"ვფიქრობ, საქართველოში უფრო ვლამაზდები, ბედნიერი ვარ, ფრთებგაშლილი..." - ნინი შერმადინი ამერიკაში სოლო კონცერტს მართავს - კვირის პალიტრა

"ვფიქრობ, საქართველოში უფრო ვლამაზდები, ბედნიერი ვარ, ფრთებგაშლილი..." - ნინი შერმადინი ამერიკაში სოლო კონცერტს მართავს

4 ივლისს, ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს, ნინი შერმადინი ნიუ-იორკში სოლო კონცერტს გამართავს და ამით კიდევ ერთ ოცნებას აისრულებს... ამ კონცერტისთვის მზადება უკვე დაწყებულია და ადამიანებს, რომლებსაც მასზე დასწრების შესაძლებლობა მიეცემათ, უამრავი სიურპრიზი, გათამაშებაში მონაწილეობა და სასიამოვნო საღამო ელით.

- ნინი, უკვე წლებია, ამერიკაში ხართ და როგორც ვიცი, საკმაოდ აქტიური ცხოვრება გაქვთ: მონაწილეობთ კონცერტებში, საღამოებში, ეწევით პედაგოგიურ საქმიანობას...

- დიახ, 12 წელია, რაც ამერიკაში ვარ და ძალიან მივეჩვიე აქაურობას. საკმაოდ აქტიური ცხოვრება მაქვს, მყავს სტუდენტები, ბავშვები, რომლებსაც ვამზადებ სიმღერაში; ამერიკაში ბევრ ფესტივალზე გამყავს მოსწავლეები. ვფიქრობ, წარმატებულად ვსაქმიანობ, როგორც პედაგოგი, როგორც შემოქმედი და როგორც ავტორი-შემსრულებელი...

ასევე, ბოლო ერთი წელია, "ფეშენ უიკებში" აქტიურად ვარ ჩართული, რის გამოც მინდა, უდიდესი მადლობა გადავუხადო ჩემს უახლოეს მეგობარს ეკა მგალობლიშვილს. ძალიან ბევრი მიწვევა მაქვს სხვადასხვა ქვეყნიდან. ახლაც პარიზში ვარ, 23 ივნისს "ფეშენ უიკზე" ვიყავი მიწვეული, სადაც ჩემმა ძალიან ნიჭიერმა სტუდენტმაც იმღერა.

- ამ კვირეულზე რა სტატუსით იყავით?

- აქ გახლდით, როგორც სპეციალური სტუმარი. ასევე, მიწვეული ვარ "რიც ჰოტელში", სადაც ბალენსიაგა და სხვადასხვა მაღალი დონის დიზაინერები ატარებენ ხოლმე ჩვენებას. პარიზშივეა დაგეგმილი პატარა ვიდეოკლიპის გადაღება... მოკლედ, 23-დან 30-ის ჩათვლით საფრანგეთში ვარ...

- მიამბეთ დაუვიწყარ კონცერტზე, საღამოზე, რომელიც ამერიკაში ჩატარდა. რით იყო გამორჩეული?

- დაუვიწყარი და გამორჩეული საღამო იყო კალიფორნიაში მოწყობილი "თბილისობა", სადაც დიასპორამ მიმიწვია და იქ ჩემს ბენდთან, ირაკლი შარაძესთან და ნოდარ სინაურიძესთან ერთად წავედი. კონცერტს ესწრებოდნენ ჩვენი სასიქადულო ქართველები, მათ შორის - ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი და რომან დოლიძე... ასევე, ჩემი უახლოესი მეგობარი, საოცარი მუსიკოსი დავით გაბიძაშვილი, რომელიც "დიფ ფარფლთან" და ბონ ჯოვისთან ერთად კალიფორნიაში, ლოს-ანჯელესში კონცერტებს მართავს... ასევე, დაუვიწყარი კონცერტები მქონდა კანადასა და ირლანდიაში, სადაც ზღვა ემოცია მივიღე და არ შემიძლია, ახლა არ ვისარგებლო შემთხვევით და თქვენი საშუალებით მადლობა არ გადავუხადო ორგანიზატორებს, არ მივეფერო ირლანდიაში, კანადაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს. მათ საოცარი სიხარული მომანიჭეს.

- როგორ ფიქრობთ, ნელ-ნელა ხდება ის ამერიკული ოცნება, რომლის ასასრულებლადაც წახვედით?

- რაიმე კონკრეტული ოცნება არ მქონია. უბრალოდ, ამ ქვეყანაში ჩამოვედი საკუთარი თავის დასამკვიდრებლად, რათა უფრო მეტად განვვითარებულიყავი, ამომეწურა საკუთარი შესაძლებლობები. გავაკეთე ჩემი პატარა სტუდია - "არტ ჰაბი", რომელიც ფეხს იდგამს, ნელ-ნელა იზრდება და ზუსტად 4 ივლისს გვექნება ჩვენი ახალი კლიპის პრეზენტაცია, რომელიც გადაიღო ზურა ქირიამ და ეძღვნება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობას.

მუსიკა სპეციალურად ჩვენთვის დაწერა მაია კაჭკაჭიშვილმა, ტექსტის ავტორია ქეთი ორჯონიკიძე, არანჟირება - ბორიკო შხიანის და ჩაიწერა გოგიტა გოგიძის სტუდიაში.

მე მყავს როგორც ქართველი, ისე ამერიკელი მოსწავლეები და მინდოდა, რაღაცნაირად ჩემი მადლიერება, სიყვარული გამომეხატა იმ ორი ქვეყნის მიმართ, რომელიც ძალიან მიყვარს. ვფიქრობ, ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მივიწევ იმ ოცნებისკენ, რაც მაქვს, უბრალოდ ამაზე ხმამაღლა საუბარი არ მინდა, რადგან რასაც ხმამაღლა ვამბობ, აღარ მისრულდება ხოლმე (იცინის). უფრო მეტის და მეტის მოლოდინი და მოთხოვნილება მაქვს და რაც მთავარია, არ ვჩერდები. ვწერ სიმღერებს, აქტიურად ვთანამშრომლობ მაიკო კაჭკაჭიშვილთან და ბორიკო შხიანთან, ვგეგმავ ალბომის გამოშვებას. გავხდი ამერიკის მოქალაქე და აქ ჩამოვიყვანე ჩემი შვილი - მარიამი არის 15 წლის და სწავლობს სკოლაში, მეთერთმეტე კლასში გადავიდა. ის საკმაოდ კარგი მოსწავლე და ადამიანია. გეგმავს, რომ გახდეს ფსიქოლოგი. ვნახოთ (იღიმის)...

- სულ მალე ამერიკაში თქვენი პირველი სოლო კონცერტი მოეწყობა. ამაზე მიამბეთ: როგორ დაიგეგმა, რა მოლოდინები გაქვთ...

- ლელა ნინუა მეუბნებოდა ხოლმე, შენი კონცერტი უნდა დავგეგმოთო, მაგრამ რატომღაც, "ფეხს ვითრევდით". ახლა კი ეს კონცერტი დაიგეგმა სპონტანურად: ერთ მშვენიერ დღეს, მე და ლელა უბრალოდ ვსაუბრობდით და უცებ მითხრა, მგონი, გადასარევი დროა შენი სოლო კონცერტისთვისო და შევარჩიეთ 4 ივლისი. სულ ვოცნებობდი და მინდოდა, ამ დღეს კონცერტი მქონოდა, რადგან ამერიკის დამოუკიდებლობის დღეა, რომელსაც გრანდიოზულად აღნიშნავენ ყველა შტატში, არის ფოიერვერკების "წვიმა". მერე ისე მოხდა, რომ ჩემთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი ადგილი - "რუფტოპი" უილიამსბურგში დამითმეს და ასე დაიგეგმა ჩემი პირველი სოლო კონცერტი ძალიან მაგარ დღესასწაულზე. მოკლედ, ვემზადები მთელი სულითა და გულით. ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ გვერდით მეყოლებიან მეგობრები: ნოდიკო ტატიშვილი, ირაკლი შარაძე და უნიჭიერესი დიჯეი გიგა დაასრულებს საღამოს.

- როგორც ვიცი, კონცერტზე მაყურებელსაც ბევრი სიურპრიზი ელის, მოეწყობა გათამაშებები... ყველაფერის გამჟღავნების უფლება არ მაქვს, მაგრამ ვიცი, რომ თქვენთვისაც მზადდება საჩუქარი. თუ გაქვთ ეჭვი, რა შეიძლება იყოს ეს?

- კი, კონცერტზე მაყურებელს ბევრი სიურპრიზი ელოდება. გამოჩნდნენ სპონსორები, რომლებმაც დააწესეს პრიზები მაყურებლისთვის, მოეწყობა გათამაშებები, მაგრამ კონკრეტულად რა იქნება, მეც არ ვიცი, ლელა გეგმავს სიურპრიზებს... ჩემთვის ბევრი რამე აღმოჩენა იქნება, რაღაცებს არ მეუბნებიან... აი, პირადად ჩემთვის რა მზადდება, ამას საერთოდ ვერ ვხვდები. ახლა დავინტრიგდი, მიყვარს სიუპრიზები. თუმცა, ჩემთვის ისედაც დიდი საჩუქარია, რომ ჩემი პირველი სოლო კონცერტი შედგება, ამიტომ მოუთმენლად ველოდები ამ დღეს და მგონია, ხალხიც ისიამოვნებს, მეც ბოლომდე დავიხარჯები და შევასრულებ არა მარტო ახალ სიმღერებს, არამედ იმ ჰიტებსაც, რომლებიც იციან, გვექნება კლიპის პრეზენტაციაც... მოკლედ, სიურპრიზები გველის 4 ივლისს და ამით ბედნიერი ვარ.

- საქართველოშიც ხშირად ჩამოდიხართ, კონცერტებსაც მართავთ.

- კი, ასეა. ბოლოს დეკემბერში ვიყავი მთელი თვით და ბედნიერი, ემოციებით სავსე დავბრუნდი უკან. როცა ჩემს ქვეყანაში ჩავდივარ, მანდ მართლა სხვანაირად ვსუნთქავ, ყველაფერი მიხარია, სურნელიც სხვანაირია; ვფიქრობ, საქართველოში უფრო ვლამაზდები, ბედნიერი ვარ, ფრთებგაშლილი. სამშობლოს და სახლში ყოფნას არაფერი შეედრება. ემიგრანტი არც აქ ვარ, უკვე ამ ქვეყნის მოქალაქე გახლავართ და უმადური უნდა ვიყო, რომ ვთქვა, აქაურობას ვერ შევეგუე-მეთქი. შევეგუე კი არა, მიყვარს კიდეც, მაგრამ ჩემი გული საქართველოშია... ემიგრანტებთან ჩატარებულ კონცერტებს რაღაც სხვა დატვირთვა აქვთ, უფრო მეტად ემოციურია, რადგან ისინი ამ სიმღერებით სუნთქავენ, ქართველებთან შეხვედრით თითქოს ცოტა ხნით შინ ბრუნდებიან და მერწმუნეთ, აქ არც ერთ კონცერტს, რომელიც ემიგრანტებისთვის გავმართე, ცრემლის გარეშე არ ჩაუვლია.

ლიკა ქაჯაია (სპეციალურად საიტისთვის)