როგორ დავამზადოთ ოჯახურ პირობებში ბურახი - კვირის პალიტრა

როგორ დავამზადოთ ოჯახურ პირობებში ბურახი

ბევრი ჩვენგანი იცნობს ადამიანებს, რომლებსაც ზაფხულის ცხელი დღეები ვერაფრით წარმოუდგენიათ ბურახის გარეშე. ზოგიერთი ბურახს ზამთრობითაც ვერ თმობს, სამაგიეროდ, ჯანმრთელობასაც ინარჩუნებს და ნატურალური სასმლითაც ტკბება. ასეთი რა შემადგენლობა აქვს ბურახს, რომ ასე მოგვწონს. რა და, ბურახის მომზადებისას წარმოქმნილი ფერმენტაციის შედეგები: უამრავი ვიტამინი, რომელიც სწორედ ფერმენტაციით წარმოიქმნება, გამაგრილებელი და წყურვილის მომკვლელი ეფექტი თავის მოტკბო-მომჟავო, შეუდარებელი გემოთი.

ამიტომაც მზადდებოდა ბურახი ძალიან ძველი დროიდან, ასევე სასარგებლო მარცვლეულის - ქერის ან ჭვავის ალაოს, ან ფქვილისგან, ასევე ხორბლისგანაც. შემდგომში ამ სიას უამრავი სასარგებლო მცენარის ბურახიც დაემატა. ბურახის მომზადების შესახებ ონელი ნონა მაისურაძე გვესაუბრება.

- ქალბატონო ნონა, ბურახის დამზადებაზე გვიამბეთ. ხალხი ზაფხულში სიამოვნებით ყიდულობს მზა, ჩაცივებულ ბურახს, ამ დროს კი დამზადება თავადაც შეუძლია.

- სამწუხაროდ, ყველგან არ არის გავრცელებული ბურახის დამზადების ტრადიცია. ჩვენთან, რაჭაში, ბურახს შინ ვამზადებდით. მეც ასე ვისწავლე ტრადიციული ქერის ბურახის დამზადება. შემდეგ მივხვდი, რომ ბურახის დამზადება გარდა მარცვლეულისა, სხვა პროდუქტებისგანაც შეიძლებოდა. თუმცა, ბურახის დამზადების ტრადიციული წესი მარცვლეულზეა დამყარებული და შემიძლია მოგიყვეთ, როგორც ვამზადებდით ბურახს, მაგალითად, ქერის მარცვალზე.

წესი საკმაოდ მარტივია და, პირველ რიგში, ქერის მარცვლის გულმოდგინე გარეცხვას მოითხოვს. პირადად მე მავალებდნენ, რომ ერთი ულუფა ბურახის მომზადებისთვის ნახევარლიტრიანი ქილა ქერი კარგად გამერეცხა და სამლიტრიან მინის ჭურჭელში გადამეტანა. შემდეგ ჭურჭელი სუფთა ცივი წყლით შემევსო და 6 სუფრის კოვზი თაფლი დამემატებინა. ზოგი თაფლის ნაცვლად 3 სუფრის კოვზ შაქარს ამატებდა. ამის შემდეგ თავდახურულ ქილას მზეზე გავდგამდით. პაპანაქება მზეზე დაახლოებით 4 საათის შემდეგ იწყებოდა ქილაში წყლის დუღილი. თუმცა ჭურჭელს რაც უფრო მეტ დროს გავაჩერებდით დასადუღებლად, ბურახი უფრო გემრიელი გამოდიოდა. რა თქმა უნდა, გაუცივებლად, პირდაპირ მზის პირიდან ბურახს არავინ დალევდა, ჯერ გავწურავდით, გავაცივებდით და გემრიელად გეახლებოდით. მაცივარში გაცივებული ბურახი შეგვიძლია რამდენიმე დღეს შევინახოთ.

ასევე ძალიან სასარგებლო და გემრიელია შვრიის ბურახიც, რომელიც ისევე შეგიძლიათ თამამად მისცეთ ბავშვებს, როგორც ქერის, ჭვავის ან ხორბლის ბურახი. შვრიის ბურახს უამრავი სასარგებლო თვისება აქვს, სიამოვნებით სვამენ დიაბეტიანებიც, რადგან სისხლში შაქრის დონეს ამცირებს და ქოლესტერინს აწესრიგებს; ბავშვებს კბილის ემალს უმაგრებს და მეტიც, - ცუდ ხასიათზე მყოფს კარგ ხასიათზე აყენებს... შვრიის ბურახში არის კოფეინი, რომელიც ენერგიას ისევე გვაძლევს, როგორც, მაგალითად, ყავა. თუმცა ამ სასარგებლო რესურსების ამოქმედებისთვის შვრიის ბურახიც აუცილებლად თაფლზე უნდა დავამზადოთ, ცოტაოდენი ქიშმიშის დამატებით. რეცეპტსაც ზუსტად გეტყვით: შვრიის ბურახი რომ 3-ლიტრიან ქილაში დამზადდეს, ქილაში უნდა მოვათავსოთ 500 გრამამდე გარეცხილი შვრია, 1 ან 2 სუფრის კოვზი ქიშმიში, 1 ან 2 სუფრის კოვზი თაფლი, დავასხათ სუფთა ცივი წყალი, ავურიოთ და ოთახის ტემპერატურაზე 3 დღით დავდგათ (მზეზე უფრო მალე დუღდება), შემდეგ გავწუროთ და მივირთვათ, რამდენიც გვესიამოვნება.

- მარცვლეულზე, გნებავთ, ჭვავზე ან ხორბალზე დამზადებული ბურახი ძალიან სასარგებლო იქნება. თუმცა, რადგან მარცვლეული ნაკლებად მოგვყავს, კიდევ რით შეიძლება გემრიელი ბურახის დამზადება?

- ბურახის დამზადება ყოველთვის ჭვავის პურზე ჯობს, იმ თვისებების გამო, რომლებიც ჭვავის პურს აქვს. თუმცა ბურახის მომზადებამდე ჯობს რამდენიმე ნაჭერი პური გამოვაშროთ, დავამტვრიოთ, დიდ, მაგალითად, 3-ლიტრიან მინის ქილაში ჩავყაროთ (ან თიხის ჭურჭელში, სურვილისა და რაოდენობის მიხედვით), 3 სუფრის კოვზი შაქარი და ცოტაოდენი საფუარი დავამატოთ და ოთახის ტემპერატურაზე დავდგათ. ამ სახით ოთახის ტემპერატურაზე დადგმულ ბურახს დუღილისთვის 2 დღე სჭირდება. გაწურვის შემდეგ შეგვიძლია შაქარი კვლავ დავამატოთ და მივირთვათ, მათ შორის, ზამთარშიც.

- ვიცი, რომ ჭარხლის და კომბოსტოს ბურახიც არსებობს და ძალიან სასარგებლოა.

- უამრავი სასარგებლო ბოსტნეულ-ხილეულის ბურახი არსებობს. ასევე, ლიმონზე, პიტნაზე, ვაშლზე, ფორთოხალზე, მარწყვზე და ა.შ. დამზადებული ბურახი. თუ ბოსტნეული გაინტერესებთ, მაგალითად, ჭარხლის ბურახს ბევრ სასარგებლო თვისებას მიაწერენ. ჭარხალი ხომ თავისთავად სასარგებლოა, ბურახში ფერმენტაციის შემდეგ კი უფრო სასარგებლო პროდუქტად გარდაიქმნება და საფუვრის გარეშე მზადდება, მხოლოდ პურის ქერქის დამატებით, რომელსაც ჭურჭელში ჩაყრილ დაჭრილ ჭარხალს ვამატებთ. ჭურჭელს თავს დავახურავთ და 3-4 დღით ვდგამთ ასადუღებლად, შემდეგ გავწურავთ, გავაცივებთ და მივირთმევთ. სხვათა შორის, სასარგებლო თვისებები აქვს გაცხიმოვნების, რევმატიზმის დროს, შესანიშნავად მოქმედებს კუჭისა და შარდის ბუშტის დაავადებებზე, როგორც გამაჯანსაღებელი. იგივე შემიძლია გითხრათ კომბოსტოს ბურახზე, რომელიც ნაღველმდენია, აწესრიგებს წნევას და ა.შ. ამიტომ გირჩევთ, დაამზადოთ ბურახი და მიირთვათ, არ ინანებთ. თუმცა, რა თქმა უნდა, ზედმეტიც არ უნდა მოგვივიდეს, ორგანიზმი გვაგრძნობინებს, როცა თავს შეიკავებს მეტი ბურახის მიღებისგან. თუმცა რაღაც დროის შემდეგ კარგი ბურახი აუცილებლად მოგენატრებათ.