ჰოლივუდი ტრამპის წინააღმდეგ: რისი ეშინია მსოფლიო შოუბიზნესის "მექას"?! - "იგი იმ ადამიანებს დაუწყებს დევნას, რომლებიც მისთვის არასასურველ კონტენტს ქმნიან“ - კვირის პალიტრა

ჰოლივუდი ტრამპის წინააღმდეგ: რისი ეშინია მსოფლიო შოუბიზნესის "მექას"?! - "იგი იმ ადამიანებს დაუწყებს დევნას, რომლებიც მისთვის არასასურველ კონტენტს ქმნიან“

ბრიტანულ ყოველკვირეულ ჟურნალ „ეკონომისტში“ (The Economist) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - „ჰოლივუდი დონალდ ტრამპის სავარაუდო დაბრუნების გამო ნერვიულობს“, რომელშიც ამერიკისა და მსოფლიოს კინოინდუსტრიის ცენტრში - ჰოლივუდში მდებარე კინოკომპანიების ხელმძღვანელების, მათი რეჟისორებისა და მსახიობების დამოკიდებულებაა გამოხატული აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატების მიმართ.

თეთრ სახლში დონალდ ტრამპის სავარაუდო დაბრუნება ჰოლივუდის ბოსებისათვის ნერვიულობის მიზეზი ხდება. ქვეყანაში შექმნილი დაძაბული სიტუაცია, რომელიც საზოგადოების მკვეთრ პოლარიზებაში გამოიხატება, კინოინდუსტრიის ხელმძღვანელებს აიძულებს, ფრთხილად იმოქმედონ, რათა მათი მოქმედება პოლიტიზირებულად არ ჩაითვალოს, - ასეთია სტატიის დედააზრი.

გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:

„ოვაციები ათ წუთზე მეტხანს გრძელდებოდა. 20 მაისს კანის 77-ე კინოფესტივალზე ბიოგრაფიული ფილმის - „მოსწავლის“ (The Apprentice) პრემიერა, რომელშიც აშშ-ის ექსპრეზიდენტის, მილიარდერ დონალდ ტრამპის ბიზნესმენად ჩამოყალიბების კარიერაა გადმოცემული, ბოლო პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან მოვლენად იქცა. ფილმის პრეზენტაციას ესწრებოდნენ ჰოლივუდის ელიტის წარმომადგენლები, მათ შორის - მსახიობი ქეით ბლანშეტი და რეჟისორი ოლივერ სტოუნი. სხვადასხვა ქვეყნის დისტრიბუტორებმა ფილმის ჩვენების უფლება პირდაპირ დაიტაცეს, მაგრამ აშშ-ში არც ერთი მსხვილი კომპანია ფილმს ახლოს არ მიეკარა. „მიზეზი ძალიან უბრალოა“, - ამბობს ერთ-ერთი დისტრიბუტორი, რომელიც ბევერლი-ჰილზის რესტორანს ეჭვით ათვალიერებს, სასმენი მოწყობილობა ხომ არის დამონტაჟებულიო, - „შიში“.

რა თქმა უნდა, ჰოლივუდი ბოლო დროს მნიშვნელოვნად შეიცვალა, პროდიუსერები გათავისუფლდნენ იმ წესების დაცვისაგან, რომლებიც მათ არანორმატიული ლექსიკის გამოყენებას და უხამსი სცენების გადაღებას უკრძალავდა... უკანასკნელ ათწლეულში აყვავდა და რენესანსს განიცდის პროვოკაციული დრამა, კომედია...

ჰოლივუდი, ძირითადად, დემოკრატების ტერიტორიას წარმოადგენს. ამას წინათ, 15-16 ივნისს გამართულ დემოკრატიული პარტიის ღონისძიებაზე, რომელიც საპრეზიდენტო კამპანიისათვის ფულის შეკრებას მიეძღვნა და რომელშიც ჯორჯ კლუნი და ჯულია რობერტსი აქტიურად მონაწილეობდნენ, იქ მყოფმა ჯო ბაიდენმა 30 მილიონი დოლარი მიიღო. ამისათვის, ალბათ, მართლაც ღირდა შვეიცარიის სამშვიდობო სამიტის გაცდენა, რომლის დროსაც მსოფლიოს ლიდერებმა უკრაინაში მიმდინარე ომის შეწყვეტა და მასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

მაგრამ რაც უნდა მოხდეს პირველი სატელევიზიო დებატების დროს, რომელიც „სი-ენ-ენის" ეთერში 27 ივნისს უნდა გაიმართოს, დონალდ ტრამპის ახალი საპრეზიდენტო ვადის ალბათობა ჰოლივუდის ბოსებს აიძულებს, ინერვიულონ.

აშშ-ის ექსპრეზიდენტის ადვოკატებმა ამას წინათ „მოსწავლის“ რეჟისორს, ალი აბასს და სცენარისტს გაბრიელ შერმანს წერილი გაუგზავნეს, რომელშიც ისინი აფრთხილებენ, რომ „დონალდ ტრამპი ისარგებლებს ყველანაირი სამართლებრივი საშუალებით, პასუხისმგებლობაში მათ მისაცემად“. ფილმში არის ისეთი კადრები და სცენები, რომლებიც ექსპრეზიდენტისათვის შეურაცხმყოფელი და მისი რეპუტაციისათვის ზიანის მიმყენებელია.

ჰოლივუდის ერთ-ერთი ბოსი წინასწარმეტყველებს, რომ თუ აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპი იქნება არჩეული, ამერიკულ ტელე და კინოინდუსტრიას ცუდი პერიოდი დაუდგება: „იგი იმ ადამიანებს დაუწყებს დევნას, რომლებიც მისთვის არასასურველ კონტენტს ქმნიან“.

დონალდ ტრამპის ფაქტორის გარდა, აშშ-ში შექმნილი პოლარიზება კინოკომპანიების ხელმძღვანელებს აიძულებთ, ფრთხილად იმოქმედონ, რათა მაყურებელი არ დაკარგონ და იმავე მაყურებელმა ფილმები პოლიტიზირებულად არ ჩათვალოს.

დღეისათვის ჰოლივუდში კინოკომპანიებისა და კინოსტუდიების უმრავლესობას უკვე ისეთი თვალსაზრისი აქვს, რომ ფიქრობენ - „პოლიტიკა ის სფეროა, რომელიც უმჯობესია უხმო რეჟიმში დარჩეს“.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო