„477 დეპორტირებული ბერლინიდან: თავშესაფრის მიღების ყველაზე მეტი მთხოვნელი მოლდოვადან და საქართველოდან არის" - Berliner Zaitung - კვირის პალიტრა

„477 დეპორტირებული ბერლინიდან: თავშესაფრის მიღების ყველაზე მეტი მთხოვნელი მოლდოვადან და საქართველოდან არის" - Berliner Zaitung

გერმანულ გაზეთ „ბერლინერ ცაიტუნგში“ (Berliner Zaitung) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - „477 დეპორტირებული ბერლინიდან: თავშესაფრის მიღების ყველაზე მეტი მთხოვნელი მოლდოვადან და საქართველოდან არის“ (ავტორი - კატარინა ტიუმლერი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ბერლინში, მიმდინარე წლის განმავლობაში, თავშესაფრის მიღებაზე უარი 15 684-მა ადამიანმა მიიღო. ამრიგად, თავშესაფრის მიღების ყოფილი მთხოვნელები ბერლინის საქალაქო ხელისუფლების მიერ უკვე რეგისტრირებულები არიან პირებად, რომლებიც დეპორტაციას ექვემდებარებიან. როგორც პარტია „ალტერნატივა გერმანიისათვის“ მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროსადმი დასმული კითხვის პასუხიდან ჩანს, 31 მაისის მდგომარეობით, დეპორტირებულია 477 უცხოელი, დარჩენილია - 13 537.

დეპორტირებულთა უმეტესობა ქართველი და მოლდოველი არის...

იმ მიგრანტებიდან, რომლებსაც უარი ეთქვათ თავშესაფრის მიღების განაცხადის დაკმაყოფილებაზე, უმრავლესობა ქართველი და მოლდოველი არის.

477 დეპორტირებულიდან 123 მოლდოველია, 60 - ქართველი, 18 - თურქი, 15 - პოლონელი და 14 - სერბი. ეს ციფრები, დაახლოებით, შეესაბამებიან იმ ქვეყნებს, რომელთა მოქალაქეებმა 2022 წლიდან ყველაზე მეტი განაცხადი წარადგინეს თავშესაფრის მისაღებად, მათ შორის - თურქეთს, სირიას, ავღანეთს, მოლდოვას და საქართველოს. სულ 2023 წელს ბერლინის შესაბამის ორგანოებში წარდგენილი იყო 14 704 განაცხადი, თავშესაფრის მისაღებად, რომელთა შესწავლა-დამუშავებას და საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანას საშუალოდ, დაახლოებით, 20 თვე სჭირდება.

საქართველო და მოლდოვა 2023 წლიდან უსაფრთხო ქვეყნებად ითვლებიან და ორივე ქვეყანას ევროკავშირში მიღების კანდიდატის სტატუსი აქვს. გერმანიის ხელისუფლება თავის მოქმედებაში ხელმძღვანელობს იმ პრინციპით, რომ ქართველი და მოლდოველი მიგრანტები თავიანთ სამშობლოში სახელმწიფო ორგანოებისაგან რაიმე დევნას არ განიცდიან.

მოლდოვაში - ბოშები, საქართველოში კი - „ლგბტ“-წარმომადგენლები

ერთ-ერთი იმ მიზეზთაგანი, რომლის გამოც ქართველები და მოლდოველები თავშესაფარს ევროკავშირში (გერმანიაში) ეძებენ, შეიძლება ითქვას, არის სამედიცინო მომსახურების დაბალი დონე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 2020 წელს ყოველი მეექვსე მოლდოველი ოჯახი დაზარალდა იმ დიდი ხარჯებისაგან, რასაც ჯანმრთელობის დაცვაზე ხარჯავს.

გარდა ამისა, ლტოლვილებისთვის თავშესაფრის მიცემის სამუშაო ჯგუფის (Pro Asyl) მონაცემებით, მოლდოვაში იდევნებიან და დისკრიმანიციას განიცდიან ბოშების ეთნიკური ჯგუფის, ხოლო საქართველოში - „ლგბტ“-საზოგადოების წარმომადგენლები.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო