სპეცრეპორტაჟი გერმანიიდან: "ოოო, ქართველები ხართ? ფანტასტიკური მატჩი იყო. სუპერ!" - შეკიდული რკინიგზა, იმედი და გადამწყვეტი მატჩის მოლოდინი - კვირის პალიტრა

სპეცრეპორტაჟი გერმანიიდან: "ოოო, ქართველები ხართ? ფანტასტიკური მატჩი იყო. სუპერ!" - შეკიდული რკინიგზა, იმედი და გადამწყვეტი მატჩის მოლოდინი

...ოოო, ქართველები ხართ? თურქეთი-საქართველო ფანტასტიკური მატჩი იყო. ძალიან კარგად ითამაშეთ, სუპერ! - გერმანულად მეუბნება შუა ხნის, არცთუ გერმანული გარეგნობის მამაკაცი. სადგურზე ვდგავართ და მატარებლის მოლოდინში ჩვენს ქვეშ მიმავალ ავტომანქანებსა და ადამიანებს ვათვალიერებთ...

საქმე ის არის, რომ სადგური ქუჩის ზედაპირიდან 10 მეტრის სიმაღლეზეა, რკინიგზა კი, რომელზეც ეს მატარებელი მოძრაობს - კიდევ უფრო მაღლა... ვუპერტალის შეკიდული რკინიგზა (ოფიციალური დასახელებაა მონორელსური შეკიდული გზის სისტემა), მგზავრებს 1901 წლიდან ემსახურება და ამ პატარა გერმანული ქალაქის სავიზიტო ბარათადაც იქცა. საზოგადოებრივი ტრანსპორტის ეს განსხვავებული სახეობა დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც ქალაქის სტუმრებს, ისე - ადგილობრივ მცხოვრებლებს შორის. შეკიდული რკინიგზის სრული სიგრძე 13 კილომეტრზე მეტია, უმეტესი ნაწილი (10 კმ) პატარა მდინარე ვუპერის ზემოთ გადის, დანარჩენი სამი კილომეტრი კი - ქალაქის ქუჩების თავზე. რკინიგზის 20 სადგურიდან ერთ-ერთი (Hauptbahnhof - ცენტრალური სადგური), ჩვენი სასტუმროს წინაა და დღეში რამდენჯერმე ვხედავთ, მინიმალური ხმაურის ფონზე, როგორ დასრიალებენ დაკიდებული ვაგონები...

whatsapp-image-2024-06-25-at-1047-1719300084.58_32a86101.jpg

ისევე, როგორც ფიქრები ჩვენს გონებაში - პორტუგალიასთან მატჩზე, ჯგუფიდან გასვლისთვის საჭირო ვარიანტებზე და სხვ.

თუმცა დავუბრუნდეთ მატარებლის სადგურს: გერმანულ ენაზე მეცხრე კლასის შემდეგ აღარ მილაპარაკია, მაგრამ სიტყვების მწირი მარაგი საკმარისი აღმოჩნდა იმის გასაგებად, რომ გერმანელ (გავიმეორებ - არცთუ გერმანული გარეგნობის) მამაკაცს ძალიან მოეწონა საქართველოს ნაკრების თამაში. თურქეთთან უამრავი მომენტი გქონდათ და ბოლო წამებზე, ჩეხების დამარცხებაც შეგეძლოთო. წარმატება გვისურვა ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩშიც - აბა, თქვენ იცით, პორტუგალიასთანაც ძალიან უნდა მოინდომოთო! ცხადია-მეთქი. და ასეც იქნება. რადგან სწორედ რონალდუს და კომპანიასთან შეხვედრაზეა (სხვა ჯგუფების შედეგებზეც!) დამოკიდებული, კიდევ რამდენ ხანს დარჩება სანიოლის გუნდი ქვეყანაში, სადაც ჩვენი ნაკრების ფრანგმა მწვრთნელმა საკლუბო კარიერის უმეტესი ნაწილი გაატარა. არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენი ნაკრები და ქვეყანა უკვე მოგებულია ევროპის ჩემპიონატზე თამაშით, მაგრამ სანამ ჯგუფიდან გასვლის თეორიული შანსი მაინც არსებობს, ბრძოლას არავინ წყვეტს და პირინელებსაც დიდი ბრძოლა უნდა გავუმართოთ!

whatsapp-image-2024-06-25-at-1049-1719300213.50_b157acac.jpg

კარგი ის არის, რომ გუშინ, გუნდთან ერთად ივარჯიშა ოთარ კიტეიშვილმა. საქართველოს ნაკრების შემტევ ნახევარმცველს ეროვნულ ნაკრებში განსაკუთრებული როლი აკისრია და „ევრო-2024“-ის საწყის მატჩებში ოთო ძალიან დაგვაკლდა. დიდი ალბათობით, დაბრუნდება ლევან შენგელიაც. დღეს, გერმანიის დროით 13:45 საათზე, გელზენკირხენის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში ვილი სანიოლი მედიის კითხვებს უპასუხებს და ქართველი ჟურნალისტები დაზუსტებით სწორედ „ფელტინს არენაზე“ შევიტყობთ, ითამაშებენ თუ არა კიტეიშვილი, შენგელია და ზივზივაძე პორტუგალიასთან შეხვედრაში. პრესკონფერენციის შემდეგ, საქართველოს ნაკრების ბოლო, ოფიციალური ვარჯიში 18:00 საათზე, ისევ ფელბერტში დაიწყება. „ისევ“, რადგან ვესტფალიის ამ პატარა ქალაქში დაბანაკებული ჩვენი გუნდი მატჩისწინა ვარჯიშებსაც კი ფელბერტში მართავს და დორტმუნდის, ჰამბურგისა და გელზენკირხენის შთამბეჭდავი არენები სავარჯიშოდ „ვერ გაიმეტა“...

whatsapp-image-2024-06-25-at-1050-1719300085.14_8bf1d9e2.jpg

აღსანიშნავია, რომ ვუპერტალს, სადაც ქართველი ჟურნალისტების ნაწილი ცხოვრობს (საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციისა და კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით), ფელბერტს მხოლოდ რამდენიმე კილომეტრი აშორებს. თუმცა, ევროპის ჩემპიონატის ორგანიზატორებმა საფეხბურთო ნაკრების გარეშე არც ვუპერტალი დატოვეს და სლოვენიის ნაკრებს დაუთმეს ბაზა, რომელიც ქალაქის ზოოლოგიური პარკის გვერდით მდებარეობს და ასეც ჰქვია - „სტადიონი ზოოპარკთან“. ჯერ კიდევ ტურნირის დაწყებამდე, სლოვენიელებმა რამდენიმე ღია ვარჯიშიც გამართეს, თანაც, ვუპერტალის მთავარი ღირშესანიშნაობაც იქვეა და... შეკიდული რკინიგზის იღბლიან მგზავრებს პირდაპირ ვაგონიდან შეეძლოთ სლოვენიელთა ვარჯიშის ფრაგმენტების ნახვა.

მონორელსური შეკიდული მატარებელი ვუპერტალის სავიზიტო ბარათია. თუმცა, გერმანელებს „ნამდვილი“ რკინიგზითაც შეუძლიათ თავის მოწონება - მთელი ქვეყანა ლიანდაგებით არის დაქსელილი და ისეთ პატარა ქალაქშიც კი, როგორიც ვუპერტალია (სინამდვილეში, პატარა სულაც არაა - ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ამ ქალაქის მაცხოვრებელთა რიცხვი 400 ათასს აღწევს!), დღის განმავლობაში ათობით რეგიონული თუ ჩქაროსნული მატარებელი გაივლის. ადგილობრივები კი წუწუნებენ - ბოლო დროს, მატარებლები ხშირად იგვიანებენო, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, დაგვიანების შუალედი 4-12 წუთს არ აჭარბებს და ვუპერტალის თუ მიმდებარე ქალაქების რკინიგზის სადგურებიდან შეუფერხებლად მოხვდებით გერმანიისა თუ კონტინენტური ევროპის ნებისმიერ ქალაქში...

whatsapp-image-2024-06-25-at-1051-1719300085.10_b357c66e.jpg

ევროპის ჩემპიონატზე აკრედიტებულ ჟურნალისტებს ქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტითა და რეგიონული მატარებლებით მგზავრობა უფასოდ გვეკუთნის. ასე რომ, თამაშებისა და ვარჯიშ-პრესკონფერენციებისგან თავისუფალ დროს, ვუპერტალთან ახლომდებარე ქალაქების (კიოლნი, დიუსელდორფი, ესენი, ბონი და სხვ.) დათვალიერებაც მოვახერხეთ. როგორც გითხარით, ხვალ მატჩისწინა პრესკონფერენციის დროა და გელზენკირხენსა და მის „ფელტინს არენასაც“ (იგივე „აუფ შალკე“) მოვინახულებთ.

screenshot-2024-06-25-111515-1719300146.png

საფეხბურთო ამბები მომდევნო დღეებში იყოს. ამჯერად კი ჩემი გადაღებული შეკიდული მატარებლის ფოტოებით დაკმაყოფილდით და თუ იმ გერმანელი (მერე რა, თუ არცთუ გერმანული იერსახის?!) კაცის სურვილი და წინასწარმეტყველება გამართლდა, მისთვის მადლობის სათქმელად, 27 ივნისს აუცილებლად დავუბრუნდები სადგურ ობერბარმენს!

ოღონდ, არ მითხრათ, რომ „ევრო-2024“-ის პლეი-ოფში ჩვენი გასვლის შანსები ისეთივე „შეკიდულია“, როგორიც ვუპერტალის რკინიგზა!

whatsapp-image-2024-06-25-at-1051-1719300187.26_6f2380eb.jpg

ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, თუნდაც, მოედნის მეორე ნახევარზე რონალდუ, რაფა ლეაო, ბრუნო ფერნანდეში, ბერნარდუ სილვა, ან მათი შემცვლელები იდგნენ... მით უმეტეს, გვყავს მამარდა, კვარა, ჟორჟი, ბუდუ, ჩაკვე, ძირითადი თუ სათადარიგო შემადგენლობის სხვა ფეხბურთელები და რაც მთავარია - ქართველი გულშემატკივარი, რომელმაც ათასობით კილომეტრი გაიარა იმის სანახავად, როგორია ევროპის ჩემპიონატი და... საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე!

რომელსაც ძალიან უნდა, რომ საქართველო-პორტუგალია სულაც არ იყოს ჩვენი ბოლო თამაში ევროპის პირველ (ჩვენთვის) ჩემპიონატზე!

რატი შელეგია, ვუპერტალი, გერმანია

(სპეციალურად საიტისთვის)