ კვირის ბოლომდე. მოდი, შევირგოთ ეს ბედნიერი დღეები, დანარჩენი 23 ქვეყნის ფანებთან ერთად ვიზეიმოთ ევროპის ჩემპიონატზე თამაშის სიხარული, მწვრთნელ-მოთამაშეებისა თუ მათი თამაშის შეფასებები კი მერე იყოს...
პატარა საქართველო დიდ ფეხბურთში
დღევანდელ წერილში არც მე ვაპირებ თურქეთსა და ჩეხეთთან მატჩის დეტალებზე წერას. მეტიც, ბევრს არც იმ მრავალფეროვანი და საინტერესო ადგილებისა თუ ადამიანების შესახებ ვილაპარაკებ, გერმანიაში რომ ვნახე "ევრო-2024"-ის დღეებში. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ბედნიერი ვარ (და ასე იქნება ჩვენი სამივე მატჩის შედეგის მიუხედავად!), რომ ავისრულე ყველა სპორტული ჟურნალისტის ოცნება და შემიძლია ჩემი ქვეყნის ნაკრებთან ერთად ვიყო უდიდეს საფეხბურთო ზეიმზე, დორტმუნდის, ჰამბურგისა თუ გელზენკირხენის სტადიონებზე, ქუჩებში, სადგურებში ვხედავდე საქართველოს ნაკრების მაისურებში გამოწყობილ ათასობით ბედნიერ ქართველს.
რადგან ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატები ნამდვილი ზეიმია სპორტის მოყვარულთათვის და ამაში ყველა დაგვეთანხმება, ვინც აქამდე ან ამ დღეებში თავისი თვალით ნახა, რას ნიშნავს, თუნდაც რამდენიმე დღის განმავლობაში იცხოვრო ფეხბურთით, ბოლომდე შეიგრძნო ბედნიერება და სიამაყე, უდიდეს სპორტულ ზეიმში შენი ქვეყნის ნაკრების მონაწილეობა რომ ჰქვია.
ბევრს არ ვილაპარაკებ, იმ უამრავი შოტლანდიელის მაგალითზე ვიტყვი, ამ დღეებში რომ ვნახე და ველაპარაკე ვუპერტალში, კიოლნსა თუ დიუსელდორფში. ათიათასობით არიან გერმანიაში, მათ დიდ ნაწილს არც მატჩის ბილეთი აქვს და არც პლეი-ოფში გასვლის იმედი (შვეიცარიასთან მატჩის წინაც კი დანანებით იქნევდნენ თავს, გამარჯვების მცირე შანსი გვაქვსო), მაგრამ... იკრიბებიან სტადიონის გარშემო, ფანზონებში, პაბებსა და კაფეებში, ყლურწავენ ლუდს და მთელი გულითა და ხმით ზეიმობენ, ამხნევებენ, უმღერიან საყვარელ ნაკრებს... და მთელი დღის განმავლობაში გერმანიის სხვადასხვა ქალაქის ქუჩებსა თუ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მხოლოდ მათი სიმღერა ისმის - No Scotland no party ("არ არის შოტლანდია - არ არის ზეიმი")!
ჰოდა, მივბაძოთ ამ ხალხს, რომელიც მხოლოდ თამაშით ან მოგება-წაგებით კი არა, გულშემატკივრობის პროცესით იღებს სიამოვნებას. მათთვის მთავარი ჯერ საყვარელი გუნდის გვერდით ყოფნა და მხარდაჭერაა (ტრიბუნიდან იქნება თუ მხოლოდ იმავე ქალაქში ყოფნით) და მხოლოდ შემდეგ - კონკრეტული მატჩისა თუ ტურნირის მოგება. მივბაძოთ, რადგან ზეიმის საბაბი მათზე მეტი გვაქვს - პირველად ვთამაშობთ დიდ ტურნირზე, პირველად გავხდით საფეხბურთო ევროპის ნაწილი და მილიონობით მაყურებლის გულიც პირველივე, თანაც წაგებული მატჩით მოვიგეთ...
ამიტომაც აღარ აქვს მნიშვნელობა, მწვრთნელი შეცდა თუ რომელიმე მოთამაშე. მოედანზე ჩაკვეტაძის დატოვება იქნებოდა უპრიანი, ბუდუს უფრო ადრე გამოყვანა, თუ... ცხადია, ყველას გვინდ(ოდ)ა, რომ ჩვენი გუნდი ჯგუფიდანაც გასულიყო, მაგრამ კიდევ ვამბობ - ეს ის შემთხვევაა, როცა საფეხბურთო ტურნირსაც ესადაგება ოლიმპიური დევიზი - "მთავარია მონაწილეობა და არა გამარჯვება"...
კვირაზე მეტია, ვარ ქვეყანაში (სპორტის ჟურნალისტთა ასოციაციისა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით), რომელიც ფეხბურთით ცხოვრობს. აქ ნანახსა და განცდილზე სალაპარაკოდ გაზეთის რამდენიმე ნომერი არ გვეყოფა, თუმცა თანდათანობით ამის დროც მოვა...
ამ დღეების განმავლობაში არაერთი ქალაქი ვნახე და ათასობით ქართველი თურქეთთან მატჩის შედეგით დამწუხრებული, მაგრამ მაინც ბედნიერი და ამაყი. ჩეხეთთან მოპოვებული ქულითაც და რაც მთავარია, იმით ამაყი, რომ მისი ქვეყანაც ევროპის ნაწილია, რომ მისმა ქვეყანამაც გადაგდგა პირველი ნაბიჯი და შედეგის მიუხედავად, უამრავ ადამიანს დაამახსოვრა თავი...
უცნაურია ჩემი ხალხი, წაგებულით მოგებულია...

მოგებული ვართ. ეს დღეები ზეიმისა და სიხარულის დღეებია. კრიტიკა მერე იყოს. ახლა კი, სანამ ჯერ კიდევ ვართ ევროპის ნაწილი, შევირგოთ ეს სიხარული, მხარი დავუჭიროთ ჩვენს გუნდს. მადლობა ვუთხრათ იმ თავდაუზოგავი ბრძოლისთვის, თურქებთან მატჩში რომ გვიჩვენეს დორტმუნდის "სიგნალ იდუნა პარკზე"; იმისთვის, რომ წარმოუდგენელი ზეწოლის მიუხედავად, მაინც გაუძლეს ჩეხების შეტევებს, იმისთვის, რომ შეგვიძლია ვიკამათოთ, ბოლო წამებზე, უნდა დაეტოვებინა თუ არა კარი გიორგი მამარდაშვილს, რადგან... შესაძლოა პლეი-ოფში გასასვლელად ეს ერთი ბურთიც კი გადამწყვეტი იყოს. რა მოხდებოდა, ლობჟანიძეს რომ გაეტანა და სხვა.
პლეი-ოფშიო, ხალხო. იმაზე რომ ვკამათობთ, რა აჯობებდა ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გასასვლელად, უკვე დიდი ბედნიერება არ არის?!
ვუპერტალში, სადაც ჯგუფური ეტაპისას ვცხოვრობთ, უამრავი გულშემატკივარია დაბინავებული სხვადასხვა ქვეყნიდან (ბოლო დღეებში შოტლანდიელებს ესპანელები და პორტუგალიელებიც შემოემატნენ. რამდენიმე ბრაზილიელიც კი!). კიდევ უფრო მეტს ველაპარაკე კიოლნსა და დორტმუნდში და უკლებლივ ყველა მათგანმა მითხრა, რომ საქართველოს ნაკრების თამაში სასიამოვნო სიურპრიზი გამოდგა მათთვის - მაგრად ითამაშეთ და მინიმუმ ორი ბურთი კიდევ უნდა გაგეტანათო! თვით ასაკოვანმა თურქმაც კი, რომელიც ვუპერტალის ჰაუპტბანჰოფში (ცენტრალური სადგური) ბილეთებს ყიდის, თანამემამულეების გამარჯვებით გახარებულმა "მომახარა" - ჩვენებმა კი მოიგეს, მაგრამ ქართველებმაც ძალიან კარგად ითამაშეთო.
"დიდი თურქობა"
თურქ(ებ)ი მხოლოდ გერმანულ ბანჰოფებზე რომ იყვნენ, რაღა გვიჭირდა: გერმანიის მასშტაბით მილიონობით ცხოვრობს, დორტმუნდში კი, სადაც "ევრო-2024"-ის პირველი მატჩი ვითამაშეთ, განსაკურებით ბევრ ეთნიკურად თურქს შეხვდებით ქუჩაშიც, მათივე მაღაზიებშიც და ცხადია, სტადიონზეც, მით უმეტეს, როცა ისტორიული სამშობლოს გუნდი თამაშობს. ასე რომ, წინასწარაც ვიცოდით და სტადიონზეც ყველამ ნახა, რომ 80-ათასიანი "სიგნალ იდუნა პარკის" ტრიბუნების მინიმუმ სამი მეოთხედი გადაწითლებული იყო. თურქი ფანები (თუ ფეხბურთის რომელიმე გულშემატკივარზეა ეს სიტყვა ზედგამოჭრილი, თურქები მათში აუცილებლად შედიან, რადგან სპორტის ეს სახეობა მართლაც ფანატიკურად უყვართ) მთელი თამაშის განმავლობაში არ გაჩერებულან, სამწუხაროდ, საქართველოს ეროვნულ ჰიმნსაც სტვენით შეხვდნენ, "დორტმუნდის" საშინაო არენის ფანტასტიკური აკუსტიკა კი მათ ღრიანცელს ერთი-ორად აძლიერებდა. თუმცა ისიც სიამაყით უნდა აღვნიშნოთ, რომ არც რამდენიმე ათას ქართველ ქომაგს შეურცხვენია თავი და რამდენჯერმე გადაფარეს კიდეც წითელ ფორმებში გამოწყობილი ოპონენტების ღრიალი.
ეგ არაფერი... მთავარია, სხვა დროსაც ისე ვიყოთ ხოლმე შეკრული ერთ მუშტად, 21 და 26 მარტს რომ ვიყავით, კიდევ - 18 და 22 ივნისს...
თურქეთთან დრამატული მატჩი ყველამ ნახეთ და დამეთანხმებით, რომ მხოლოდ მონდომება და შეტევა საკმარისი არ აღმოჩნდა - იღბალიც უნდა დაგვხმარებოდა... არადა, თურქების ყველა დარტყმა კარში წავიდა, ჩვენები - ძელებს არ ასცდა! თავს დავდებ - "ფენერბაჰჩესა" და თურქეთის ნაკრების მცველმა მერტ მულდურმა ასე ასჯერ რომ დაარტყას, კარის ჩარჩოში ერთხელაც ვერ მოარტყამს ბურთს, თუმცა... მისი ეტლი მაინცდამაინც 18 ივნისს შევიდა "ვენერას ენერგიულ ველში" და... არა უშავს, ჩვენც შევედით. იმ ნაკრებების რიცხვში, ერთხელ მაინც რომ უთამაშიათ კონტინენტის პირველობაზე. მადლობა უეფას "ერთა ლიგასა" და მის მომგონს, მადლობა ყველას, ვისაც დიდი და მცირე წვლილი მიუძღვის იმაში, რომ ჯერ ერთა ლიგის პლეი-ოფამდე, საბერძნეთის დამარცხებით კი სამი ათწლეულის განმავლობაში ნანატრ ტურნირამდე მივედით.

ისტორიული ქულა
ჩვენი გაზეთის ფორმატი არ გვაძლევს საშუალებას, ჩეხებთან მატჩზე უფრო მეტი ვილაპარაკოთ. ვფიქრობ, არც არის აუცილებელი: თამაში ყველამ ნახეთ, შედეგიც იცით... ძალიან ცუდი პირველი ტაიმის ბოლოს საქართველოს ნაკრებმა, როგორც იქნა, მოახერხა ბურთის შემაგრება და რამდენჯერმე შეუტია, რასაც მსაჯის დამატებულ დროში პენალტი მოჰყვა და მიქაუტაძემ აუღელვებლად გაიტანა - 1:0!
ქვეყანასავით არეული გუნდი კი გვყავს, მაგრამ რაც შეეძლოთ, იბრძოლეს. სამწუხაროდ, ჩეხების ზეწოლასა და საჯარიმოში გაუთავებელ ჩაწოდებებს ვერ გავუძელით და მეტოქეს ანგარიშის გათანაბრების შესაძლებლობა მივეცით.
და მამარდა?! გიორგიმ ურთულესი დარტყმები მოიგერია, რამდენჯერმე გადაარჩინა საქართველოს ნაკრები და დამსახურებულად დასახელდა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ, მაგრამ როცა მთელი თამაშის განმავლობაში მეტოქეს აქვს ბურთი, გაძლებაზე ხარ, ერთხელაც იქნება, გაგიტანენ... გაგვაოცა სანიოლის უცნაურმა შეცვლებმა, თუმცა... უკვე შევთანხმდით, რომ ამ წერილში მწვრთნელ-მოთამაშეებს არ ვაფასებთ...
ბოლოს კი ისიც ვთქვათ, რომ დორტმუნდის მსგავსად, საოცრება ხდებოდა ჰამბურგშიც - ათასობით ქართველმა ქომაგმა აშკარად დაჯაბნა ქომაგობაშიც გაცილებით გამოცდილი ჩეხები და ისტორიული ქულის მოპოვებაში თავისი წილი დაიდო.
21 ივნისი ზაფხულის ყველაზე ხანგრძლოვი დღეა. 22-დან დღეები კლებას იწყებს, მაგრამ... წლევანდელი 22 ივნისი პირიქით უნდა იყოს - გაგრძელების, მატების, წარმატების მომტანი და დამბედებელი...
ფეხბურთს შეუძლია ხალხის გაერთიანება - ევროპის ჩემპიონატზეც და მის მიღმაც, მით უმეტეს, ისეთი უცნაური ხალხისა, წაგებულით(აც) რომ ბედნიერია!
რატი შელეგია
დორტმუნდი-ჰამბურგი