უკანასკნელი "ზაგარი": უკრაინული რაკეტა თუ რუსული "ტორი"?! - რატომ ვერ ეშვებიან რუსები ფრონტის ხაზთან ახლოს გარუჯვას - კვირის პალიტრა

უკანასკნელი "ზაგარი": უკრაინული რაკეტა თუ რუსული "ტორი"?! - რატომ ვერ ეშვებიან რუსები ფრონტის ხაზთან ახლოს გარუჯვას

4 დაღუპული და 151 დაშავებული - ასეთი ტრაგიკული შედეგით დამთავრდა რუსი ტურისტების დასვენება 23 ივნისს ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის დასავლეთ სანაპიროს უჩკუევსკის პლაჟზე, სევასტოპოლის სიახლოვეს...

რუსეთის ხელისუფლებამ მაშინვე ბრალი დასდო უკრაინას და აშშ-ს, რომ მათ ტერორისტული აქტი განახორციელეს მშვიდობინი მოსახლეობის წინააღმდეგ -ამერიკელებმა გადასცეს, ხოლო უკრაინელებმა კი გაუშვეს ATACMS-ის ის ბალისტიკური რაკეტა, რომლის კასეტური ქობინი უჩკუევსკის პლაჟის თავზე აფეთქდა და მშვიდობიან დამსვენებლებში ამხელა მხვერპლი და დაზიანება გამოიწვიაო...

უშუალოდ პლაჟზე, ერთ-ერთი დამსვენებლის მიერ გადაღებულ ვიდეოკადრებში მართლაც ისმის ერთი აფეთქების ხმა, რომელსაც ზედიზედ მიჰყვება პატარ-პატარა აფეთქებების ხმები -სწორედ ასე მოხდა გორის ცენტრალური მოედნის თავზე აგვისტოს ომის დროს, როდესაც ჩრდილო-ოსეთიდან სტარტაღებული რუსული „ისკანდერ-მ“-ის კასეტური ქობინი ჰაერში აფეთქდდა და სუბელემენტები გაფანტა, რომლებიც ასფალტზე დაცემისას აფეთქდნენ...

რა გამოდის, უკრაინელი სამხედროები, რომლებიც მუდმივად შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების სიმცირეზე წუწუნებენ, ისე „გათავხედნენ“, რომ რამდენიმემილიონიან ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების აერობალისტიკურ რაკეტას - ATACMS-ს პლაჟზე წამოგორებული რუსი ტურისტებისთვის „იმეტებენ“?..

1-pla-1719300853.jpg
ანექსირებული ყირიმის პლაჟების სიახლოვეს განთავსებულ რუსულ სამხედრო ობიექტებს უკრაინა სისტემატურად ბომბავს, მაგრამ რუსი ტურისტები მაინც არ იშლიან ასეთ საშიშ ადგილებში დასვენებას...

რა თქმა უნდა, არა. უბრალოდ, რუსი ტურისტები ანექსირებულ ყირიმში მაინც ჩადიან, ომის მიუხედავად, და უფრო მეტიც - გასარუჯად მაინცდამაინც ისეთ პლაჟს ირჩევენ, რომელიც რუსი ოკუპანტების მნიშვნელოვან სამხედრო ობიექტთან ახლოსაა განთავსებული...

უჩკუევსკის პლაჟიდან რამდენიმე კმ-ში მდებარეობს ბელბეკის სამხედრო აეროდრომი, რომლიდანაც აფრენილი რუსული საბრძოლო თვითმფრინავები სისტემატურად აყენებენ სარაკეტო დარტყმებს უკრაინის არმიის პოზიციებს ფრონტის ხაზზე და არც უკრაინული ქალაქების, მათ შორის - ოდესისა თუ ნიკოლაევის ხშირ დაბომბვაზე ამბობენ უარს...

შესაბამისად, არ არის გასაკვირი, რომ უკრაინის გენშტაბისთვის ბელბეკის სამხედრო აეროდრომი ერთ-ერთ უმთავრეს სამიზნეს წარმოადგენს და მას საპასუხო დარტყმებს აყენებენ -მარტო წელს ბელბეკს უკრაინელებმა ორჯერ დაარტყეს, 31 იანვარსა და 16 მაისს, როდესაც აეროდრომზე ოთხი რუსული საბრძოლო თვითმფრინავი გაანადგურეს.

23 ივნისსაც უკრაინელებმა ისევ შეუტიეს ბელბეკის აეროდრომს და მის სიახლოვეს განთავსებულ საჰაერო თავდაცვის საშუალებებს.

თავად რუსეთის თავდაცვის სამინისტროს აღიარებით მათმა საჰაერო თავდაცვამ თითქოს ოთხი ბალისტიკური ATACMS-ი ჩამოაგდო, მეხუთის მხოლოდ დაზიანება მოხერხდა, მან გეზი იცვალა და უჩკუევსკის პლაჟის თავზე აფეთქდაო...

ანუ რუსმა მეზენიტეებმა, სავარაუდოდ, დააზიანეს უკრაინელების გამოშვებული ბალისტიკური რაკეტა, რომელმაც გეზი ბელბეკის აეროდრომიდან უფრო სამხრეთით აიღო და პლაჟზე დამსვენებლების თავზე აფეთქდა...

ასეც რომ იყოს, უკრაინელი სამხედროების სამიზნე თავიდანვე არ ყოფილა პლაჟზე მზეს შეფიცხებული რუსი ტურისტები და ეს რუს „მეზენიტეებს“ „უყოჩაღიათ“ - აეროდრომს აარიდეს უკრაინული რაკეტა და „გადაამისამართეს“ პლაჟისკენ...

მაგრამ ეს ვერსიაც ბევრ კითხვას აჩენს, რადგან რუსულ მხარეს ოფიციალურად არ წარუდგენია პლაჟზე დაცემული ATACMS-ის რაკეტის დამახასიათებელი ფრაგმენტები.

უფრო მეტიც - შემთხვევის ადგილიდან გავრცელებულ ერთ-ერთ ფოტოზე ასახულია რაკეტის თავის გარსაცმის ნაწილი, რომელიც ვერანაირად ვერ იქნება ATACMS-ის, სამაგიეროდ, ძალიან წააგავს რუსული საზენიტო-სარაკეტო სისტემიდან - „ტორიდან“ გაშვებული საზენიტო რაკეტის ნაწილს...

იქნებ, სწორედ უკრაინული ბალისტიკური რაკეტის ჩამოსაგდებად გაშვებული რუსული საზენიტო „ტორის“ რაკეტა აცდა საჰაერო მიზანს და თვითლიკვიდაცია განიცადა სწორედ უჩკუევსკის პლაჟის თავზე?

ამ ყველაფრის ზუსტად დადგენა არც ისე რთულია, ობიექტური ექსპერტიზის ჩატარების შემთხვევაში, რადგან აფეთქების ადგილზეც და დაღუპულთა და დაჭრილთა სხეულებიდან ამოღებული ნამსხვრევების შესწავლით ადვილად შეიძლება იმის დადგენა, თუ რას განეკუთვნებიან ისინი - ამერიკული წარმოების ATACMS-ის კასეტური ქობინისას თუ რუსული „ტორის“ საზენიტო რაკეტის დამაზიანებელ ელემენტებს...

რაც შეეხება მთავარ საკითხს - ანექსირებული ყირიმი წარმოადგენს რუსეთ-უკრაინის ფართომასშტაბიანი ომის ფრონტის ზურგს და იქ განთავსებული რუსული სამხედრო ობიექტები არიან უკრაინის არმიის კანონიერი სამიზნეები...

მაგრამ მიუხედავად ყოველივე ამისა, რუსი ტურისტები აღფრთოვანებულები კრემლის მთავარი ბინადრის ლოზუნგით - Крым наш, გასაოცარი სიჯიუტით მაინდამაინც იმ ყირიმის პლაჟებს ეტანებიან, რომელთა სიახლოვესაც რუსი ოკუპანტების აეროდრომები, რადიოლოკატორები თუ საზენიტო დანდგარებია განთავსებული და, შესაბამისად, უკრაინის არმიისთვის სრულიად კანონიერ სამიზნეებს წარმოადგენენ...