"სრულიად საიდუმლოდ": აგენტი პრემიერ-მინისტრი მეტსახელად "ვანო" - განდების კლანი და საბჭოთა დაზვერვის უნიკალური ოპერაცია ინდოეთში - კვირის პალიტრა

"სრულიად საიდუმლოდ": აგენტი პრემიერ-მინისტრი მეტსახელად "ვანო" - განდების კლანი და საბჭოთა დაზვერვის უნიკალური ოპერაცია ინდოეთში

"არასდროს ენდო ინფორმაციის ერთ წყაროს“: ასე მოძღვრავენ სპეცსამსახურების მომავალ ანალიტიკოსებს. როდისაა ინფორმაცია უფრო სანდო? მაშინ, როდესაც ორზე მეტი, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი წყარო ადასტურებს კონკრეტულ ფაქტს ან მოვლენას. რა ინფორმაციულ წყაროებს ვეეყრდნობი, როდესაც ძალზე სენსიტიურ საკითხს: ინდოეთის ყოფილი პრემიერ–მინისტრის, ინდირა განდის კა–გე–ბეს „გავლენის აგენტობის“ შესახებ ვსაუბრობ? ინფორმაციის ძირითადი წყაროებია: კა–გე–ბეს გენერალის, ოლეგ კალუგინის მოგონებები; კა–გე–ბეს პოლკოვნიკის, ლონდონში საბჭოთა დაზვერვის რეზიდენტის და პარალელურად დიდი ბრიტანეთის დაზვერვის აგენტის, ოლეგ გორდიევსკის მემუარები; რუსეთის 1990-იანი წლების “დემოკრატიული ტალღის” პოლიტიკოსის, თავის დროზე რუსეთის პრეზიდენტთან ბორის ელცინთან საკმაოდ დაახლოებული პიროვნების, მიხეილ პოლტორანინის (რომელიც ელცინის დავალებით 90-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა კომპარტიისა და სპეცსამსახურების არქივების განსაიდუმლოების საკითხებზე მუშაობდა) ინტერვიუ, „ბუკოვსკის არქივი“ და „მიტროხინის არქივი“ (რომელთა შესახებაც უფრო დაწვრილებით ქვემოთ ვისაუბრებ).

1955 წლის შემდეგ ინდოეთში საბჭოთა კავშირის აქტიურ დიპლომატიურ და უფრო ძლიერ, ფარულ მოქმედებებს აშშ-ის ადმინისტრაცია ადეკვატურად ვერ პასუხობდა. გარდა დიდი ბრიტანეთის და აშშ-ის მიმართ ისტორიულად არსებული სიძულვილისა, ინდოეთის მოსახლეობა იმ ფაქტითაც იყო აღშფოთებული, რომ ამერიკა ცალსახად უჭერდა მხარს პაკისტანს და იარაღით ამარაგებდა ამ ქვეყანას. ამასთან ერთად, აშშ-ის ადმინისტრაცია თანდათან ეფლობოდა სამხრეთ აზიის პრობლემებში. ამერიკის პასიურობას დიპლომატიური კადრების შერჩევის მავნე, სუბიექტური ფაქტორი აგვირვინებდა. თავად განსაჯეთ, 1961-1963 წლებში ინდოეთში აშშ-ის ელჩად დანიშნული იყო ცნობილი ეკონომისტი, “ახალი ინდუსტრიული საზოგადოების” და „კონვერგენციის თეორიის“ ავტორი, იმავდროულად პრეზიდენტ კენედის ე.წ. “ტვინის ტრესტის” წევრი ჯონ კენეთ გელბრაითი (1908–2006). ის, რამდენადაც ეკონომიკურ თეორიებში ერკვეოდა კარგად, იმდენად “პროფანი” იყო საიდუმლო ოპერაციებისა და სპეცსამსახურების საქმიანობის აუცილებლობაში.

picture4-1719295854.jpg

მარცხნიდან მარჯვნივ: ელჩი გელბრაითი, აშშ–ის პრეზიდენტი კენედი, ვიცე–პრეზიდენტი ჯონსონი და ინდოეთის პრემიერ–მინისტრი ნერუ

ელჩად დანიშვნისთანავე გელბრაითმა პრეზიდენტი კენედი დაარწმუნა ამერიკის დაზვერვის მიერ ინდოეთში აქტიურობის მიზანშეუწონლობაში და მიაღწია იმას, რომ 1961 წლის მაისიდან აშშ-ის დაზვერვა იძულებული იყო რამდენიმე წლით შეეწყვიტა ან შეემცირებინა “აქტიური მოქმედებები” (პარტიების, პოლიტიკოსების და გაზეთების დაფინანსება, აგენტურის გადაბირება და სხვ.) ინდოეთში. საბჭოთა კავშირმა კი, დაუყოვნებლივ ისარგებლა ამ საჩუქრით და მოახერხა ინდოეთში პოზიციების გამყარება.

პერსპექტიული პოლიტიკოსის, ინდირა განდის სერიოზული ოპერატიული დამუშავება 1950-იანი წლების ბოლოდან დაიწყო. ოპერაციას, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, უშუალოდ ინდოეთში კა-გე-ბეს რეზიდენტები ხელმძღვანელობდნენ. ესენი იყვნენ: რადომირ ბოგდანოვი (რეზიდენტი 1957-1967 ), დიმიტრი ეროხინი (1967-1970), იაკობ მედიანიკი (1970-1975); ლეონიდ შებარშინი (1975-1977); გენადი ვაულინი (1977–1981) და ალექსანდრე ლისენკო (1981–1987) ხელმძღვანელობდნენ. „გავლენის აგენტის“ უდიდესი მნიშვნელობიდან გამომდინარე რეზიდენტები დავალებას უშუალოდ კა–გე–ბეს ხელმძღვანელობისგან იღებდნენ. ზესაიდუმლო ოპერაციის ესტაფეტა წარმატებით გადაეცემოდა ერთი რეზიდენტიდან მეორეს და ინდირა განდიც “ხელიდან-ხელში გადადიოდა”. ყველა კმაყოფილი იყო: საბჭოთა მზვერავები გენერლის ვარსკვლავებს იღებდნენ (მაგალითად დიმიტრი ეროხინი 1970 წელს “ცენტრში”-მოსკოვში , კა-გე-ბეს ყველაზე ახალგაზრდა გენერლად დაბრუნდა). მიღწეული შედეგების გათვალისწინებით საბჭოთა უშიშროების შეფის, იური ანდროპოვის ბრძანებით ინდოეთში კა-გე-ბეს რეზიდენტურების რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა და შეიქმნა: დელის (მთავარი), ბომბეის, კალკუტის და მადრასის რეზიდენტურები. მათი საქმიანობის მთავარი მიმართულებები იყო: პოლიტიკური დაზვერვა; სამეცნიერო-ტექნიკური დაზვერვა და შიდა კონტრდაზვერვა. ასევე ერთი-ორად გაიზარდა ინდოეთში საბჭოთა მზვერავების რიცხვიც.

ინდირა განდიმ გააუქმა ინდოეთში საბჭოთა დიპლომატებისა და სავაჭრო წარმომადგენლების რაოდენობრივი შეზღუდვები, რის შედეგად „დიპლომატის სტატუსს“ ამოფარებული საბჭოთა მზვერავების რიცხოვნობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. 1970-იანი წლების დასაწყისისთვის ინდოეთში მომუშავე სამასი საბჭოთა დიპლომატიდან, ნახევარი ანუ 150 (!) კა-გე-ბეს და გე-რე-უს ოფიცრები იყვნენ.

თუ „ბოლივუდში“ კაპურების დინასტიაა, ინდოეთის პოლიტიკურ სისტემას, ათწლეულების მანძილზე, „განდების კლანი“ მართავდა. კა–გე–ბეს დახმარებით ინდოეთის “ერთგული ქალიშვილი” – ინდირა განდი, ხელისუფლებაში ყოფნის რეკორდს ამყარებდა.

picture3-1719295854.jpg

ინდირა განდი: ძლაუფლების შენარჩუნების სურვილი ყველაფერზე ძლიერია?

მცირე დოსიე: ინდირა განდი (1917-1984), ინდოეთის პრემიერ-მინისტრი 1966-1977 და 1980-1984 წლებში. ჯავაჰარალ ნერუს ქალიშვილი. 1964 წლიდან ინდოეთის მთავრობაში ეკავა მინისტრის პოსტი. პარტია “ინდოეთის ეროვნული კონგრესის” (იეკ) ლიდერი, ხოლო ამ პარტიის დაშლის შემდეგ 1978 წელს თავისი მომხრეებისგან შექმნა ახალი პარტია - “იეკ(ი)”. 1984 წელს გახდა ტერორისტ-თვითმკვლელის მსხვერპლი. ერთი წლის შემდეგ მიენიჭა საბჭოთა კავშირის უმაღლესი – ”საერთაშორისო ლენინური პრემია”. იყო მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი. სიკვდილის შემდეგ მოსკოვში მისი ძეგლი აღმართეს.

კა–გე–ბეს გენერალი ოლეგ კალუგინი თავის მოგონებებში წერს: ” ინდოეთი გახდა „მესამე სამყაროს“ ქვეყნების მთავრობაში საბჭოთა დაზვერვის შეღწევის მოდელი. . . . ჩვენ გვყავდა მრავალი წყარო ინდოეთის მთავრობაში : დაზვერვაში, კონტრდაზვერვაში, პოლიციაში, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებში. დიდი თანხები იხარჯებდა მათზე, ასევე პრემიერ–მინისტრ ინდირა განდიზე და მის პარტიაზე“.

გადაბირების პროცესში საბჭოთა დაზვერვა სარგებლობდა იმ უდიდესი კორუფციით, რაც ინდირა განდის მთავრობაში არსებობდა. ყველა განვითარებადი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სუსტი წერტილი სწორედ კორუფციაა: სახელმწიფო ჩინოვნიკები იმდენად მცირე ხელფასს იღებენ, რომ მათი „ჰონორარით“ დაინტერესება და გადაბირება ძალზე იოლია. ოლეგ კალუგინი ასეთ, თითქმის ანეგდოტურ ფაქტს იხსენებს: ინდოეთის ერთ–ერთი ძალოვანი მინისტრის მოადგილე საბჭოთა დაზვერვის რეზიდენტს შეხვდა და ფარული თანამშრომლობა შესთავაზა „ჰონორარის“ სანაცვლოდ. რეზიდენტმა უარი უთხრა . . . . .იმიტომ, რომ თავად მინისტრი ჰყავდათ უკვე გადაბირებული.

picture2-1719295854.jpg

ლეონიდ ბრეჟნევი და ინდირა განდი

იმისდა მიუხედავად, რომ ინდოეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ინდირა განდი, ხალხის თვალში, ძალზე ასკეტურად ცხოვრობდა, მისი პარტიის დასაფინანსებლად საბჭოთა ხელისუფლება თანხებს არ იშურებდა. პარალელურად კრემლი დიდ ზეწოლას ახდენდა ინდოეთის კომუნისტურ პარტიაზე, რათა მათ მხარი ინდირა განდისთვის დაეჭირათ.

1970-იანი წლების შუა პერიოდისთვის საბჭოთა დაზვერვა ინდოეთში აფინანსებდა რამდენიმე მინისტრს, ბევრ რეგიონულ ლიდერს, ათ გაზეთს და ერთ საინფორმაციო სააგენტოს. თანდათანობით ინდოეთი იქცა აზიისა და აღმოსავლეთის ქვეყნებში საბჭოთა დაზვერვის „ჰაბად“, სადაც იგეგმებოდა სხვადასხვა სახის სპეცოპერაციები, როგორც ჩინეთისა და პაკისტანის, ასევე ისრაელისა და „დასავლეთის“ ქვეყნების წინააღმდეგ. 1974 წელს საბჭოთა დაზვერვის ხელშეწყობით ინდურ გაზეთებში სამი ათასზე მეტი სტატია და ინფორმაცია დაიბეჭდა, ხოლო ერთი წლის შემდეგ მოსკოვის მიერ ინსპირირებული სტატიების რაოდენობამ ხუთი ათას გადააჭარბა.

კა–გე–ბეს მიერ იმ პერიოდში ჩატარებული საიდუმლო ოპერაციებიდან ერთ–ერთი გავიხსნოთ. 1971 წლის ბოლოს საბჭოთა სპეცსამსახურების დიდი მცდელობის შემდეგ ინდოეთის მთავარ სამხედრო და პოლიტიკურ მოწინააღმდეგე პაკისტანს ჩამოსცილდა აღმოსავლეთ ბენგალია და შეიქმნა ახალი სახელმწიფო – ბანგლადეში. პაკისტანის ორად გაყოფა საბჭოთა კავშირ-ინდოეთის დიდი გამარჯვება და იმავდროულად მათი მოწინააღმდეგეების აშშ-ის და ჩინეთის მარცხი იყო. ამერიკელთა მარცხი მოულოდნელი არ იყო, რადგანაც ინდოეთში წლების მანძილზე მათი დაზვერვის პასიურობის გამო, “ბურთი და მოედანი” საბჭოთა სპეცსამსახურებს დარჩათ. ინდირა განდი, რომელიც საერთაშორისო პოლიტიკაში მიუმხრობლობის და ნეიტრალიტეტის იდეებს ქადაგებდა, სინამდვილეში საბჭოთა საგარეო პოლიტიკის აქტიური მხარდამჭერი და გამტარებელი იყო. ქვეყნის შიგნით კი მან საბჭოთა სპეცსამსახურებს მოქმედებების სრული თავისუფლება მისცა. ინდოეთი იქცა საბჭოთა დეზინფორმაციის მსოფლიოში გავრცელების ფორპოსტად და ძირითად არხად. ამას ადასტურებს ის საარქივო მასალაც, რომელმაც “მოასწრო” და სსრკ-ს დაშლის შემდეგ პირველ ერთ-ორ წელს რუსეთში არსებული შედარებითი დემოკრატიული კლიმატის დროს დღის სინათლე ნახა.

1969 წელს იერუსალიმში დაიწვა მუსულმანთა მეჩეთი “ალ-აქსა”. მუსულმანურმა სამყარომ მომხდარში ისრაელი დაადანაშაულა და საბჭოთა კავშირსაც მეტი რა უნდოდა? სწრაფადვე აიტაცა ეს ვერსია და მის “დასაბუთებას” შეუდგა. სუკ-ის შეფმა იური ანდროპოვმა საბჭოთა ლიდერს ლეონიდ ბრეჟნევს შემდეგი სრულიად საიდუმლო მოხსენებითი ბარათით მიმართა:

“ამასთან დაკავშირებით ინდოეთში სუკ-ის რეზიდენტურას გააჩნია შესაძლებლობა გაუკეთოს ორგანიზება საპროტესტო დემონსტრაციას ინდოეთში აშშ-ის საელჩოს წინ. დემონსტრაციის ჩატარების ხარჯები შეადგენს 5 ათას ინდურ რუპიას და დაიფარება 1969-1971 წლებში ინდოეთში სპეცღონისძიებების ჩატარების მიზნით სკკპ ცკ-ის მიერ გამყოფილი თანხებიდან. გთხოვთ განიხილოთ.”

“დავეთანხმოთ” –ასეთი იყო ბრეჟნევის რეზოლუცია.

ზემოთ მოტანილი სრულიად საიდუმლო დოკუმენტი „ბუკოვსკის არქივში“ შეიძლება მოვიძიოთ. მსოფლიოში ცნობილი ადამიანის უფლებათა დამცველი და დისდენტი ვლადიმერ ბუკოვსკი მართლაც, რომ გამორჩეული პიროვნება იყო ყოფილი საბჭოთა კავშირისა და თანამდროვე რუსეთის ისტორიაში. მას საბჭოთა სისტემასთან, უპირველესად კი კა-გე-ბესთან, ბრძოლა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც გააგრძელა. ბუკოვსკი დაუღალავად იბრძოდა რუსეთში პუტინისეული ნეობოლშევიზმისა და ნეოიმპერიალიზმის აღდგენის გეგმების წინააღმდეგ. მას უდიდესი წვლილი მიუძღვის საბჭოთა კომუნისტური პარტიისა და კა-გე-ბეს არქივების სრულიად საიდუმლო დოკუმენტების შეკრების და ფართო საზოგადოებისთვის გაცნობის საქმეში. „ბუკოვსკის არქივად“ სახელდებულ ამ საიდუმლო მასალებში ძალზე ბევრი საინტერესო დოკუმენტია. ამ ფაქტების შესახებ ვერაფერს შევიტყობდით, რომ არა ვლადიმერ ბუკოვსკის მიერ 1992 წლის გაზაფხულ-ზაფხულში რუსეთის პრეზიდენტის არქივიდან, სხვადასხვა ეშმაკობით იაპონურ პორტატულ კომპიუტერ-სკანერზე გადაღებული და ფარულად გამოტანილი სრულიად საიდუმლო დოკუმენტები. ასე შეიქმნა ე.წ. „ბუკოვსკის არქივი“.

უკვე 1960-იან წლების დასაწყისში საბჭოთა დაზვერვა აფინანსებდა ინდოეთის მმართველი პარტიის, “ინდოეთის ეროვნული კონგრესის” რამდენიმე საარჩევნო კამპანიას და ფარულად მხარს უჭერდა ჯერ ჯავაჰარლალ ნერუს, შემდეგ მისი ქალიშვილს, ინდირა განდის. კა–გე–ბეს საარქივო დოკუმენტები ადასტურებენ, რომ ბანკნოტებით სავსე ჩემოდნები რეგულარულად მიჰქონდათ პრემიერ –მინისტრის ყველაზე ერთგული მინისტრისა და შეთავსებით „შავი სალაროს ხაზეინის“, ლალით ნარაიან მიშრას (1922–1975) სახლში. ის ათწლეულების მანძილზე იყო დაკავშირებული ნერუ–განდების კლანთან.

picture1-1719295854.jpg

ლალით ნარაიან მიშრა

ჯერ კიდევ ჯავაჰარლალ ნერუს მმართველობის პერიოიდან მიშრა “ინდოეთის ეროვნული კონგრესის” აქტიური წევრი იყო. მას შემდეგ, რაც 1966 წელს ინდირა განდი პრემიერ–მინისტრი გახდა, ლალით ნარაიან მიშრას ეკავა ფინანსთა მინისტრის მოადგილის (1966–67) და თავდაცვითი მრეწველობის სახელმწიფო მინისტრის (1967–70) პოსტები. 1970 წლიდან 1973 წლის 4 თებერვლამდე იყო საგარეო ვაჭრობის მინისტრი. 1973 წლის 5 თებერვალს პრემიერ– მინისტრმა ინდირა განდიმ ერთგული ჩინოვნიკი ინდოეთის რკინიგზის მინისტრად დანიშნა. 1975 წლის 2 იანვარს ლალით ნარაიან მიშრას ინდოეთის ერთ–ერთ რეგიონს ეწვია, რათა ახალი სარკინიგზო ხაზის გაეხსნა, რა დროსაც მასზე განხორციელდა თავდასხმა: ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედების შედეგად ის მძიმედ დაშავდა და მეორე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინდირა განდიმ მკვლელობაში "უცხო ელემენტები" დაადანაშაულა: დიდი მკითხაობა არ უნდა, რომ ის აშშ–ის ცენტალურ სადაზვერვო სააგენტოს გულისხმობდა.

ინდირა განდისა და მისი პარტიის ფარული დაფინანსების შესახებ ინფორმაცია „მიტროხინის არქივიდან“ შეიძლება მივიღოთ (საბჭოთა საგარეო დაზვერვის საარქივო განყოფილების თანამშრომლის, ვასილი მიტროხინის საოცარი თავგადასავალის შესახებ დაწვრილებით იხილეთ 2021 წლის 13 ივლისის ბლოგში). შეგახსენებთ, რომ „მიტროხინის არქივმა“ ბევრი საბჭოთ აგენტი გამოააშკარავა, რომლებიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ათწლეულების მანძილზე არალეგალურად მოქმედებდნენ. „მიტროხინის არქივის“ მეორე ტომის მთავარი „გმირი“ინდირა განდი აღმოჩნდა რომელიც საბჭოთა დაზვერვის თითქმის შეუზღუდავი გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. კა–გე–ბეში მას ოპერატიული ფსევდონიმი – „ვანო“ მიანიჭეს.

(მეორე ნაწილის დასასრული)