უბედურება თბილისიდან 450 კილომეტრში: შემზარავი ამბები დაღესტნიდან - რას ერჩოდნენ მართლმადიდებლურ ეკლესიებსა და სინაგოგას?! - კვირის პალიტრა

უბედურება თბილისიდან 450 კილომეტრში: შემზარავი ამბები დაღესტნიდან - რას ერჩოდნენ მართლმადიდებლურ ეკლესიებსა და სინაგოგას?!

2023 წლის 23-24 ივნისი რუსეთის ფედერაციის უახლეს ისტორიაში შევიდა, როგორც პრიგოჟინის „ვაგნერის“ სამხედრო დაჯგუფების გალაშქრება მოსკოვისკენ, თუმცა ზუსტად ერთი წლის თავზე, 2024 წლის 23 ივნისის საღამოს, დაღესტანში არანაკლებ საშინელი ფაქტები მოხდა, რომლებიც მარტო პუტინის რეჟიმის საწინააღმდეგოდ როდი იყო მიმართული...

დაღესტნის დედაქალაქ მაჰაჩყალასა და დერბენტში შეირაღებული პირები თავს ერთდროულად დაესხნენ მართმადიდებელ ეკლესიებსა და სინაგოგებს, რის შემდეგაც ამ ქალაქების ქუჩებში პირდაპირი ნადირობა დაიწყეს პოლიციელებზე...

ოპტიკურსამიზნიანი შაშხანებითა და ავტომატებით შეიარაღებული რამდენიმე პირი ქუჩებში სროლა-სროლით გადაადგილდებოდა და დამიზნებით ცეცხლს უხსნიდა პოლიციის მანქანებს...

თავდამსხმელებს ნიღბები არ ეკეთათ და მათი ამოცნობა ადვილი გახლდათ, მით უმეტეს, რომ ქალაქის მაცხოვრებლები არ უშინდებოდნენ სროლას და თავიანთ მობილურ ტელეფონებზე დეტალურად იღებდნენ ქუჩის ბრძოლის პერიპეტიებს...

როგორც მოსალოდნელი გახლდათ, რამდენიმე საათში შეიარაღებული თავდამსხმელები ჯავშანმანქანებიანმა სპეცრაზმმა გააუვნებელყოფა, თუმცა ყოველივე ამის შედეგი მართლაც რომ შემაძრწუნებელი აღმოჩნდა - დამწვარია ორი სინაგოგა, დაზიანდა ორი ეკლესია, მოკლულია 15-ზე მეტი პოლიციელი, დაჭრილია 34 ადამიანი...

ასევე, დაღუპულია რამდენიმე სამოქალაქო პირი, მათ შორის - მაჰაჩყალის ეკლესიის მღვდელი, რომელსაც... ყელი გამოსჭრეს...

რუსეთის სპეცსამსახურებმა ექვსი შეიარაღებული თავდამსხმელის ლიკვიდაცია განახორციელეს, თუმცა განაგრძობენ მათი თანამზრახველების გამოვლენა-დაკავების ოპერაციას. ამ ექვსი ტერორისტიდან ორი მათგანი დაღესტნის ერთ-ერთი რაიონის ხელმძღვანელის შვილი აღმოჩნდა...

1-dag-1719213830.png
ტერორისტების მიერ გადამწვარი სინაგოგას შენობა...

რა შეფასება შეიძლება მიეცეს ამ ყველაფერს?

რა თქმა უნდა, ტერორისტული აქტის, რომელიც მიმართული იყო არა მარტო რუსეთის სახელისუფლო სტრუქტურის წარმომადგენლების -პოლიციელების, არამედ - ქრისტიანული და იუდაიზმის რწმენის წინააღმდეგაც, რაც კიდევ უფრო საგანგაშოა პუტინის რეჟიმისთვის.

კრემლში ჩეჩნეთის მეორე ომის „მიწყნარების“ შემდეგ ცდილობენ, „დაუყვავონ“ ჩრდილოკავკასიელ ლიდერებს, მათ შორის - რამზან კადიროვს - ჩეჩნეთში თუ სხვა გავლენიან პირებს - დაღესტანში და მიჩქმალონ ის მზარდი დაპირისპირება სხვა რწმენის მიმართ, რაც თვალნათლივი ხდება ამ რეგიონში.

არავის დავიწყებია 2023 წლის ოქტომბრის ბოლოს ჩრდილოეთ კავკასიაში და მათ შორის - დაღესტანში ანტისემიტური გამოსვლები, რაც ისრაელის არმიის ღაზას სექტორში დაუნდობელი სამხედრო ოპერაციის დაწყებას მოჰყვა -მაჰაჩყალის აეროპორტში შეჭრილი ბრბო ჩამოფრენილ თვითმფრინავებში ისრაელის მოქალაქეებს ეძებდა (ზოგი მათგანი სამგზავრო ლაინერის ტურბორეაქტიული ძრავების შიგნითაც კი იჭყიტებოდა) და დროზე რომ არ გადაემალათ ისინი, ეტყობა, ლინჩის წესით გაუსწორდებოდნენ...

2-dag-1719213968.png
დაღესტნელი ძმები-ტერორისტები სახესაც არ მალავდნენ - ისინი დერბენტის ქუჩაში დამიზნებით ესროდნენ პოლიციელებს...

ისლამისა და იუდეიზმის მრავალსაუკუნოვანი დაპირისპირება ცნობილია, მაგრამ როდესაც ჩრდილოეთ კავკასიაში იწყებენ მართლმადიდებელი ეკლესიების დარბევას და მის მღვდელმსახურებისთვის ყელის გამოჭრას... ეს უკვე ძალიან საგანგაშო ნიშანია, პირველ რიგში, იმ რუსეთისთვის,რომლის ხელისუფლებას თავი დიდ ტოლერანტად მოაქვს...

დაღესტანში ზოგი ცდილობს, ეს ყველაფერი ისევ უკრაინის სპეცსამსახურებსა თუ დასავლეთს დააბრალოს, ისევე, როგორც ეს რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდამ სცადა 2024 წლის 24 მარტს მოსკოვთან, „კროკუს სიტი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში მომხდარი საშინელი ტერორისტული აქტის დროს, როდესაც ტაჯიკი ეროვნების ტერორისტებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გახსნილი ცეცხლით და, ასევე, საკონცერტო დარბაზში სპეციალურად გაჩენილი ხანძრის შედეგად 145 ადამიანი იმსხვერპლეს, ხოლო 551 კი - დაშავდა.

სინამდვილეში კი ყველაფერი ამის უკან საერთაშორისო რადიკალური ისლამური ძალები დგანან, შეიძლება - კარგად ცნობილი „ისლამური სახელმწიფოც“ კი, რომელიც მართალია, რაკეტებითა და ბომბებით თითქოს გაანადგურეს ერაყისა თუ სირიის ქვიშებში, მაგრამ ის ისევ ცოცხალია...

პუტინს კი ერთმორწმუნე უკრაინელების გენოციდის დაწყების სანაცვლოდ, ერჩივნა ამ რეალურად საშიში საფრთხისთვისთვის მიეხედა, რომელიც რუსეთის ფედერაციას ადრე თუ გვიან დიდ შიდადაპირისპირებამდე მიიყვანს, რაც სამწუხაროდ, ჩვენს სამხრეთ კავკასიაშიც გადმოინაცვლებს...